Accessibility links

ბრძოლა რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გადაადგილებისთვის


რუსთავის პარკი

რუსთაველმა ველომოყვარულებმა ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკში გადაადგილებისთვის ბრძოლა დაიწყეს მას შემდეგ, რაც ივნისიდან პარკის ტერიტორიაზე ველოსიპედით მიმოსვლა საღამოს 7-დან დილის 6 საათამდე აეკრძალათ. ეს ბრძანება მერიის დაქვემდებარებაში მყოფი „რუსთავსერვისის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, გიორგი გოროზიამ, გამოსცა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების დაცვის მოტივით:

„[პარკში] იმტვრევიან ბავშვები. სასწრაფოს გამოძახება დაგვჭირდა, როცა ველოსიპედისტი ბავშვს დაეჯახა. სანამ ასეთი უსიამოვნო ფაქტებია და უარესი არ მომხდარა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით 7 საათის შემდეგ, როგორც კი [პარკში] დამსვენებელთა ნაკადი მატულობს, ვზღუდავთ ველოსიპედისტთა გადაადგილებას“.

გიორგი გოროზიას გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა. ველომოყვარულები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ არ დაემორჩილებიან ბრძანებას, რომელიც არაკონსტიტუციურია და არღვევს თავისუფლად გადაადგილების უფლებას. მათ „რუსთავსერვისის ცენტრის“ ხელმძღვანელსა და ქალაქის მერთან შეხვედრაც დაგეგმეს. შეხვედრა შედგა, თუმცა მას რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა, არ დასწრებია. ველომოყვარულებს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ზაზა ზაზაძე, და გიორგი გოროზია შეხვდნენ. ველომოყვარულებისა და გოროზიას საუბარი კამათით დაიწყო.

ვითარების შედარებით დამშვიდების შემდეგ, რუსთაველმა გოგა ჯმუხაძემ პარკში ცალკე ველობილიკის გაკეთება ითხოვა, რასაც სხვა ველომოყვარულებიც დაეთანხმნენ.

„არასოდეს ყოფილა საუბარი იმაზე, რომ ოდესმე პარკი ველომოყვარულებისთვის დაიკეტებოდა. პირიქით, გვეუბნებოდნენ, მოგვიტანეთ პროექტი და [პარკში] გაგიკეთებთ ველობილიკსო. მე, რუსთავის მოქალაქეს, არ მაქვს ვალდებულება არავის წინაშე, რომ პროექტები ვაკეთო. ეს მერიამ უნდა უზრუნველყოს და გააკეთოს ველობილიკი პარკში. იქ გაზრდილია ფეხით მოსიარულეთა რაოდენობა, გაიზარდა ველომოყვარულთა რაოდენობა“.

ველომოყვარულებმა „რუსთავსერვისის ცენტრის“ ხელმძღვანელს ალტერნატივაც შესთავაზეს - დაუშვან ველოსიპედით მოძრაობა ღამის 11 საათიდან, როცა, მათი დაკვირვებით, ფეხით მოსიარულეთა ნაკადი იკლებს.

რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაზა ზაზაძემ, ველომოყვარულებს აუხსნა, რომ პარკის რეაბილიტაციისას, რომელიც 2017 წელს დასრულდა, ველობილიკები გათვალისწინებული არ ყოფილა, არსებული ბილიკები კი ფეხით მოსიარულეებისთვის არის განკუთვნილი. ზაზაძე ეჭვობს, რომ ველომოყვარულებისთვის ცალკე ზოლი ახლო მომავალში გაკეთდეს:

„ჩემთვის ამოცანად არავის დაუსახავს, რომ [პარკში] ახალი ზოლი გაკეთდეს, ტბის გარშემო არსებულ ბილიკზე კი, რომელსაც გვთავაზობთ, ველოსიპედისტები და ფეხით მოსიარულენი ერთდროულად ვერ იმოძრავებენ. ესე იგი, რაღაც დამატებითი უნდა გაკეთდეს“.

რუსთავის პარკი
რუსთავის პარკი

დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრის შედეგი ის იყო, რომ 5 ივნისს ორივე მხარე რუსთავის მერთან ალტერნატიულ წინადადებებს განიხილავს. საჯარო სამართლის სპეციალისტი გრიგოლ წაქაძე მიიჩნევს, რომ გიორგი გოროზიას, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის, „რუსთავსერვისის ცენტრის“, ხელმძღვანელს, ადმინისტრაციული აქტის გამოცემის უფლება არ ჰქონდა. წაქაძის განმარტებით, პარკი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და იქ გადაადგილების შეზღუდვასა და სხვა აკრძალვებზე უნდა იმსჯელოს საკრებულომ ან მერიამ. საჯარო სამართლის სპეციალისტი ველომოყვარულებს ურჩევს, მერიას საჩივრით მიმართონ და, უარის შემთხვევაში, სასამართლოში იჩივლონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG