Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ცოტა გაზი რუსეთიდან" - მთავრობა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებას მართავს


გიორგი ქობულია
გიორგი ქობულია

საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს „გაზპრომთან“. მოლაპარაკებების სფეროა ვადაგასული ხელშეკრულების განახლება. კონკრეტულად რა პირობებს სთავაზობს საქართველო რუსეთს, უცნობია. მოლაპარაკებებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო აწარმოებს. ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას თქმით, საქართველო ბუნებრივი აირის მომწოდებლების დივერსიფიცირებაზე ფიქრობს.

"ჩვენ გვინდა რომ, არ იყოს მონოპოლური მდგომარეობა და ერთადერთი მომწოდებელი აზერბაიჯანი, არამედ იყოს აზერბაიჯანი და ცოტა გაზი მივიღოთ რუსეთიდანაც. ამისგან ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი კომპანიები მიიღებენ ძალიან დიდ სარგებელს. გაჩნდება მინიმალური კონკურენცია და ეს იმოქმედებს ფასებზე," - განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკების კომენტირებისას.

გიორგი ქობულიას განმარტებით, "გაზპრომთან" ხელშეკრულების გაფორმებისას გათვალიწინებული იქნება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებიც.

"ჩვენ ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის ფარგლებში, ზოგჯერ ცოტა უფრო მეტი გაზი რომ მივიღოთ რუსეთიდან, ჩვენ შევქმნით დივერსიფიკაციას საქართველოს ბაზარზე", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

გთავაზობთ ეკონომიკის ორი ექსპერტის პოზიციას მინისტრის ამ განცახდებაზე. რამდენად მოსალოდნელია „გაზპრომთან“ თანამშრომლობით ერთი მხრივ, საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე დივერსიფიცირების შექმნა და ამასთან კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება.

ნინო ევგენიძე, "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" (EPRC) აღმასრულებელი დირექტორი.

"მინდა გავაცნობიეროთ, რომ დივერსიფიკაცია დღევანდელ რეალობაში მთელ მსოფლიოში მოიაზრება, როგორც რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება; ამას თავისი მიზეზი აქვს - სწორედ რუსეთი არის არაერთხელ მხილებული არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აღმოსავლეთ ევროპის და სხვა ქვეყნებშიც იმაში, თუ როგორ იყენებდა იგი ენერგომატარებლებს, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტს;

პოლიტიკური მეხსიერება, ზოგადად, საკმაოდ საინტერესო რამაა - მაგალითად ჩვენს ქვეყანას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, როგორ შეიძლება დეკემბრის მიწურულს, გაუგებარი მიზეზებით, რუსეთმა ჩაგიკეტოს ბუნებრივი აირის მოწოდება და მთელი ქვეყანა სიბნელეში და სიცივეში დატოვოს. ასეთი მძიმე გამოცდილება საქართველოს აქვს რუსეთთან და არ აქვს არც ერთ სხვა პარტნიორ ქვეყანასთან, მაგალითად, აზერბაიჯანთან ან თურქეთთან, პრინციპში, არც სომხეთთან.

ენერგომატარებლების თემაზე ზეწოლის მაგალითი უახლოეს წარსულშიც მოგვეპოვება - საქართველოსთვის რუსული ბუნებრივი აირის მაღალი რისკების გარეშე მიღების ერთ-ერთი გზა იყო, როცა რუსეთი საქართველოს ტრანზიტში ბუნებრივ აირს უხდიდა, რაც სომხეთის მიწოდების გარკვეულ წილს გარანტირებულად ტოვებდა საქართველოში; საქართველომ, ბოლო წლებში, ეს ბერკეტი დაკარგა, რაც ძალიან სამწუხაროა. დაკარგა სწორედ რუსეთის ზეწოლის ქვეშ, რაზეც ხელისუფლებამ თავადაც გააკეთა განცხადება.

დღეს იგივე ხელისუფლების მხრიდან იმაზე საუბარი, რომ რუსეთიდან ბუნებრივი აირის ყიდვით მოხდება ენერგომატარებლების მიწოდების დივერსიფიცირება, მეტი რომ არ ვთქვათ, გულუბრყვილობაა.

მით უფრო მაშინ, როცა რუსეთი საქართველოს ენერგოდივერსიფიცირების წინააღმდეგ არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ბერკეტებითაც იბრძვის და მაგალითად ცდილობს „ბორდერიზაციის“ პროცესში სამხრეთ კავკასიური გაზსადენის მონაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოაქციოს;

ამ დროს ხელისუფლება ამბობს, რომ რუსული გაზით უნდა „დააბალანსოს“ აზერბაიჯანული გაზის მოწოდება - ლაპარაკია ქვეყანაზე, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ დასავლელი პარტნიორების მიერ აღიქმება, როგორც რუსეთის ალტერნატიული ენერგოწყარო და, სწორედ ამიტომ, სწორედ დასავლეთის ქვეყნების ინვესტიციებით ხდება ენერგომატარებლების წარმოებისა და ტრანზიტის ხელშეწყობა აზერბაიჯანში; დასავლეთის ეს ინტერესი ასევე ერთგვარი რისკების დამზღვევია - სწორედ რუსული ენერგომოწოდების საპირწონედ.

მეგობარი ქვეყნის დაბალანსება არამეგობარი ქვეყნის ენერგომატარებლით ზუსტად იმ პროცენტით გვაყენებს რისკის ქვეშ, რა პროცენტსაც შეავსებს საქართველოს ენერგომომარაგებაში რუსეთიდან შესყიდული ბუნებრივი აირი".

რამაზ გერლიანი, ეკონომიკის დოქტორი, "ეკონომიკური ალტერნატივის" ხელმძღვანელი.

„ამ დონის ეკონომიკური გადაწყვეტილება უკვე არის ეკონომიკური პოლიტიკის საკითხი. რუსეთის ენერგომატარებლებზე ისედაც ვართ დამოკიდებული და ჩვენ ორიენტირებული უნდა ვიყოთ დამოკიდებულების შემცირებაზე და არა გაზრდაზე.

კონკურენციის გაჩენაზე საუბარი შეიძლება მაშინ, თუ დიდ წილი გვაქვს მხედველობაში. ანუ, იმდენად უნდა გაიზარდოს რუსეთზე დამოკიდებულება, რომ შეცვალოს დღეს აზერბაიჯანიდან შემოსული ნაკადის ფასი. ეს არ არის მიკროეკონომიკის სეგმენტი, სადაც კონკურენცია შეიძლება განვიხილოთ მრავალ მომწოდებელს შორის. ამ შემთხვევაში ბაზარზე მაინც ერთეული მომწოდებელი დარჩება და ეს არ იძლევა იმის გარანტიას, რომ კონკურენცია გაჩნდება და დადებით ზეგავლენას მოახდენს ტარიფზე. მაშინ როცა, პირიქით ეკონომიკური თავისუფლების კუთხით უქმნის საფრთხეს ქვეყანას.

არანაირი განარტია არ არსებობს, რომ რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდის შემდგომ სამომავლოდ არა თუ გაიაფდება გაზი, არამედ პირიქით არ გაძვირდება. ვფიქრობ, რომ მეთოლოდოგიურად გაუმართლებელი მსჯელობაა, როდესაც ამ დონის ეკონომიკური პოლიტიკის საკითხს უბრალო კონკურენციის მსჯელობიდან განიხილავენ.

ამასთან, ჩვენს ბაზარზე რუსეთის დაშვებით, იმდენადაც ვერ ვამრავლებთ ამ ბაზარზე მომწოდებლებს, რომ ამან მნიშვნელოვანი კონკურენცია ჩამოაყალიბოს და მით უმეტეს, საუბარია რუსეთის სახელმწიფო კომპანიაზე. ეს რომ იყოს რუსეთის რეზიდენტი კერძო სამართლის იურიდიული პირი, მაშინ ამ კონტექსტში საუბარი კიდევ შეიძლება, მაგრამ საუბარია სახელმწიფო კომპანიაზე, რომელიც დიდი რისკის შემცველია“.

რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებები უკავშირდება ბუნებრივ აირს, რომელსაც რუსეთი სომხეთს საქართველოს გავლით აწვდის. სატრანზიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2018 წლის ბოლოს ამოიწურა. რის გამოც რუსეთიდან სომხეთს საქართველოს გავლით ბუნებრივი აირი კონტრაქტის გარეშე მიეწოდება. როგორც 13 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, "გაზპრომთან" მოლაპარაკებები მოკლე ვადაში დასრულდება.

„ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ საქართველომ გაიუმჯობესოს თავისი პოზიციები ხელშეკრულებაში; მაგრამ, რა თქმა უნდა, ამოსავალი წერტილი გახლავთ ჩვენი ეროვნული ინტერესები და ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

2018 წელს საქართველოს გავლით, რუსეთისგან სომხეთს 1.93 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდა. საქართველო სატრანზიტო ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად 2017 წლიდან ფულად ანაზრაურებას იღებს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG