Accessibility links

ბათუმის ქუჩებში ხალხის სიმცირეა, ბულვარში კი - პირიქით


ბათუმი

გლობალურ საფრთხეს, რომელიც კორონავირუსის სახელითაა ცნობილი, ბათუმელები სახლებში აფარებენ თავს. ცარიელი ქალაქი უცნაური სანახავია, რადგან ბათუმელებთან ერთად, ბოლო წლებია, პასიურ ტურისტულ სეზონზეც კი, ქალაქის ქუჩები უცხოელი ვიზიტორების სიმრავლეს მიეჩვია. დღეიდან ბათუმის ყველაზე პოპულარული კაფეებიც დაიხურა. მათი ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.

მუშაობას აგრძელებს ქალაქის ყველაზე ძველი კაფე და ადგილობრივთა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თავშეყრის ადგილი, რომელსაც ბათუმელები „კაფე სტეკლიაშკას“ ეძახიან. აქ ტრადიციული ბათუმური ყავით უმასპინძლდებიან და ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე ამბებს აქტიურად განიხილავენ. ახლა კი განხილვის საგანია, დაკეტონ თუ არა ეს ადგილი კორონავირუსის საფრთხის გამო:

მე პანიკაში ჯერჯერობით არ ვარ. არ მეშინია, იმიტომ რომ ამაზე საშიში ეპიდემიები ყოფილა და ახლაც არის და გრძელდება. ეს გადაივლის მალე. რა თქმა უნდა, ექიმები იპოვიან გამოსავალს...
დათო ბედინაძე


„პანიკას აზრი არ აქვს. პანიკა არის, მაგრამ თვითონ ხალხი თუ არ გამოვედით ამ მდგომარეობიდან, მე ვფიქრობ, უარესი იქნება. შიში უფრო უარესია, ვიდრე კორონავირუსი. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველაფერი იყოს კარგად. ვაგრძელებთ მუშაობას. თუ ვინმე შემოვა, წვენს მაინც დალევს ან ყავას, თუ საჭმელი არ უნდა. თუ ფული არ აქვს, ისეც გავუმასპინძლდებით“, - ამბობს კაფე „სტეკლიაშკის“ ადმინისტრატორი, ნათია ბოლქვაძე.

ბათუმის დაცარიელებული ქუჩების ნახვის შემდეგ რადიკალურად განსხვავებულ სურათს შეხვდებით ქალაქის ზღვისპირა პარკში - ბათუმის ბულვარში. ადგილობრივები მთელი დღის განმავლობაში ზღვის სანაპიროზე სეირნობენ. ხშირად შეხვდებით ქვეითად მოსეირნეებს და ველომომხმარებლებს. თუმცა ერთი რამაა შესამჩნევი - ტურისტები და უცხოელი ვიზიტორები აღარსად ჩანან. აქ ძირითადად ბათუმელები სეირნობენ სუფთა ჰაერზე და ირწმუნებიან, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქალაქში პანიკას ვერ გრძნობენ:

„დავდივართ ჰაერზე. როგორც ამბობენ, კარგიაო. რაღაც სხვა განზომილებაში ვცხოვრობ, ასე მგონია. ფილმებში რომ მინახავს, ისე ხდება. მაგრამ, ალბათ, გადავიტანთ. გავუძლებთ ყველა ერთად. ასე დიდხანს არ გაგრძელდება. ვფიქრობ, რომ ძალიან თანმიმდევრულად მოქმედებენ და საკმაოდ მაღალ დონეზეა საქართველო. მთელი მსოფლიო აღნიშნავს, საზღვარგარეთიდან ემიგრანტებიც ამბობენ, რომ საქართველო მოწოდების სიმაღლეზეა“, - ამბობს ბათუმელი მირანდა თოდუა.

„მსიამოვნებს აქ ყოფნა. მგონია, რომ უფრო დაცული ვარ აქ რატომღაც. ამ დროს დახურულ სივრცეში არ ვართ, ღია სივრცეში ვართ, მაგრამ უფრო დაცულად ვგრძნობ თავს. ბულვარის ამ სილამაზეებს ყოველდღე ვხედავ, მაგრამ ახლა უფრო სხვანაირად აღვიქვამ და ყველაფერი მომწონს. ასე მგონია, ყველაფერი კარგად იქნება და დავიცავთ იმ წესებს, რაც გვაქვს ინსტრუქციით. ყველაფერი კარგად იქნება. ბევრი დრო სუფთა ჰაერზე!“ - გვითხრა ბათუმელმა ლალი ბაგრატიამ.

„მე პანიკაში ჯერჯერობით არ ვარ. არ მეშინია, იმიტომ რომ ამაზე საშიში ეპიდემიები ყოფილა და ახლაც არის და გრძელდება. ეს გადაივლის მალე. რა თქმა უნდა, ექიმები იპოვიან გამოსავალს“, - ამბობს დათო ბედინაძე.

ბათუმი
ბათუმი

ბათუმელი ექიმების ნაწილი კი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო პაციენტების სტრესს უმკლავდება. როგორც ექიმი კარდიოლოგი ქეთინო ცაგურიშვილი ამბობს, ბოლო დროს იმატა მიმართვიანობამ და მედიკოსებს სტრესისგან გამოწვეული ჩივილების მკურნალობა უწევთ. ამბობს, რომ ამ ვითარებაში აუცილებელია, პირადი ჰიგიენის დაცვასთან ერთად ეს წესები საჯარო ადგილებშიც დავიცვათ:

„პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების დაბანა, სახლის დასუფთავება, განსაკუთრებით კი სადარბაზოების მოწესრიგება, რისი კულტურაც ჩვენ ძალიან დაბალ დონეზე გვაქვს - საშინელი სადარბაზოები გვაქვს. პირად ჰიგიენას უმრავლესობა იცავს, მაგრამ საერთო რაცაა, იმას არავინ. ახლა უნდა მოაწესრიგონ როგორმე. ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნები ვერ უმკლავდებიან, ჩვენთან კი მე მაქვს ექიმების იმედი. გვყავს თანავარსკვლავედი ექიმების და არ ვაჭარბებ, განსაკურებით ის სამი პროფესიონალი ადამიანი, რომლებსაც მთელი მსოფლიო ეკითხება აზრს. ხელისუფლების მეხოტბე არ ვარ, მაგრამ მე მგონია, რაც კეთდება, ნორმალური და თანმიმდევრულია. ზოგადად კი, არავინ არაფერი არ იცის ამ დაავადების შესახებ და ბევრად უფრო დიდი პანიკაა დიდ ქვეყნებში“, - ამბობს ბათუმელი ექიმი კარდიოლოგი, ქეთინო ცაგურიშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG