Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი - მეორე რუზველტი?


ორიოდ თვის წინ, The New York Times-მა, გაზეთმა, რომელსაც 9 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, გამოაქვეყნა ვაშინგტონსა და კიევში საკუთარი მთავარი კორესპონდენტების ერთობლივი სტატია, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ მოახერხეს ზელენსკიმ და ბაიდენმა ომის დროს მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება. სტატიის ავტორების თქმით, თუ ზელენსკი არის თანამედროვე უინსტონ ჩერჩილი, (...) მაშინ ბაიდენი თავის თავს ხედავს პერლ-ჰარბორამდელი რუზველტის როლში, რომელმაც ევროპელი მოკავშირეების შეიარაღებისათვის ერთ მუჭად შეკრა მსოფლიოს დემოკრატია. ამერიკელი ჟურნალისტები ასევე ციტირებენ მაიკლ მაკფოლს, შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს მოსკოვში, რომლის აზრითაც, ბაიდენი სამართლიანად თვლის, რომ მან მოახდინა ამერიკისა და მსოფლიოს მობილიზება, რომ პენტაგონმა გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე ოდესმე გაკეთებულა და რომ იმედგაცრუებულია, ვინაიდან საკმარისად არ არის დაფასებული ამის გამო.

მართალია, რომ ვაშინგტონს არასდროს გაუკეთებია ამდენი მოკავშირეებისათვის? შეგვიძლია ბაიდენის რუზველტთან შედარება? მოდით, ჯერ რიცხვებს შევხედოთ. მეორე მსოფლიო ომის დროს შეერთებულმა შტატებმა ლონდონს მიაწოდა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების 7,2%. თუ ამას მივამატებთ სხვა მოკავშირეებისათვის გაწეულ დაახმარებას, მაშინ ეს რიცხვი 14,2%-ს აღწევს. 2023 წელს, ვაშინგტონი გეგმავს საკუთარი წლიური სამხედრო ბიუჯეტის 5,4%-ის მოცულობის სამხედრო დახმარება გაუწიოს უკრაინას, მაგრამ თუ გამოვიყენებთ მეორე მსოფლიო ომის პერიოდის გამოთვლის მეთოდს, ეს მაჩვენებელი 3,2% და 4%-ს შორის მერყეობს.

თუ შემოვიფარგლებით პერლ ჰარბორამდე პერიოდით, როდესაც შეერთებული შტატები ეკონომიკური გიგანტი და სამხედრო ქონდრისკაცი გახლდათ, ლონდონისადმი ვაშინგტონის დახმარება იმდენად გულუხვი იყო, რომ ამან აშშ ძალზე რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. მაგალითად, 1940 წლის ნოემბერში, რუზველტმა გადაწყვიტა, ჩერჩილისთვის გადაეცა ახლადწარმოებული საბრძოლო მასალისა და შეიარაღების ნახევარი, მათ შორის ულტრათანამედროვე B-17 ბომბდამშენები. როდესაც ჰენრი სტიმსონი (სამხედრო მინისტრი) შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ეს თვითმფრინავები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ეროვნული უსაფრთხოებისათვის, რუზველტი უპასუხებს, რომ ბრიტანელებს შეეძლოთ მათი გამოცდა საბრძოლო პირობებში.

1940-41 წლებში ომისთვის აშშ-ის მზადების რთული ამოცანის წინაშე მდგომი სამხედროები შეძრწუნებული ადევნებდნენ თვალს, თუ რა დიდი რაოდენობით მიდიოდა სამხედრო დახმარება ჯერ ლონდონის, შემდეგ კი მოსკოვის მიმართულებით. 1941 წლის 11 აპრილს ადმირალი ემორი ლენდი (სენატის საზღვაო კომისიის თავმჯდომარე), სარკასტულად შესჩივლებს რუზველტს, რომ თუ შეერთებული შტატები ფრთხილად არ იქნებოდა, ერთ დილას გაიღვიძებდნენ და აღმოაჩენდნენ თეთრ სახლს ინგლისისკენ მიმავალ გზაზე, მასზე მიმაგრებული ვაშინგტონის ძეგლით. რაც შეეხება სამხედრო მინისტრ სტიმსონს, 1 აგვისტოს ის განუცხადებს პრეზიდენტს, რომ ყველა ამ ადამიანს [იგი გულისხმობდა ჰარი ჰოპკინსს, რუზველტის მარჯვენა ხელს მოკავშირეების დახმარების საქმეში - ლ.ო.] აქვს მიდრეკილება, დააკმაყოფილოს გარდამავალი იმპულსი თუ ემოცია, რათა დაეხმაროს ჩვენს მხარეს მდგომ სხვა ერებს, თუმცა მათ არ აქვთ არანაირი პასუხისმგებლობა ამერიკის შეიარაღებული ძალების წინაშე და არ აინტერესებთ, დარჩება თუ არა ჩვენი ჯარი იარაღის გარეშე.

რუზველტისეული დახმარება, ბაიდენისეულისგან არა მარტო მოცულობით, არამედ ხარისხითაც განასხვავდებოდა: თუ რუზველტი გასცემდა საუკეთესო აღჭურვილობას ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, დღეს კიევისათვის იარაღის მიწოდება გადის ორჭოფობის გრძელ ციკლს და ძირითადად შემოიფარგლება ძველი აღჭურვილობით. ხოლო თუ თანამედროვე იარაღზეა საუბარი, იგი გაიცემა მთელი რიგი შეზღუდვებით: M777 ჰაუბიცები GPS-ის გარეშე, ABRAMS-ის ტანკები თანამედროვე ჯავშნის გარეშე და ა.შ.

მეორე მსოფლიო ომის დროს შეერთებულმა შტატებმა 300 000 თვითმფრინავის წარმოება შეძლო და მათგან 55 000 მოკავშირეებს გადასცა. დღეს ბაიდენი უარს ამბობს უკრაინისათვის მოძველებული F-16 თვითმფრინავების მიწოდებაზე. New York Times-ის ცნობით, ბაიდენს პუტინის პროვოცირების ეშინია, რათა ამ უკანასკნელმა ეს ომი ბირთვულ კონფლიქტად არ გადააქციოს. ამგვარად, ვაშინგტონი მუდმივად იგონებს თავისთვის ახალ რუბიკონებს, მაშინ როცა პუტინი ყოველდღიურად არღვევს საკუთარ წითელ ხაზებს. დასავლეთს დღემდე უჭირს გაგება, რომ პუტინი თამაშობს რულეტს (ფსონის მუდმივი გაორმაგებით) და არა რუსულ რულეტს: 1. მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღი რუსული სამხედრო დოქტრინის ნაწილია, მისი გამოყენება უკრაინაში სრული ნონსენსია: არ არსებობს ამისთვის აუცილებელი სამიზნე ობიქტი (უკრაინის ჯარების, ან სამხედრო ინდუსტრიის ობიექტების დიდი კონცენტრაცია). ასე რომ პუტინმა იცის, რომ ტაქტიკური იარაღის გამოყენება არანაირად არ შეცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე (ზოგადად სიტყვა „ტაქტიკური“ მრავლისმთქმელია). 2. პუტინმა იცის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მისთვის თვითმკვლელობა იქნებოდა, რადგან მისი გამოყენების შემთხვევაში ვაშინგტონმა, ლონდონმა და პარიზმა კონვენციური იარაღით შურისძიება აღუთქვეს. ასე რომ, ერთი წლის შემდეგ შეიძლება დროა, გავიგოთ, რომ თუ პუტინი დასავლელ ლიდერებს Cosa nostra-ს ენით ესაუბრება, ეს არ ნიშნავს, რომ დასავლეთს აუცილებლად უნდა ეშინოდეს...

მე-20 საუკუნის კონფლიქტებში, თითქმის ყველა სახმელეთო ოპერაციის წარმატება ცის კონტროლზე იყო დამოკიდებული. სწორედ ცის კონტროლი იძლევა ერთობლივი ოპერაციის ჩატარების საშუალებას (ქვეითი ნაწილების, ტანკებისა და არტილერიის საშუალებით). დღეს უკრაინის ყველა მოკავშირე ლაპარაკობს უკრაინის მოახლოებული კონტრიერიშის წარმატების აუცილებლობაზე, არადა წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტის გადაცემაზე ყაბულს არ არის. New York Times-ის თანახმად, ბაიდენის უარი, კიევს მიაწოდოს F-16-ები, აღიზიანებს ზელენსკის. და არის ეს გასაკვირი? ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილის განთავისუფლების შემდეგ, რესურსების ნაკლებობის გამო, უკრაინამ ვერ შეძლო კონტრშეტევის გაგრძელება, რითაც რუსებს საშუალება მისცა, გაეძლიერებინათ თავდაცვის ხაზი ათასკილომეტრიანი ფრონტის მთელ სიგრძეზე. ბაიდენის ორჭოფობა, დასავლეთის წვეთოვანი დახმარება, უკრაინას არა მარტო სისხლის მდინარეებად უჯდება, არამედ საფრთხეს უქმნის მომავალი (სავარაუდოდ საზაფხულო) კონტრიერიშის გამარჯვებით დაგვირგვინებას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG