Accessibility links

ბინძური ფსონები ქართულ ფეხბურთში


საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოძიების დასრულებას არ დაელოდება და გარიგებული თამაშების საქმეში ბრალდებულ ფეხბურთელებს უახლოეს მომავალში მკაცრად დასჯის.

ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფეხბურთელების დაკავებას საგანგებო ბრიფინგით უპასუხა, რომელზეც ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომა დააანონსა.ამასობაში კი გარიგებულ მატჩებში ბრალდებულ რვა მოქმედ და სამ ვეტერან ფეხბურთელს ბრალი წარუდგინეს.

19 მაისს სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ქართველი სპორტსმენები ჩემპიონატის მატჩების ჩაწყობით სოლიდურ ფინანსურ მოგებას ნახულობდნენ და ამის დამადასტურებლად ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა.

3 ვეტერანი ფეხბურთელი ამ საქმეში ორგანიზატორებად არიან მოხსენიებულნი. უშუალოდ მინდორზე კი “ჩაწყობილი” შედეგის დაფიქსირებას ხელს უწყობდნენ: თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი, „ჭიათურის“ ერთი და ლანჩხუთის „გურიის“ 2 ფეხბურთელი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოქმედ ფეხბურთელებს ურიგდებოდნენ წინასწარ შეთანხმებული სხვაობით წაგებაზე, რითაც ბრალდებულებმა სულ 93 500 ლარი მიითვისეს.

პრეზიდენტის მუქარა

„არავინ გაბედოს ამ ფეხბურთელების დაცვა. ყველას დავუპირისპირდები. ისინი რასაც იმსახურებენ, იმას მიიღებენ. ამის გარანტიას მე ვიძლევი” - თქვა ბრიფინგზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა - “მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვაპირებ იმის თქმას, რომ დაველოდებით გამოძიების შედეგებს. ჩემთვის გამოძიება დაწყებულიცაა და დასრულებულიც. უახლოეს პერიოდში, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი აუცილებლად იმსჯელებს ამ საკითხზე და მიიღებს უმკაცრეს ზომებს, როგორც კონკრეტული პიროვნებების მიმართ, ასევე, არ არის გამორიცხული, კლუბების მიმართაც. ჩვენთვის ამ ადამიანების ფეხბურთი დასრულებულია“.

ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე ასევე ისაუბრებენ საეჭვო მატჩებთან კავშირის მქონე სხვა მოთამაშეებსა და კლუბებზე.

ფედერაციის პრეზიდენტი გააღიზიანა სოციალურ ქსელში ფედერაციის მისამართით გამოთქმულმა საყვედურებმა, თითქოს ფეხბურთელთა არაკანონიერი ქმედება მათ კლუბებში არსებული ფინანსური კრიზისების ბრალია.

ზოგიერთები ცდილობენ აქცენტი სხვა რამეზე გადაიტანონ. ამბობენ, რომ ფეხბურთელების მიმართ დავალიანებები არსებობდა. ეს ტყუილია. ერთ-ერთ კლუბს ორი კვირის ხელფასი არ ჰქონდა გაცემული და ესაა ერთადერთი დავალიანება. სულაც რომ ორი თვის ან წლის ხელფასი არ ჰქონდეს მოთამაშეს აღებული, ან თუნდაც საერთოდ უხელფასოდ უწევდეს მინდორზე გასვლა, გარიგებულ მატჩებში მონაწილეობას არანაირი გამართლება არ აქვს“ - დასძინა ლევან კობიაშვილმა.

ამნისტია რვა თვეში

სუს-ის გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება გამოძიება და როგორი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. ფედერაციის ვერდიქტი კი გაცილებით ადვილი გამოსაცნობია და დიდი ალბათობით, უფლო სწრაფადაც გახდება ცნობილი. ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე რვა ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრება.

საქართველოშიც სცადეს რამდენიმეჯერ ტოტალიზატორებმა, შიდა ჩემპიონატის შეხვედრებზე ფსონების მიღება, მაგრამ ქართული თამაშები პროგრამაში დიდხანს ვერ ძლებდა. რა თქმა უნდა, საეჭვო ფსონების სიხშირიდან გამომდინარე...

ქართული ფეხბურთის უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ სამუდამო დისკვალიფიკაცია სულაც არ ნიშნავს საფეხბურთო კარიერის დასრულებას.

2011 წლის მაისში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დააკავა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბების ხუთი ფეხბურთელი. კუდ-ის თანამშრომლების მოხსენებების თანახმად, ეს სპორტსმენები სისტემატურად შედიოდნენ კორუფციულ გარიგებაში ტოტალიზატორის შავი ბიზნესის ერთ-ერთ წარმომადგენელთან და გარკვეული ოდენობის თანხის სანაცვლოდ წინასწარ, ხელოვნურად განსაზღვრავდნენ მატჩის შედეგებს.

ბრალდებულთა დაკავებიდან მალევე, ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით, ხუთეულს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიესაჯა. ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამუდამო დისკვალიფიკაცია მხოლოდ საქართველოს კი არა, ფიფას წევრი ყველა ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელდებოდა, მაგრამ... სასჯელმა მხოლოდ რვა თვე გასტანა და სამუდამოდ მოკვეთილი ფეხბურთელები მინდორზე დააბრუნეს - 2012 წლის იანვარში სიჭინავამ ამნისტია გამოაცხადა.

დაბალი ღობე

გარანტირებული მოგების მისაღებად ფარული გარიგებები სავარაუდოდ იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე სააშკარაოზე გამოდის.

2011 წლის სკანდალის მონაწილე ფეხბურთელები მაშინდელი მოვლენების საჯაროდ გახსენებისგან თავს იკავებენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ მაშინ ისინი გაწირეს და უბრალოდ ხელები შეაწმინდეს. ქომაგთა ნაწილის აზრითაც, არსებობენ გავლენიანი ადამიანები, რომლებიც მსგავსი კორუფციული გარიგებებით ტოტალიზატორებში დიდ ფულს შოულობენ. კონკრეტული სკანდალური დაკავებებით კი სამართალდამცავები „ვეშაპების“ ნაცვლად „ლიფსიტებს“ იჭირენ.

2011 წელს, სწორედ ფეხბურთელების დაკავებით დასრულდა გარიგებული მატჩების საქმე და არა თუ კორუფციის სათავის ძებნის, ამ ფეხბურთელებსა და ტოტალიზატორს შორის შუამავალი პირის დასჯის საკითხიც აღარავის გახსენებია.

ფსონები საქართველოზე

საქართველოს ჩემპიონატების მატჩებზე თამაშის მსურველები ძირითადად აზიური ტოტალიზატორების პროგრამებში პოულობენ სასურველ ფსონებს და გარანტირებული მოგების მისაღებად ფარული გარიგებები სავარაუდოდ იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე სააშკარაოზე გამოდის.

ძირითადად თამაშობენ ეგრეთ წოდებულ „ცოცხალ ფსონებზე“ - გოლების რაოდენობაზე, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაზე, პენალტებზე, ყვითელ ბარათებზე, კუთხურებზე, აუტებზე და მატჩის დასაწყისშივე განსახორციელებელ შეცვლებზეც კი.

საქართველოშიც სცადეს რამდენიმეჯერ ტოტალიზატორებმა, შიდა ჩემპიონატის შეხვედრებზე ფსონების მიღება, მაგრამ ქართული თამაშები პროგრამაში დიდხანს ვერ ძლებდა. რა თქმა უნდა, საეჭვო ფსონების სიხშირიდან გამომდინარე, ოღონდ საქმის გაურთულებლად და სკანდალების აგორების გარეშე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG