Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირთვული იარაღი - უსაფრთხოების გარანტია ლუკაშენკასთვის


ლუკაშენკა და პუტინი, საილუსტრაციო ფოტო
ლუკაშენკა და პუტინი, საილუსტრაციო ფოტო

1 ივლისისთვის ბელარუსში იარაღის საცავის მშენებლობა უნდა დასრულდეს. რუსეთი ბირთვულ იარაღს ბელარუსში განალაგებს, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტელევიზიით განაცხადა. 

„მიზეზი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებაა, რომლის მიხედვითაც ისინი აპირებენ უკრაინა ურანით გამდიდრებული ჭურვებით მოამარაგონ. ვიმეორებ, ასე თუ ისე, ეს მაინც ბირთვულ ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული, ეს ხომ ცხადია“, - ირწმუნება პუტინი.

ურანით გამდიდრებულ ჭურვებს ბირთულ იარაღთან არაფერი აქვს საერთო, განაცხადეს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში. ამასთან, „ისკანდერის“ კომპლექსის რაკეტები რუსეთმა ბელარუსს მანამდე გადასცა, სანამ ლონდონი ამ განცხადებას გააკეთებდა.

ნატომ რუსეთის გადაწყვეტილებას სახიფათო და უპასუხისმგებლო უწოდა, უკრაინამ კი მოითხოვა, გაერომ საჩქაროდ უსაფრთხოების საბჭო მოიწვიოს.

პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკი და ყოფილი დიპლომატი ბელარუსიდან, პაველ მაცუკევიჩი "ნასტოიაშჩეე ვრემიასთან" ინტერვიუში ცდილობენ ახსნან რატომ გადაწყვიტა პუტინმა ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსება?

- ივან, პუტინი ახლა რატომ აცხადებს, რომ ბირთვული იარაღის საცავს ბელარუსში 1 ივლისისთვის ააშენებენ? ასე ადრე რატომ აკეთებს ამას? იქნებ, ეს ერთგვარი რეაქციაა ჰააგის მიერ გამოწერილ ორდერზე, რომელიც მის დაპატიმრებას ეხება?

ივან პრეობრაჟენსკი: ვფიქრობ, ეს უფრო ჩინეთთან მოლაპარაკებას ეხება, პლუს ჰააგასაც და იმასაც, რომ გაზაფხულისთვის ბრძოლის ველზე სიტუაცია იძაბება - ეს ყველაფერი საერთო ფლაკონშია. საბოლოო მიზანი მაინც ერთია, მინიმუმამდე დაიყვანოს ნატოს ქვეყნების მცდელობა უკრაინას იარაღი მიაწოდონ.

- ანუ ეს დასავლეთის დაშინების მორიგი მცდელობაა, უკრაინას რომ არ მიეხმაროს?

ივან პრეობრაჟენსკი: რა თქმა უნდა, ეს ძველი სტრატეგიის გაგრძელებაა - დააშინო ბირთვული იარაღით.

არ არის გამორიცხული, რომ ბირთვული იარაღი უკვე ბელარუსშია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ისკანდერის“ კომპლექსები ბელარუსში ომის დაწყებამდე დააყენეს.

- პაველ, პუტინი ამბობს, რომ მინსკთან ყველაფერზე მოილაპარაკეს. ფიქრობთ, ამ ყველაფრის აღსაწერად სიტყვა „მოლაპარაკება“ ივარგებს? ლუკაშენკას საერთოდ ჰკითხეს რამე?

პაველ მაცუკევიჩი: ვფიქრობ, პუტინი ალექსანდრ ლუკაშენკას დიდი ხნის ოცნებას ასრულებს. ლუკაშენკამ არაერთხელ განაცხადა, რომ გული წყდება, ბელარუსიდან ბირთვული იარაღი რომ გაიტანეს. ეს 1996 წელს მოხდა. თუმცა, მაშინ ბუდაპეშტის მემორანდუმს თავად ლუკაშენკამ მოაწერა ხელი. მემორანდუმის მიხედვით, ბელარუსმა ბირთვული იარაღის გატანის სანაცვლოდ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან უსაფრთოების გარანტია მიიღო. თავად ლუკაშენკამ, როდესაც ის ბელარუსის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო, ხმა მისცა ბირთვული იარაღის გატანას. მაგრამ უკვე პრეზიდენტობისას გადაწყვიტა, რომ წერილზე გაცილებით საიმედო ბირთვული იარაღია - 2014 წელი, 2022 წელი, დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი... ვფიქრობ, ის ამაში საბოლოოდ დარწმუნდა.

ლუკაშენკამ შარშან კონსტიტუცია შეცვალა. კონსტიტუციიდან გაქრა პუნქტი იმის შესახებ, რომ ბელარუსი ისწრაფვის არ ჰქონდეს ბირთვული სტატუსი. მაშინ ხელისუფლება ამბობდა: „ნახეთ, ჩვენ ატომური ელექტროსადგური ავაშენეთ“. ამაზე დაყრდნობით, ლუკაშენკა აცხადებდა, რომ ბელარუსი ბირთვული ქვეყანა გახდა. ის არ მალავდა, რომ სურს ბირთვული იარაღი ბელარუსის ტერიტორიაზე გამოჩნდეს. მისთვის ეს არის უსაფრთხოების გარანტია.

- ბელარუსი ბირთვული ქვეყანა ხდება?

პაველ მაცუკევიჩი: არ ხდება, მაგრამ ლუკაშენკა მაინც ასე ფიქრობს. არც ხელისუფლება, არც პროპაგანდისტები იმაზე არ ილაპარაკებენ, რომ სინამდვილეში ბირთვულ იარაღს ბელარუსის მთავრობა არ გამოიყენებს.

- ანუ ამ იარაღის გამოსაყენებელი ბერკეტი მას არ ექნება?

პაველ მაცუკევიჩი: ძნელად წარმომიდგენია ასეთი რამ.

- ბელარუსისთვის და უშუალოდ ლუკაშენკასთვის ეს სარისკო არაა?

პაველ მაცუკევიჩი: რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის სახიფათოა. ეს სრულიად ცვლის ბელარუსის აღქმას. ეს ბელარუსული ეპოქის დასასრულია, იმ ეპოქის, რომელშიც ბელარუსი პოზიციონირებდა, როგორც რეგიონალური უსაფრთხოების დონორი. და ეს არ იყო უსაფუძვლო, თუ გავითვალსიწინებთ იმას, რომ ბელარუსმა თავისი ნებით თქვა უარი ბირთვულ იარაღზე. საკმაოდ სერიოზული არსენალი გაიტანა.

მაშინაც კი, როცა ეს იარაღი ბელარუსში იყო - საბჭოთა პერიოდში და დამოუკიდებლობის დროსაც - მას ბელარუსის მთავრობა არ მართავდა. ელცინმა ფორმალურად კი დადო პირობა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში ბელარუსის მთავრობასაც დაეკითხებოდა, მაგრამ სინამდვილეში ამას არ შეასრულებდა.

- ივან, ეს სიტუაცია ხომ არ ქმნის იმის რისკსაც, რომ პუტინის გარდა ამ ქობინებს კიდევ ვინმე დაეპატრონება?

ივან პრეობრაჟენსკი: ამის შესაძლებლობა მინიმალურია, რადგან სანამ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყებოდა, ბელარუსი დე ფაქტო ოკუპირებული იყო რუსეთის ჯარის მიერ. პუტინი აქ პრობლემას არ ელოდება.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის გენერალიტეტისთვის ბელარუსი არის ფორპოსტი კალინინგრადის ოლქის დასაცავად. პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ჯარს იქ ამ შეიარაღების უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლია, მით უფრო, რომ ბაზა ასე თუ ისე მობილური იქნება. რასაკვირველია, საცავი იქნება, სხვაგვარად იარაღი მუდმივად საბძოლო მზადყოფნაში უნდა ჰქონდეთ, ეს კი რუსეთს არ სჭირდება, ამათ შესაძლოა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების პროვოცირება მოახდინოს და პასუხი მიიღოს. მაგრამ ეს მაინც ის მომენტია, როდესაც თეორიულად ბირთვული იარაღი ნებისმიერ დროს შეიძლება უკან გამოიტანო. სავარაუდოდ, რუსეთმა მსგავსი ტექნოლოგია უკვე დაამუშავა ყირიმში, შესაძლოა კალინინგრადშიც. ყირიმში ბირთვული იარაღი ანექსიის შემდეგ შეიტანეს, მაშინვე, როგორც კი ამის ტექნიკური პირობები შეიქმნა.

- 21 მარტს მოსკოვში ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი იმყოფებოდა, მან პუტინთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, არ განათავსონ ბირთვული იარაღი ნაციონალური ტერიტორიის მიღმა. ეს განცხადება კრემლის საიტზე შეგვიძლია ვნახოთ. ეს ერთი კვირის წინ მოხდა, შაბათს კი პუტინი აცხადებს, რომ თავის ბირთვულ იარაღს ბელარუსში გააგზავნის. პეკინში ამას როგორ შეაფასებენ?

ივან პრეობრაჟენსკი: ჩინეთის მედიაში წერენ, რომ ჩინეთი ამას ორმხრივი შეთანხმების დარღვევად აღიქვამს. ამით პუტინი სი ძინპინს აჩვენებს, რომ ის დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებებში.

ანუ ჩინეთის მცდელობა - რუსეთი აიძულოს, დასავლეთთან ნორმალური ურთიერთობა დაამყაროს და უკრაინასთან ომი შეწყვიტოს - ასეთი პასუხით დასრულდა.

სი ძინპინის ვიზიტი მოსკოვში
სი ძინპინის ვიზიტი მოსკოვში

- პაველ, თქვენც იმავეს გკითხავთ, შეიძლება, რომ პეკინმა პუტინის ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადება დაცინვად მიიღოს?

პაველ მაცუკევიჩი: რთული სათქმელია. არ მგონია, ბელარუსის გამო ჩინეთმა რუსეთს საერთაშორისო სკანდალი მოუწყოს. თუმცა, ჩინეთი ბელარუსის სუვერენიტეტის ბოლო საყრდენად რჩება. 1992 წელს, როდესაც ჩინეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებაზე, ისიც ითავა, რომ მხარი დაუჭიროს ბელარუსის მისწრაფებას დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისკენ. ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას ის მოჰყვება, რომ რუსეთი იქ დამატებით სამხედროებს შეიყვანს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბელარუსის სუვერენიტეტი რუსეთისკენ „გადაიხარა“. მაგრამ არ მგონია, ამის გამო ჩინეთმა ამბავი ატეხოს.

- ევროკავშირის რეაქცია უკვე ვიცით, ბორელი ახალ სანქციებზე ალაპარაკდა. ივან, როგორ ფიქრობთ, აშშ ჯერჯერობით მშვიდად რატომაა?

ივან პრეობრაჟენსკი: სხვა რა რეაქცია უნდა ჰქონდეს? ყველა კარგად ხვდება, ტექნიკური თვალსაზრისით ეს დიდი ხნის წინ მოხდა, უბრალოდ ახლა თქვეს.

აეროპორტების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ბირთვული იარაღი ბელარუსის საზღვართან საკმაოდ ახლოს იქნება. თუ უცებ რუსეთსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის საომარი ვითარება შეიქმნა, ეს იარაღი შეიძლება საკმაოდ მალე გაანადგურონ, მანამდე, სანამ რუსეთი გამოყენებას მოასწრებს, იმ შემთხვევაში, თუ პირველმა რუსეთმა არ დაარტყა.

ამიტომ ყველა მშვენივრად ხვდება, რომ ტაქტიკური იარაღი იქ უფრო სიმბოლურად განთავსდება, ვიდრე საბრძოლველად. საქმე არც პოლონეთს ეხება და არც თავად ბელარუსს, არამედ კალინინგრადის ოლქის დაცვას, იმ შემთხვისთვის, თუ ვინმე მისკენ გაიწევს. ხვდებიან იმასაც, რომ რუსეთის საქციელზე ახლა გავლენას ვერაფრით მოახდენენ.

- ივან, იქნებ, 1 ივლისამდე პუტინმა გადაიფიქროს?

ივან პრეობრაჟენსკი: ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ, ეს იარაღი უკვე იქ არის, „ისკანდერებთან“ ერთად მიიტანეს.

- პაველ, იქნებ თქვენ, როგორც ბელარუსის ყოფილ დიპლომატს, გაქვთ ინფორმაცია რისთვის ემზადება ბელარუსის სამხედრო ხელმძღვანელობა ქვეყნის ამ ნაწილში? ელიან ამ ქობინებს? საერთოდ როგორ აპირებენ ამ ობიექტის დაცვას?

პაველ მაცუკევიჩი: ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. ვფიქრობ, ბელარუსის სამხედრო ხელმძღვანელობა იმას გააკეთებს, რასაც დაავალებენ. ახლა ბელარუსი არ არის მოქმედი პირი. კი, ლუკაშენკოს ოცნება ახდა, მაგრამ რუსეთი თავისი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს. პრობლემა ისაა, რომ ამით ბელარუსს დამატებით საფრთხე შეექმნება. არის რისკი, რომ პრევენციულ დარტყმას ბელარუსი მიიღებს.

- ლუკაშენკოს ეს ესმის?

პაველ მაცუკევიჩი: ის თავისი გადასახედიდან აფასებს ამ საკითხს. იმ ტირანს რა ვუთხარი, ბირთვულ იარაღზე რომ არ ოცნებობს. მისთვის ეს უსაფრთხოების გარანტიაა.

- თქვენ საუბრობთ უსაფრთხოების გარანტზე, მაგრამ, ჩემი აზრით, ბელარუსისთვის გაცილებით დიდი საფრთხე რუსეთია.

პაველ მაცუკევიჩი: რა თქმა უნდა, მაგრამ ეს სხვა ლაპარაკია. ამ საფრთხეებზე ის შესაძლოა დღეგამოშვებით ფიქრობდეს. არ ვიცი, ახლა მის თავში რა ხდება. ჩინეთთან ურთიერთობის დამყარებით, ის, რა თქმა უნდა, ცდილობს, რუსეთისგან დისტანცირდეს, თუნდაც რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შეამციროს, ან საკრედიტო დამოკიდებულება, ან - საინვესტიციო და ასე შემდეგ.

შესაძლოა ბირთვული იარაღის ბელარუსში განლაგებას ის უყურებს, როგორც დასავლეთთან ვაჭრობის მორიგ საშუალებას. მომავალში ერთ-ერთი სცენარი შესაძლოა ასეთიც იყოს: „რას მივიღებ, ბირთვული იარაღი ბელარუსიდან რომ გავიტანო?“ მაგრამ ახლა სხვა მიზნები და სხვა ამოცანებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG