Accessibility links

site logo site logo

ბულგარეთისა და მოლდოვის არჩევნების გაკვეთილები


ხმების დათვლა. მოლდოვა

11 ივლისს ბულგარეთსა და მოლდოვაში ერთდროულად გაიმართა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელთა შედეგად ერთ შემთხვევაში ევროკავშირისა და ნატოს, მეორე შემთხვევაში კი აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრ ნეიტრალური სტატუსის ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში შესაძლოა დიდი რყევები მოხდეს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ორივე ამ ქვეყანაში გამარჯვებას მიაღწიეს ანტიელიტურმა და ანტიკორუფციულმა ძალებმა. მოლდოვის შემთხვევაში ამ დახასიათებას სიტყვა „პროდასავლურიც“ ემატება.

შედარებით უკეთეს ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ვითარებაში მყოფი ბულგარეთისა და ჯერ კიდევ რუსეთ-დასავლეთის გზაგასაყარზე მყოფი ევროპის უღარიბესი მოლდოვის ამ არჩევნებს კიდევ ერთი რამ აქვთ საერთო: ორივეგან ვადამდელი არჩევნები კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების წარუმატებელმა მცდელობამ განაპირობა.

თუმცა, ანალიტიკოსთა შეფასებით, მოლდოვის ვადამდელი არჩევნების შედეგებს, ალბათ, ინატრებენ ბულგარეთის ანტიელიტური ძალები, რომლებსაც, წარმატების მიუხედავად, წინ კოალიციური მთავრობის ფორმირების საკმაოდ რთული პერიოდი ელოდებათ.

ქურდების ეპოქის დასასრული მოლდოვაში?

11 ივლისს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპულ და პროდასავლურ „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიას ამომრჩეველთა 52, 80-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე გასულ „კომუნისტებისა და სოციალისტების საარჩევნო ბლოკს“, რომელსაც მოლდოვის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტები, ვლადიმირ ვორონინი და იგორ დოდონი, მეთაურობენ, ამ დროისათვის ამომრჩეველთა ხმების 27, 17 პროცენტი აქვს, ხოლო მესამე ადგილს იკავებს პარტია „შორი“, რომელსაც ბიზნესმენი ილან შორი ხელმძღვანელობს. მას ხმა ამომრჩეველთა 5, 74-მა პროცენტმა მისცა.

ეს შედეგები მაია სანდუს პარტიას 101-ადგილიან პარლამენტში აძლევს 63 მანდატს, რითაც „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტია დამოუკიდებლად შეძლებს ჯერ პარლამენტის სპიკერის და შემდეგ პრემიერ-მინისტრის არჩევას.

„ამ შედეგებით პროსაპრეზიდენტო პარტია მთავრობის ფორმირებას და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებას დამოუკიდებლად შეძლებს. ყოფილი პრზიდენტის, იგორ დოდონის ლიდერობით მოქმედმა პრორუსულმა ძალებმა, რომლებიც მოსკოვთან მჭიდრო ეკონომიკურ კავშირს ემხრობიან, არჩევნების ისტორიაში ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენეს. ოპოზიციის ლიდერმა იგორ დოდონმა უკვე განაცხადა, რომ ახალი პარლამენტი - ეს ნიშნავს კარგი ურთიერთობის დასასრულს მოლდოვასა და რუსეთს შორის“, - ამბობს რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის პოლიტიკური მიმომხილველი, ვალენტინა ურსუ.

როდესაც მოლდოვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა, პრეზიდენტმა მაია სანდუმ თავის ფეისბუკში ასეთი რამ დაწერა:

„იმედი მაქვს, რომ მოლდოვა დღეიდან დაასრულებს რთულ ეპოქას, მოლდოვაში ქურდების მმართველობის ეპოქას. წინ დიდი გამოწვევები გველის და ხალხს კი სურს იხილოს შედეგები. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ უპირატესობა სუფთა პარლამენტის და მთავრობისა, რომლებიც ხალხის პრობლემებზე ზრუნავენ“.

შესაბამისად, ეჭვგარეშეა, რომ პარლამენტისა და მთავრობის ფორმირების შემდეგ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ძალაუფლების ვერტიკალში მყოფი მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ, შეეცდება საქმედ აქციოს თავისი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და კორუფციისგან გაათავისუფლოს ქვეყნის პოლიტიკური და სასამართლო სისტემები. თუმცა მიუხედავად საპარლამენტო არჩევნებში მისი პოლიტიკური ძალის მიერ ნაჩვენები შთამბეჭდავი შედეგისა, ეს ბრძოლა არ იქნება უმტკივნეულო და არც ისაა უეჭვო, რომ მოლდოვის ანტიელიტური და ანტიკორუფციული ძალები შეძლებენ ამ ბრძოლაში წარმატებას მიაღწიონ.

„მაია სანდუს აქვს რეფორმების გატარების შანსი, მაგრამ ამას მნიშვნელოვანი წინაღობები აქვს: უპირველეს ყოვლისა, სასამართლოსა და პროკურატურაში გამეფებული "სისტემა" - ის, რასაც საქართველოში "კლანს" ვუწოდებთ ხოლმე - ძირითადად ოლიგარქ ვლად პლახოტნიუკის ხალხითაა დაკომპლექტებული. მათი მოშორება გაჭირდება თუნდაც იმიტომ, რომ კანონიერად ამის გაკეთება რთულია და, თან, არც კადრებია საკმარისი. მეორე პრობლემა საჯარო სამსახურის სრული დემოტივაცია და კვალიფიციური მოლდოველების ქვეყნიდან გადინებაა. მოკლედ, სანდუს მოსვლა არის შანსი მოლდოვისთვის, მაგრამ ამ შანსის რეალიზების შესაძლებლობები არც ისე მაღალია“, - ამბობს „ევროპის მოამბის“ რედაქტორი ჯაბა დევდარიანი.

მოლდოვის 101-მანდატიან პარლამენტში მოსახვედრად 11 ივლისის ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობდა 20 პოლიტიკური პარტია, 2 საარჩევნო ბლოკი და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი.

ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 48.1 % შეადგინა.

ძველი ძალების ახლებური გადანაწილება ბულგარეთში

ამასთან, თუ მოლდოვაში ნაჩვენები შედეგებით პროდასავლელ პრეზიდენტ მაია სანდუს მომხრე პოლიტიკური პარტია (PAS) დამოუკიდებლად შეძლებს მთავრობის ფორმირებას, ბულგარეთში გამარჯვებულ სატელევიზიო შოუმენის, 54 წლის სლავი ტრიფონოვის, პარტიას (ITN) კოალიციური პარტნიორების მოძებნა მოუწევს არცთუ მთლად უმწიკვლო რეპუტაციის პოლიტიკურ ძალებს შორის.

ბულგარეთში ვადამდელი არჩევნების ბიულეტენების 100 პროცენტის დათვლის შემდეგ პირველ ადგილზეა სატელევიზიო შოუმენის, 54 წლის სლავი ტრიფონოვის, პარტია „არის ასეთი ხალხი“ (ITN), რომელსაც 24 %-მა დაუჭირა მხარი. მას სულ რაღაც ნახევარი პროცენტით ჩამორჩება ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია - GERB-ს 23,51 პროცენტი მიემხრო.

ბულგარეთის სოციალისტურმა პარტიამ (BSP), ამავე მონაცემებით, მოაგროვა ხმების 13,39 პროცენტი, ხოლო ლიბერალებმა, დასავლური ორიენტაციის „დემოკრატიულმა ბულგარეთმა“, - 12,64 პროცენტი.

ITN-ის ლიდერი, სატელევიზიო შოუმენი, 54 წლის სლავი ტრიფონოვი, გამოვიდა თავისი გეგმით კაბინეტის შექმნის შესახებ. მაგრამ ტრიფონოვის გეგმა უკუაგდეს ორმა პოტენციურმა პარტნიორმა - „დემოკრატიულმა ბულგარეთმა“ და ყოფილი სახალხო დამცველის, მაია მანიოლოვას, ცენტრისტულ-მემარცხენე პარტიამ, რომელმაც 11 ივლისის არჩევნებში გადალახა საარჩევნო ბარიერი და ხმათა 5,04 პროცენტი მიიღო.

„მოლდოვის მსგავსი ვითარებაა ბულგარეთში. აქაც, უკვე რამდენი ხანია, ქვეყანა, ოლიგარქიული მმართველობის შედეგად, ინსტიტუციური პარალიზების მდგომარეობაშია. აქაც პროკურატურაა კორუფციის გენშტაბი და მასთან ბრძოლა უაღრესად რთულია. არჩევნებმა მკვეთრი შედეგი ვერ მოიტანა. საკმაოდ ბევრი ხმა მიიღო ბორისოვის პარტიამ, რომელიც ოლიგარქიული ინტერესების მთავარი გამტარია, თუმცა მმართველ კოალიციას, ალბათ, ვერ შექმნის“, - ამბობს ჯაბა დევდარიანი.

აღსანიშნავია, რომ ბულგარეთი ვადამდელი არჩევნების ჩატარების წინაშე დადგა მას შემდეგ, რაც აპრილიდან პარლამენტში მოხვედრილმა ძალებმა სამჯერ ვერ შეძლეს კოალიციური მთავრობის ფორმირება.

2021 წლის აპრილში გამართული არჩევნების შედეგების მიხედვით, 240-ადგილიან პარლამენტში პრემიერ ბოიკო ბორისოვის პარტიას წილად ხვდა 75 მანდატი, სლავი ტრიფონოვის პარტიას - 51.

საკანონმდებლო ორგანოში 43 ადგილი მოიპოვა კომუნისტური წარმოშობის პრორუსულმა ბულგარეთის სოციალისტურმა პარტიამ (BSP), ხოლო პარტიამ „მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებებისათვის“, რომლის წევრების უმრავლესობაც თურქია, 30 მანდატი მიიღო.

არჩევნების შემდეგ ჯერ „გერბმა", მერე „არის ასეთი ხალხი“ და შემდეგ სოციალისტებმა ცალ-ცალკე სცადეს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება, მაგრამ სათანადო ხმები ვერ მიიღეს და მთავრობის შექმნის მანდატი 5 მაისს უკან დაუბრუნეს ქვეყნის პრეზიდენტს, რუმენ რადევს.

კონსტიტუციის თანახმად, ბულგარეთის პრეზიდენტმა დაშალა პარლამენტი, შექმნა დროებითი მთავრობა და 11 ივლისისთვის დანიშნა ვადამდელი ახალი არჩევნები.

თუ რა იქნება ბულგარეთში პარლამენტში ძველი ძალების ახლებური გადანაწილების შემდეგ, ეს მას შემდეგ გაირკვევა, როდესაც პირველ ადგილზე გასული ძალა შეეცდება კოალიციური მთავრობის ფორმირებას, რაც, როგორც ზემოთ ითქვა, შოუმენ სლავი ტრიფონოვსაც გაუჭირდება და ბულგარეთის სტაჟიან პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვსაც.

მით უფრო, რომ, ბულგარეთის ამჟამინდელი დროებითი მთავრობის მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის მმართველობის დროს კორუფციული დანაშაულებების სააშკარაოზე გამოტანის შემდეგ, ბორისოვის ლიდერობით მოქმედმა ყოფილმა მმართველმა პარტია „გერბმა“ წინა არჩევნებთან შედარებით უარესი შედეგი აჩვენა და, დაახლოებით, ამომრჩეველთა 2 %-ის ნდობა დაკარგა.

„მონოგარქია“, რუსული გავლენები VS პროპორციული არჩევნები

მოლდოვაში პროდასავლური ძალის გამარჯვებას, საერთო აღიარებით, ხელი შეუწყო სრულიად პროპორციული სისტემით პირველად ჩატარებულმა არჩევნებმა, რომლის შედეგადაც 101-კაციან მოლდოვის საკანონმდებლო ორგანოში მისი არსებობის განმავლობაში პირველად არ იქნებიან პრორუსული ოლიგარქიული ძალების მომხრე მაჟორიტარები, რამაც თავის დროზე მაია სანდუს პრემიერ-მინისტრობას წერტილი დაუსვა.

“მაია სანდუს პარტიის გამარჯვება - თანაც, პარლამენტში მანდატების უმრავლესობის მოპოვება - მნიშვნელოვანი ამბავია თუნდაც იმიტომ, რომ ევროკავშირსა და დასავლელ პარტნიორებს მოლდოვაში ახლა უფრო საიმედო პარტნიორი ეყოლებათ. უპირველეს ყოვლისა, მოლდოვაში ოლიგარქიული პლურალიზმის მოდელი ისტორიას ჩაბარდა 2014 წლის საბანკო სკანდალის მერე, როდესაც მოლდოვური ბანკებიდან მილიარდი დოლარი გაუჩინარდა. ვლად ფილატი, რომელიც პროევროპულ პოლიტიკოსად ითვლებოდა და, ამავე დროს, ოლიგარქიც იყო, ამ საქმეს შეეწირა. შედეგად, დაახლოებით, 2015 წლიდან მოლდოვურ პოლიტიკას ერთი ოლიგარქი, პლახოტნიუკი, განაგებდა. ეს "მონოგარქია" მოლდოვისთვის უფრო სავალალო აღმოჩნდა, ვიდრე "ოლიგარქიული პლურალიზმი”, თუნდაც იმიტომ, რომ კორუფციის შედეგების გადანაწილება მოსახლეობაზე ნაკლებად ხდებოდა. პარლამენტის მუდმივი "გაჭედილობა", ანუ თითქმის 50/50 ბალანსი დაპირისპირებულ პარტიებს შორის, შეუძლებელს ხდიდა ნებისმიერ რეფორმას და სანდუს პრემიერობასაც მოუღო ბოლო“,- აღნიშნავს ჯაბა დევდარიანი.

მოლდოვაში პროპორციული სისტემით გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ქვეყნის ევროპული მომავლისათვის წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი, რომლის აზრითაც, დამაფიქრებელია მოლდოვის პროგრესის ფონზე საქართველოში ბოლოდროინდელი უკუსვლა.

„რაც უფრო დაწინაურდებიან ჩვენი ამ ტრიოს ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, და რაც უფრო უკეთ შეასრულებენ თავიანთ დღის წესრიგს, ანუ ევროპულ დღის წესრიგს, მით უკეთესი ყველა ჩვენგანისთვის. მაგრამ, რა თქმა უნდა, საფრთხე არის ის, რომ ჩვენთან ხდება რეგრესი და ჩვენთან გამოჩნდა ძალიან დიდი ნაკლოვანებები, რომელიც დაკავშირებულია მმართველობის აშკარა ხარვეზებთან, გაურკევლობასა და პრიორიტეტების კარგად არგააზრებასთან. და მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვაში რუსული გავლენები უფრო დიდი იყო, - იქ ქვეყანას პრაქტიკულად მართავდნენ რუსული ძალები, - ჩვენთან ნაკლებია, რა თქმა უნდა, პირდაპირი რუსული გავლენები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ირიბი გავლენები არის ძალიან მაღალი. მათ შეუძლიათ დაბლოკვა ძალიან ბევრი რაღაცის, გავლენის მოხდენა საზოგადოებრივ პროცესებზე, მთავრობის პოზიციაზე, მის ქცევაზე და ასე შემდეგ“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

საქართველოში 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ფონზე, საპარლამენტო ოპოზიციამ დაიწყო მსჯელობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ.

მთავრობის გადაყენების ინიციატივა 12 ივლისს მედიასთან თავდაპირველად გაახმაურა ფრაქციამ „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც, დეპუტატების ფიზიკური დაპირისპირების კვალდაკვალ, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა დემარშით დატოვა პარლამენტის სხდომა.

მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების განზრახვაზე 12 ივლისს აქტიურად ლაპარაკობდა კიდევ ორი ოპოზიციური ფრაქცია: „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ და „შარლ მიშელის რეფორმების“ ჯგუფი.

„ქართული ოცნების“ წინააღმდეგობის გათვალისწინებით, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება და პოლიტიკური კრიზისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მიყვანა, როგორც ეს მოლდოვასა ან ბულგარეთში მოხდა, ამ ეტაპზე არარეალურად გამოიყურება, მაგრამ საკმაოდ რეალურია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მისვლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გზით.

„ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო კრიზისს ვერ შექმნიან, მაგრამ, სამაგიეროდ, მშვენიერი მექანიზმი აქვს ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმების სახით. ეს არის შესაძლებლობა, რომ თუ შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში ხელისუფლება 43 %-ზე ნაკლებს მოიპოვებს, მაშინ ჩატარდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და არ ვიცი, ამაზე მეტი შესაძლებლობა რა უნდა ჰქონდეთ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს და პარტიებს? ჩემი აზრით, ოპოზიცია სწორედ ახლა უნდა იყოს ძალიან ინტენსიურად დაკავებული ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების სტრატეგიით და იმ ღონისძიებებით, რომელიც უზრუნველყოფს მათ გამარჯვებას ადგილობრივ არჩევნებში. ეს გულისხმობს შეთანხმებას გარკვეულ კანდიდატებზე, რეგიონალურ გასატარებელ ღონისძიებებსა და პოლიტიკას. და, გარდა ამისა, მათ კარგად უნდა აჩვენონ მოსახლეობას, თუ რას შეცვლიან რეალურად ადგილობრივი არჩევნების მოგების შემთხვევაში“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

პროევროპელთა ცუდი მმართველობის შედეგი

მოლდოვის კიდევ ერთი გასათვალისწინებელი გაკვეთილი ისიცაა, რომ ოლიგარქია გრძელვადიანად ღუპავს მმართველობის სისტემას და, პირველ რიგში, ღუპავს სასამართლო და პროკურატურის სისტემებში ფესვგადგმული კორუფცია, რომლის აღმოფხვრა თითქმის შეუძლებელი ხდება. მაგრამ ქვეყნის განვითარებას პროევროპელი ძალების ცუდმა მმართველობამაც შესაძლოა არანაკლები ზიანი მიაყენოს.

„მეორე გაკვეთილია ის, რომ ერთპალატიანი პარლამენტი საპარლამენტო მმართველობის პირობებში არასტაბილური კოალიციების საწინდარია, რაც შესაძლოა ფრიად დამაზიანებელი აღმოჩნდეს სახელისუფლებო მმართველობისთვის. დაბოლოს, დეკლარირებული პროდასავლურობა, სამწუხაროდ, პრორეფორმულობის გარანტია სულაც არაა. მმართველი საქმით შეიცნობა“, - ამბობს ჯაბა დევდარიანი.

და მართლაც, მოლდოვა პროევროპელთა ცუდი მმართველობის კლასიკური მაგალითია.

6 წლის წინ მოლდოვის პროკურატურამ კორუფციის ბრალდებით დააკავა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი, მმართველი პროევროპული კოალიციის ლიდერი. ფილატი, რომელიც 2009-2013 წლებში მართავდა ქვეყანას, 2015 წლის 15 ოქტომბერს დააკავეს. ვლად ფილატს მოლდავეთის სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდების გამო, რომ მთავრობის ყოფილი მეთაური მონაწილეობდა საბანკო სისტემიდან, დაახლოებით, მილიარდი დოლარის ოდენობის თანხის გაქრობის საქმეში.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ბიზნესმენი ილან შორი პროკურატურაში გამოცხადდა აღიარებით, რომ მან ფილატს რამდენიმე წლის განმავლობაში ქრთამის სახით 250 მილიონი დოლარი გადაუხადა.

სხვათა შორის, ეს ის ილან შორია, რომლის პარტიამაც 11 ივლისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში შეძლო ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა და ქვეყნის პარლამენტში მოხვედრა.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG