Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლეგ ბასილაშვილის ღირსეული მარათონი


„შემოდგომის მარათონი“ უნიჭო ხალხის მარათონია. აგრესიული უნიჭობა (გალინა ვოლჩეკის პერსონაჟი) აქ ყველგან იმარჯვებს, რადგანაც ლიბერალ-ინტელიგენტებს ასევე არ ჰყოფნით არც ნიჭი, არც გაბედულობა დაუპირისპირდნენ სისტემას..."
„შემოდგომის მარათონი“ უნიჭო ხალხის მარათონია. აგრესიული უნიჭობა (გალინა ვოლჩეკის პერსონაჟი) აქ ყველგან იმარჯვებს, რადგანაც ლიბერალ-ინტელიგენტებს ასევე არ ჰყოფნით არც ნიჭი, არც გაბედულობა დაუპირისპირდნენ სისტემას..."

„შემოდგომის მარათონი“ (სსრკ, 1979, რეჟისორი გია დანელია)

ოლეგ ბასილაშვილი ხშირად აღნიშნავს, რომ თეატრმა ასწავლა გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როცა ცხოვრება აიძულებდა გაეკეთებინა არჩევანი. მაგალითად, თემურ ჩხეიძესთან, „სეილემის პროცესზე“ მუშაობის დროს განსაკუთრებით კარგად გაიაზრა, რას წარმოადგენს ძალაუფლება, რაოდენ ცბიერად, მოხერხებულად ცდილობს დაუგოს ხაფანგი წესიერ ადამიანს, რათა გასვაროს და მერე იბატონოს მასზე. პოლიტიკოსს, რომელმაც დემოკრატიას უღალატა, ოდესმე ხალხი მაინც დაუსტვენსო, წერდა ბასილაშვილი. მაგრამ არტისტმა რომ იგივე გააკეთოს, მას „ორმაგი სტვენის“ მოსმენა მოუწევს - ერთი თეატრში, მისი ერთგული მაყურებლისგან და მეორე, ქუჩაში, ხალხისგანო.

ოვაციები არტისტებს ჟანგბადივით სჭირდებათ. თუმცა ბასილაშვილს არც პოპულარობის დაკარგვის შეშინებია. 2008 წლის აგვისტოში, როცა რუსეთის ლიბერალურმა ინტელიგენციამ არ შეიმჩნია (ზოგმაც მხარი დაუჭირა) საქართველოს ოკუპაციას, ომის დაწყებიდან ერთ კვირაში ბასილაშვილმა მკვეთრი განცხადება გააკეთა პუტინის წინააღმდეგ და თავისი ისტორიული სამშობლოს მხარდასაჭერად. ასეთივე ცალსახა პოზიცია ჰქონდა მსახიობს ყირიმის ოკუპაციის დღეებში და 2022 წლის თებერვალში, რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრის შემდეგ. გაბედულ განცხადებებს აკეთებს დღეს, როცა მისი დაბადებიდან 90 წელი გავიდა.

ვფიქრობ, მსახიობი-პიროვნების ეს პირდაპირობა, სიხისტე (რასაც რუსი-საბჭოთა ლიბერალები მუდმივად გაურბოდნენ), გახდა კიდეც მთავარი მიზეზი გია დანელიას კატეგორიული უარისა აეყვანათ ბასილაშვილი მთავარი როლის შესასრულებლად „შემოდგომის მარათონში“. დანელიას ჯერ კიდევ სცენარის დამტკიცებისას მოუხდა ცენზურასთან ბრძოლა, კინოკომიტეტი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, საბჭოთა ინტელიგენტი (თანაც მამაკაცი) ფილმის ბოლომდე დარჩენილიყო დაბნეულ, გადაუწყვეტელ „ანტიგმირად“ (ამ სიტყვას ყველაზე ხშირად იყენებდნენ „შემოდგომის მარათონის“ მთავარი პერსონაჟის დასახასიათებლად) და ყველა ამ პრობლემას დაემატა კიდევ მსახიობები. ჯერ კომუნისტურმა გერმანიამ გააპროტესტა დასავლეთგერმანელი ჟურნალისტის, ნორბერტ კუხინკეს მონაწილეობა ფილმში (საბოლოო ვერსიაში ეს პერსონაჟი „დანიელი სლავისტი“ გახდა), მერე კი კასტინგის დირექტორი გაებუტა რეჟისორს ბასილაშვილის დაწუნების გამო. თუმცა ბოლოს მაინც გაიმარჯვა. დანელია დაიყოლიეს. აღმოჩნდა, რომ ითამაშო ის, რაც სინამდვილეში არა ხარ, ითამაშო შენი ანტიპოდი, სახალისოა. თან თანაუგრძნობ პერსონაჟს და თანაც, დისტანცირებული ხარ მასთან. უბრალოდ, ამის მიღწევას დიდი ოსტატობა სჭირდება.

გადაწყვეტილების მიღების უუნარობამ ნიჭიერი ლიტერატორი, მთარგმნელი ანდრეი ბუზიკინი ტყუილებში გახლართა. „არას“ თქმა არ შეუძლია, ამიტომ სირბილი უწევს ახალგაზრდა საყვარელსა და ცოლს შორის. ფაქტობრივად, ესაა „შემოდგომის მარათონის“ მთელი სიუჟეტი - ბანალური და ტიპური. შემთხვევითი არაა, რომ ფილმის პრემიერის შემდეგ კინემატოგრაფიულ წრეებში (სხვათა შორის, საქართველოშიც) მკითხაობა დაიწყეს, მაინც ვის გულისხმობენ ფილმის ავტორები ბუზიკინში. ესაა, ალბათ, გია დანელიას ფილმის მთავარი ეფექტი - ბასილაშვილის პერსონაჟს სხვაში ხედავენ, თუმცა ბევრი ადამიანი მაინც ვერ გაბედავს და იტყვის, რომ ბუზიკინის ანტიპოდია და არასდროს უგრძნია თავი იმ „კეთილი ადამიანის“ როლში, რომელსაც არავის წყენინება არ უნდა.

ტრიალი თავისი პერსონაჟების გარშემო გია დანელიას სტიქიაა. ის ყოველთვის იწვევდა მსახიობებს, რომლებსაც შეეძლოთ ნახევარტონებზე თამაში და მათთან ერთად ცვლიდა ხოლმე მოქმედების მიმართულებას. დანელია მუშაობს აქტიური მაყურებლისთვის, რომელსაც ფილმის ბოლომდე არა აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, ყოყმანობს, ეცვლება აზრი, ბრაზდება, უყვარს, ისევ ბრაზდება... „შემოდგომის მარათონი“ ამ მაყურებელს ერთგვარ ჩიხში აქცევს - მას ეცინება ბუზიკინზე, მაგრამ უჭირს იმის აღიარება, რომ რეალურად საკუთარ თავზე ეცინება.

ფილმის პრემიერის შემდეგ მაყურებელი და კრიტიკოსები ძირითადად „შემოდგომის მარათონის“ პერსონაჟებზე მსჯელობდნენ. „ზასტოის“ ეპოქაში კინომაყურებლის ასეთი გამოცოცხლება, ცხადია, გია დანელიას „სევდიანი კომედიის“ (როგორც ფილმის ტიტრებშია დაკონკრეტებული) წარმატებაზე მეტყველებს. „შემოდგომის მარათონი“ ამერიკულ „ოსკარზეც“ უნდა წარედგინათ, მაგრამ ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეყვანის შემდეგ საბჭოთა კინოს დასავლეთში გზა გადაეკეტა. გია დანელიას ისიც კი აპატიეს, რომ არ დაემორჩილა ცენზურის განკარგულებას და არ შეცვალა ფინალი (ბუზიკინი ოჯახს უნდა დაჰბრუნებოდა). „შემოდგომის მარათონმა“ „სალაროს“ ყველა რეკორდი მოხსნა. ეს იყო მთავარი. თორემ „ცხოვრებისეული დისკუსიების“ იმხანად დიდად აღარ ეშინოდათ.

მაგრამ დღეს პოპულარულ საბჭოთა ფილმს სხვანაირადაც შეიძლება შევხედოთ. თავი დავანებოთ სოციალურ-ეკონომიკურ ფონს, რომლის გამოხატვას დანელია, რიაზანოვი, პანფილოვი, სხვა რეჟისორებიც, იმხანად მეტ-ნაკლებად მაინც ბედავდნენ (ქურთუკი, რომელსაც საყვარელი ქალი აჩუქებს ბუზიკინს, დეფიციტური საქონელია, „სპეკულანტებთან“ შეძენილი). მნიშვნელოვანია მასშტაბი საბჭოთა ინტელიგენტის სახის განზოგადებისა, დამფრთხალი ინტელიგენტისა, რომლის წესიერება მხოლოდ ფორმაა, კონფორმიზმი და ლაჩრობა კი - შინაარსი.

ბუზიკინმა იცის უცხო ენები, წარმატებული მთარგმნელია. თუმცა... აგერ როგორი ცენზურაა ქვეყანაში - რომელიღაც ავტორს, რომლის ტექსტი თარგმნა ბუზიკინმა, რასისტული სტატია დაუბეჭდავს და, შესაბამისად, მისი ნაწარმოები საბჭოთა ჟურნალში ვერ გამოქვეყნდება. ასეც ხდებოდა, საკმარისი იყო უცხოელ ავტორს რამე ეთქვა იმისგან განსხვავებული, რასაც საბჭოთა პროპაგანდა იმეორებდა, მისი შემოქმედება იკრძალებოდა. ამ შემთხვევაში „რასისტული სტატია“ აღმოჩნდა მიზეზი. თუმცა ყველამ კარგად იცოდა, რომ სინამდვილეში იკრძალებოდა ყველა ავტორი, ვინც საბჭოთა პოლიტიკას გააკრიტიკებდა.

ამ ჩაკეტილ სისტემაში (1979 წელია!) საბჭოთა ინტელიგენტის ნიჭიერება იზომებოდა „თარგმნის ხარისხით“, ანუ სხვაგან შექმნილის, სხვისი გაკეთებულის გადმოტანით და არა იმდენად ახლის შექმნით და შემოქმედებით. საყვარელი ქალი ეუბნება ბუზიკინს - „როგორ მინდა შენგან შვილი მყავდეს“. და რატომო, კითხულობს ბასილაშვილის პერსონაჟი. „იმიტომ, რომ შენსავით ნიჭიერი იქნებოდა“. ამაზე ბუზიკინი დაუფიქრებლად პასუხობს: „ნიჭიერი მე არ ვარ, ნიჭიერი ის ხალხია, ვისაც მე ვთარგმნი“.

კი, ასეა. „შემოდგომის მარათონი“ უნიჭო ხალხის მარათონია. აგრესიული უნიჭობა (გალინა ვოლჩეკის პერსონაჟი) აქ ყველგან იმარჯვებს, რადგანაც ლიბერალ-ინტელიგენტებს ასევე არ ჰყოფნით არც ნიჭი, არც გაბედულობა დაუპირისპირდნენ სისტემას. მათ ტყუილიც კი არ შეუძლიათ. რადგანაც დამაჯერებელ ტყუილსაც ნიჭი სჭირდება. ამ გარემოში იხრწნებიან ადამიანები, იხრწნება ოჯახი, როგორც სისტემა, რომლის „სიწმინდეს“ ისევ მისტირიან ჩვენში. არათუ მისტირიან, კანონებსაც იღებენ მის დასაცავად.

„შემოდგომის მარათონში“ ოლეგ ბასილაშვილის პერსონაჟი მხოლოდ ერთხელ იქნება ბედნიერი, როცა... მარტო დარჩება. ამ პატარა ეპიზოდში, მხოლოდ აქ, ითამაშებს მსახიობი საკუთარ თავს - ადამიანს, რომელიც იგრძნობს თავისუფლების გემოს. ასეთად რჩება დღეს და ტაში, სხვათა შორის, ისევ არ აკლია. არც რუსეთსა და არც საქართველოში.

ფილმის ორიგინალური ვერსია ინგლისური სუბტიტრებით:

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG