Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში მერიის საპილოტე პროექტმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება გაართულა


ბათუმი
ბათუმი

ბათუმში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად შეიცვალა საქალაქო ტრანსპორტის გადაადგილების მიმართულება და, ამავე დროს, შემცირდა მიკროავტობუსების რიცხვი. სწავლის დაწყების გამო ქალაქში გაიზარდა მგზავრთა რაოდენობა და, შესაბამისად, მოიმატა მოთხოვნა საზოგადოებრივ თუ კერძო ტრანსპორტზე, ქალაქის სატრანსპორტო სისტემამ კი, რომელიც სწორედ სასწავლო წლის დასაწყისისთვის შეიცვალა, ვერ დააკმაყოფილა მოქალაქეების გაზრდილი მოთხოვნილება.

ცვლილება 1 სექტემბრიდან დაიწყო, რის შედეგადაც 17 სექტემბრისთვის ქალაქში თითქმის განახევრდა მიკროავტობუსების რაოდენობა, რომლებმაც ცენტრალური ქუჩებიდან პარალელურ ქუჩებზე გადაინაცვლეს. მათ ნაცვლად ქალაქის მთავარ ქუჩებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოჩნდა, შეცვლილი მარშრუტებითა და განახლებული ცისფერი ავტობუსებით. ამასთან ერთად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეიცვალა ბილეთების ყიდვის წესი: თუ მანამდე მსურველები სამგზავრო ბილეთებს მძღოლის ან კონდუქტორის დახმარებით ყიდულობდნენ, ახლა გადაადგილება მხოლოდ სამგზავრო ბარათებითაა შესაძლებელი, რომელიც ქალაქის ქუჩებში არსებულ სპეციალურ აპარატებში იყიდება. მოქალაქეები ამდენი სიახლის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ როგორც სიციალურ ქსელებში, ასევე ქალაქის ქუჩებში. ბათუმელების ნაწილი რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ სატრანსპორტო ქსელში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ არაფერი იცოდა, ნაწილი ამბობს, რომ მოუწესრიგებელი ტრანსპორტის გამო ფეხით გადაადგილებას ამჯობინებს, ნაწილმა კი გამოსავალი ავტომობილის შეძენაში იპოვა:

„სკოლაში დამყავს ბავშვები და 20-25 წუთი მიწევს ლოდინი. ამიტომ ავტომობილის შეძენა გადავწყვიტე“;

„ძალიან ბევრი ხალხი ელოდება ტრანსპორტს, ამავე დროს, უამრავი ხალხია „მარშრუტკებში“, რაც ძალიან შემაწუხებელია. ავტობუსებით ნაკლებად ვსარგებლობ“;

„არაკომფორტულია. გრაფიკი საერთოდ არ არსებობს და სერვისი, რომელიც თითქოს არის მოწოდებული, ისიც არ მუშაობს. ამ დროს გაცხადებულია და ვიცით, რომ რაღაც სისტემა იცვლება, რომ ახალი ავტობუსები შემოდის, მაგრამ იმის გამო, რომ ეს არის ფორმალურად გაკეთებული და არ არის ორიენტირებული მოსახლეობაზე, შედეგი გვაქვს ის, რაც გვაქვს“;

„ტრანსპორტი ძალიან გაურკვევლად დადის. რამდენიმე დღეა ველოდები. შეცვლის შესახებ არ გამიგია, არ მიყურებია, თორემ ვფიქრობ, ტელევიზიით იქნებოდა ნათქვამი, ამიტომ არ ვიცი, რა შეიცვალა. შედეგად, ვერ მოვხვდი იმ ადგილას, სადაც მივდიოდი და ამიტომ მომიწია ტაქსით სარგებლობა“;

პირველი ეტაპია სამარშრუტო ქსელის ოპტიმიზაცია, რომელიც მიკროავტობუსებს შეეხო. ქალაქში ყოველდღე 460 მიკროავტობუსი მოძრაობდა და 1 სექტემბრიდან 22 მიკროავტობუსის ხაზზე 250-მა დაიწყო მოძრაობა.
ემზარ ქავჟარაძე

„ზამთარში კიდევ უარესი იქნება, ამიტომ უნდა გამოსწორდეს რაღაც. ინფორმაციას არ ვფლობ, რაღაც ცდებს ატარებენ“;

„მოვითხოვ, რომ ავტობუსშიც იყოს სამგზავრო ბარათის აღების აპარატი, იმიტომ რომ უცხოელები რომ ადიან ავტობუსში, სჭირდებათ ბარათი. მე აქაური ვარ და ვიცი, რომ საქართველოს ბანკის ბანკომატში შემიძლია აღება და უცხოელებმა არ იციან და რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, რომ ჩემი ბარათი გამიტარებია მათთვის. ამიტომ მოვითხოვ, რომ ეს აპარატები დადგან ავტობუსებში, რომ ყველას შეეძლოს თავისუფალი მგზავრობა“.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში შექმნილი დისკომფორტის გამო მოქალაქეები ბათუმის მერიის ცხელ ხაზზეც რეკავდნენ და უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. მუნიციპალიტეტში აღიარებენ, რომ მთავარი შეცდომა, რაც დაუშვეს, ეს სიახლის შესახებ მოქალაქეების არასაკმარისად ინფორმირებულობაა. ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განყოფილების უფროსი ემზარ ქავჟარაძე ამბობს, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტმა დაიწყო მდგრადი ურბანული სატრანსპორტო სისტემის შესაქმნელად სტრატეგიული გეგმის განხორციელება, რომელიც სპეციალურად ბათუმისთვის გაეროს განვითარების ფონდმა მოამზადა:

ველობილიკი ბათუმში
ველობილიკი ბათუმში

„პირველი ეტაპია სამარშრუტო ქსელის ოპტიმიზაცია, რომელიც მიკროავტობუსებს შეეხო. ქალაქში ყოველდღე 460 მიკროავტობუსი მოძრაობდა და 1 სექტემბრიდან 22 მიკროავტობუსის ხაზზე 250-მა დაიწყო მოძრაობა. ოპერატორები აკვირდებიან მათ მოძრაობას, ინტერვალს და მიმოსვლას. ჩვენ შევიძინეთ 40 ახალი ავტობუსი. 15 ჩამოსულია, ხოლო 25 თვის ბოლოს ჩამოვა. უახლოეს მომავალში კი გამოცხადდება ტენდერი „იბიარდის“ დახმარებით უკვე ელექტროავტობუსების შეძენაზე. ვცდილობთ გადავიდეთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე. ამიტომ მოხდა სამარშრუტო ტაქსების შემცირება“.

სტრატეგიული მიზნები აწყობილია იმგვარად, რომ, ერთი მხრივ, მოხდეს ურბანულ ეკოლოგიაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირება და რაც შეიძლება მინიმუმამდე დაყვანა. მეორე - ეს არის საცობის პრობლემა, რომელიც ქალაქს მძიმედ უდგას, და ამ პრობლემის აღმოფხვრა და მესამე ის, რომ დავუბრუნოთ სივრცე ბათუმს.
ლაშა ნაკაშიძე

ბათუმში მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის სისტემის შესაქმნელად პროექტი „მწვანე ქალაქები“ ხორციელდება. ამ სტრატეგიულ გეგმაზე უცხოელი და ქართველი სპეციალისტები მუშაობდნენ და იგი ქალაქ ბათუმის მერიას განსახორციელებლად გასულ წელს გადაეცა, თუმცა, როგორც ამ სტრატეგიის ავტორები აღნიშნავდნენ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი შეცვლის პროცესში მოსახლეობის ჩართულობა და მოქალაქეების ცნობერების ამაღლებაა. პროექტის ხელმძღვანელი ლაშა ნაკაშიძე ამბობს, რომ არაერთი საჯარო განხილვა მოეწყო მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით და აქტიურობას მომავალშიც აპირებენ, რომ უფრო მეტ მოქალაქეს გააგებინონ, რომ ბათუმში ალტერნატიული, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარებისთვის სპეციალისტების მიერ შექმნილი სტრატეგიული გეგმა ხორციელდება:

„სტრატეგიული მიზნები აწყობილია იმგვარად, რომ, ერთი მხრივ, მოხდეს ურბანულ ეკოლოგიაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირება და რაც შეიძლება მინიმუმამდე დაყვანა. მეორე - ეს არის საცობის პრობლემა, რომელიც ქალაქს მძიმედ უდგას, და ამ პრობლემის აღმოფხვრა და მესამე ის, რომ დავუბრუნოთ სივრცე ბათუმს, ანუ საჯარო სივრცეები, რომელიც მეტწილად ავტომობილებს პარკირებისთვის აქვთ მიტაცებული, რომელიც უნდა დავუბრუნოთ მოქალაქეებს ველობილიკებისთვის, ავტობუსებისთვის გამოყოფილი სპეციალური სავალი ნაწილისთვის, გამწვანებისთვის და ალტერნატიული გამოყენებისთვის, რომელსაც გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტი სარგებელი აქვს და ქალაქისთვის მოაქვს სიკეთე“.

ბათუმი
ბათუმი

ამ მიზნის მისაღწევად დაგეგმილია სატრანსპორტო სისტემის შექმნა იმგვარად, რომ მოქალაქეებმა კერძო ავტომობილები ნაკლებად გამოიყენონ და წახალისდეს ქალაქში მოძრაობა ქვეითად მოსიარულეებისთვის, ველო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლისთვის. სატრანსპორტო სისტემის ამგვარი, ევროპული ქალაქების მსგავსი გადანაწილება თავდაპირველად ბათუმში იგეგმება, შემდეგ კი საქართველოს სხვა ქალაქებში. სპეციალურად ბათუმისთვის შექმნილი პროექტის -„მწვანე ქალაქების“- ავტორები კი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ცვლილებების განხორციელებამდე აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG