Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯომში ნახანძრალი ტყის აღდგენა დაიწყო


ბორჯომის ნახანძრალი ტყის აღდგენა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 12 ოქტომბრიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე 250 ჰა ტყის ფართობი აღდგება, ნახაძრალ ტერიტორიაზე კი ძირითადად კავკასიური ფიჭვი დაირგვება. ტყის აღდგენის პროცესში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა და ახალციხის კოლეჯ “ოპიზარის” სტუდენტობა. მოსახლეობა იმედოვნებს, რომ ტყის განაშენიანება მათ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

გადმოწერა

,,ჩემი სოფლის კეთილდღეობისთვის ვარ აქ. ხანძრის შემდეგ პრობლემები გაჩნდა. კლიმატი შეიცვალა, დამსვენებელი აღარ მოდის ზაფულში. დარგვას რაც შეეხება, ვმუშაობთ, ვდებთ ჩვენ 100 %–ს, რადგან ბორჯომისთვის და ჩვენი მომავალი თაობისთვის კეთდება ეს ყველაფერი“, – ამბობს ბექა წიქარიშვილი.

,,ვმუშაობთ, ვაღდგენთ დამწვარ ტყეს. 2008 წელში ერთი დაიწვა და შარშან კიდევ ხელახლა. ახლა ვართ დასაქმებული ამ პროექტში სოფელ დაბიდან. ხანძრის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა: სიცხე მეტია, დამსვენებელი იმდენად აღარ მოდის, ზამთარში სიცივემ იმატა, ქარი სულ არის თითქმის, უშეშოდაც დავრჩით სოფელი, აღარ გვაქვს შეშა. ახლა ვთხოვეთ მინისტრის მოადგილეს, იქნებ გაზის სუბსიდია მოგვცენ“, – გვეუბნება გოჩა თედიაშვილი.

სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე სატყეო სააგენტოს სანერგეებში გამოყვანილი 4 000-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ტყის აღდგენისთვის პირველ ეტაპზე 200 000-მდე ლარი დაიხარჯება. ბორჯომის ტყესთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი თორნიკე გვაზავა ამბობს, რომ სპეციალურად შექმნილი კომისია ნიადაგმცოდნეებით, გეოლოგებით, ეკოლოგებითა და გარემოს დამცველებით დაკომპლექტდა.

,,ძირითადად ირგვება კავკასიური ფიჭვი. ახლა თრიმლს ვრგავთ ეროზიისგან დასაცავად ნიადაგზე. ჯერ პროექტი გაკეთდა და ახლა პროექტის მიხედვით ხორციელდება ყველაფერი“.

კომისიის მუშაობის დასრულებისთანავე ადგილობრივთა მობილიზება და ტყის აღდგენითი სამუშოები დაიწყო. დაბის ტყე ორჯერ – 2008 წლის აგვისტოს ომისას და 2017 წლის ზაფხულში დაიწვა, რამაც პირველ ეტაპზე დაწყებული აღდგენითი პროცესი შეაფერხა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ოქტომბერ-ნოემბერში ტყის აღდგენა მხოლოდ 144 ჰექტარზე მოხდება, გაზაფხულზე კი დანარჩენი 100 ჰექტრის. იური ნოზაძის განცხადებით, დარგვის პროცესი მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდება.

ეს არის პირველადი აღდგენა, რადგან ჩვენ გვსურს მივიღოთ ის, რაც პირველად იყო – ნაძვი და სოჭი. ამიტომ ვაკეთებთ იმას, რაც საჭიროა. თვითონაც მოითესება. ფინალში ჩვენ გვინდა მივიღოთ ის, რაც იყო.
მარინა სუჯაშვილი

,,ჩვენი ძალებით ვაკეთებთ და სულ 200 ათასი ლარი გვიჯდება, მაშინ როცა ტენდერი 2 მილიონ 200 ათას ლარზე იყო გამოცხადებული. მთავარია, რომ მოვუაროთ და გავახაროთ, შემდეგ კი ახალი პროექტი დავიწყოთ“.

ბორჯომის ხეობაში ხანძრისგან განადგურებული ტყის პერიმეტრი, ჯამში, 943 ჰექტარს შეადგენს. ტყის აღდგენითი პროექტის ძირითადი მიზანი ხეობაში პირვანდელი ტყის ეკოსისტემის აღდგენაა, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივი სტანდარტული ნერგი გამოიყენება, აცხადებს ტყის აღრიცხვისა და კვლავწარმოების უფროსის მოადგილე მარინა სუჯაშვილი.

,,ეს არის პირველადი აღდგენა, რადგან ჩვენ გვსურს მივიღოთ ის, რაც პირველად იყო – ნაძვი და სოჭი. ამიტომ ვაკეთებთ იმას, რაც საჭიროა. თვითონაც მოითესება. ფინალში ჩვენ გვინდა მივიღოთ ის, რაც იყო. ჯერ ირგვება ფიჭვი, რომელსაც პიონერულ ჯიშსაც ეძახიან და ნახანძრალს შესანიშნავად ეგუება, გარდა ამისა, თავისი ფესვების განლაგებით ნიადაგს აფხვიერებს და სხვას უთავისუფლებს ადგილს, რაც მერე საფუძველს ქმნის, ამ მცენარეებთან ერთად. განსაკუთრებით ვერხვი და მდგნალი მოდის ასე ბუნებრივად, უკვე ნაძვი და სოჭი თავის საფარველს მონახავს და გამოერევა აუცილებლად, იმიტომ რომ მისი ზონაა“, – განმარტავს მარინა სუჯაშვილი.

ბორჯომის ხეობაში 2017 წლის 20 აგვისტოს ხანძარმა 752 ჰექტარი მოიცვა, საიდანაც 525 ძველი ნახანძრალი ტერიტორიაა. ტყის აღდგენისთვის ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილი კონტეინერული ნერგიც გამოიყენება. სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე განახლდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG