Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში მშენებარე კორპუსის ჩამოშლის გამო საცხოვრებელი სახლი დაზიანდა


ბათუმში ხიმშიაშვილის 47-ში მცხოვრები ოჯახი, რომელიც მშენებარე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალდა, მეზობელ სახლში აფარებს თავს და ისევ ქალაქის მერიის დახმარების მოლოდინშია. როგორც ერთ-ერთი დაზარალებული, რუსუდან ნიჟარაძე, ამბობს, შემთხვევის ადგილას მისული ქალაქის მერი, ლაშა კომახიძე, დახმარებას დაჰპირდა, თუმცა შემდეგ მერიიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ზარალი სამშენებლო კომპანიამ უნდა აუნაზღაუროს. მისივე თქმით, შპს „რეალმშენის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკება აწარმოეს, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ:

„ჩამოინგრა 22-ე სართულიდან კედელი და მთლიანად დაეცა ჩემს სახლს, ჩაანგრია სახურავი და სახლი მთლიანად საცხოვრებლად უვარგისი გახდა. გვითხრეს, რომ სახლს გადაგიხურავთო, მაგრამ სახლის გადახურვა კი არა, სრულიად ავარიული და საცხოვრებლად უვარგისია. მე კი ვცდილობ რაღაცნაირად ჩემი უფლებები დავიცვა და ისინი მეუბნებიან, მხოლოდ გადაგიხურავთო. მე კომპენსაციას ვითხოვ, რომ ჩემით გავარემონტო, იმიტომ რომ ვერ ვენდობი მაგათ შეკეთებას, იმიტომ რომ ყოველთვის გულრილობას იჩენდნენ და ამიტომ ვერ ვენდობი მაგათ. ვითხოვ კომპენსაციას“.

დაზარალებული რუსუდან ნიჟარაძე ამბობს, რომ კომპანია „რეალმშენმა“ მისი კერძო სახლის მომიჯნავედ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და მას შემდეგ კონსტრუქციიდან პერიოდულად სამშენებლო მასალა ცვიოდა, რამაც მისი ორსართულიანი სახლი საგრძნობლად დააზიანა, 10 დეკემბერს კი 22-ე სართულიდან კედლის ნაწილი ჩამოიშალა და სახლის სახურავს დაეცა. კომპანიის წარმომადგენლებმა მეზობელ სახლში ჩამოშლილი სახურავი დროებით ბრეზენტით გადახურეს, საიდანაც დღეს ორ ოთახში წვიმა ჩადის. რუსუდან ნიჟარაძე ამბობს, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვა და დამცავი ბადის გაკეთება კომპანიის წარმომადგენლებს რამდენჯერმე პირადად სთხოვა, თუმცა უშედეგოდ:

„მესმის, როცა მშენებლობა მიმდინარეობს, შესაძლოა ზარალი მოგადგეს მოსახლეს, მაგრამ ამ მასშტაბის ზარალი?! ეს წარმოუდგენელია! ვთხოვდი ადამიანურად, რომ მობრძანდით და გაარემონტეთ, მოგვხედეთ, მაგრამ ყურად არ იღეს ეს თხოვნა, შეურაცხყოფილად და ძალიან დამცირებულად ვგრძნობ თავს ამის გამო და ამიტომ არ მინდა მაგ კომპანიასთან ურთიერთობა. მე მინდა, კანონის მიხედვით რაც მეკუთვნის, ის ზარალი ამინაზღაურონ“.

მშენებარე კორპუსის კედლის ნაწილის ჩამონგრევისას მომიჯნავედ დაზიანებულ ორსართულიან სახლში სამი მცირეწლოვანი ბავშვი და ოჯახის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ. როგორც ერთ-ერთი დაზარალებული, ნანა კობალაძე, იხსენებს, მისი ოჯახის წევრები შემთხვევით გადარჩნენ:

„ჩემი მეუღლე ჩადიოდა კიბეებზე და გაგვიმართლა, რომ არ წავიდა მარჯვნივ და წავიდა მარცხნივ. ამ დროს ჩამოინგრა ყველაფერი და მარჯვნივ რომ წასულიყო, ეს ბეტონები თავზე დაეცემოდა. ეს პირველი შემთხვევა არ იყო. მთელი ზაფხული ბავშვების ეზოში ჩაშვება მეშინოდა, იმიტომ რომ ქვები და ნაგავი თავზე გვეყრებოდა. მაგრამ კედლის ჩამონგრევის პირველი შემთხვევა იყო“.

შპს „რეალმშენში“ ამბობენ, რომ მშენებარე სახლის ჩამონგრევა გაუთვალისწინებელი შემთხვევაა და მიზეზად ძლიერ ქარსა და უამინდობას ასახელებენ.

„აშენებდნენ კედელს, ქარი ამოვარდა, ვეღარ მოასწრეს კედლის დასრულება და გადმოცვივდა ქვები. მშენებარე პროცესია და როგორ გაუძლებს?! ახლა შენდება და...“, უთხრა „აჭარის ტელევიზიას“ კომპანია „რეალმშენის“ ინჟინერმა ნუგზარ შანთაძემ.

ზოგადად კი, უსაფრთხოების დაცვა მენტალური უნდა იყოს, რომ მშენებლობის პროცესში დაიცვან წესები. ვერანაირი პრევენცია შედეგს ვერ გამოიღებს, თუ დამკვეთებშიც და მშენებლებშიც არ იქნება გამჯდარი, რომ უნდა დაიცვან უსაფრთხოების წესები.
გიორგი რუხაძე

კომპანია „რეალმშენის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ზაალ შუთიძე ირწმუნება, რომ მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. მისივე თქმით, მშენებარე სახლს ხარაჩოები რამდენიმე დღის წინ მოხსნეს, დამცავი ბადეების დამაგრება კი მომიჯნავე სახლის მხარეს ვერ მოასწრეს:

„ქარს არ ველოდით ნამდვილად. დაკიდებული გვქონდა კალათა, რომელიც უნდა დამონტაჟებულიყო და უნდა მომხდარიყო ფასადის შელესვა. კედელი დამთავრებული იყო. ფაქტიურად, არ უნდა ჩამონგრეულიყო“.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ შპს „რეალმშენი“ ხიმშიაშვილის ქუჩაზე წარმოებულ მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო დაახლოებით ერთი წლის წინ 500 ლარით დააჯარიმეს და ხარვეზის გამოსწორებამდე მშენებლობის შეჩერება მოსთხოვეს, თუმცა კომპანია მერიის შესაბამის სამსახურს არ დაემორჩილა და, სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ გაგრძელების გამო, ისევ დაჯარიმდა 1000 ლარით. ბათუმის მერიის საპროექტო და სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რუხაძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობა სანქციებითა და ჯარიმებით ვერაფერს გახდება, თუ კერძო კომპანიამ უსაფრთხოებაზე თავისი წილი პასუხისმგებლობა არ აიღო:

„შემოწმება და უსაფრთხოების კონტროლი ჩვენ გვეხება. ვხელმძღვანელობთ უსაფრთხოების შესახებ კანონით. ვამოწმებთ, რამდენად უსაფრთხოა მშენებლობა და დაცულია ზომები. ვაძლევთ შესაბამის გაფრთხილებას. შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმდება და შესაბამისი ზომები ტარდება დარღვევის გამოსასწორებლად. შესაძლოა მოქალაქეების შეტყობინებით იყოს გადამოწმებული. პარალელურად ჩვენი სამსახურიც ამოწმებს. მუნიციპალური სერვისების სამსახურია შექმნილი, რომელიც ქალაქის უბნებშია განაწილებული და ისინიც გვეხმარებიან ინფორმაციის მოწოდების კუთხით, რაზეც სამსახური რეაგირებას აკეთებს. ზოგადად კი, უსაფრთხოების დაცვა მენტალური უნდა იყოს, რომ მშენებლობის პროცესში დაიცვან წესები. ვერანაირი პრევენცია შედეგს ვერ გამოიღებს, თუ დამკვეთებშიც და მშენებლებშიც არ იქნება გამჯდარი, რომ უნდა დაიცვან უსაფრთხოების წესები“.

შპს „რეალმშენს“, რომელიც ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურს ორჯერ არ დაემორჩილა, ქალაქში 20-მდე სამშენებლო პროექტზე აქვს მიღებული ნებართვა.

ხიმშიაშვილის 47 ნომერში კომპანიის მიერ წარმოებული მშენებლობისას კედლის ჩამონგრევის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG