Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადათხრილი ქუჩების ფასი


რუსთავში გორის ქუჩაზე მცხოვრები ნინო გელაშვილი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ყოველ დილით, სანამ ცენტრალური გზიდან თბილისისკენ მიმავალ მიკროავტობუსს გაჰყვება, საკუთარ უბანში გადათხრილი ქუჩის გავლა უწევს:

„აქამდე სულ ტალახი იყო და ძალიან გვიჭირდა. როცა წვიმაა, არის საშინელი მდგომარეობა“.

ნინო გელაშვილს იმედი არა აქვს, რომ გზის მშენებლობა წლის ბოლომდე მაინც დასრულდება. ასეთსავე პრობლემას უჩივის ყაზბეგის ქუჩის პირველ ჩიხში მცხოვრები ნათია ჭუბაბრია. მის ქუჩაზე ჯერჯერობით მხოლოდ ხრეში ყრია და ბორდიურებიც აქა-იქ არის გაკეთებული.

„დაგვპირდნენ, რომ ოქტომბრის ბოლოს იქნებოიდა [სამუშაოები დასრულებული, ], მაგრამ წლის ბოლოა. ტალახში სიარული გვიჭირს, როგორ არ გვიჭირს, მით უმეტეს, წვიმა რომ დაიწყო...ბავშვებით სიარული გვიწევს, ცელოფნებით ხომ არ ვივლით?“

აუთვისებელი 5 მილიონი რუსთავის ინფრასტრუქტურისთვის
please wait

No media source currently available

0:00 0:00:32 0:00

ნათია ჭუბაბრიამ არც ის იცის, რომელი კომპანია მუშაობს მისი უბნის კეთილმოწყობაზე. ყაზბეგის, გორის, ვახუშტისა და იაღლუჯის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად გამართულ ტენდერში სამშენებლო კომპანია „მაგისტრალმა“ გაიმარჯვა. მას ზაფხულში დაწყებული, დაახლოებით, მილიონ 407 ათასი ლარის სამუშაოები ოქტომბერში უნდა დაესრულებინა. იმ ხანებში რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზურაბ ტაბაღუა ირწმუნებოდა, რომ კომპანია ვალდებულებას დროულად და ხარისხიანად შეასრულებდა, თუ ხელს ამინდიც შეუწყობდა.

„მიმდინარეობს საავტომობილო გზის საფარის და ტროტუარების მოწესრიგება გორის ქუჩაზე, იაღლუჯის ქუჩაზე, ყაზბეგის ქუჩაზე, ჩიხებში. ამ ქუჩებზე წლების განმავლობაში მოსახლეობა ითხოვდა საავტომობილო გზის საფარის დაგებას. პრაქტიკულად გზა აღარ არსებობდა, მუშაობის დროს რამდენჯერმე გადავიტანეთ სტიქია, რამაც კომპანიას ხელი შეუშალა [მუშაობაში] “.

ტენდერით გათვალისწინებული ვადების დარღვევისთვის რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა კომპანია „მაგისტრალს“ საურავის გადახდა დააკისრა. ამავე კომპანიამ კიდევ ერთ ტენდერში გაიმარჯვა და 844 ათას ლარად ასფალტი უნდა დაეგო ბალანჩივაძის ქუჩის შიდა ეზოებში და აღედგინა ქუჩის ფეხით სავალი ნაწილი, მაგრამ კომპანიამ ტროტუარზე მხოლოდ ღორღი დაყარა, შიდა ეზოები გადათხარა და ასეთ მდგომარეობაში დატოვა. ამის გამო მერიამ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა. რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ამბობს, რომ „მაგისტრალი“ ეგერეთ წოდებულ შავ სიაში მოხვდა. თვითმმართველობა ბალანჩივაძის ქუჩის გამო ახალი ტენდერის გამოცხადებას აპირებს. ამასთან, მშენებლობის ხარსხზე კონტროლის გამკაცრებას სამშენებლო ობიექტების ინსპექტირების ორგანოსაგან, „ოპტიმალ პლუსისგანაც“ ითხოვს.

ირაკლი ტაბაღუას ინფორმაციით, შავ სიაში მოხვდა კომპანია „ჰერიოც“, რომელსაც მშვიდობის ქუჩა ჯერ კიდევ აგვისტოში უნდა აღედგინა მილიონ 200 ათას ლარად. თავის მხრივ, კომპანიის დირექტორი ირაკლი ქარუმიძე მერიას ადანაშაულებს პირობის დარღვევაში და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებს არაკომპეტენტურად მიიჩნევს.

„ჩემი ამოცანა იყო მუშაობის დროულად დაწყება და დროულად დასრულება, რაშიც ფეხი ვერ ამიწყო და ხელი ვერ შემიწყო...ვიმედოვნებ, რომ ეს შეგნებულად არ მოხდა, ვერც [საზედამხედველო კომპანია] “ოპტიმალ გრუპ პლუსმა“, რომელსაც, წესით, ჩემთან საერთოდ არ უნდა ჰქონდეს საქმე. მით უმეტეს. რაც ყველაზე გულდასაწყვეტია, რუსთავის მერიამ არათუ ხელი შემიწყო, სადაც რამე თუ იყო, ყველგან პრობლემას მიქმნიდა“.

ირაკლი ქარუმიძის თქმით, კომპანია „ჰერიო“ სამუშაოს დასრულებას საკუთარი დანაზოგით აპირებს, რადგან დღემდე შესრულებული სამუშაოებისთვის გადარიცხულ თანხას თავად მერია იტოვებს საურავის სახით. რუსთავის მერიის ინფორმაციით, ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2018 წელს აუთვისებელი დარჩა, დაახლოებით, 5 მილიონ 200 ათასი ლარი.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG