Accessibility links

site logo site logo

ბიარიცში, პუტინის კვალდაკვალ. I ნაწილი


ბიარიცი არის საფრანგეთის ყველაზე ეკლექტური, უსახო (თუ შეიძლება ასეთი საფრანგეთში მოინახოს) და ამასთან ერთად ყველაზე „რუსული“ ქალაქი: რუსული ეკლესია რუსეთის ქუჩაზე, რუსული სინაგოგა რუსეთის ქუჩის მიმდებარე ქუჩაზე, და უამრავი ადგილი, რომელიც რუსეთის არისტოკრატიასთან და პოსტრევოლუციურ ემიგრაციასთან არის დაკავშირებული.

მეცხრამეტე საუკუნიდან ბიარიცი რომანოვების საყვარელი დასასვენებელი ადგილი ხდება - ალექსანდრე მეორის, ალექსანდრე მესამისა და ნიკოლოზ მეორის ოჯახები ყოველწლიურად რამდენიმე თვეს ატარებდნენ ამ ოკეანისპირა კურორტზე. რომანოვების კვალდაკვალ ბიარიცს ხშირად სტუმრებდა კულტურული არისტოკრატია - ანტონ ჩეხოვი, ვალენტინ სეროვი და ივან აივაზოვსკი (აივაზოვსკი თავისი ტილოების გაყიდვით ბიარიცის რუსული ეკლესიის მშენებლობასაც კი დააფინანსებს).

სწორედ ბიარიცის სანაპიროზე შეხვდება ვლადიმირ ნაბოკოვი სერბ ზინასა და პარიზელ კოლეტს, პირველ გატაცებასა თუ სიყვარულს, რომელსაც მოგვიანებით აღწერს „სხვა ნაპირებში“.

მეოცე საუკუნის დასაწყისის „მღელვარე ოციანები“ ბიარიცში ზოგადად რუსული ემიგრაციის და განსაკუთრებით ერთი ემიგრანტის - იგორ სტრავინსკის - ნიშნის ქვეშ ჩაივლის.

კოკო შანელის ვილა „ლარალდში“ და ბიარიცის ყველაზე ცნობილ ვილა „ბელზაში“ სტრავინსკის ოჯახი ქალაქის ყველაზე პოპულარულ კაბარეებად და რესტორნებად აქცევს.

სწორედ ვილა „ბელზაში“, კოკო შანელით, პაბლო პიკასოთი და ჟან კოქტოთი გარშემორტყმული, გააკეთებენ ერთად სტრავინსკი და არტურ რუბინშტეინი ბალეტ „პეტრუშკას“ ტრანსკრიფციას ფორტეპიანოსათვის.

თუ მეოცე საუკუნის დასაწყისში ბიარიცი რუსული არისტოკრატიისა და ბოჰემის რჩეული ქალაქი იყო, ერთი საუკუნის შემდეგ იგი ჩეკისტური არსტოკრატიის საყვარელ საკურორტო ადგილად გადაიქცევა. და, რაც მთავარია, 1999 წლის ივლისში, ბიარიცი მთავარი ჩეკისტის ტრამპლინი გახდება - სწორედ ოკეანისპირა ამ საკურორტო ქალაქში დასვენებისას შეიტყობს ფსბ-ს იმდროინდელი შეფი ვლადიმირ პუტინი, რომ ელცინმა ის აირჩია მემკვიდრედ. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ხელმძღვანელთან საუბრისას, ბორის ბერეზოვსკი ასე იხსენებდა ამ ამბავს: „ჩემთან ვალია იუმაშევი მოვიდა (ელცინის გარემოცვის ყველაზე გავლენიანი პირი - ლ.ო.) და მითხრა, ბორია იქნებ დაელაპარაკო პუტინს სერიოზულად. (...) ის ბიარიცშია დასასვენებლად წასული. (...) მე მეორე დღესვე თვითმფრინავში ჩავჯექი და ბიარიცში გავემგზავრე. (...) პუტინი იქ ისვენებდა ცოლთან და ორ ქალიშვილთან ერთად. მისი შვილები მაშინ ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ. (...) ისინი ძალიან პატარა ბინა-სასტუმროში ცხოვრობდნენ. ეს იყო სახლი, სადაც ე.წ. ბინა-აპარტამენტები იყო განლაგებული. პატარა სამზარეულო, საწოლი ოთახი, მე მგონი, რამდენიმე საწოლი ოთახი ჰქონდათ. ყველაფერი ძალიან მოკრძალებულად. ჩვენ მთელი დღე საუბარში გავატარეთ. და საბოლოოდ მან მითხრა: ‘კარგი ვცადოთ’“.

პუტინის პასუხის მნიშვნელობა რომ შევაფასოთ, საჭიროა ისტორიული კონტექსტი გავიხსენოთ: 1999 წლის გაზაფხულზე ელცინი წკიპზე გადაურჩება იმპიჩმენტის ინიცირების პროცედურას; 1999 წლის ზაფხულში თუ ელცინის რეიტინგი უარყოფითი იყო, ელცინის მთავარი მეტოქე ევგენი პრიმაკოვი, რუსეთის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი გახლდათ; პრიმაკოვს ჰყავდა საკუთარი პარტია, რომელსაც მხარს უჭერდა მოსკოვის მერი და რუსეთის ყველა გუბერნატორი, რაც ნიშნავდა, რომ ადმინისტრაციული რესურსი მთლიანად პრიმაკოვის ხელში იყო. პრიმაკოვს ასევე აფინანსებდნენ ნავთობისა და გაზის ყველაზე დიდი კომპანიები - „გაზპრომი“, „იუკოსი“ და „ლუკოილი“. და, რაც მთავარია, პრიმაკოვს ზურგს უმაგრებდა იმ პერიოდის ყველაზე დიდი პროპაგანდისტული მანქანა: გუსინსკის მედიაიმპერია ნტვ-სა და მის ვარსკვლავ ევგენი კისილიოვის მეთაურობით. სავარაუდოდ, პრიმაკოვი ისე იყო თავის გამარჯვებაში დარწმუნებული, რომ მის შტაბს უკვე მინისტრების სავარძლები ჰქონდა გადანაწილებული... ამ სიტუაციაში ფსონის დადება აბსოლუტურად უცნობ და თან ქარიზმამოკლებულ რუხ პუტინზე მხოლოდ გიჟს შეეძლო. და, აი, ამ უიმედო სიტუაციაში პუტინი მაინც დათანხმდა „ცდას“ და, საუბედუროდ, მოხსნა კიდევაც ჯეკპოტი...

ასე რომ, დიდი ალბათობით, თუ 13 წლის შემდეგ პუტინის ოჯახი ბიარიცში დაიდებს ბინას - ამის მიზეზი დიდწილად იმ ზღაპრის ახდენა იქნება, რომელსაც ბერეზოვსკი პუტინს 1999 წლის ცხელ ზაფხულს ოკეანისპირა ქალაქში მოუყვება.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG