ბაჩიაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად ტელეკომპანიებმა „პირველმა“ და „ფორმულამ“ გაავრცელეს, რადიო თავისუფლებას პროკურატურამ დაუდასტურა.
პროკურატურაში რადიო თავისუფლებას ასევე განუცხადეს, რომ ბაჩიაშვილმა
- „სრულიად აღიარა ყველა დანაშაული“,
- „სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან“ და
- „აანაზღაურა ზიანი“,
- რის შემდეგაც „გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე“.
რადიო თავისუფლებას ინფორმირებულმა წყარომ უთხრა, რომ ბაჩიაშვილი უზენაესი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
„დევნა შეწყვეტილია“
„ვადასტურებ, გიორგი არის თავისუფალი. გაფორმდა მასთან საპროცესო შეთანხმება ყველა მიმდინარე საქმეზე“, - განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში მისმა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.
მისივე ცნობით, ბაჩიაშვილის საზღვარგარეთ მყოფი მშობლების წინააღმდეგ „შეწყვეტილია სისხლისსამართლებრივი დევნა“.
„ამ მომენტისთვის არ არსებობს არცერთი საქმე გიორგი ბაჩიაშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ“, - განაცხადა მან.
პირობითი მსჯავრი - დარჩა 3 თვე
ადვოკატის თქმითვე:
- სასჯელის სახით ბაჩიაშვილს მიესაჯა ერთწლიანი პირობითი მსჯავრი;
- აქედან 9 თვე მოხდილად ჩაეთვალა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მხოლოდ 3 თვეს დაჰყოფს;
- ასევე დაეკისრა სახელმწიფოსთვის სასჯელის სახით 50 000 ლარის გადახდა.
შეთანხმება ივანიშვილთან
„შეთანხმება სამოქალაქო ნაწილში თანხასთან დაკავშირებით მხარეებს შორის არის მიღწეული და ეს პირობები არის კონფიდენციალური“, - თქვა ადვოკატმა.
სავარაუდოდ, საუბარია ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე - ცალკე არსებული სამოქალაქო დავის ფარგლებში.
„ქვეყნის დატოვება შეუძლია“
ადვოკატის განცხადებით, პირობითი მსჯავრის შემთხვევაშიც „შესაძლებელია შესაბამისი საკანონმდებლო პროცედურების გავლით ქვეყნის დატოვება“.
„თუ გიორგის ექნება ამის სურვილი, ამ პროცედურების გავლით ის შეძლებს ქვეყნის დატოვებას“, - თქვა მან.
თუმცა იქვე განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის ბაჩიაშვილს ქვეყნის დატოვების სურვილი არ აქვს.
11-წლიანი სასჯელი, ფაქტობრივად, გაუქმდა
გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი „კრიპტოვალუტის საქმეზე“, - რომელშიც ბიძინა ივანიშვილი დაზარალებულად არის ცნობილი.
- სააპელაციო სასამართლომ ამ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის განაჩენი 12 აგვისტოს გამოაცხადა.
- ბაჩიაშვილს ჯერ 11 წლით პატიმრობა, მოგვიანებით კი 9 ათასამდე ბიტკოინის გადახდა დააკისრეს.
ბაჩიაშვილი, - რომელმაც 2025 წელს ქვეყანა მალულად დატოვა, აცხადებდა, რომ საქართველოში უკანონოდ, ძალით ჩამოიყვანეს, - სავარაუდოდ, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.
2025 წლის 30 სექტემბერს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდეს გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს - ისინი საზღვარგარეთ იმყოფებიან.
ბაჩიაშვილს ოთხ-ნახევარი წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი კიდევ ერთ საქმეზე - საზღვრის უკანონოდ კვეთაზე.
ამ დრომდე სასამართლოში განიხილებოდა „მტკვარი ჰესთან“ დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეც.
27 მაისს, სუსის განცხადებით, ბაჩიაშვილი დააკავეს „მწვანე საზღვრის“ მონაკვეთში ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, - თუმცა ბაჩიაშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ იძულებით, თვალებახვეული ჩამოიყვანეს საქართველოში.
ივანიშვილის „პირადი ფინანსისტი“
გიორგი ბაჩიაშვილი 2011 წლიდან იყო ბიძინა ივანიშვილის „პირადი ფინანსისტი“ და მისი ნდობით აღჭურვილი პირი. მოგვიანებით - „თანაინვესტირების ფონდის“ ხელმძღვანელი.
2015 წელს სწორედ მან გამოამჟღავნა ბანკირ პატრიკ ლესკადრონის მაქინაციები ივანიშვილის ქონებით, რაც გახდა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან ივანიშვილის მრავალწლიანი და ჯერაც დაუსრულებელი დავის დაწყების საფუძველი.
ბაჩიაშვილის განცხადებით, ივანიშვილთან ურთიერთობა გაუფუჭდა მას შემდეგ, რაც უარი თქვა წერილების გამოქვეყნებაზე „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ და რის შემდეგაც ივანიშვილმა ეჭვის თვალით დაუწყო ყურება, საბოლოოდ კი - პოლიტიკური დევნა.
ციხეში „ცემა“ vs „დადგმული ცემა“
2025 წლის 14 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია ციხეში ბაჩიაშვილის ცემის შესახებ.
ვრცელ წერილში ბაჩიაშვილი წერდა, რომ 11 ივლისს საკანში მას ფიზიკურად გაუსწორდა მისთვის უცნობი პირი.
მისივე თქმით, მანამდე, 8 ივლისს, ის დაიბარა მერვე პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა და ურჩია, ბიძინა ივანიშვილისთვის გაეხსნა მთელი თავისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები.
- 11 ივლისს ის საპატიმროდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, თუმცა იმავე ღამეს დააბრუნეს მერვე დაწესებულებაში.
- მომდევნო დღეს მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის თავდაპირველი განცხადებით, ეს იყო „მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი“.
თუმცა მოგვიანებით სახელმწიფო უწყებებმა განაცხადეს, რომ ბაჩიაშვილის ცემა „იმიტირებული“ იყო:
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პენიტენციური სამსახურის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე დააკავა - მას ედავებიან ბაჩიაშვილის ცემის იმიტაციას, ბაჩიაშვილთან შეთანხმებით. მას „წინასწარი პატიმრობა“ აქვს მისჯილი.
- ეს საქმე სუსს გამოსაძიებლად იუსტიციის სამინისტრომ გადაუგზავნა.
- სამინისტროს მოკვლევაში ასევე ფიგურირებდა „გლდანის ციხის“ ყოფილი დირექტორი, დავით გოგობერიშვილი, - რომელიც 7 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვეს.
- მას ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა დაზიანება მიღებული - შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. გამოძიების შედეგები უცნობია.
- გოგობერიშვილმა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების უფროსის თანამდებობა ბაჩიაშვილის ინციდენტის შემდეგ დატოვა.
ცვლილებები „ბაჩიაშვილის ინსპირაციით“
2025 წლის 3 სექტემბერს სადავო პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც რიგი ფინანსური დანაშაულისთვის ნასამართლევ პირებს მაქსიმუმ 16 წლით უკრძალავს ქვეყნიდან გასვლას - თუ ზარალს არ აანაზღაურებენ.
2025 წლის 11 ივნისს, ამ საკანონმდებლო პაკეტის ჟურნალისტებთან წარდგენისას, „ქართული ოცნების“ მაშინდელმა დეპუტატმა და უმრავლესობის ლიდერმა, ახლა უკვე სუსის უფროსმა მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ ცვლილებების „ერთ-ერთი ინსპირატორი“ იყო გიორგი ბაჩიაშვილი.
ფორუმი