Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრძოლა ერთი კარვისთვის


ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ ერთი კარვის დადგმის უფლებას ითხოვენ, მაგრამ ამაოდ. პოლიცია მათ ამის ნებას არ აძლევს.

„უკვე ძალიან ცივა, თითქმის ყველა ავადაა.რა მოხდება, რომ მოგვეცეს კანონით მონიჭებული, კარვის დადგმის უფლება?“, - კითხვას სვამს სარალიძე.

31 ოქტომბერს საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე შსს-მ განაცხადა, რომ გამოძიებას აქვს ოპერატიული საიდუმლო ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც უარს ეუბნება სარალიძეს და მის გვერდში მდგომებს კარვის გაშლაზე, თუმცა ამ ინფორმაციაზე ღიად ვერ ისაუბრებს: „მოსარჩელეების უსაფრთხოების დაცვით განპირობებული გადაწყვეტილება“, - ასე ხსნიან ისინი იმ ფაქტს, რომ აქციის მონაწილეებს დღემდე არ ეძლევათ კარვის გაშლის უფლება.

რა შეიძლება შეცვალოს ერთა კარავმა სახელმწიფოსთვის? - ეს კი სარალიძის დაცვის მხარის კითხვაა. ამ სასამართლოზე ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მოითხოვენ სასამართლომ ბათილად ცნოს პარლამენტის შენობის წინ, ტროტუარზე, მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და კარვის განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვაზე მიღებული გადაწყვეტილება.

ბრძოლა ერთი კარვისთვის
please wait

No media source currently available

0:00 0:02:09 0:00

„თქვენი იმედი მაქვს ქალბატონო მოსამართლევ. მარაზმში გადადის უკვე კარვის დადგმის გამო პოლიციის ქმედება. ყველა მოდის, ფორმიანიც და უფორმოც და ჩვენზე ზეწოლას ახოციელებს. ყველა ავადაა, ხან ერთ საავადმყოფოში ვართ, ხან მეორეში. მოგვეცით კარვის დადგმის უფლება, რატომ გვიკრძალავთ“, - ასე მიმართა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ მოსამართლე ნანა დარასელიას.

საკუთარი ფეისბუკის გვერდზე კი დაწერა:

„შვილებს გვიხოცავენ, მკვლელები რესტორნიდან რესტორანში გადადიან და ჩვენ სამართლის აღდგენის მოთხოვნის უფლებას გვიკრძალავენ“.

შსს-მ სხდომის გადადება მოითხოვა. სასამართლოს, მისი მოთხოვნის მიუხედავად, ჯერ შსს-გან მასალები არ მიუღია. მათ არც დაცვის მხარის შეკითხვას უპასუხეს - რის საფუძველზე შეიზღუდა ზაზა სარალიძის და მისი თანამოზრეების გამოხატვის უფლება 26 სექტემბერს?

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროცესის გაჭიანურების მცდელობაზე ლაპარაკობს. საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე კი განმარტავს, რომ შსს-ს არა აქვს უფლება ხელი შეუშალოს მოქალაქეს კარვის გაშლაში იმ ადგილას, სადაც ტრანსპორტი არ გადაადგილდება და სადაც ის მშვიდობიანი ფორმით გამოხატავს თავის პროტესტს:

„ასეთ რამეს არ იცნობს ჩვენი კანონმდებლობა. მეორე საკითხია სასამართლო, რომელმაც სამ დღეში განსახილველი საქმე 30 დღეზე გაწელა და დღეს კიდევ გადადო ამ საქმის განხილვა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეს ეზღუდება უფლება მშვიდობიანი გზით გამოხატოს პროტესტი და მოქმედებდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში“.

მოსამართლემ შსს-ს საქმის მასალების წარდგენის ვადა მისცა 15 ნოემბრამდე. ამ დღეს გახდება ცნობილი მომდევნო სხდომის თარიღიც. მანამდე კი ზაზა სარალიძესაც, მალხაზ მაჩალიკაშვილსაც და მათ ყველა თანამოაზრეს, სულ დაახლოებით 20 ადამიან, ვინც დღე და ღამე რუსთაველის გამზირზეა, ღია ცის ქვეშ გათენება მოუწევთ.

ხორავას ქუცაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და პანკისის ხეობაში სუს-ის სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი საქართველოს პარლამენტთან 10 სექტემბრიდან მართავენ აქციას მათი შვილების მკვლელობის საქმის ობიექტურად და სრულყოფილად გამოძიების და დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით.

პოლიციამ სარალიძეს და მაჩალიკაშვილს რამდენჯერმე არ მისცა პარლამენტთან კარვის გაშლის უფლება. 26 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მორიგი კონსტრუქციის დადგმის მცდელობას მოჰყვა სამართალდამაცავებთან ზაზა სარალიძის და მისი მომხრეების ფიზიკური დაპირისპირება. სარალიძე პოლიციელზე ძალადობაშია ბრალდებული და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ემუქრება ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG