სად გაკეთდა მოწოდება
ყოფილ თავდაცვის მინისტრს ედავებიან მის წინააღმდეგ აღძრული სხვა საქმის (2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციის ორგანიზება) დახურულ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას. ამ სხდომაზე დასწრება შეუძლიათ მხოლოდ ადვოკატებს, პროკურორებსა და სასამართლოს შემადგენლობას.
რა თქვა ახალიამ
ერთ-ერთ პროცესზე ახალაიამ თქვა, რომ „მე ვთვლი, რომ [ბიძინა] ივანიშვილი არის დასამხობი ყველა შესაძლო გზით“.
„თუ დასჭირდება ძალა, დასამხობია ძალით, ივანიშვილთან ერთად დასამხობია რუსული საცეცები, რაც შეიძლება ფართო მასშტაბით საქართველოში. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, ეს არის ერთადერთი გზა, იმისთვის, რომ დავამთავროთ ეს ჯოჯოხეთი, რომელშიც უკვე ორას წელზე მეტია გვამყოფებს რუსეთი. ჩვენ ივანიშვილს დავამხობთ, აუცილებლად დავამხობთ“, - თქვა მან ჩანაწერის მიხედვით.
რას ნიშნავს დამხობისკენ მოწოდება
სისხლის სამართლის კოდექსი ასეთ განცხადებას მიიჩნევს: „საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელებას“.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული - სასჯელის ზომას მოსამართლე განსაზღვრავს.
როგორ გავრცელდა ჩანაწერი
დამხობის შესახებ სადავოდ გამხდარი ჩანაწერი ბაჩო ახალიას ცოლმა, ანა ნადარეიშვილმა გაავრცელა. მისი მინაწერის მიხედვით, ეს იყო „აკრძალული შესავალი სიტყვა“, „ჩანაწერი სასამართლოდან გამოვიდა“.
ნადარეიშვილი, ქმრის მსგავსი განცხადებით, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ახალი ბრალის წაყენებას.
ბაჩო ახალაია პატიმრობაშია
ყოფილი თავდაცვის მინისტრი 2025 წლის 25 დეკემბერს დააკავეს. ის მას შემდეგ პატიმრობაშია. იმავე დღეს დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გამოუშვეს მისი ცოლი ანი ნადარეიშვულიც.
ბაჩო ახალიას ედავებიან 2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციის მთავარ ორგანიზატორობას. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ დანაშაულისთვის 9 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
სუსის უფროსის პირველი მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებითვე, ახალაია პროცესს ინტერნეტ-აპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.
ანი ნადარეიშვილის თქმით, ათობით ტომიან საქმეში „ბაჩო ახალაიას ნაწილში საერთოდ არაფერი დევს“.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე კვირაში, 2012 წლის 6 ნოემბერს დააკავეს. ის დამნაშავედ ცნეს რამდენიმე საქმეში:
- 2006 წლის ციხის ბუნტის საქმე მიესაჯა 3 წელი და 9 თვე;
- ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მას თავისუფლების 7 წლითა და 6 თვის ვადით აღკვეთა მიუსაჯა;
- სერგო თეთრაძის წამების საქმეზე და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საბოლოოდ ახალაიამ 9,5 წლის გასვლის შემდეგ საპატიმრო 2022 წლის 1 მარტს დატოვა.
ფორუმი