Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბობ ჰამილტონი: ნებისმიერი სიგნალი, რომ მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებს სჯის, დასავლურ კაპიტალს დააფრთხობს


ავტორი ანა კალანდაძე, ამერიკის ხმა

საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, "ამერიკის ხმა" აშშ-ის არმიის ომის კოლეჯის პროფესორს, აშშ-ის არმიის (გადამდგარ) პოლკოვნიკ რობერტ ჰამილტონს ესაუბრა. ჰამილტონი ასევე შავი ზღვის აუზის სწავლებების მკვლევარია ვაშინგტონში, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში.

როგორ შეაფასებთ იმ საპროტესტო აქციებს, რომლებიც თბილისში 20 ივნისიდან მიმდინარეობს?

ვფიქრობ, საპროტესტო მოძრაობის პირდაპირი კატალიზატორი რუსეთის დელეგაციის ვიზიტი და დეპუტატ გავრილოვის მიმართვა იყო, რაც ქართველების უმრავლესობისთვის მაშინ, როცა ქვეყნის ოცი პროცენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულია, განსაკუთრებულად აღმაშფოთებელი აღმოჩნდა.

თუმცა, ამის მიღმა, მიტინგებმა ასევე გამოავლინა მოსახლეობის დაღლილობა ქართული ოცნების კოალიციის მთავრობის მიმართ და აჩვენა, რომ მოსახლეობას სურს უფრო მეტად კონკურენტული პოლიტიკური სისტემის არსებობა.

მიტინგებმა ასევე გამოავლინა მოსახლეობის დაღლილობა ქართული ოცნების კოალიციის მთავრობის მიმართ და აჩვენა, რომ მოსახლეობას სურს უფრო მეტად კონკურენტული პოლიტიკური სისტემის არსებობა
რობერტ ჰამილტონი

ამიტომაც, მიმაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დელეგაციის ვიზიტი აქციების დაწყების მიზეზი გახდა, ამ ყველაფერს ხელი შეუწყო არსებული პოლიტიკური წყობით უკმაყოფილებამ.

როგორც სპეციალისტი, რომელიც კარგად იცნობს საქართველოს, რა პროგნოზს გაააკეთებთ ამ უახლესი გაკვეთილის გათვალისწინებით საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და რას გამოყოფდით?

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, მას დღემდე უჭირს ამ პროგრესის შენარჩუნება. ამ დროს, საქართველოს დემოკრატიამ წარმატების ორი ხანმოკლე პერიოდი გაიარა: პირველი, ეს იყო 2003 წლის რევოლუციის შემდეგ და მეორე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მომდევნო პერიოდში. ორივე პოლიტიკურმა ძალამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 2003 წლის შემდეგ და ქართული ოცნების კოალიციამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ძალაუფლების კონსოლიდაციის ნიშნები გამოავლინა და გახდა ნაკლებ ტოლერანტული პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არჩევნების შედეგად გადაირჩიეს იმ უკმაყოფილების გამო, რომელიც შეურაცხმყოფელი სკანდალური ვიდეო-კადრების გავრცელებას მოჰყვა, რაც საზოგადოების მრისხანების მთავარ მიზეზად იქცა. საინტერესოა ვნახოთ, თუ რამდენად ექნება მიმდინარე პროტესტს იგივე გავლენა ქართული ოცნების მთავრობაზე და მის მომავალზე.

ხელისუფლების გადაწყვეტილება- პროპორციული სისტემით ჩაატაროს მომავალი არჩევნები, პოზიტიური სიგნალია. ეს ნაბიჯი შესაძლებლობას და უპირატესობას შეუზღუდავს მთავრობის წევრებს, რაც სისტემის მიერ ხალხის ნების ადექვატური აღქმა იქნება. ეს სისტემა ასევე, შესაძლო პოლიტიკური გარიგებების დროს აღებ-მიცემობის შანსებს და გავლენიანი ლიდერების შეუზღუდავ წვდომას, ძლევამოსილთა კულტის წარმოშობის შესაძლებლობასაც შეამცირებს. ეს არის ის დიდი ორი პრობლემა, რაც არაერთი პოსტ-კომუნისტური ქვეყნის განვითარებას აფერხებს.

თუმცა, ნულოვანი ბარიერის გამოცხადებამ შესაძლოა პატარა პარტიების ფრაგმენტაცია გამოიწვიოს პარლამენტში შესვლამდე, რაც სტაბილურობას შეუქმნის საფრთხეს და ექსტრემისტებს პარლამენტში კიდევ უფრო მეტ ხმას მიანიჭებს - იმაზე მეტს, ვიდრე ისინი ბარიერის არსებობის შემთხვევაში მიიღებდნენ.

რას ფიქრობთ, ქართული ოცნების მზაობაზე ოპოზიციური პარტიების, ან ოპონენტების დაკავება და პასუხისგებაში მიცემა მოახდინოს მიტინგისას მომხდარი არეულობების ინსპირირების მოტივით?

თუ ეს პროცესი მართლაც პოლიტიკურად მოტივირებულია ოპოზიციის ხმის ჩახშობის და მათი მხრიდან პოლიტიკური შეცდომების გამოხატვის ჩახშობის მიზნით, მთავრობა, ხალხის და საქართველოს პარტნიორების თვალში, ლეგიტიმაციას დაკარგავს.
რობერტ ჰამილტონი

ოპოზიციონერი პარლამენტარის დაპატიმრება და მთავრობის ჩანაფიქრი, რომ ის „ჯგუფური ამბოხის ორგანიზების და ხელმძღვანელობისთვის“ გაესამართლებინა, დაკვირვებად ღირს. თუ ეს პროცესი მართლაც პოლიტიკურად მოტივირებულია ოპოზიციის ხმის ჩახშობის და მათი მხრიდან პოლიტიკური შეცდომების გამოხატვის ჩახშობის მიზნით, მთავრობა, ხალხის და საქართველოს პარტნიორების თვალში, ლეგიტიმაციას დაკარგავს.

რა შეგიძლიათ თქვათ რუსეთის სამომავლო, სავარაუდო ქმედებებზე?

რუსეთი ნებისმიერ შანსს გამოიყენებს, რომ საქართველო არასტაბილურ, ქვეყნის მთავრობა კი არადემოკრატიულად წარმოაჩინოს. ამ პირობებში, მთავრობამ და ოპოზიციამ ამგვარი შესაძლებლობა გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს. მიმაჩნია, რომ საქართველოს ინტერესებში არ შედის ისეთი ნაბიჯების გატარება, რომლებიც რომელიმე ერთი მხარის მოკლევადიან ინტერესებს ემსახურება და სინამდვილეში, რუსულ ნარატივს ეხმარება. ამიტომაც, ოპოზიციას და მთავრობას უნდა ახსოვდეთ, რომ ერთმანეთთან განსხვავები ბევრად პატარაა, საქართველო-რუსეთის განსხვავებებთან შედარებით.

რამდენად ძლიერია რუსეთის გავლენა, მისი ფაქტორი საქართველოში დღეს?

ოპოზიციას და მთავრობას უნდა ახსოვდეთ, რომ ერთმანეთთან განსხვავება ბევრად პატარაა, საქართველო-რუსეთის განსხვავებებთან შედარებით.
რობერტ ჰამილტონი

რუსეთის სამხედრო პოზიციონირება საქართველოში დღეს საკმაოდ ძლიერია, ვიდრე წარსულში, პოსტ-საბჭოთა საქართველოს ისტორიის რომელიმე მონაკვეთში. რამდენიმე ათასი ჯარისკაცის პირობებში ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, ისევე, როგორც სომხეთში, გიუმრის ბაზაზე, რუსეთის სამხედრო უპირატესობა ახლა უფრო თვალსაჩინო და საშიშია სამხრეთ კავკასიაში, ვიდრე ეს 2008 წლის ომამდე იყო.

თუმცა ძალის უფრო რბილი გამოხატულებით, რუსეთის სტატუსი საქართველოში ჩამოშლას აგრძელებს. საპროტესტო აქციების შემდეგ, რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების აკრძალვას, ქართულ ტურისტულ ინდუსტრიაზე მოკლევადიანი შედეგი აქვს და მას რთულად წარმოსადგენია, რომ გრძელვადიანი გავლენა მოჰყვეს. მოსკოვის მიერ ქართულ პროდუქციაზე პერიოდულ აკრძალვას ყველასათვის დასანახი პოლიტიკური მიზეზები აქვს, რამაც ქართულ ეკონომიკას ზრდაში ხელი ვერ შეუშალა. პირიქით, კრემლის ეკონომიკურმა წნეხმა საქართველოს სტიმული მისცა რუსეთისგან, როგორც მთავარი სავაჭრო პარტნიორისგან და ტურიზმით შემოსული შემოსავლის მომტანი მთავარი წყაროსგან, თავი დაეხსნა.

ეს კი საქართველოს საშუალებას მისცემს გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მყარ ეკონომიკურ საფუძველზე გააგრძელოს არსებობა. ეს უკვე ასეც ხდება - 2018 წლის პირველ ნახევარში, საქართველოდან ექსპორტმა ევროკავშირში რუსეთში გატანილ ექსპორტს გაუსწრო $164 მილიონი დოლარით. და ბოლოს, რუსეთის აგრესიული მოქმედება იმ ფაქტზე კონცენტრაციის საშუალებას არ იძლევა, რომ ეს ორი ქვეყანა ისტორიულად კავშირებს ინარჩუნებდა კულტურის დარგში, ან რელიგიური კუთხით.

ისე, რომ როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მოქმედებები, თავად მოსკოვის მოქმედებებმა მისი გავლენა შეასუსტა კავკასიაში. კრემლი ახლა დგას იმ ფაქტის წინაშე, როცა სამხედრო ძალა მისი ერთადერთი ინსტრუმენტია საქართველოში და რომ ამ ინსტრუმენტის გამოყენება [საქართველოში] დაუმორჩილებლობას გამოიწვევს თავად საქართველოში და საპასუხო რეაქციას დასავლეთში, რაც კიდევ უფრო შელახავს რუსეთის პოზიციას მსოფლიოში.

საქართველოს მთავრობასა და ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს შორის განვითარებულმა მოვლენებმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ბიზნესმენზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს ანაკლიის პორტის მნიშვნელობის და მისი წარმატებული განვითარების კონტექსტში?

როგორც ამერიკის საელჩომ აღნიშნა თბილისში, საქართველოს მდგრადი უნარი, რომ მიიზიდოს დასავლური ინვესტიციები დამოკიდებულია აღქმაზე, რომ მისი სასამართლო სისტემა მიუკერძოებელი და თავისუფალია პოლოტიკური გავლენისგან. ბოლო ოცი წელია, საქართველომ დაუჯერებელი მასშტაბით შესძლო კორუფციის აღმოფხვრა და ეკონომიკის ლიბერალიზაცია. 1990იან წლებში არსებული ეკონომიკური ნგრევის შემდეგ, ახლა ქვეყანა 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა,, ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით.

აშშ მკაფიოდ აცხადებდა და გაფრთხილებას აკეთებს, რომ გავლენა ეკონომიკაზე ნამდვილად ექნება პოლიტიზირებულ სასამართლო სისტემას.
რობერტ ჰამილტონი

აქვე აღვნიშნავ, რომ ბიზნესისთვის მეგობრული გარემო და კორუფციისგან დამოუკიდებელი საქართველო წინაპირობაა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა განვითარებული, მაღალ-შემოსავლიანი ქვეყნების თანამეგობრობას შეუერთდეს. მიუხედავად პროგრესისა და ამ დარგებში მიღწეული წარმატებისა, ეს მონაპოვარი შეუქცევადი არ არის და საკმაოდ მოწყვლადია. სწორედ ამიტომ, აშშ მკაფიოდ აცხადებდა და გაფრთხილებას აკეთებს, რომ გავლენა ეკონომიკაზე ნამდვილად ექნება პოლიტიზირებულ სასამართლო სისტემას.

ნებისმიერი სიგნალი, რომ საქართველოს მთავრობა ძალაუფლებას იყენებს პოლიტიკური ოპონენტების დასასჯელად დასავლურ კაპიტალს დააფრთხობს და ქვეყნიდან გასვლას აიძულებს უფრო პროგნოზირებადი პოლიტიკური ლანდშაფტის მქონე ქვეყნებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG