Accessibility links

site logo site logo

ბიარიცში, პუტინის კვალდაკვალ. II ნაწილი


როგორც წინა სტატიაში აღვნიშნეთ, 1999 წლის ზაფხულში ბიარიცში დაიწყება პუტინის აღმასვლა. შეიძლება ზუსტად ამ ფაქტმა - და არა ბიარიცის „რუსულმა“ რენომემ - დააბრუნა მოგვიანებით პუტინის ოჯახი ამ ოკეანისპირა ქალაქში.

ვილა „სიყვარულის ოთახში“

პირველი იქნება პუტინის უმცროსი ქალიშვილი კატერინა ტიხონოვა, რომელიც, თავის აწ უკვე ყოფილ მეტეორიტ-მილიარდერ ქმართან ერთად 2012 წელს 3,7 მილიონ ევროდ (სავარაუდოდ) შეიძენს ვილას უბანში, რომელსაც - არც მეტი არც ნაკლები - „სიყვარულის ოთახი“ ეწოდება (მეტეორიტი-მილიარდერი, რადგან კირილ შამალოვი მილიარდერების სიაში დაყოფს ზუსტად იმდენი დღე, რამდენიც ტიხონოვასთან გაიყოფს სარეცელს).

სხვათა შორის, უბან „სიყვარულის ოთახის“ მკვიდრთათვის პოლიშინელის საიდუმლოა, თუ ვის ეკუთვნის ეს ვილა. როდესაც ამ უბნის ერთ-ერთ ბინადარს ვკითხე პუტინის ვილის მისამართი, მან ხუმრობით კითხვითვე მიპასუხა თუ რომელ ერთზე ვეკითხებოდი - ის რომელიც ბიარიცში ჰქონდა თუ რომელიც რუსეთში აიშენა...

ის, რომ პუტინის ოჯახის ეს პირველი შენაძენი დებიუტანტების გაკეთებული იყო - ყველაფერი ამაზე მეტყველებს: ვილა პუტინის მეგობარ მილიარდერ გენადი ტიმჩენკოსგან იყიდეს. თვით ამ ვილის ისტორია არანაირად არ არის დაკავშირებული ე.წ. რუსულ ბიარიცთან. თუმცა, ლიუდმილა პუტინა მალე გამოასწორებს ამ „შეცდომას“.

ვილა „სუზანა“

პუტინის ოჯახის მეორე შენაძენი, - ვილა „სუზანა“ - ირიბად მაინც იქნება დაკავშირებული რუსეთთან. არტ დეკოს სტილის ვილა „სუზანა“ 1924 წელს იქნა აშენებული რუსეთის იმპერიის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ ყირიმელ არქიტექტორ სიმა მინაშის მიერ (თუ არ ვცდები, საფრანგეთში, სიმა მინაშს მეტი არაფერი აუშენებია). დაახლოებით 450 მ2-ის ვილა „სუზანა“, მარმარილოთი მოპირკეთებული ინტერიერით, გარშემორტყმულია 5000 მ2 პარკით, სადაც განთავსებულია საცურაო აუზი, მუსიკალური პავილიონი და შენობა მომსახურე პერსონალისთვის. ნახევარწრიული ვერანდა, შემკული ბარელიეფით (რომლის ავტორები ცნობილი ფრანგი მოქანდაკეები ჟან და ჟოელ მარტელები არიან) - კიტჩურ და თან მძიმე ელფერს აძლევს „სუზანას“ (იქნებ სწორედ ამ კიჩურმა სტილმა და სიმდიდრის გამომზეურების შესაძლებლობამ უფრო მოხიბლა ლიუდმილა პუტინა, ვიდრე თვით სიმა მინაშის ხელწერამ?).

ერთი საინტერესო დეტალი: 2013 წლის მაისში ამ ვილას, უძრავი ქონების კომპანია ბარნსი შეაფასებს 6-დან და 7 მილიონამდე ევროდ. განცხადების გამოქვეყნებიდან 7 თვეში ბარნსი ამ ვილას გაყიდის 5 მილიონზე ცოტა მეტად. ფასების ასეთი დიდი სხვაობა სავარაუდოდ მიანიშნებს ერთ რამეზე: გადასახადების თავიდან არიდების მიზნით რეალური ფასი არ დაფიქსირდა დოკუმენტაციაში.

ჰო, რაც შეეხება დოკუმენტაციას - ადგილობრივი კადასტრის მიხედვით, ვილა „სუზანა“ ეკუთვნის 1978 წლის მარტში დაბადებულ არტურ ოჩერეტნის, რომელიც ლიუდმილა პუტინას მეორე ქმარია. არტურ ოჩერეტნი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, „ინტერპერსონალური კომუნიკაციის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი. OCCRP-ის (The Organized Crime and Corruption Reporting Project) მიხედვით, ოჩერეტნის არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს სახელმწიფო საწარმოების შემოწირულობების ხარჯზე. რადგან ორგანიზაციის საერთო სახელფასო წლიური ბიუჯეტი, მათ შორის დირექტორის, არ აღემატება 400 000 ევროს, გაურკვეველია, როგორ შეიძინა არტურ ოჩერეტნიმ ეს ქონება. რაც შეეხება ლიუდმილა პუტინას, ის 2013 წლის ზაფხულამდე, როგორც პრეზიდენტის ცოლი, დეკლარირებდა თავის შემოსავალს. და, დეკლარაციის მიხედვით, 2012 წლის შემოსავალი 3000 ევროს არ აღემატებოდა...

„სულ გადათხარეს აქაურობა, ვერ გავიგე, რას აშენებენ ამდენ ხანს. როგორც გავიგე, აუზს აკეთებენ სახურავზე, მაგრამ ეზოს რას ერჩოდნენ“ - გამიზიარა წუხილი არტურ-ლიუდმილას მეზობელმა.

თავად პუტინის სავარაუდო შენაძენი

ფრანგული პრესის ვარაუდით, თავად პუტინმაც იყიდა რუსული ეკლესიის გვერდით ვილა „კლდეები“, რომელშიც 1921-1924 წლებში იგორ სტრავინსკი ცხოვრობდა. ფრანგი ჟურნალისტის ვერსიით, პუტინს „კლდეებში“ ფეხი არასდროს დაუდგამს და შეიძინა მხოლოდ და მხოლოდ როგორც რუსული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ვილა „კლდეები“ მართლაც რომ ისტორიული მონუმენტია - კომპოზიტორის მიერ გატარებული ეს წლები ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი იქნება. სწორედ აქ დაწერს სტრავინსკი ოპერა-ბუფა „მავრას“, ბალეტ „ქორწილს“, კონცერტს ფორტეპიანოსა და ჩასაბერი ინსტრუმენტებისათვის და სონატას ფორტეპიანოსათვის. თუმცა ძნელია გაიგო, როგორაა შენარჩუნებული სტრავინსკის მემკვიდრეობა, როცა არანაირი წარწერა არ ამცნობს გამვლელს (სახლ-მუზეუმზე ზედმეტია საუბარი), თუ ვინ ცხოვრობდა იქ ერთი საუკუნის წინ.

კარებზე მიკრული დაფის მიხედვით, ვილა ვინმე შერკუნოვს ეკუთვნის, თუმცა ამ გვარის ადამიანი ბიარიცის მკვიდრთა შორის არ მოიძებნება. „ვიღაც რუსები დროდადრო ჩამოდიან და ისვენებენ. ისე, ძირითადად, ვილა დაკეტილია“ - მითხრა პუტინის (?) მეზობელმა. მოკლედ, თუ გაურკვეველია, ვის ეკუთვნის ვილა „კლდეები“, ერთი რამ მაინც ცხადია - თვით სტრავინსკის რომ შეეტყო „კლდეების“ ახალი მეპატრონე სტალინური ჰიმნის მოთაყვანე პუტინია, ნამდვილად საფლავში გადატრიალდებოდა.

დაბოლოს: თუ პუტინის აღმასვლა ბიარიცში დაიწყება 1999 წელს, 2019 წელს ეს ოკეანისპირა ქალაქი გადაიქცევა რუსეთის პრეზიდენტის დაღმასვლის ერთ-ერთ სიმბოლოდ - კანადა, გერმანია და დიდი ბრიტანეთი სწორედ ამ ქალაქში განუცხადებენ დონალდ ტრამპს ცივ უარს დიდი შვიდეულის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის მიწვევის თხოვნაზე.

საინტერესოა, კიდევ თუ ითამაშებს ბიარიცი რაიმე როლს პუტინის ცხოვრებაში...

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG