Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ორმაგი სტანდარტები და კანონების რეპრესიულ იარაღად გამოყენება ძალიან გვამსგავსებს რუსეთს“


ბაია პატარაია, "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" გამგეობის თავმჯდომარე
ბაია პატარაია, "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" გამგეობის თავმჯდომარე

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „თავი შეიკავოს ადამიანის უფლებების დარღვევისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ პირთა რეპრესიებისგან“.

ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციების განცხადებაში ჩამოთვლილი და აღწერილია 20 ივნისის შემდგომი მოვლენები: საპროტესტო აქციის „ძალის გადამეტებით“ დაშლა 20-21 ივნისის ღამით, დაშავებულთა დიდი რაოდენობა, ორი მოქალაქის მიერ მხედველობის დაკარგვა, ამის შემდგომ მოქალაქეთა ნაწილისთვის ჯგუფური ძალადობრივი ქმედებისთვის ბრალის წაყენება, მოგვიანებით არაერთი პირის დაკავება, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის ბრალის წაყენება, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელისთვის ბრალის წაყენება, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის გამოკითხვაზე დაბარება და ა.შ..

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ გამგეობის თავმჯდომარე, ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„“ადამიანის უფლებათა სახლი“ შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო კარგავს სამართლებრივი სახელმწიფოს ნიშნებს. ხდება ისეთი მოვლენები, სადაც არ არის კანონის უზენაესობა, სადაც არის შერჩევითი სამართლიანობა, ორმაგი სტანდარტები და კანონების რეპრესიულ იარაღად გამოყენება. ეს ძალიან გვამსგავსებს ჩვენ რუსეთს“.

რატომ გადაწყვიტეს „ადამიანის უფლებათა სახლის“ წევრმა ორგანიზაციებმა ყველა იმ მოვლენის გაერთიანება ერთ განცხადებაში?

„სათითაოდ კეთდება ხოლმე ყველა ამ შემთხვევაზე განცხადება, მაგრამ გვინდოდა გაგვეკეთებინა განცხადება, რომელიც „გავრილოვის ღამის“ შემდეგ მომხდარ მოვლენებს ერთად დააჯგუფებდა და საერთო ტენდენციებს გამოხატავდა, რომელიც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, ვიდრე ცალკეული ფაქტი, რომელიც ასევე ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. ერთად აღებული ბოლო მოვლენები გაცილებით ცუდ სურათს ქმნის, ვიდრე თითოეული ფაქტი“.

ბაია პატარაია აღნიშნავს, რომ 20 ივნისს დაწყებული პროტესტი იყო სრულიად სპონტანური და მას კონკრეტული მიზეზი ჰქონდა:

„“გავრილოვის ღამის“ მთავარი პროტესტი ეხებოდა იმას, რომ არათუ საკადრის პასუხს არ ვცემდით რუსეთს და პუტინს მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის ფარგლებში, არამედ გავრილოვი დავსვით პარლამენტის სპიკერის სკამზე. ეს უკვე იყო სიმბოლო, განსხეულება იმისა, როგორ არის რუსეთი შემოჭრილი საქართველოს შიდა საქმეებში და რამდენად შეცვლილია უკვე მდგომარეობა მტერთან, ოკუპანტთან და სწორედ ამის მიმართ პროტესტი იყო ის, რამაც ხალხი ქუჩაში გამოიყვანა. მთელი ეს აქციებიც, რომელიც უკვე 50-ზე მეტი დღის განმავლობასი მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, არის ანტისაოკუპაციო აქციები“.

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ მოთხოვნებს შორისაა: „პროკურატურამ დაიცვას კანონის უზენაესობა და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება აწარმოოს არა შერჩევითი მართლმსაჯულების, არამედ დანაშაულის მნიშვნელობისა და სიმძიმის, ასევე სავარაუდო დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირთა ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით“. ბაია პატარაიას შეფასებით მიმდინარე საქმეები თეთრი ძაფებით არის ნაკერი:

„ეს საქმეები, რომლებიც, წესით, უმაღლესი სტანდარტით უნდა იყოს წარმოებული პროკურატურის მიერ, ისე, რომ ყოველგვარ გონივრულ ეჭვს მიღმა იყოს ბრალდება, არის ხუხულასავით აგებული, რომელიც ერთი სულის შებერვას ვერ უძლებს, იშლება და ხელში გვრჩება მხოლოდ თეთრი ძაფები.

ამასთან, როცა მასობრივი სახე მიიღო ამ დაპატიმრებებმა და დევნამ, ცხადია, აქ რასთანაც გვაქვს საქმე და ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. ჩვენ ამას ვხედავთ და ჩვენ ამას აუცილებლად ვიტყვით და გავაგებინებთ ასევე ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს“.

რიგ პროცესებში სამოქალაქო სექტორის აქტიურობას ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების დღის წესრიგის გაწილად აფასებს. „დილის საუბრების“ სტუმარი არ თვლის, რომ სიტყვა „პოლიტიკური“ რაიმე დისკომფორტს უნდა უქმნიდეს სამოქალაქო საზოგადოებას და განმარტავს:

„“პოლიტიკურს“ ხანდახან ურევენ „პარტიულში“. რა თქმა უნდა, სამოქალაქო სექტორი არ შეიძლება იყოს პარტიული, არანაირი შეხება არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ პარტიასთან, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება აუცილებლად არის პოლიტიკური. პოლიტიკაში ჩართულია ყველა მოქალაქე და უნდა იყოს ჩართული იმიტომ, რომ პოლიტიკას მარტო პარტიები არ ქმნიან ქვეყანაში. პოლიტიკას ქმნიან ინსტიტუციები, საზოგადოება, აქტიური სამოქალაქო სექტორი. ასე რომ, სამოქალაქო სექტორი პოლიტიკური უნდა იყოს, აბა რისთვის არსებობს?

ამიტომ, სიტყვა „პოლიტიკა“ ცუდად ნუ გვესმის. ცხადია, სამოქალაქო სექტორი არ არის პარტიაში, თუმცა, ბუნებრივია და შესაძლებელია, რომ ოპოზიციური პარტიის განცხადებები პოლიტიკის შესახებ, ადამიანის უფლებების შესახებ და სამოქალაქო სექტორის განცხადებები რიგ შემთხვევაში ერთი-ერთში ემთხვეოდეს ერთმანეთს, რადგან ორივე არის კრიტიკული, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებული და ამაში მე ტრაგედიას ვერ ვხედავ. თუ ისინი ერთმანეთს ემთხვევა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამოქალაქო სექტორი პარტიულია. უბრალოდ, ჭეშმარიტება არის ჭეშმარიტება და ის შეიძლება გააჟღეროს როგორც პარტიამ, ისე სამოქალაქო სექტორმა“.

ბაია პატარაია 20 ივნისის შემდგომ მოვლენებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:59:29 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG