Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო ირანში საელჩოზე თავდასხმის დამატებით კადრებს აქვეყნებს


თავდასხმა ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე. 27 იანვარი
თავდასხმა ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე. 27 იანვარი

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანში თავის საელჩოზე თავდასხმის ამსახველ დამატებით კადრებს აქვეყნებს და კვლავ აცხადებს, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი, რასაც ირანი კვლავ უარყოფს.

27 იანვარს, დილის საათებში, თეირანში აზერბაიჯანის საელჩოში შეიარაღებული პირი შეიჭრა. თავდასხმის შედეგად საელჩოს ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ორი კი - დაშავდა.

აზერბაიჯანის ხელისუფლება ინციდენტს „ტერორისტულ აქტად“ მიიჩნევს, ირანის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ თავდასხმას პოლიტიკური მოტივები არ ჰქონდა და ის საყოფაცხოვრებო საკითხს უკავშირდებოდა.

ახალი კადრები

6 თებერვალს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა თავდასხმის ამსახველი დამატებითი კადრები. ვიდეოჩანაწერების თანახმად, თავდამსხმელმა, რომელიც Kia Pride-ის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, თავდასხმამდე 8 წუთით ადრეც ჩაუარა საელჩოს შენობას. ის მხოლოდ მეორე წრეზე შეჩერდა და გაჩერებისას იქვე დაყენებულ მანქანას დაეჯახა.

კადრების თანახმად, თავდამსხმელი მანქანიდან გადმოსვლისთანავე იარაღს უმიზნებს დიპლომატიური პოლიციის ჯიხურში მყოფ თანამშრომელს, ასევე, ხელით ანიშნებს მას, გაჩერდეს; პოლიციელი წინააღმდეგობას არ უწევს. ამის შემდეგ შეიარაღებული პირი შენობაში იჭრება.

ახალი კადრების თანახმად, თავდამსხმელი შენობაში 08:32:30-ზე იჭრება. დაახლოებით წუთ-ნახევარში, 03:34:08-ზე, გარე სამეთვალყურეო კამერით გადაღებულ კადრში ჩნდება პოლიციის ავტომობილი. მასთან დიპლომატიური პოლიციის თანამშრომელი მიდის, რაღაცას ანიშნებს და ეუბნება, რის შემდეგაც პოლიციის მანქანა 08:32:20-ზე ტერიტორიას სწრაფად ტოვებს.

შენობის შიგნით დაყენებული სამეთვალყურეო კამერა აჩვენებს, როგორ ესხმის თავს შეიარაღებული პირი იქ მყოფ რამდენიმე თანამშრომელს, როგორ ცდილობს ერთ-ერთი მათგანი მის განეიტრალებას და, ხანგრძლივი ჭიდაობის შემდეგ, ახერხებს, რომ გააძევოს და კარი ჩაკეტოს.

სანამ დაცვის თანამშრომელი თავდამსხმელთან ჩხუბობს, დიპლომატიური პოლიციის თანამშრომელი შენობის მიმდებარე ტერიტორიას სწრაფად ტოვებს.

თავდამსხმელი გაძევების შემდეგ ჯერ ჰაერში ისვრის, შემდეგ გარედან უმიზნებს კარის გვერდით არსებულ გისოსებს, გასროლით ხვრეტს გისოსების უკან, სავარაუდოდ, თაბაშირ-მუყაოს კედელს, აფართოებს ხვრელს და იქიდან ისვრის.

ხელმეორედ შეჭრა

შემდეგ ბრუნდება მანქანაში, იღებს ბოთლს, რომელშიც, სავარაუდოდ, ბენზინია ჩასხმული და საელჩოს წინ გაჩერებული მანქანის საბურავებზე ასხამს.

ამის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე, რომ თავდამსხმელი რაღაც ნიშანს აძლევს ვიღაცას.

შემდეგ იგი ჯიბიდან იღებს, სავარაუდოდ, სანთებელას და საბურავს ცეცხლს უკიდებს. მალევე იგი თავის ავტომობილში ბრუნდება, კარს კეტავს და მანქანას უკან, ოდნავ მოშორებით სწევს. რამდენიმე წამში გადმოდის მანქანიდან, კვლავ უკიდებს მას ცეცხლს და კიდევ სწევს მარცხენა ხელს ჰაერში.

მოგვიანებით მას მანქანიდან გადმოაქვს ურო, მიდის საელჩოს კართან, უროს რამდენჯერმე ურტყამს, კარის გაღებას ახერხებს და მეორედ იჭრება საელჩოში.

ამის შემდეგ იგი კამერის სათვალთვალო არეალიდან გადის. საგარეო სამინისტროს თანახმად, ამ დროს მას დაცვის თანამშრომელმა ცეცხლმაქრობი ესროლა, რითაც თავში მიაყენა დაზიანება, რის შემდეგაც თავდამსხმელმა დატოვა შენობა.

გასვლის შემდეგ ის, სავარაუდოდ, „მოლოტოვის კოქტეილის“ შეგდებას ცდილობს მანქანის ქვეშ, თუმცა ცეცხლი თავად ედება ტანისამოსზე. ქურთუკს იხდის და ქუჩაში აგდებს.

ამის შემდეგ მოდის სახანძრო მანქანა. თავდამსხმელი განაგრძობს გადაადგილებას სახანძროს თანამშრომლებთან ერთად.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, პოლიციელები მშვიდად იდგნენ და ესაუბრებოდნენ და მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს იგი, რაც კიდევ ერთხელ დაიმუქრა საელჩოს მისამართით.

ირანის გამოძიება

ირანში ოფიციალური გამოძიების თანახმად, თავდამსხმელმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე - რომელიც აზერბაიჯანელი იყო - 2022 წლის აპრილში შევიდა საელჩოში და მას შემდეგ აღარ უნახავს. მისი თქმით, არაერთხელ მივიდა საელჩოში, თუმცა ვერ მიიღო ვერანაირი ინფორმაცია; პოლიციაშიც შეიტანა განცხადება მეუღლის დაკარგვასთან დაკავშირებით, თუმცა საქმე დახურეს, რადგან პოლიციამ აღმოაჩინა, რომ მისი მეუღლე აზერბაიჯანში დაბრუნებულიყო.

გამოძიების ვერსიით, თავდამსხმელმა თქვა: „საელჩოში არაერთი ვიზიტისა და პასუხის ვერმიღების შემდეგ, ამ დილას გადავწყვიტე, იქ წავსულიყავი წინასწარ მომზადებული „კალაშნიკოვით“, [რადგან] ვფიქრობდი, ჩემი ცოლი კვლავ საელჩოშია და ჩემთან შეხვედრას თავს არიდებს-მეთქი“.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ან სხვა უწყებას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ 6 თებერვალს გავრცელებულ კადრებსა და განცხადებებზე. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულმა სამსახურმა ჯერჯერობით ვერ მიიღო განმარტება ვერც ბაქოში ირანის საელჩოსაგან.

თეირანის პოლიციის უფროსმა სარდარ ჰოსეინ რაჰიმიმ თანამდებობა 27 იანვარსვე დატოვა. მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ დაზუსტებულა, თუმცა მედიაში ამას დიპლომატიური პოლიციის თანამშრომლის უმოქმედობას უკავშირებდნენ.

აზერბაიჯანმა თავის მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან. საელჩომ ფუნქციონირება შეაჩერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG