Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა თუ გადააყენეს კასპის მერი?


კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომამ, სადაც მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი ცნობად მიიღეს, ხმაურით ჩაიარა. საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ იჯერებენ, რომ უკვე ყოფილმა მერმა მანუჩარ მერებაშვილმა განცხადება გადადგომის თაობაზე საკუთარი სურვილით დაწერა და მასზე ზეწოლა არ განხორციელდა. საკრებულოში ღიად საუბრობენ იმაზე, რომ მერებაშვილს ბოლო პერიოდში დაპირისპირება ჰქონდა მხარის გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან და საქართველოს პარლამენტში კასპის მაჟორიტართან ირაკლი მეზურნიშვილთან. საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წევრები სხდომაზე ყოფილი მერის მისვლას და მისგან განმარტებების მოსმენას მოითხოვდნენ, თუმცა მერებაშვილი საკრებულოში არ გამოჩენილა.

კასპის საკრებულოში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ილია კიტრიაშვილი აცხადებს, რომ საკრებულოს უმრავლესობის მიერ მერისთვის უნდობლობის გამოცხადებაც იგეგმებოდა, თუ ის პირადი განცხადების საფუძველზე არ გადადგებოდა.

საკრებულოს წევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ ყოფილმა მერმა ამომრჩეველს გადადგომის რეალური მიზეზი უნდა აუხსნას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ ნონიაშვილი აცხადებს, რომ კასპი კლანური სისტემით იმართება და ადგილზე დიდ გავლენას მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი ფლობს. ნონიაშვილის თქმით, მანუჩარ მერებაშვილი ბოლო პერიოდში ამ კლანის ინტერესებში აღარ ჯდებოდა.

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ოთარ ქოსაშვილი ამბობს, რომ კასპის მერს ბოლო დროს საკრებულოს უმრავლესობასთანაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, არ დადიოდა სხდომებზე და საბოლოოდ ზეწოლას ვერ გაუძლო.

კასპის მერი საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ,მცირე კომენტარით შემოიფარგლა. მან ჟურნალისტებთან მხოლოდ ის თქვა, რომ კერძო სექტორში სურს საქმიანობის გაგრძელება და ამის გაკეთება სამი თვის წინაც უნდოდა, თუმცა დაწყებული პროექტების დასასრულებლად თანამდებობაზე რჩებოდა. ოპოზიციის ბრალდებებს კი მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლეონიძემ უპასუხა. მისი თქმით, მერებაშვილმა დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო.

კასპის მცხოვრებლების ნაწილს არაფერი სმენია მერის საქმიანობის შესახებ, ნაწილი მას დადებითად, ნაწილი კი უარყოფითად ახასიათებს.

ამჟამად კასპში მერის მოვალეობას პირველი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი შეასრულებს. იგი მოვალეობის შემსრულებელი არჩევნებამდე იქნება. სამართალმცოდნე ლექსო მერებაშვილი აცხადებს, რომ კასპი ახალ მერს საპარლამენტო არჩევნების დროს აირჩევს და არჩეული მერი მხოლოდ ერთი წლით დაიკავებს თანამდებობას.

კასპში არ წყდება დისკუსია მერის გადადგომის თაობაზე, კასპელებს მოახლოებულ არჩევნებზე, პარლამენტის მაჟორიტარი კანდიდატების გარდა მერობის კანდიდატებს შორისაც მოუწევთ არჩევანის გაკეთება.

XS
SM
MD
LG