Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუდაპეშტის გამბიტი, ორბანის ბრიუსელთან თამაში და საფრთხე, რომელიც საქართველოს სტატუსს ელის


ირაკლი ღარიბაშვილი და ვიქტორ ორბანი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბუდაპეშტში, 27 ოქტომბერი, 2022 წელი.
ირაკლი ღარიბაშვილი და ვიქტორ ორბანი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბუდაპეშტში, 27 ოქტომბერი, 2022 წელი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა შესაძლოა დაბლოკოს ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტი, რაც ავტომატურად - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის დაბლოკვასაც ნიშნავს.

ორბანი ძირითადად უკრაინას უპირისპირდება; მაგრამ ერთიანი დოკუმენტიდან ის მხოლოდ უკრაინის საკითხს ვერ დაბლოკავს.

ექსპერტების შეფასებით, ეს არის შანტაჟი, რა გზითაც ორბანი გაყინული დახმარების - მილიარდობით ევროს მიღებასა და საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას ცდილობს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მოსკოვთან კონტაქტების გათვალისწინებით, ექსპერტების ნაწილისთვის ნათელია, რომ - მისი გადაწყვეტილებები რუსეთის ინტერესებსაც ერგება.

ევროკავშირისა და უნგრეთის მოლაპარაკებები ჯერ ისევ მიმდინარეობს. თუკი ორბანი ბოლომდე გაჯიუტდება, ბრიუსელს უნგრეთის გვერდზე გაწევის ბერკეტიც აქვს, მაგრამ ევროკავშირის გაფართოების პროცესი შესაძლოა დროში მნიშვნელოვნად გაიწელოს.

ბლოკის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური მოხსენება ევროკავშირის ევროპულმა საბჭომ, წინასწარი ინფორმაციით, 15 დეკემბერს უნდა განიხილოს და ამ დღეს დიდი ემოციით ელოდებიან საქართველოში.
ორბანთან მტკიცედ დამეგობრებული "ქართული ოცნების" ხელისუფლება ამ დღეს დიდი ზეიმის გამართვასაც გეგმავს.

რა უნდა ორბანს?

ვიქტორ ორბანმა ბრიუსელს აცნობა, რომ დეკემბრის სამიტზე აპირებს უკრაინისთვის გამიზნული დახმარებისა და ევროკავშირში მისი გაწევრიანების საკითხის დაბლოკვას. თუმცა გაფართოების საკითხზე მომზადებული დოკუმენტი, რომელიც ევროპულ საბჭოში უნდა განიხილონ, მხოლოდ უკრაინას არ შეეხება. სწორედ ეს დოკუმენტი მოიცავს, მათ შორის - საქართველოს, მოლდოვასა თუ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებულ პერსპექტივებსა და მათი აღსრულების გზებს.

პანევროპული მედიაქსელი EUROACTIV-ი ევროკავშირის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ვიქტორ ორბანის მთავარი მოთხოვნაა - ევროკავშირმა „სასწრაფოდ გადახედოს“ უკრაინის მიმართ სტრატეგიას და, ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ, სწორედ ამ პრობლემური საკითხის გარშემო სასაუბროდ შეხვდა მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.

ორბანი და მიშელი ერთმანეთს ორშაბათს, 27 ნოემბერს, ბუდაპეშტში შეხვდნენ. ორბანმა შეხვედრას „სასარგებლო“ უწოდა, თუმცა საბოლოო შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.

„ევროკავშირის ერთობა მოითხოვს მუდმივ ძალისხმევას და ეს არის ჩვენი მთავარი ძალა“, - დაწერა X-ზე უნგრეთში კონსულტაციებისთვის საგანგებოდ ჩასულმა შარლ მიშელმა.

შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

რა სურს უნგრეთს - ორბანის მიზანი და მოტივაცია

ექსპერტების დიდი ნაწილის შეფასებით, უნგრეთი ვერ ეგუება რეალობას, რომ წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით არსებული ჩავარდნების გამო, მას ევროკავშირი უარს ეუბნება ფინანსების გამოყოფაზე საბიუჯეტო ფონდებიდან, წევრი ქვეყნების დახმარების პროგრამებისთვის.

ევროკომისიამ ბუდაპეშტს 900 მილიონი ევრო ახლახან მაინც გამოუყო [კოვიდის შედეგებთან ბრძოლის ფონდიდან], რაც ექსპერტების ნაწილმა ერთგვარ დაშოშმინების მცდელობად შეაფასა.

დანარჩენ თანხას მკაცრი პირობები მოჰყვება - რეფორმები, ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვა, კანონის უზენაესობის გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა და სხვა.

ბუდაპეშტისთვის გაყინული თანხის მოცულობა, სხვადასხვა დანიშნულების ფონდებში, ჯამში, 22 მილიარდ ევროს შეადგენს.

ექსპერტთა წრეებში ასევე ლაპარაკობენ ორბანის კიდევ ერთ სავარაუდო მიზანზე - მოახდინოს ამომრჩევლების მობილიზება ევროპარლამენტის ივნისის არჩევნების წინ და ამით არის განპირობებული ხისტი დაპირისპირება, მათ შორის - ევროკომისიის პრეზიდენტთან - ურზულა ფონ დერ ლაიენთან.

ექსპერტები მიუთითებენ, რომ ვიქტორ ორბანი ასევე დაპირისპირებული იყო ევროკომისიის მაშინდელ პრეზიდენტთან ჟან-კლოდ იუნკერთან, 2019 წელს, ევროპარლამენტის წინა არჩევნების მოახლოებისას.

ბოლო პერიოდში ორბანმა განსაკუთრებით გააძლიერა კრიტიკა ევროკავშირისა და აშშ-ის მისამართით.

ორბანი არა უნგრეთის შეცვლას, არამედ ევროკავშირის შეცვლას ცდილობს.

პლატფორმა X-ზე ნოემბერში გამოქვეყნებული პოსტების დიდი ნაწილი ანტიამერიკულ გზავნილებსაც მოიცავს.

ორბანი წერს - რომ „ბიუროკრატები ბრიუსელიდან გლობალისტური ელიტის ჯიბეში სხედან“ და არავის სურს იყოს „სოროსის ვალის მონა“, „ევროპელ ხალხს არ უნდა მიგრაცია, მათ არ უნდათ ომი და არეულობა“ და რომ „ბრიუსელში ცვლილებების დრო მოვიდა“. ევროკავშირს ის „თანამედროვე სუსტ კომედიას უწოდებს“.

უკრაინასთან მიმართებით გზავნილები ძველებურია - უნგრეთის პრემიერ-მინისტრი კვლავ იმეორებს, რომ საჭიროა ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები - მით უფრო ახლა, როცა, მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში გარდატეხა ვერ ხდება.

ექსპერტები თვლიან, რომ ორბანი რისკზე მიდის, რადგან ევროკავშირმა შესაძლოა ის მოიკვეთოს, რისკენაც უნგრეთს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმაც მიანიშნა. ბორელმა ოქტომბრის მიწურულს განაცხადა, რომ უნგრეთს არავინ ავალდებულებს - იყოს ევროკავშირის წევრი.

რა საფრთხეა საქართველოსთვის?

თუკი უნგრეთსა და ბრიუსელს შორის საერთო ენა ვერ გამოინახება და ვიქტორ ორბანი დაპირებულ ვეტოს გამოიყენებს - ევროკომისიის გაფართოების მოხსენების დაბლოკვით - უკრაინასთან ერთად, სხვა არაერთი ქვეყნის და მათ შორის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს შეაფერხებს.

გასული წლის ივნისის შემდეგ, როცა ევროკომისიამ და ევროკავშირის ევროპულმა საბჭომ, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ორბანი და მისი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად იმეორებდნენ, რომ ევროკავშირი საქართველოს უსამართლოდ მოექცა, რასაც ორბანზე აპელირებით - ხშირად იმეორებდნენ „ქართულ ოცნებაშიც“.

დღეს კი, როცა კანდიდატის სტატუსის საკითხი თითქმის გადაწყვეტილია და ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია არსებობს, შესაძლოა ეს პროცესი სწორედ უნგრეთმა დაბლოკოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ საფრთხეს ვერ ხედავს საქართველოსთვის, რადგან „საქართველოს ჰყავს ბევრი გულშემატკივარი ევროპულ ოჯახში“, თავად ვიქტორ ორბანიც მათ რიცხვშია და თბილისი ინტენსიურ კომუნიკაციაშია ევროკავშირის ქვეყნებთნ.

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრი არის საქართველოს ძალიან დიდი გულშემატკივარი, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გულშემატკივარი, როგორც თვითონ, ასევე მისი მთავრობა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე მრავალმხრივ ფორმატებშიც გვაქვს თანამშრომლობის კარგი გამოცდილება და ყველა იმ ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან გვაქვს ძალიან დინამიური ურთიერთობები, განსაკუთრებით ახლა, მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება დადებითი რეკომენდაციის შესახებ.

უკვე საბოლოოდ ჯერი დგება წევრ ქვეყნებზე, ვინც თითო ხმა უნდა მისცეს. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ ძალიან ახლოს მეგობრებთან, მათ შორის - უნგრეთთანაც ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ეს გულშემატკივრობა გადაიზარდოს კონკრეტულ შედეგებში და ეს შედეგი არის საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მინისტრ დარჩიაშვილს აღარ დაუკონკრეტებია, რომ ევროკავშირში საქართველოს მეგობრების რიცხვის მიუხედავად, უნგრეთს აქვს ვეტოს უფლება, რომ შეაფერხოს ბლოკის გაფართოების გადაწყვეტილება - ევროკავშირში მოქმედი კონსენსუსის პრინციპი, გადაწყვეტილების მიღებისას, უკლებლივ ყველა წევრის თანხმობას საჭიროებს.

რა არის გამოსავალი?

„რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელის, კახა გოგოლაშვილის შეფასებით, ბრიუსელს შეუძლია - უნგრეთს ევროპულ საბჭოში ხმის უფლება შეუჩეროს ან საერთოდაც მოიკვეთოს ის, რაც ორბანის მთავრობისთვის, ქვეყნის შიგნით, დამაზიანებელი იქნება.

„ევროკავშირის დამფუძნებელი შეთანხმების მე-7 მუხლის მიხედვით, ხმის უფლების ჩამორთმევის საკითხის განხილვა შეუძლია ევროპული საბჭოს შემადგენლობის 4/5-ს. თუ დაადგინეს, რომ ქვეყანა მართლაც არღვევს ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას, ხმის უფლების ჩამორთმევის საკითხი უკვე კენჭისყრაზე დადგება და გადაწყვეტილებას მიიღებს უბრალო უმრავლესობა. უნგრეთის წინააღმდეგ განაცხადის შეტანა შეუძლია წევრი ქვეყნების 1/3-ს, ევროკომისიას ან ევროპარლამენტს“, - კახა გოგოლაშვილი გვეუბნება, რომ ხმის უფლების ჩამორთმევა წერტილს დაუსვამს უნგრეთის მხრიდან შანტაჟს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

ამ გზის მკაფიო უარყოფითი მხარე ის არის, რომ პროცესი შესაძლოა დროში გაიწელოს და, შესაბამისად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის საკითხი ევროპულმა საბჭომ, შესაძლოა, არა წელს, არამედ მომავალ წელს განიხილოს.

გოგოლაშვილის თქმით, უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის უპრეცედენტო გადაწყვეტილება იოლი მისაღები არ იქნება ევროკავშირისთვის, რადგან, „ევროკავშირი უფრთხილდება თავის ყოველ წევრს და ერთობას“.

„მაგრამ ევროკავშირი ვერც იმას დაუშვებს, რომ წევრმა ქვეყანამ აბსოლუტური იგნორირება გაუკეთოს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და არც იმას დაუშვებს, რომ - ომში მყოფ უკრაინას არ მიეწოდოს დახმარება - ერთადერთი ქვეყნის - უნგრეთის - მხრიდან შანტაჟის გამო.

ღირებულებების დათმობა ევროკავშირის განადგურებას ნიშნავს. ევროკავშირს ურჩევნია - უნგრეთი საერთოდ გავიდეს მისი რიგებიდან, ვიდრე განადგურდეს თავად“, - გოგოლაშვილი ასევე ამატებს, რომ თუკი ორბანი უნგრეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხს დააყენებს, - მას თავის ქვეყანაში ხალხი აუმხედრდება და მაინც იმედოვნებს, რომ „თუ იგრძნობს, რომ [ხმის უფლების შეჩერების ან ევროკავშირის დატოვების] საფრთხე რეალურია, ორბანი უკან დაიხევს“.

მსგავსება

კახა გოგოლაშვილი ბევრ საერთოს ხედავს ორბანისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რიტორიკასა და „ევროკავშირთან გაჯიბრებას“ შორის.

„ჩვენთანაც - ხელისუფლება ამბობს, ამას არ გავაკეთებთ, იმას არ გავაკეთებთ [რასაც ევროკავშირი ითხოვს], მაინც შევალთ ევროკავშირში, ცალ ფეხზე არ ვირბენთ, ჩვენს სუვერენიტეტს შევინარჩუნებთ და ასე შემდეგ... ზუსტად იგივეს ამბობს ორბანი, როცა ევროკავშირს უპირისპირდება - ჩვენ მაგათ ვაჩვენებთ სეირსო, ვაიძულებთ პატივი გვცენო, მილიარდებსაც მივიღებთო და ყველაფერსო...ამ დროს არ აკეთებს იმას, რისკენაც ევროკავშირი მიუთითებს“, - კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ეს ერთი ხელწერაა და მიზანს ძალაუფლების შენარჩუნება წარმოადგენს.

„ტროის ცხენი“

უნგრეთი, როგორც რუსეთის „ტროის ცხენი“ ევროკავშირში - ასე მოიხსენიებენ ორბანის უნგრეთს დღეს უკრაინაში, რომლისთვისაც გადამწყვეტია ევროკავშირის მიერ დაპირებული 50-მილიარდიანი დახმარება, ფართომასშტაბიან ომში რუსეთთან.

ექსპერტებისთვის ცხადია, რომ ნაბიჯები, რომლებსაც ორბანი დგამს, რუსეთის ინტერესებში შედის.

პოლიტოლოგი პიოტრ ოლეშჩუკი უკრაინული ტელეარხის ეთერში შენიშნავს, რომ უნგრეთი პრობლემებს ქმნის არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ ნატოს გაფართოების მიმართულებითაც, [შვედეთის გაწევრებასთან დაკავშირებით], რაც, მისი თქმით - პირდაპირ რუსეთის ინტერესებში შედის.

„აბა, როგორ უნდა შეაფასოს უნგრეთმა შვედეთის დემოკრატიულობა?! ეს ხომ აბსურდია, მაგრამ, ფაქტია, უნგრეთი პრობლემებს ქმნის... ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციას რაც შეეხება, ვფიქრობ, ორბანისა და მისი რუსი პარტნიორების მიზანია - შეანელონ უკრაინის სვლა ევროკავშირისკენ, რაღაც დროით - თუნდაც 6 თვით ან მეტით“, - უკრაინელი პოლიტოლოგი ასევე ამბობს, რომ რუსეთის მიზანი დროის მოგებაა იმ იმედით, რომ ევროპის ქვეყნებში არჩევნების შედეგად გაიმარჯვებენ მის მიმართ ლოიალური მთავრობები.

„უნგრეთი მშვიდობის სტრატეგიას ემხრობა. გავაკეთებთ ყველაფერს, მშვიდობისთვის. ჩემი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან ამ მიზანს ემსახურებოდა“, - უთხრა ვიქტორ ორბანმა ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც ოქტომბერში პეკინში პუტინს შეხვდა და დასძინა, რომ უნგრეთისთვის საამაყოა, იყოს ამ თემაზე მოსაუბრე ერთადერთი ქვეყანა ევროპაში.

„[მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა] ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანასთან, ამ შემთხვევაში - უნგრეთთან, მოსაზრებების გაცვლა არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებზე, არამედ მსოფლიოში, ევროპაში არსებულ ვითარებაზეც“, - თქვა მაშინ პუტინმა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG