Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბახმუტის შემდეგ ავდეევკა: რისთვის ემზადება რუსეთი?


ბახმუტი. 26 მარტი, 2023 წ.
ბახმუტი. 26 მარტი, 2023 წ.

დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი და მისგან 20 კილომეტრით დაშორებული ქალაქი ავდეევკა, მრავალი თვის განმავლობაში რუსეთის ძალების მხრიდან განუწყვეტელი ცეცხლის ქვეშ იმყოფება. ავდეევკა „პოსტაპოკალიპტურ ფილმებში ნაჩვენებ“ დასახლებულ პუნქტს შეადარა ფრონტისპირა ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, ვიტალი ბარაბაშმა, რომელმაც 26 მარტს კიდევ ერთხელ მოუწოდა ევაკუაციისკენ ქალაქში დარჩენილ მოსახლეობას.

სწორედ ქალაქი ავდეევკა ითვლება იმ მიმართულებად, დასავლეთის წყაროების ცნობით, რუსეთი უახლოეს კვირებში კიდევ ერთ შეტევას რომ შეეცდება. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, ბოლო სამი კვირის განმავლობაში რუსეთის ჯარმა „მცოცავ წინსვლას“ მიაღწია უკრაინის მიერ კონტროლირებადი ავდეევკის გარშემო.

„ტაქტიკური თვალსაზრისით, აქ სიტუაცია დიდ ქალაქ ბახმუტში შექმნილი ვითარების მსგავსია“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის 20 მარტის ცნობაში.

ვითარებას ავდეევკაში კრიტიკულად, მაგრამ არა საგანგაშოდ მიიჩნევენ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა და ანალიტიკური წრეები.

„აპრილამდე დარჩენილი ეს რამდენიმე კვირა ძალიან გააფთრებული იქნება. რუსეთი შეეცდება ნებისმიერ ფასად აიღოს ავდეევკა და ბახმუტი, მაგრამ ეფექტიანობის თვალსაზრისით, ისინი შედეგებს ვერ მიაღწევენ“, - ამბობს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი, მიხაილო სამუსი.

სოლედარში მთელი სახლი აღარ დარჩა

უკრაინის ქალაქ ავდეევკაში, სადაც რუსეთის სრულმასშტაბიან ინტერვენციამდე დაახლოებით 32,5 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ამჟამად დარჩენილია 1,900 ადამიანი, რომლებსაც ქალაქის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა გასული კვირის ბოლოს ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, ვიტალი ბარაბაშმა.

დაბომბვებით დანგრეული შენობები სოლედარში. 10 იანვარი, 2023 წ.
დაბომბვებით დანგრეული შენობები სოლედარში. 10 იანვარი, 2023 წ.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ავიაციის გამოყენებით სარაკეტო დარტყმა განახორციელა ქალაქში მდებარე ორ მრავალსართულიან სახლზე.

„რუსეთის რაკეტები და ჭურვები არ ინდობენ არაფერს და არავის, როგორი შეხედულებებიც არ უნდა ჰქონდეთ მათ“, - განაცხადა ბარაბაშმა, რომლის თქმითაც, ქალაქში ფაქტობრივად მთელი სახლი აღარ დარჩა

ფრონტისპირა სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის ბრძანებით, ქალაქი სულ ბოლოს 26 მარტს, ყველა კომუნალური სამსახურის თანამშრომლებმა დატოვეს.

„მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ ავდეევკა სულ უფრო მეტად ემსგავსება პოსტაპოკალიპტურ ფილმში ნაჩვენებ ადგილებს და რაშისტების მიერ სრულიად განადგურებულ მარინკას... ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება ავდეევკიდან ჩვენი დარჩენილი გმირების - კომუნალური სამსახურის იმ თანამშრომელთა ევაკუაციის შესახებ, რომლებიც ცდილობდნენ როგორღაც მაინც შეენარჩუნებინათ სისუფთავე ქალაქში და მასში ცხოვრება შესაძლებელი ყოფილიყო“, - განაცხადა ქალაქისათვის გავრცელებულ მიმართვაში ბარაბაშმა.

მისი თქმით, მალე გაითიშება დენი და მობილური კავშირგაბმულობა და ქალაქი საერთოდ მოწყდება გარე სამყაროს.

მიუხედავად ყოველდღიური საარტილერიო და საავიაციო იერიშებისა, ქალაქ ავდეევკაში ჯერ კიდევ რჩება 2 ათასი ადამიანი, რომლებიც, გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ ცნობით, უარს ამბობენ საცხოვრებელი სახლების დატოვებაზე.

არადა, მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, უახლოეს ხანში, ავდეევკა „მეორე ბახმუტად“ გადაიქცევა.

„აპრილში ვიხილავთ უკრაინის არმიის აქტიურ მოქმედებებს“

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ცნობით, უკრაინის არმია აგრძელებს ქალაქის თავდაცვის ორგანიზებას, მაგრამ „ქალაქის დასავლეთით მდებარე მათი მომარაგების ხაზი სულ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ ექცევა რუსეთის არმიის მიერ [ავდეევკის] ალყაში მოქცევისკენ მიმართული ოპერაციის გამო“.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავდეევკა-სვატოვო-კემენაიას მიმართულებით შეტევითი პოტენციალის კონცენტრაციით რუსეთის სარდლობა ფრონტის ხაზის სტაბილიზაციას ცდილობს.

„უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის სარდლობისთვის იწყება გადამწყვეტი მომენტი, ვინაიდან მან ვერ შეძლო იმ ამოცანების გადაჭრა, კერძოდ, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპაცია, რომელსაც მის [სარდლობის] წინაშე პუტინი აყენებდა. ერთადერთი, რისი განხორციელებაც მათ უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე სურთ, არის ბახმუტისა და ავდეევკის აღება, [რათა] ეს შედეგი აჩვენონ“, - ამბობს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი, მიხაილო სამუსი.

ის, რომ უახლოესი კვირები უკრაინის წინააღმდეგ ომში „კრიტიკული“ იქნება, - ამაზე СNN-თან ინტერვიუში თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმაც თქვა. მისი თქმით, აშშ მოელის, რომ რუსეთის პრეზიდენტი შეეცდება „კიდევ ერთი შეტევის განხორციელებას, სავარაუდოდ, ბევრ სხვა მიმართულებაზეც”, რისი შესაძლებლობაც რუსეთს არ მიეცემა.

„ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა უკრაინამ შეძლოს რუსეთის ნებისმიერი ახალი იერიშის მოგერიება და ჰქონდეს შესაძლებლობა იმისა, რომ განახორციელოს თავისი საკუთარი კონტრშეტევითი ოპერაცია, რომლის ადგილს, დროსა და მასშტაბს თავადვე შეარჩევს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ.

უკრაინის არმიის არტილერია
უკრაინის არმიის არტილერია

ნატოს დაზვერვის ცნობით, რუსეთი ბახმუტისათვის ბრძოლებში ხუთჯერ მეტ ცოცხალ ძალასა და ტექნიკას კარგავს, ვიდრე უკრაინა. განსაკუთრებით დიდი დანაკარგი აქვს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“, რომელიც წააწყდა ადამიანებისა და საბრძოლო მასალის დეფიციტს მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, შეუწყვიტეს მომარაგება და აეკრძალა პატიმრების რეკრუტირება.

„მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მათ ახლა დაკარგეს „ვაგნერის“ დაჯგუფების მთელი საბრძოლო პოტენციალი და იძულებული გახდებიან ბრძოლაში ჩააბან რეგულარული ძალების ის ნაწილები, რომლებსაც [რუსეთის სარდლობა] უკრაინის კონტრშეტევის შესაჩერებლად ინახავდა... აპრილამდე დარჩენილი ეს რამდენიმე კვირა ძალიან გააფთრებული იქნება. რუსეთი შეეცდება ნებისმიერ ფასად აიღოს ავდეევკა და ბახმუტი, მაგრამ ფექტიანობის თვალსარისით, ისინი შედეგებს ვერ მიაღწევენ, რადგან არ აქვთ შესაძლებლობა განავითარონ ძალისხმევა და მკვეთრად გააუმჯობესონ თავიანთი საბრძოლო პოტენციალი, ამიტომ ბრძოლები მართლაც სასტიკი იქნება. მაგრამ ისინი ვერ შეძლებენ ამ ორი ქალაქის აღებას და ვერ შეძლებენ წარმატების დემონსტრირებას უკრაინის არმიის კონტრშეტევის წინ. ხოლო აპრილში ჩვენ უკვე ვიხილავთ უკრაინის არმიის აქტიურ მოქმედებებს“, - ამბობს მიხაილო სამუსი.

ზელენსკი განაგრძობს ფრონტის ხაზის დათვალიერებას

ამ „აქტიური მოქმედებების“ ან კონტრშეტევების დაწყებისთვის უკრაინის არმია ჯერჯერობით მზად არ არის. ამის შესახებ გასული კვირის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა იაპონურ გამოცემა Yomiuri Shimbun-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მან ქვეყნის აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას რთული უწოდა და ახსნა, რომ იერიშისთვის მზადება ამუნიციის ნაკლებობით არის გამოწვეული. „ამუნიციას ველოდებით ჩვენი პარტნიორებისგან“, თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ რუსეთის არმია ყოველდღე სამჯერ მეტ ჭურვს იყენებს, ვიდრე უკრაინის ჯარები.

მანამდე უკრაინის წარმომადგენლებმა, მათ შორის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობამ და პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა გააკეთეს განცხადებები, რომ უკრაინის კონტრიერიში აპრილ-მაისში შეიძლება დაიწყოს. მის სავარაუდო მიმართულებად მრავალი ექსპერტი მიიჩნევს სამხრეთს - ზაპოროჟიესა და, შესაძლოა, ხერსონის ოლქებს.

კიევი გარკვეული პერიოდია აცხადებს რუსეთის მხრიდან გაფართოებული შეტევის მოლოდინზე, რომლის სამიზნეც იქნება არა მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები აღმოსავლეთში, არამედ ხარკოვის რეგიონიც უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში, და ზაპოროჟიე სამხრეთ-აღმოსავლეთში, - განაცხადა წინა თვეს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

დასავლეთის ინსტიტუტებისა და ანალიტიკური ცენტრების შეფასებების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი განაგრძობს ვითარების შესწავლის მიზნით ფრონტის ხაზის დათვალიერებას.

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის არმიის ჯარისკაცებს შეხვდა ზაპოროჟიეს ოლქში. 27 მარტი, 2023 წ.
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის არმიის ჯარისკაცებს შეხვდა ზაპოროჟიეს ოლქში. 27 მარტი, 2023 წ.

27 მარტს უკრაინის პრეზიდენტი ზაპოროჟიეს ოლქში ჩავიდა, როგორც მის ტელეგრამის არხშია ნათქვამი, უკრაინის არმიის პოზიციების მოსანახულებლად.

პუბლიკაციას თან ახლავს ვიდეო სამხედროების დაჯილდოების სცენით. როდის არის ეს კადრები გადაღებული და სად, არ აზუსტებენ.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ფორმალურად მოახდინა ზაპოროჟიეს ოლქის ანექსია, რუსეთის სამხედროები ოლქის ტერიტორიის მხოლოდ 70%-ს აკონტროლებენ. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს ენერგოდარის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის ოკუპირება. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი ზაპოროჟიე, კვლავაც უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.

ზუსტად ერთი კვირის წინ, 22 მარტს, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მოწინავე ხაზებს ესტუმრა დონეცკის ოლქში, ბახმუტის მახლობლად, რათა პირადად გადაეცა ჯილდოები განსაკუთრებით გამორჩეული მებრძოლებისთვის.

რუსეთი აცხადებს, რომ მისი დანაყოფები ქალაქის მეტ ნაწილს აკონტროლებენ, თუმცა ამის დამადასტურებელი არცერთი ფოტო და ვიდეოკადრი რუსეთის პროპაგანდას დღემდე არ გაუვრცელებია.

ქალაქ ბახმუტში შექმნილ ვითარებას „სტაბილურად რთული“ უწოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების სარდალმა, გენერალმა ალექსანდრ სირსკიმ, რომელიც, უკრაინული მედიის თანახმად, 27 მარტს კვლავ ესტუმრა ბახმუტის მიმართულების ყველაზე „ცხელ წერტილებს“.

„მიმდინარეობს ბახმუტისთვის ბრძოლების ყველაზე ინტენსიური ეტაპი. სიტუაცია სტაბილურად რთულია. მტერი განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგებს ადამიანურ რესურსებში, იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობაში, მაგრამ აგრძელებს შეტევით მოქმედებებს. ჩვენი დამცველები უკიდურესად მძიმე პირობებში გმირულად აკავებენ მტრის იერიშებს და არ უტოვებენ შანსს ჩანაფიქრის რეალიზებისათვის“, - ნათქვამია გენერალ სირსკის განცხადებაში.

  • 2023 წლის დასაწყისიდან მოკიდებული რუსეთი აქტიურ იერიშებს ახორციელებს ბახმუტის წინააღმდეგ, მაგრამ ვერ ახერხებს ქალაქის სრულად დაკავებას. როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მხარეები მძიმე დანაკარგებს განიცდიან ბახმუტზე კონტროლის დაწესებისთვის ბრძოლებში.
  • შაბათს ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვამ თავის ყოველდღიურ ანგარიშში დაწერა, რომ ბახმუტში რუსეთის შეტევა პრაქტიკულად შეჩერდა და რომ, როგორც ჩანს, ეს პირველ რიგში რუსეთის ჯარების უკიდურესი გამოფიტვის ნიშანია.
  • ამ მონაცემების კომენტირებისას უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა, სერჰი ჩერევატიმ ტელევიზიაში გამოსვლისას განაცხადა, რომ ბახმუტი კვლავაც რჩება სამხედრო მოქმედებების ეპიცენტრად.
  • ჩერევატიმ აღნიშნა, რომ უკანასკნელ დღეებში ბახმუტის მიმართულებაზე შემცირდა საბრძოლო შეტაკებები. მაგრამ, მისი თქმით, ბახმუტთან რუსეთის ჯარების გამოფიტვის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის განცხადება „დაზუსტებას საჭიროებს“.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG