Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბინები აღარ იქნება - ახალდაბადებული დევნილების წინაშე სახელმწიფო ვალდებულებას იხსნის


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

2023 წლიდან დევნილობაში დაბადებული ბავშვებს სახელმწიფო ბინებს აღარ მისცემს. ეს ახალი წესია, რომელიც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა, 15 დეკემბერს მეორე მოსმენით განიხილა და კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას დაუჭირა მხარი.

ახალი წესით, მაგალითად, 6-სულიან ოჯახს, რომელიც 3-ოთახიან ბინას ელოდებოდა და რომელსაც ვთქვათ, 2023 წელს ოჯახის მე-7 წევრიც შეემატება, უფრო დიდი ფართის ბინაზე პრეტენზია ვეღარ ექნება.

"მყავს 2 ძმისშვილი, ერთი 2 და მეორე 3 წლის. ჩემს შვილს, რომელიც 2023 წლის თებერვალში უნდა დაიბადოს, ბინის მიღების უფლება ერთმევა. ანუ ჩემს ძმას თავის შვილებთან ერთად შეუძლია ეს სიკეთეები მიიღოს და ჩემს შვილს [სახელმწიფო] ამ შემთხვევაში უკლავს ამის შესაძლებლობას. სად არის აქ ლოგიკა?", - ამბობს 38 წლის კობა ჭითანავა, დევნილი ოჩამჩირედან და მოძრაობა "აფხაზეთისთვის" წარმომადგენელი. თებერვალში ის პირველ შვილს ელოდება.

"მე 2 ბავშვი მყავს და მათთვის უცვლელი რჩება ყველაფერი. მომდევნო თუ მეყოლება, დევნილის სტატუსი კი ექნება, მაგრამ ბინის მიღების უფლება ვერა და ეს, რა თქმა უნდა, არათანაბარ პირობებს ქმნის", - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ნუკრი ნოდიაც.

საქართველოში დევნილის სტატუსი მშობლიდან შვილზე მემკვიდრეობით გადადის, რის გამოც დევნილთა რიცხვი მზარდია. მაგალითად, გასულ წელს 4 153 ბავშვი დევნილად დაიბადა, სახელმწიფოს 2023 წლამდე ვალდებულება ჰქონდა ყველა მათგანი საცხოვრებლით უზრუნველყო. ამის გამო მთავრობა ოჯახის წევრების საკუთრებით დაკმაყოფილებას ერთი თაობის ფარგლებში ვერ ასწრებდა.

"1972 წელს ვარ დაბადებული გაგრაში, ჩემი შვილიც გაგრაში დაიბადა 1991 წელს. ჩვენ არ გვქონდა იმის ამბიცია, რომ თბილისის ცენტრში მოეცათ ბინა. დღემდე მეუბნებიან, გეკუთვნით, მაგრამ დაელოდეთ, 30 წელია ველოდები. მე-3 წელია პოლონეთში ვმუშაობ მხოლოდ იმისთვის, რომ თბილისში დარჩენილ შვილსა და 3 შვილიშვილს ქირის ფული გადავუხადო და ბავშვებმა სკოლაში იარონ", - გვეუბნება 50 წლის ლელა საფანოვა-მღებრიშვილი.

დევნილთა სააგენტოს მონაცემებით, 2013 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართი 29 000-ზე მეტმა დევნილმა ოჯახმა მიიღო, თუმცა ამაზე 2- ჯერ მეტი ისევ ელოდება ბინას. აქამდე სახელმწიფოს ვალდებულება ჰქონდა ყველასთვის, ვინც დევნილობაში იბადებოდა საცხოვრებელი ფართი მიეცა. საცხოვრებელი ფართის მისაღებად დევნილებს ქულები ენიჭებათ, ეს სისტემა განსაზღვრავს რომელმა ოჯახმა უნდა მიიღოს ბინა პირველ რიგში და ვის შეუძლია მოცდა.

ახალი კანონპროექტის ინიციატორი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოა. დევნილ მთავრობაში ფიქრობენ, რომ ახალმა კანონპროექტმა იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პრობლემა უნდა გადაჭრას.

"პრობლემა არის ის, რომ არსებობენ ძველი ოჯახები, რომლებმაც ვერ მიიღეს ბინა… უსასრულოდ ეს პროცესი არ შეიძლება გრძელდებოდეს. არიან ოჯახები, სადაც მშობლებმა, შვილებმა და შვილიშვილებმა ცალ-ცალკე მიიღეს ბინები და ამ დროს არსებობენ ოჯახები, სადაც არც ერთს მიუღია, არც მეორეს და არც მესამეს", - ამბობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია. ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კანონპროექტის ინიცირებამდე სამინისტრო ათეულობით დევნილს ესაუბრა, თუმცა პარლამენტში ცვლილება 2 მოსმენით ისე განიხილეს, რომ მასში მონაწილეობა არ მიუღიათ არც დევნილებს, არც დევნილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და არც საზოგადოების სხვა, უფრო ფართო ფენებს.

"30 წელია ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს რა გვიჭირდა, რა გვილხინდა და ახლაც ასე მოიქცნენ… არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ კანონპროექტის მიღება. ეს არის დევნილი ხალხის შეურაცხყოფა", - ამბობს ოჩამჩირის რაიონიდან დევნილი ნატო ძინძიბაძე. ნატოც 1 თვის წინ ემიგრაციაში წავიდა.

დევნილები თანხმდებიან იმაზე, რომ განსახლების პროცესი არაეფექტურად მიდის, მაგრამ არც პრობლემის გადაჭრის ახალი გზა მიაჩნიათ სამართლიანად.

ელიკო ბენდელიანი
ელიკო ბენდელიანი

საბინაო პრობლემების მოგვარების გზები არასწორად არის დანახული - ეუბნება რადიო თავისუფლებას "ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის" წარმომადგენელი ელიკო ბენდელიანი.

მკვლევარი ქეთი სართანია კი ამბობს, რომ პრობლემის გადაჭრის არასწორ მიდგომას ყველაფერთან ერთად პოლიტიკური მიზეზები აქვს:

ქეთი სართანია
ქეთი სართანია

"პრობლემა არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფუნქციონირება… 1993 წლის ომის დასრულების შემდეგ, როცა აფხაზეთის მთავრობა თბილისში გადმოვიდა, [ედუარდ] შევარდნაძემ თქვა, რომ ესენი იქნებიან მთავრობის წევრები, სანამ რეალური, ლეგიტიმური არჩევნები არ ჩატარდება. ეს არჩევნები არ ჩატარდა არასდროს იმის გამო, რომ კონფლიქტი ჯერ გადაჭრილი არ არის", - ამბობს ქეთი სართანია.

კანონპროექტის ინიციატორები გეგმავენ, რომ სახელმწიფომ დევნილთა ოჯახების ზუსტი რაოდენობა და მათი სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობა ხელახლა შეისწავლოს.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, დევნილები სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ.

"დისკრიმინაციული კანონია, ჯერ არდაბადებული ბავშვების უფლებები ირღვევა, ბავშვთა კოდექსიც არ ჰქონდათ შესწავლილი, ისე დააინიცირეს. ჩვენ ახლა კონსულტაციებს გავივლით იურისტებთან და საქმეს სასამართლოში წავიღებთ, რათა კანონის ამუშავება შევაჩეროთ. აუცილებლად ვიზრუნებთ იმისთვის, რომ გავასაჩივროთ, რადგან სრულიად მიუღებელია ეს კანონპროექტი დევნილი საზოგადოებისთვის", - ამბობს ასოციაცია "დევნილები დევნილებისთვის" წარმომადგენელი ინგა ახალაია.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG