Accessibility links

გაბრაზებულთა და უკმაყოფილოთა მტკიცე ერთობა


რომ არა ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერთა სკანდალური განცხადებები, ალიანსის საიუბილეო 70-ე სამიტი ჟურნალისტებისათვის სრულიად უღიმღამო იქნებოდა.

განსაკუთრებით უშუალოდ სამიტის დროს არაფერი თქმულა საინტერესო ქართველი ჟურნალისტებისათვის.

ალიანსის 9-პუნქტიან კომუნიკეში საერთოდ არ არიან ნახსენები საქართველო და უკრაინა, როგორც ალიანსის პარტნიორი ქვეყნები, გაწევრიანების პერსპექტივით, რის რეალიზებასაც ორივე ქვეყანა, 11 წელია, ამაოდ ელოდება.

დოკუმენტის მეხუთე პუნქტში, „ღია კარის“ პოლიტიკის კონტექსტში, კონკრეტულად მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ ალიანსის უახლესი წევრი გახდება ჩრდილოეთ მაკედონია, რომლის პრემიერ-მინისტრი, ზორან ზაევი, იმდენად იყო ამით გახარებული, რომ პირდაპირ პრესცენტრში მოვიდა მაკედონიელ ჟურნალისტებთან სასაუბროდ.

ქართველი ჟურნალისტების მცდელობის მიუხედავად, საქართველოსა და უკრაინაზე შეკითხვა არ დასმულა არც ნატოს გენერალური მდივნის ხანმოკლე პრესკონფერენციებზე. უფრო ზუსტად, ამის შესაძლებლობა ამჯერად არ მოგვეცა სწორედ იმიტომ, რომ საქართველო არ იყო სამიტის თემა.

უკანასკნელ იმედად რჩებოდა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც, ამერიკული მედიის თანახმად, თითქოსდა უნდა გეგმავდეს ნატოში ამერიკული საწევროს 6 პროცენტით შემცირებას და დაზოგილი თანხის მიმართვას ევროპული ქვეყნების - მათ შორის საქართველოსა და უკრაინის - უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

მაგრამ აშშ-ის ლიდერმა დაგეგმილი პრესკონფერენცია ბოლო მომენტში გადაიფიქრა და ამის შესახებ ტვიტერით გაავრცელა ცნობა.

სამაგიეროდ, ნატოს ლონდონის სამიტი ისტორიაში შევა იმით, რომ ალიანსის ლიდერთა არაერთი სკანდალური განცხადების ფონზე ჩაიარა და ამით მისცა საინფორმაციო საზრდო სასტუმრო “Grove Hotel”-ში აკრედიტებულ ათასობით ჟურნალისტს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე განაცხადა, რომ „ნატოს ტვინი“ კვდება.

ამ განცხადებას სამიტის დროს „ამაზრზენი“ უწოდა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც 4 დეკემბერს უკვე კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს, გადასწვდა და მას „ფარისეველი“ უწოდა.

„ის კარგი ადამიანია, მაგრამ მე ის გავაკრიტიკე, რადგან არ იხდის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 %-ს თავდაცვის ბიუჯეტში, და ამის გამო ნაწყენია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა 3 დეკემბრის წვეულების დროს გადაღებული ვიდეო, რომელზეც ნატოს რამდენიმე წევრი ქვეყნის ლიდერი, მათ შორის ჯასტინ ტრუდო, თითქოსდა დონალდ ტრამპს დასცინის.

ნატოს კიდევ ერთი წამყვანი ქვეყნის, საქართველოს მეზობელი თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, გააფრთხილა მოკავშირეები, რომ თურქეთი არ დაუჭერს მხარს ბალტიის ქყეყნებისა და პოლონეთის დაცვის გეგმას რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თუ ნატო ტერორისტულ ორგანიზაციად არ აღიარებს სირიაში მოქმედ ქურთების სახალხო თავდაცვის ძალებს (YPG).

„თუ ჩვენი მეგობრები ნატოში ტერორისტულ ორგანიზაციებად არ ცნობენ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ჩვენ ტერორისტებად მივიჩნევთ.. მაშინ ჩვენ დავუპირისპირდებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელსაც იქ (ნატოში) გადადგამენ“, - განაცხადა ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის დაცვის გეგმაზე საუბრისას რეჯეპ ტაიპ ერდოანმა.

ამ უთანხმოებაზე რამდენჯერმე მოუხდა განმარტების გაკეთება ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რომელმაც რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ალიანსი არის დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება, სადაც 70 წლის განმავლობაში მრავალჯერ ყოფილა უთანხმოება სხვადასხვა საკითხის ირგვლივ, მაგრამ გაბრაზება და უკმაყოფილება ვერაფერს აკლებდა ალიანსის მტკიცე ერთობას.

იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

“დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიპოვით გამოსავალს იმ პრობლემიდან, რომელიც თავდაცვითი გეგმების გადასინჯვასთანაა დაკავშირებული. ამის შესახებ მე წუხელ ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოანს და, როგორც გითხარით, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე,“ - განაცხადა 4 დეკემბრის დასკვნით პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა.

შიდა უთანხმოების მაგალითებად ნატოს გენერალურმა მდივანმა მოიყვანა 1956 წლის სუეცის კრიზისი და 2003 წლის ომი ერაყში.

და რადგან ისტორიულ მოვლენებზე მიდგა საქმე, ისიც აღსანიშნავია, რომ ნატოს დაარსების შემდეგ ალიანსის პირველი შტაბბინა სწორედ ლონდონში მდებარეობდა.

და ალიანსის პირველ გენერალურ მდივანს, ბრიტანელ ჰასტინგს ლიონელ ისმეის, მიაწერენ იმ ფრაზას, რომელიც ცივი ომის განმავლობაში ბლოკის სამოქმედო სტრატეგიას განსაზღვრავდა:

„ევროპიდან საბჭოთა კავშირის გაძევება, აშშ-ის შემოშვება და გერმანიის ბეჭებზე დაგდება“.

(“keep the Soviet Union out, the Americans in, and the Germans down.”)

70 წლის შემდეგ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთი კვლავ ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ რჩება ნატოსთვის. ამას ემატება ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსია და გლობალური ტერორიზმი, რომელსაც ყოველ ჯერზე ახალ-ახალი თავი ეზრდება - იქნება ეს ალ ყაიდა, თალიბანი თუ დაეში, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“, თავისი მრავალი ფილიალითა და ევროპის ქვეყნებში მიმოფანტული მრავალი ფანატიკოსი მოხალისით.

სწორედ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო პასუხისმგებლობა ნატოს სამიტამდე სამი დღით ადრე ლონდონის ცენტრში დანით მომხდარ თავდასხმაზე, რომელსაც ორი პირი ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG