Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადატვირთვა უკრაინის ძალოვან ვექტორში


კანდიდატების მხარდასაჭერად დღეს უკრაინის პარლამენტში მივიდა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
კანდიდატების მხარდასაჭერად დღეს უკრაინის პარლამენტში მივიდა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

7 თებერვალს უკრაინის ვერხოვნა რადამ უსწრაფესად დაამტკიცა შინაგან საქმეთა მინისტრისა და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსად შერჩეული კანდიდატები - იგორ კლიმენკო და გენერალი ვასილ მალიუკი.

კანდიდატების მხარდასაჭერად დღეს უკრაინის პარლამენტში მივიდა ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც თავის მიმართვაში მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უფრთხილდება ერთიანობის შენარჩუნებას და თავს იკავებს ნებისმიერი ფსევდოინფორმაციის გავრცელებისგან.

„მხოლოდ იმით, რომ არ ვაძლევთ მტერს საშუალებას ითამაშოს ჩვენი ხალხის ემოციით და მხოლოდ იმით, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო მეტი იარაღი ჰქონდეთ ჩვენს მებრძოლებს, ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ უკრაინის წარმატება. და უზრუნველვყოფთ კიდეც“, - განაცხადა ზელენსკიმ.

„ღია და გულითადი, მაგრამ მომთხოვნი პროფესიონალი“

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე ვასილ მალიუკს ვერხოვნა რადაში 324-მა, ხოლო იგორ კლიმენკოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე 321-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი არავინ ყოფილა, მხოლოდ ფრაქცია „ევროსოლიდარობამ“ და „ჰოლოსმა“ შეიკავეს თავი.

საკანონმდებლო ორგანოში ორი მნიშვნელოვანი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელების კენჭისყრის პროცესს ესწრებოდა ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა მალიუკის როლს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამშობლოში ტყვედ ჩავარდნილი სამხედროების დაბრუნების საქმეში.

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ფაქტობრივ ხელმძღვანელად მუშაობის დროს ვასილ მალიუკმა დაამტკიცა, რომ უსაფრთხოების სამსახური მხოლოდ ისეთი უნდა იყოს, როგორადაც მისი ხილვა უკრაინელ ხალხს სურს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გენერალი ვასილ მალიუკი ვერხოვნა რადაში.
გენერალი ვასილ მალიუკი ვერხოვნა რადაში.

უკრაინის პრეზიდენტის ასეთ შეფასებას უკრაინაში მებრძოლი ის მოხალისეებიც იზიარებენ, რომლებსაც უშუალოდ ბრძოლის ველზე ჰყავთ ნანახი გენერალი ვასილ მალიუკი.

„ვასილი მალიუკი ძალიან ღია და გულითადი ადამიანია, მაგრამ ძალიან მკაცრი და მომთხოვნი პროფესიონალია. მისი ხელმძღვანელობით აღმოსავლეთ უკრაინაში დიდი მუშაობა ტარდება ჯაშუშური და აგენტურული ქსელის გამოსავლენად და გასაუვნებელყოფლად. როგორც თქვენ იცით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთის გავლენა დიდია - მარიუპოლი, მელიტოპოლი და ვოლნოვახა - იქ ძალიან ბევრი თანამშრომელი აგრესორის მხარეზე გადავიდა. ასეთი ვითარება საჭიროებდა მტკიცე და გადამწყვეტ ზომებს. უსაფრთხოების სამსახურში სათავეში მალიუკის დროებით ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, გახშირდა ოპერაციები აგენტურის აღმოჩენის მიზნით. დღე არ გაივლის, რომ არ მოხდეს კოლაბორანტების გამოაშკარავება და დაკავება“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს, უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის 39 წლის უფროსის, ვასილ მალიუკის ბიოგრაფიაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გატარებული მრავალწლიანი გამოცდილებაა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ვასილ მალიუკი აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეა, დაჯილდოებულია სახელმწიფო მედლით და არის ბრიგადის გენერალი.

ამ დამსახურებების მიუხედავად, გენერალ ვასილ მალიუკის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ფაქტობრივიდან რეალურ უფროსად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას უკრაინის პრეზიდენტმა თითქმის შვიდი თვე მოანდომა.

უკრაინაში უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტი ვაკანტურია 2022 წლის 19 ივლისიდან, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა თავისი ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი, ივან ბაკანოვი.

უკრაინის პრეზიდენტმა გასული წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ ივან ბაკანოვს და ირინა ვენედიქტოვას ათავისუფლებს უსაფრთხოების სამსახურის და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელთა თანამდებობებიდან. ზელენსკიმ მიზეზად დაასახელა სამართალდამცავ სტრუქტურებში სახელმწიფო ღალატის და კოლაბორაციონიზმის ფაქტების სიმრავლე. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, პროკურატურის და უსაფრთხოების სამსახურის 60-ზე მეტი თანამშრომელი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა და უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობდა.

უკვე 19 ივლისს, ივან ბაკანოვთან ერთად, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თანამდებობებიდან გაათავისუფლა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ვოლოდიმირ გორბენკოც და ამ სამსახურის რამდენიმე, მათ შორის სუმის, დნეპროპეტროვსკისა და ჟიტომირის სამმართველოების ხელმძღვანელები.

უკრაინის პრეზიდენტმა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება დაავალა ბაკანოვის პირველ მოადგილეს ვასილი მალიუკს, რომელიც გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმირებული წყაროების თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ანდრიი ერმაკთან დაახლოებული პირია. უკრაინული გამოცემის თანახმად, ბაკანოვს და ერმაკს კონფლიქტი ჰქონდათ პრეზიდენტ ზელენსკიზე გავლენის მოსაპოვებლად და, როგორც ჩანს, ამ ბრძოლაში ერმაკმა იმარჯვა.

თუმცა ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში ორივე მოხელე შეეცადა, რომ „ჩხუბი სახლიდან არ გაეტანათ“.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ივან ბაკანოვმა განაცხადა, რომ დაკავებული იყო საქმით და არა პიარით. მიმართვაში, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა, ბაკანოვი აღნიშნავდა, რომ 3 წლის განმავლობაში ბევრს მიაღწიეს. მათ შორის დაასახელა პუტინის ნათლიმამის, ოლიგარქ მედვედჩუკის დაკავება, სახელმწიფო სტრუქტურებში უცხოეთის აგენტების მასობრივად გამოვლენა, პრორუსულ პარტიებსა და მტრულ პროპაგანდასთან ბრძოლა და მიტაცებული სახელმწიფო ქონების დაბრუნება.

ივან ბაკანოვის გუნდიდან, ერთადერთი, ვინც თანამდებობა შეინარჩუნა, სწორედ ვასილ მალიუკი იყო. აღსანიშნავია, რომ ივან ბაკანოვის მოადგილის, ვასილ მალიუკის დანიშვნას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი 2022 წლის 28 თებერვალს მოაწერა. უკრაინული მედია ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ სწორედ 28 თებერვალს შეუსრულდა მალიუკს 38 წელი.

„ომის კარნახით“ მიღებული საკადრო გადაწყვეტილება

გენერალ ვასილ მალიუკისგან განსხვავებით, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელ იგორ კლიმენკოს კანდიდატურა ვერხოვნა რადაში 7 თებერვალს მთავრობის მეთაურმა, დენის შმიჰალმა წარადგინა და მანვე განსაზღვრა მომავალი შინაგან საქმეთა მინისტრის პრიორიტეტები: „ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება, საზღვრების დაცვა, უკრაინელების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და იმ რეფორმების გაგრძელება, რომელიც დენის მონასტირსკიმ წამოიწყო“.

სად შინაგან საქმეთა მინისტრი და სად ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება? საქმე ისაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უკრაინაში იმაზე უფრო დიდ უფლებამოსილებებს ფლობს, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში აქვს მსგავს უწყებას. წინამორბედ მინისტრს, დენის მონასტირსკის, ექვემდებარებოდა არა მხოლოდ პოლიცია, არამედ ეროვნული გვარდია, სასაზღვრო და სამაშველო სამსახურები.

და ამ ზეძლიერ უწყებას 7 თებერვლიდან უკვე სათავეში ჩაუდგა იგორ კლიმენკო, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. მაგრამ გენერალ ვასილ მალიუკისგან განსხვავებით, უწყების პირველ პირად მისი დანიშვნისათვის პრეზიდენტ ზელენსკის დიდი ხანი არ უფიქრია. დიდი ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უკრაინის პრეზიდენტისგან სწრაფ მოქმედებებს მოითხოვდა.

იგორ კლიმენკოს წინამორბედი, დენის მონასტირსკი, 18 იანვარს, საავიაციო კატასტროფაში დაიღუპა. ის და სამინისტროს ხელმძღვანელობა იმყოფებოდნენ ფრანგული წარმოების Super Puma-ს (Airbus Helicopters H225) შვეულმფრენში, რომელიც ქალაქ ბროვარიში ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლობკოვიჩი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსი, იგორ კლიმენკო დანიშნა.

„კლიმენკო არის საკადრო პოლიციელი, ადამიანი, რომელმაც ეს სისტემა გაიარა და კარგი რეპუტაციით სარგებლობს უკრაინელ სამართალდამცველებს შორის. ცხადია, არსებობს ნაკლოვანი მხარეებიც, კერძოდ, ეს არის ის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრად პროფესიონალი პოლიციელის დანიშვნა ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს შექმნის საფუძველში ჩაიდო. როდესაც ნაციონალური პოლიციის უფროსი პირობითად ითვლება შინაგან საქმეთა მინისტრისგან დამოუკიდებელ პირად, დაახლოებით ისე, როგორი გამიჯვნაც არსებობს გენერალური შტაბის და თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი ოლეგ სააკიანი.

მაგრამ, როგორც პრეზიდენტ ზელენსკისთან დაახლოებულმა პოლიტიკოსმა და საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ განაცხადა, უკრაინის ხელისუფლებას „საკადრო პოლიტიკას ომი კარნახობს“.

ამ სიტყვების ავტორი იყო პირველი ოფიციალური პირი, რომელმაც 5 თებერვლის საღამოს ტელეგრამის არხით დააანონსა მოსალოდნელი დანიშვნები უშიშროების, შინაგან საქმეთა და თავდაცვის უწყებებში.

როგორც არახამია ვარაუდობდა, იგორ კლიმენკოც და ვასილ მალიუკიც ორ დღეში, ანუ 7 თებერვალს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, ერთი შინაგან საქმეთა მინისტრად, მეორე კი უსაფრთხოების სამსახურის უფროსად.

რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ოლექსი რეზნიკოვის ნაცვლად, სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, გენერალ-მაიორ კირილო ბუდანოვის დანიშვნას, არახამიას განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას ამ კვირაში აღარ მიიღებენ.

მაგრამ მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, რომელიც ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად ახმოვანებს პრეზიდენტ ზელენსკის განზრახვას, არც ის უთქვამს, რომ ასეთი ცვლილება დღის წესრიგიდან მოხსნილია.

  • დღესვე, 7 თებერვალს, ვერხოვნა რადამ მხარი დაუჭირა უკრაინის პრეზიდენტის დადგენილებას ქვეყანაში გამოცხადებული საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ.
  • დოკუმენტების მიხედვით, საომარი მდგომარეობის ვადა 19 თებერვლიდან 90 დღით ხანგრძლივდება, იმავე ვადით გაგრძელდება უკრაინაში ასევე საყოველთაო მობილიზაცია, რომელიც ქვეყანაში რუსეთის ინტერვენციის დაწყებისთანავე, 2022 წლის 24 თებერვალს გამოცხადდა.
  • 5 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის არმია თებერვალში შეეცდება „ძველი დამარცხებების ანაზღაურებას“.
  • იმავე დღეს თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის არმია რუსეთის ჯარების შესაძლო იერიშს მოელის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავისთვის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG