Accessibility links

ბიუჯეტის დაზოგვა თუ ბარიერი - ბენეფიციარები სოციალური პროგრამის მიღმა დარჩნენ


ქუთაისის მერიას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო კურსისთვის თანხის დაზოგვასა და დამატებითი ბარიერების შექმნაში ადანაშაულებს ლეიბორისტული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ირაკლი კიკვაძე. მისი განცხადებით, ქუთაისის ბიუჯეტიდან ბოლო წლებია ფინანსდება პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 400-მდე პირისთვის დაბა ურეკში ათდღიან სარეაბილიტაციო კურსს და ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის ბენეფიციარებს მხოლოდ ექიმის ცნობა უნდა წარედგინათ. კიკვაძის თქმით, წელს დაწესდა ბარიერი და პროგრამით მოსარგებლეთათვის სოციალური სტატუსის სარეიტინგო ქულა150 000- მდე განისაზღვრა:

ქუთაისის წლევანდელ ბიუჯეტში სოციალური პროგრამისთვის გათვალისწინებული იყო 105 ათასი ლარი. სოციალურ საკითხთა სამსახურის მონაცემებით, ამ თანხიდან 56 168 ლარი დაიხარჯა.

„ქალაქის ბიუჯეტში ყოველწლიურად იყო პროგრამა, რომლის მიხედვით დაბა ურეკში სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა 400-მდე ბენეფიციარი. მათ ამისთვის სჭირდებოდათ მხოლოდ ექიმის ცნობის წარდგენა. წელს მერიამ განუსაზღვრა მათ ახალი წესი და დამატებით მოსთხოვა სოციალური სტატუსი, 150 000 სარეიტინგო ქულით“.

ლეიბორისტული პარტიის წევრის ირაკლი კიკვაძის შეფასებით, მერია მოწყვლადი ჯგუფის ხარჯზე ცდილობს საბიუჯეტო თანხების დაზოგვას. ერთ-ერთი ბენეფიციარი, გიორგი კისკეიძე, რომელიც პროგრამას წელს გამოეთიშა, ამბობს, რომ ქუთაისის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სარეაბილიტაციო პროგრამით 2007 წლიდან სარგებლობდა, წელს კი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, რადგან სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვს:

„ურეკში დავდიოდით ყოველ წელს 10 დღით. წელს განაცხადეს, რომ საჭიროა სიღარიბის სტატუსი. მე არ მაქვს სტატუსი. მანამდე არ იყო საჭირო და ახლა პრობლემები დაემატა“.

სოციალური ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში წელს დაისვენა 145 შშმ პირმა. აქედან 18 წლამდე მოზარდებისთვის შეზღუდვა არ იყო, 18 წლის შემდეგ ბარიერი იყო 150 000 ქულა. ეს არ არის დაბალი მაჩვენებელი ისეთი, როგორიცაა 0-დან 70 000-მდე და ამ მოწყვლად ჯგუფში ბევრი რაოდენობის ბენეფიციარის მოცვა იყო შესაძლებელი.
ნატალია თევდორაძე

გიორგი კისკეიძის თქმით, თუ მერიამ კრიტერიუმები არ შეცვალა, რეაბილიტაციის პროგრამით ვერც მომავალში ისარგებლებს. თავის მხრივ, ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წელზე უფროსი ასაკის პირებს სოციალური სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება გასულ წლებშიც ჰქონდათ და, ამასთან, პროგრამა გათვლილი იყო 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებზე. სოციალურ საკითხთა სამსახურის ინფორმაციით, სარეიტინგო ქულის გაზრდით, ფაქტობრივად, უნდა გაზრდილიყო ბენეფიციართა რაოდენობა, თუმცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნაწილმა სოციალური სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა და პროგრამაში მათი ჩართვა, კანონით დადგენილი ნორმების გათვალისწინებით, ვერ მოხერხდა. ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურში ადასტურებენ, რომ, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს დაბა ურეკში ათდღიანი სარეაბილიტაციო კურსი უფრო ცოტამ, 145-მა ბენეფიციარმა გაიარა. ამავე სამსახურის ინფორმაციით, თანხა, რომელიც ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო და ვერ აითვისეს, სხვა პროგრამებზე გადანაწილდება. სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი სპეციალისტის ნატალია თევდორაძის განცხადებით, 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარებმა მომსახურება მიიღეს მხოლოდ ექიმის ცნობის, ე.წ. ფორმა ნომერი 100-ის, საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვან მოქალაქეებს კი სოციალური სტატუსის და 150 000-მდე სარეიტინგო ქულის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოედგინათ:

„სოციალური ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში წელს დაისვენა 145 შშმ პირმა. აქედან 18 წლამდე მოზარდებისთვის შეზღუდვა არ იყო, 18 წლის შემდეგ ბარიერი იყო 150 000 ქულა. ეს არ არის დაბალი მაჩვენებელი ისეთი, როგორიცაა 0-დან 70 000-მდე და ამ მოწყვლად ჯგუფში ბევრი რაოდენობის ბენეფიციარის მოცვა იყო შესაძლებელი. ვინც მოგვმართა და დააკმაყოფილა კრიტერიუმები, მოხვდნენ ამ პროგრამაში. რა თქმა უნდა, ის თანხები, რაც დაიზოგა და გამოთავისუფლდა ამ პროგრამიდან, გადანაწილდება სხვა პროგრამებზე, სადაც უფრო მეტი საჭიროებაა, ანუ მიზნობრივად დაიხარჯება“.

ქუთაისის წლევანდელ ბიუჯეტში პროგრამისთვის გათვალისწინებული იყო 105 ათასი ლარი. სოციალურ საკითხთა სამსახურის მონაცემებით, ამ თანხიდან 56 168 ლარი დაიხარჯა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG