Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ბატონმა სინემამ” დაგვტოვა


“დღის ლამაზმანი” (1967, საფრანგეთი, რეჟისორი ლუის ბუნუელი)

გასულ კვირას 94 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგული კინოს ვარსკვლავი მიშელ პიკოლი, რომლის სახელს არაერთი დიდი რეჟისორის გამარჯვება უკავშირდება. შემთხვევითი არაა, ალბათ, რომ ანიეს ვარდას ფილმში “ასი და ერთი ღამე” (1995), რომელიც კინოხელოვნების დაბადების ასი წლისთავს მიეძღვნა, პიკოლიმ, არც მეტი და არც ნაკლები... კინოხელოვნების როლი შეასრულა; მის გმირს ასე ჰქვია “ბატონი სინემა”, ანუ “მუსიე სინემა”, და, ფაქტობრივად, მთელი კინემატოგრაფის ისტორიას განასახიერებს. მიშელ პიკოლის ბიოგრაფია იმდენად მრავალფეროვანია და მდიდარი, მსახიობს იმდენად განსხვავებული სტილის რეჟისორებთან მოუხდა მუშაობა, რომ, როგორც არტისტს, ადვილად ვერ დაახასიათებ, თუმცა ერთი რამ ნამდვილად აერთიანებთ მის როლებს - იგი ყოველთვის უტოვებს პერსონაჟებს საიდუმლოს, არ ხსნის ბოლომდე გმირებს, რაც აძლიერებს მაყურებლის ინტერესს მათ მიმართ და ზოგჯერ მსუბუქ მანკიერებასაც ანიჭებს პიკოლის მიერ შექმნილ სახეებს.

ვფიქრობ, სწორედ ამ მანკიერებით მიიქცია მსოფლიო კინოს ნომერი პირველი სიურრეალისტის, ლუის ბუნუელის, ყურადღება. ბუნუელს უყვარდა წინააღმდეგობის შექმნა გარეგნობასა და ხასიათს შორის, თავად ამას “ასიმეტრიას” უწოდებდა და თვლიდა, რომ ასეთი მსახიობები მაგნიტივით იზიდავენ მაყურებელს. ამიტომაც ბუნებრივია, რომ ფილმში “დღის ლამაზმანი” ფრანგი “ბურჟუა-ლამაზმანის”, სევერინას, როლის შესასრულებლად კატრინ დენევი მოიწვია - დენევი, გაყინული მზერით და ანგელოზის გამომეტყველებით, დენევი, რომელიც საღამოს და ღამით რესპექტაბელურ ოჯახში,ერთგული და უმანკო ცოლის როლს თამაშობს, შუადღეზე კი მუშაობს პარიზის ასევე რესპექტაბელურ საროსკიპოში, სადაც კლიენტებს სადომაზოხისტური თამაშებით ართობს.

“დღის ლამაზმანი” ლუის ბუნუელის ყველაზე წარმატებული ფილმია. რეჟისორი ამას მისთვის დამახასიათებელი თვითირონიით ხსნიდა: “ხალხი ჩემი ფილმის სანახავად კი არ წავიდა, მას უფრო ბოზები აინტერესებდაო”. ცხადია, ქილიკობდა. ბუნუელი ყოველთვის ქილიკობს - თავის თავზე, სილამაზეზე (“რომელმაც უნდა იხსნას სამყარო”), მდიდრებზე და ღარიბებზე, ერთგულ ცოლებსა და ქმრებზე. ბუნუელი ჭკუას კარგავს სამყაროსა და ადამიანის არასრულყოფილებაზე. ეს არასრულყოფილება ანიჭებს ენერგიას, უხსნის ფანტაზიას და უბიძგებს პროვოკაციებისკენ. ამისათვის “საბადოც” აქვს - ფროიდი და ფსიქოანალიზი.

“დღის ლამაზმანი”, შეიძლება ითქვას, ფსიქოანალიზის სახელმძღვანელოა, დაწერილი კინოს ენით. სევერინას ქმრის მიმართ ვნება მას მერე უმძაფრდება, რაც სარისკიპოში დაიწყებს სიარულს. საროსკიპოსკენ კი მას “სუპერეგო”, მიშელ პიკოლის გმირი, ჰენრი იუსონი უბიძგებს. იუსონი ფილმის ბოლომდე “ცენზორად” რჩება - ის გააღვიძებს სევერინაში (ანუ ფსიქიკაში) არაცნობიერ სამყაროს (ძლიერად დათრგუნვილს რესპექტაბელური ბურჟუას სივრცეში) და, ამავე დროს, გამოცდას უწყობს მას. აღმოჩნდება, რომ როგორც არ უნდა აკონტროლოს ცნობიერმა არაცნობიერი, ეს არაცნობიერი მაინც გაარღვევს საზღვრებს და ადამიანს წესებს დაარღვევინებს. სევერინას ქმრის მიმართ ვნება ეღვიძება, მაგრამ დანაშაულის კომპლექსიც ტანჯავს. კოშმარულ სიზმრებს ნახულობს და რაც დრო გადის, მით უფრო ვერ ელევა საროსკიპოს სივრცეს. ვერ ელევა იმიტომ, რომ იქ შემოქმედებაა. უხამსობა, მაგრამ მაინც შემოქმედება. სახლში კი წესიერება და გაყინულობა.

ლუის ბუნუელს არაფერი სძულს ისე, როგორც გაყინულობა და ეს აწყობილი, სტატიკური სისტემები. პატიოსანი, კანონმორჩილი ბურჟუა, მისი იდეალები, მისი ღირებულებები ლუის ბუნუელის გვიანდელი ფილმების სამიზნეა. რა აზრი აქვს ასეთ წესიერებას, დახვეწილ გემოვნებას, როცა ღამით, სიზმარში, როცა ქვეცნობიერი აბობოქრდება ხოლმე, ჯოჯოხეთში შეიძლება აღმოჩნდე და დარწმუნდე, რომ ვერანაირი მორალი, გამოგონილი კულტურისა და რელიგიის მიერ, ვერ ახერხებს ოდნავ მაინც მოაწესრიგოს შენი არასრულყოფილება. და ვინაიდან კინემატოგრაფს აქვს უნარი წაშალოს ზღვარი რეალურსა და წარმოსახვითს შორის, სინამდვილესა და სიზმარს შორის, კინოში ცნობიერი და არაცნობიერიც ისე შეიძლება გადავიდეს ერთმანეთში, რომ მაყურებელი ვერ მიხვდეს, სადაა ხილვა და სადაა ნამდვილი ამბავი. გვიანდელ ფილმებში სწორედ ამ ეფექტზე თამაშობს ბუნუელი. მას არ უყვარს ტექნიკური ტრიუკები, კამერის მნიშვნელობის ხაზგასმა, რეაქტიული კადრები (ალფრედ ჰიჩკოკისგან განსხვავებით, რომელიც ასევე გამუდმებით მიმართავს ფსიქოანალიზს), ამიტომაც მაყურებელი შეიძლება ვერც გაერკვეს, სად იწყება სევერინას სიზმრები და სად რეალური ამბები, სადაა მისი წარმოსახვა და სადაა ცხოვრება. შეიძლება ვერ გაერკვეს და სწორედ ეს მოეწონოს - “დღის ლამაზმანი”, მიშელ პიკოლის იმიჯისა არ იყოს, თავიდან ბოლომდე ფილმი გამოცანაა. სრულდება ფილმი და მაყურებელი მკითხაობას იწყებს - რა მოხდა მაინც სევერინას ცხოვრებაში?

“დღის ლამაზმანი” 1967 წელს ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზით აღინიშნა. ყურადღება მიაქციეთ ფილმის გადაღების თარიღს. ბუნუელის შედევრი ერთი წლით ადრეა გადაღებული 68 წლის მაისამდე. ამიტომ ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ესაა ფილმი-წინასწარმეტყველება. მაისს მოჰყვება “სექსუალური რევოლუცია” და ახალგაზრდების ამბოხება ბურჟუაზიული მორალისა და ფარისევლობის წინააღმდეგ. ამ ხალხს, ახალგაზრდა რევოლუციონერებს, ბუნუელი მოგვიანებით დაუბრუნდება თავის უკანასკნელ ფილმებში. არც მათ დაინდობს! არასრულყოფილი და მანკიერი არა მარტო ბურჟუაა, არამედ მისი შვილიცაა, რომელიც ჯერ მშობლებს აუმხედრდება, შემდეგ კი თავად გახდება მშობელი.

“მუსიე სინემა” კი გააგრძელებს იდუმალებით მოცული პერსონაჟების ძერწვას. 2011 წელს კანის ფესტივალზე მიშელ პიკოლი დაესწრება პრემიერას ნანი მორეტის ფილმისა “გვყავს პაპი”. ამ სურათში ის განასახიერებს გროტესკულ სახეს კარდინალისა, რომელსაც არ სურს გახდეს რომის პაპი. პრესკონფერენციაზე საყვარელ რეჟისორებზე ჰკითხავენ. პიკოლი ბევრს დაასახელებს: ალენ რენეს, კლოდ შაბროლს, მარკო ფერერის, ჟაკ რივეტს, კლოდ სოტეს - ყველას, ვისთანაც უმუშავია... მერე სიტყვას მორეტის გადასცემენ. მოულოდნელად პიკოლი გააწყვეტინებს რეჟისორს და აღელვებული იტყვის, “ღმერთო ჩემო, ბუნუელი დამავიწყდა! არადა, გაიძვერობა სწორედ მისგან ვისწავლე”.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG