Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრძოლა დრონებით: მომავლის ომის სახე მთიან ყარაბაღში


კადრი აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ 1 ოქტომბერს გამოქვეყნებული ვიდეოდან.
კადრი აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ 1 ოქტომბერს გამოქვეყნებული ვიდეოდან.

უპილოტო საფრენმა აპარატმა ჯერ ავისმომასწავებელი ზუზუნით გადაუფრინა გამომშრალ ლანდშაფტს და შემდეგ ზუსტი სროლით ცეცხლის ალში გახვია პატარა ავტობუსი.

„სად ხართ, თქვე ნაძირლებო!“ - გაიძახის სომხურად ერთ-ერთი ჯარისკაცი, როცა სხვები შაშხანების ცეცხლით ცდილობენ დრონის ჩამოგდებას.

უპილოტო საჰაერო აპარატები, რომლის ერთ-ერთი ნიმუში გასულ კვირაში სოციალურ მედიაში ფართოდ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, სიახლეს არ წარმოადგენს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში. ოთხი წლის წინ სადავო რეგიონში დაწყებულ მასშტაბურ საბრძოლო ესკალაციაში ასევე გამოიყენებოდა ე.წ. „კამიკაძე დრონები“.

იგივე განმეორდა მიმდინარე წლის ივლისის შუა რიცხვებში, მცირე შეტაკებისას აზერბაიჯანის თოვუზის რაიონში, რომელიც სომხეთის ტავუშის ოლქს ესაზღვრება.

საერთაშორისო საზოგადოების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილად აღიარებული მთიანი ყარაბაღი ეთნიკური სომხური ძალების კონტროლქვეშ იმყოფება 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, რითაც დასრულდა ორი წლის განმავლობაში მიმდინარე მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი.

სექტემბრის ბოლოდან აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ძალები 1994 წლის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ბრძოლებში აღმოჩნდნენ ჩაბმული.

წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ბრძოლის ველზე კიდევ უფრო ინტენსიურად გამოიყენება უპილოტო საფრენი აპარატები, დრონები. ისინი განსაზღვრავენ მიმდინარე საომარი მოქმედების ხასიათს და, ამასთან, გვიქმნიან წარმოდგენას იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავალი ომები, რომლებიც შესაძლოა გაჩაღდეს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის, სავარაუდოდ, კავკასიაში.

დაუდგენელი დრონების კვალი საქართველოში

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რომელსაც, ექსპერტების თქმით, საწყობებში დიდი რაოდენობით მრავალფეროვანი უპილოტო საფრენი აპარატი ეგულება, გასულ კვირაში მიცემულ ინტერვიუში აღფრთოვანებას ვერ მალავდა ამ ტიპის შეიარაღებით.

„აზერბაიჯანელი სამხედროების ხელთ არსებული მოწინავე თურქული დრონების წყალობით, შემცირდა ჩვენი დანაკარგები ფრონტის ხაზზე. დრონები ცხადყოფს თურქეთის სამხედრო სიძლიერეს და ისინი ჩვენც გვმატებენ ძალას“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა თურქეთის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში.

ჩამოგდებული და განადგურებული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებით მოფენილია მთიანი ყარაბაღისა და მისი მიმდებარე ტერიტორიები, ხოლო სოციალური ქსელები, რომლებითაც სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო უწყებები სარგებლობენ, სავსეა საბრძოლო მოქმედებაში მყოფი დრონების ფოტო და აუდიოკადრებით.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ორი, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატი, ე.წ. დრონი, აფეთქდა აღმოსავლეთ საქართველოს საჰაერო სივრცეში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირების არეალიდან ასეულობით კილომეტრის მოშორებით. ერთის ნაწილები აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს სოფელ უდაბნოს მიმდებარედ იპოვეს, მეორე კიდევ უფრო შორს - ყვარლის მუნიციპალიტეტში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნის ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 280-ე მუხლით, რაც ფრენის საერთაშორისო წესის დარღვევას გულისხმობს.

ექსპერტები კი ამბობენ, რომ როცა მეზობლად ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებებია, მსგავსი ინციდენტები გამორიცხული არ არის.

„იმავე დღეს, როცა ჩვენთან დრონი ჩამოვარდა, დაღესტნის ტერიტორიაზე ს-300 ტიპის კომპლექსის რაკეტა ჩამოვარდა. ასეთი შედარების მოყვანა შეიძლება: როცა მეზობლის სახლი იწვის, შესაძლოა შენს ეზოში ნაკვერჩხალი გადმოვარდეს“, - ამბობს ამირან სალუქვაძე, სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი.

„დრონის შემთხვევაში რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს: 1. ტექნიკური გაუმართაობა, რის გამოც მოხდა ან ორიენტაციის, ან კავშირის (მართვის) დაკარგვა; 2. მართვის დაკარგვა ადამიანური ფაქტორის გამო; 3. დრონსა და მართვის ცენტრს შორის კავშირის დაკარგვა მოწინააღმდეგის მხრიდან რადიოელექტრონული ზემოქმედების გამო; 4. დრონთან კავშირის დაკარგვა მართვის ცენტრზე საცეცხლე შეტევის მიტანის გამო; 5. დრონის გასვლა მართვის ზონიდან. - მიზანმიმართულ ქმედებას ნაკლებად ვუშვებ. მას არც ინციდენტამდე, არც შემდეგ რაიმე საინფორმაციო უზრუნველყოფა არ ახლდა“, - დასძენს თადარიგის გენერალი ამირან სალუქვაძე.

„კამიკაძე დრონების“ უპირატესობა

დრონებს აქვთ კიდევ ერთი უპირატესობა - მისი ჩამოგდების შემთხვევაში მფრინავი ტყვედ არ ჩავარდება
მაიკ ფაუერი


მნიშვნელოვან სამხედრო-საჰაერო ძალებს არ ფლობს არც სომხეთი და არც აზერბაიჯანი. მიჩნეულია, რომ სომხეთის შეიარაღებაშია არაუმეტეს „სუხოის“ ფირმის 18 გამანადგურებელი, მათ შორის რამდენიმე საბრძოლო შვეულმფრენი და სატრანსპორტო-საწვრთნელი თვითმფრინავი.

სხვადასხვა შეფასებით, აზერბაიჯანი ფლობს რუსული წარმოების 30 ერთეულ „მიგისა“ და „სუხოის“ კლასის სამხედრო თვითმფრინავს, საბრძოლო შვეულმფრენებს და სასწავლო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს.

აზრბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაადასტურა თურქეთის F-16 ტიპის გამანადგურებლების მოქმედება აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეში, რაც ანკარასთან ბაქოს მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობაზე მეტყველებს.

ვინაიდან გამანადგურებელი ავიაცია ძალიან ძვირად ფასობს და, თანაც, არსებობს დიდი საფრთხე მფრინავების დაღუპვისა, ექსპერტების აზრით, უპილოტო ავიაცია შედარებით უფრო იაფი და უნივერსალური საშუალებაა ისეთ მცირე ბრძოლის ველზე, როგორიც მთიანი ყარაბაღია.

„შეზღუდული სამხედრო-საჰაერო შესაძლებლობების ორი ქვეყნისათვის უპილოტო ავიაცია წარმოადგენს იაფ ალტერნატივას შეტევითი შესაძლებლობებისა და, ასევე, სადაზვერვო და სადამკვირვებლო ოპერაციების გასაფართოებლად“, - ამბობს მაიკ ფაუერი, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემიის სამხედრო სტრატეგიული კვლევების ასოცირებული პროფესორი და დასძენს: „დრონებს აქვთ კიდევ ერთი უპირატესობა - მისი ჩამოგდების შემთხვევაში მფრინავი ტყვედ არ ჩავარდება“.

„კამიკაძე დრონი“
„კამიკაძე დრონი“

ორი მეომარი ქვეყნიდან აზერბაიჯანი უფრო თავისუფლად იყენებდა თავის უპილოტო ავიაციას, ვიდრე სომხეთი, რომელსაც უფრო მცირე ზომის ავიაცია აქვს. ბაქოს დრონების სამიზნეს წარმოადგენდა სომხეთის ტანკები, არტილერია და საჰაერო თავდაცვის სისტემა.

„იოლი არ არის ამ ტანკსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განადგურება უპილოტო დრონებითა და რაკეტებით. ამგვარად, მოცემულ სიტუაციაში აზერბაიჯანმა, როგორც ჩანს, საბრძოლი მზადყოფნის უფრო მაღალი დონის დემონსტრირება მოახდინა“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მეთიუ ბრაიზამ, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა აზერბაიჯანში.

ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგების გაყიდვის შედეგად მიღებული დიდძალი შემოსავალი ბაქოს შესაძლებლობას აძლევდა, რომ მილიარდობით დოლარი დაეხარჯა არმიის მოდერნიზებაზე ძირითადად რუსეთისგან შეძენილი შეიარაღებისა და ტექნიკის წყალობით.

TB2-ს აქვს ძლიერი გავლენა მთიანი ყარაბაღის ბრძოლის ველზე. ჩვენ ვხედავთ აზერბაიჯანის ისეთ სამხედრო წარმატებას, როგორიც არ გვინახავს 20, 25 წლის წინ
რობ ლი


მაგრამ ვინაიდან რუსეთი ჩამორჩება უპილოტო ტექნოლოგიების თვალსაზრისით, ამიტომ აზერბაიჯანმა თავის უპილოტო საბრძოლო პოტენციალის გასაძლიერებლად დახმარებისათვის ჯერ მიმართა ისრაელს, ბოლო ხანს კი თურქეთს.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციამდე, ექსპერტების შეფასებით, აზერბაიჯანს უკვე ჰქონდა 200-მდე სხვადასხვა მოდელის უპილოტო საფრენი აპარატი.

აშშ-ის ბერდის კოლეჯის დრონების შემსწავლელი ცენტრის ცნობით, მათ შორისაა ისრაელის წარმოების Harpy-ისა და Harop-ის უპილოტო საფრენი აპარატები, ასევე Orbiter 1K-ი. აზერბაიჯანის შეიარაღებაში არის ასევე Hermes-ები, Heron-ები and SkyStriker-ები.

დრონების უმრავლესობა ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას, ვიდეოზე აღბეჭდავს მოწინააღმდეგის ადგილმდებარეობასა და ტექნიკის განლაგებას, აწვდის ამ ინფორმაციას მიწისზედა სადგურებს. უპილოტო აპარატების ნაწილი ასაფეთქებელი ნივთიერების დამონტაჟების შემდეგ, რაც არ არის რთული საქმე, პირდაპირ სამიზნის გასანადგურებლად არის განკუთვნილი. ასეთ უპილოტო საფრენ აპარატებს უწოდებენ „კამიკაძე“ ანუ „თვითმკვლელ“ დრონებს.

რაც კიდევ უფრო მნიშვენელოვანია, აზერბაიჯანმა შეისყიდა თურქული წარმოების უპილოტო ავიაციის მოდელები. ლაპარაკია Bayraktar TB2-ზე, ამერიკული Reaper-ისა და Predator-ის მსგავს დრონებზე, რომლებსაც თურქეთი ფართოდ იყენებდა სირიაში და, როგორც იტყობინებიან, ლიბიაშიც.

„TB2-ს აქვს ძლიერი გავლენა მთიანი ყარაბაღის ბრძოლის ველზე. ჩვენ ვხედავთ აზერბაიჯანის ისეთ სამხედრო წარმატებას, როგორიც არ გვინახავს 20, 25 წლის წინ“, - ამბობს რობ ლი, აშშ-ის საზღვაო ქვეითი კორპუსის ყოფილი ოფიცერი და ამჟამად ლონდონის კინგს კოლეჯის ომის სწავლების მკვლევარი.

მეორე მკვლევარი, მაიკ ფოულერი, ფიქრობს, რომ Bayraktar TB2-ს მართავდნენ არა არზერბაიჯანელი, არამედ თურქი სპეციალისტები.

„დრონები და უპილოტო საფრენი აპარატები რობოტები არ არიან. მათ ესაჭიროებათ საფრენი მოწყობილობითა და გადამცემებით აღჭურვა, რაც შესაბამის მომზადებას მოითხოვს. გარდა ამისა, მათ მართვას სჭირდება სპეციალური მომსახურე პერსონალი და სათადარიგო ნაწილების გამართული ლოგისტიკა...საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატის გაშვება მნიშვნელოვან ინვესტიციას მოითხოვს, თუ, რა თქმა უნდა, ამას თქვენ მაგივრად სხვა არ აკეთებს“, - ამბობს მაიკ ფოულერი.

დრონების ფსიქოლოგიური ზემოქმედება და პროპაგანდა

რამდენიმე წელია, აზერბაიჯანს გაუჩნდა შესაძლებლობა ისრაელის Aeronautics Grou-ის ლიცენზიის მიხედვით თავადაც აწარმოოს უპილოტო საფრენი აპარატები და თავისუფლად განათავსოს ეს სატრანსპორტო საშუალებები იქ, სადაც უნდა.

დენ გეტინგერი, ბერდის კოლეჯში უპილოტო საფრენი აპარატების ცენტრის დამფუძნებელი, ამბობს, რომ მთიანი ყარაბაღის მიმდინარე კონფლიქტის გამო ჯერ კიდევ ჭირს ზუსტი ინფორმაციის მიღება. მკვლევარები იძულებული არიან უფრო მეტად სოციალურ ქსელებს დაეყრდნონ, რადგან მოკონფლიქტე მხარეები ერთმანეთის თავგზის ასაბნევად ხშირად არაზუსტ ცნობებს ავრცელებენ.

ამ ვითარებაშიც კი ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ აზერბაიჯანი უფრო ფართოდ გამოიყენებს უპილოტო საფრენ აპარატ „კამიკაძეებს“.

„როგორც ირკვევა, ბრძოლის ველზე სამხედრო უპირატესობის მისაღწევად აზერბაიჯანი მთავარ აქცენტს აკეთებს უპილოტო საფრენ აპარატებზე, როგორც მოწინააღმდეგეზე მძლავრი ზემოქმედების ეფექტიან ინსტრუმენტზე“, - უთხრა გეტინგერმა რადიო თავისუფლებას.

ექსპერტების შეფასებით, სომხეთის დრონების პარკი ერთობ მოკრძალებულად უნდა გამოიყურებოდეს. სომხეთმა 2011 წელს განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალებისათვის სახელმწიფომ შექმნა საკუთარი უპილოტო მფრინავი აპარატები - თავდაპირველად Krunk-ი, შემდგომ წლებში კი ორი სხვა მოდელი, Baze და Ptero-5.

მაგრამ ყველა ეს შიდა წარმოების დრონი დაზვერვისა და თვალთვალისთვის არის განკუთვნილი და არა, „კამიკაძე დრონების“ მსგავსად, თვითგანადგურების გზით საბრძოლო მისიის შესასრულებლად.

უცნობია, თუ რამდენად გამოიყენა სომხეთმა უპილოტო ავიაცია მთიან ყარაბაღში საბრძოლო ესკალაციის ბოლო ეტაპზე. ზოგიერთი შეფასებით, სომხეთს შეიარაღებაში სულ რამდენიმე ათეული დრონი უნდა ჰქონდეს.

ძნელი დასადგენი აღმოჩნდა მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპულთა ზუსტი რიცხვი.

მთიანი ყარაბაღის სამხედრო სარდლობამ 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ შეტაკების დროს დაკარგა სულ მცირე 350 მისი მებრძოლი. აზერბაიჯანს არ გამოუქვეყნებია მონაცემები დანაკარგების შესახებ. სამხედრო მოქმედების შედეგად ორივე მხარეზე ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა.

ასევე არ არსებობს მონაცემები ბრძოლის ველზე ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ.

2 ოქტომბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გაანადგურა აზერბაიჯანის კუთვნილი 107 ერთეული უპილოტო თვითმფრინავი, თუმცა ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ყოფილიყო სწორედ „კამიკაძე თვითმფრინავი“, რომლებმაც თავი განზრახ აიფეთქეს.

დრონებით ბრძოლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ფსიქოლოგიური ზემოქმედება და პროპაგანდა - კერძოდ, მოწინააღმდეგის პოზიციებზე განხორციელებული იერიშების ვიდეო და ფოტოკამერით დაფიქსირება.

მაგალითისათვის: აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ტვიტერისა და ტელეგრამის არხებით ლამის ყოველდღიურად ავრცელებდა სომხეთის სამხედრო ქვედანაყოფებზე აზერბაიჯანული უპილოტო ავიაციის სარაკეტო თავდასხმებისა თუ „კამიკაძე დრონების“ მიერ განხორციელებული იერიშების ამსახველ ვიდეოკადრებს.

ასევე, ორივე მხარე ცდილობდა მოეპოვებინა ნივთმტკიცების სახით განადგურებული დრონების ნამსხვრევები, რათა მოწინააღმდეგე მხარე ემხილებინა სამხედრო დანაშაულის ჩადენასა თუ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG