Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიტანა თუ არა სანქცირებულმა ფარცხალაძემ ბანკებიდან ფული?


შეძლებს ნებისმიერი სანქცირებული პირი თანხის გატანას ბანკიდან?
შეძლებს ნებისმიერი სანქცირებული პირი თანხის გატანას ბანკიდან?

ქართული ბანკები ამბობენ, რომ ემორჩილებიან საერთაშორისო სანქციებს. თუმცა, ერთ-ერთმა მათგანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სანქციებს არც იმ შემთხვევაში დაარღვევენ, თუკი სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეს რამდენიმე დღეს მისცემენ თავისი საბანკო ანგარიშებიდან ფულის გასატანად.

მოახერხა თუ არა „ქართველმა-რუსმა ოლიგარქმა“ ოთარ ფარცხალაძემ სანქციების დაწესების შემდეგ ქართული საბანკო ანგარიშებიდან თანხის გატანა? და თუ მოახერხა, ჩაითვლება თუ არა ეს შეერთებული შტატების სანქციების რეჟიმის დარღვევად?

პირველ კითხვაზე პასუხი უცნობია - კომერციული ბანკები და ცენტრალური ბანკი პერსონალური ინფორმაციის გაუთქმელობის არგუმენტით დუმილს არჩევენ. „ვვარაუდობ, ეს ვერ მოხდებოდა“, - ამბობს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი. ბუნდოვანია მეორე კითხვაზე პასუხიც.

მაგრამ ბანკები ამბობენ, რომ, ზოგადად, სანქციების რეჟიმის დაცვად ჩაითვლება ისიც, თუკი საქართველოს მოქალაქე სანქცირებულ პირს ანგარიშს „გაუყინავენ“, და ისიც, თუ ანგარიშს დაუხურავენ.

გაყინვა თანხაზე წვდომის სრულ შეზღუდვას გულისხმობს, დახურვა კი ნაშთის განულების, ანუ თანხის გამოტანის შესაძლებლობას ტოვებს.

ეს განმარტება კი ნიშნავს, რომ ქართული კომერციული ბანკების გადმოსახედიდან, ფარცხალაძეს თანხის გამოტანა შეეძლო.

ჩათვლის ამას სანქციების შესრულებად შეერთებული შტატები?

სანქციების ბუნება

შეერთებულმა შტატებმა ოთარ ფარცხალაძეს სანქციები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 2021 წლის ბრძანების საფუძველზე დაუწესა.

ეს ბრძანება აჩვენებს, რომ შეერთებული შტატების გადმოსახედიდან, რუსეთის ფედერაციის საზიანო ქმედებები „უჩვეულო და განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის“.

ამ „განსაკუთრებულ საფრთხესთან“ გასამკლავებლად მიმართავს შეერთებული შტატების მთავრობა გადაუდებელ, საგანგებო ზომებს - სანქციებს.

მისი დაწესებული სანქციები ეხება ინდივიდებს, კერძო კომპანიებსა და სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც, შტატების ხელისუფლების ინფორმაციით, ხელს უწყობენ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ გაუმართლებელ ომს.

ამა თუ იმ სუბიექტისათვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი სახელმწიფო დეპარტამენტთან და გენერალურ პროკურორთან შეთანხმებით. სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილებებს ამ უწყებების ანალიტიკური მონაცემები უდევს საფუძვლად.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბრძანება განსაზღვრავს, რომ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე სანქცირებული პირის ნებისმიერი ქონება „ბლოკირებულია“. სანქციების მიზანი სანქცირებული პირებისათვის ქონებასა და ფინანსებზე წვდომის შეზღუდვაა; და ისინი მაქსიმალურად ეფექტიანი იქნება, თუკი არ დარჩება არცერთი ხვრელი სანქცირებული პირებისათვის.

და სწორედ იმიტომ, რომ არსებობს რისკი, რომ პირებმა, თუკი წინასწარ გაიგეს, რომ სანქცირების რისკი ემუქრებათ, შესაძლოა, თავიანთი ქონება - უძრავი თუ მოძრავი - გადამალონ, მაგალითად, სხვაგან გადაიტანონ, ან სხვას გადაუფორმონ, მათ წინასწარ არ აცნობებენ, არ აფრთხილებენ ასეთი გადაწყვეტილების შესახებ, - წერია პრეზიდენტ ბაიდენის ბრძანებაში.

საქართველო და სანქციები

საქართველოს მთავრობის მეთაურის თავდაპირველი განცხადებების მიუხედავად, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს - არც ფინანსურს და არც ეკონომიკურს, - საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად მიუთითებდა, რომ საბანკო სექტორი ფინანსური სანქციების შესაბამისად მოქმედებს.

2023 წლის ზაფხულში, მედიაში გავრცელებული ცნობების ფონზე, რომ შესაძლოა, საქართველოს სანქციებისგან თავის ასარიდებლად იყენებენ, საქართველოში ჩამოვიდნენ შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორები, კუმარ აიერი და ჯეიმს (ჯიმ) ო’ბრაიენი.

ჯიმ ო'ბრაიენი და კუმარ აიერი
Georgia - James O'Brien and Kumar Iyer

მათი ვიზიტიდან რამდენიმე კვირაში, 4 აგვისტოს, ეროვნული ბანკის ახალმა მმართველმა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დაამტკიცა აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების რეჟიმის შესრულების წესი.

ამ ნაბიჯით ეროვნულმა ბანკმა ახლა უკვე სამართლებრივად დაავალდებულა კომერციული ბანკები, - რომლებიც მანამდე თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებებით ხელმძღვანელობდნენ, - შეასრულონ რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის რესპუბლიკის მიმართ სანქციათა რეჟიმების მოთხოვნები.

ოთარ ფარცხალაძეს 14 სექტემბერს დაუწესეს სანქციები.

18 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ „საქართველოს ფინანსურ სექტორს დაევალა … გაითვალისწინოს აშშ-ს ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ (OFAC) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში (SDN list) შეყვანილი პირების მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება“.

ეს, ეროვნული ბანკის განმარტებითვე, გულისხმობდა - სიტყვასიტყვით რომ გავიმეოროთ - „სანქცირებული პირების მიერ აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვას“.

მაგრამ 19 სექტემბერს ნათია თურნავამ თავის მიერ 4 აგვისტოს გამოცემულ ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა და კომერციულ ბანკებს მოუხსნა სანქციების გავრცელების ვალდებულება საქართველოს მოქალაქეზე, თუკი მას საქართველოს სასამართლო სისტემაში არ აქვს ბრალი დამტკიცებული.

რა შეცვალა ბრძანებამ?

კომერციული ბანკები მაინც აცხადებდნენ, რომ აგრძელებენ სანქციების რეჟიმის მოთხოვნის შესრულებას. თუმცა ფარცხალაძის შემთხვევაზე დეტალურად არ საუბრობენ, რადგან, მათი განმარტებით, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.

და, მაინც, რას გულისხმობს ბანკების ნათქვამი, რომ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში რჩებიან? რა ხდება სანქცირების შემდეგ - საქართველოს მოქალაქის ანგარიშების დახურვა თუ „გაყინვა“?

საბანკო ანგარიშის დახურვის შემთხვევაში, კლიენტს რჩება გარკვეული დრო ნაშთის განულებისათვის - ბანკი ეუბნება, რომ მასთან ურთიერთობის გაგრძელება აღარ სურს და დროს აძლევს ფულის რაიმე სახით გასატანად.

„გაყინვა“ კი გულისხმობს არსებულ თანხაზე წვდომის შეზღუდვას დაუყოვნებლივ, ისე, რომ პირმა ვეღარ მოახერხოს არსებული თანხის ვერცერთი სახით განკარგვა.

როდესაც 2022 წლის სექტემბერში სანქციების რეჟიმი საქართველოს მოქალაქეს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს შეეხო, მას ანგარიში დაუხურეს, ანუ დაუტოვეს ფულის ბანკიდან გატანის უფლება და შესაძლებლობა.

ლორთქიფანიძის დახურული ანგარიში

დიმიტრი ლორთქიფანიძე პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელია. მან შარშან 10 სექტემბერს გამოაცხადა, რომ „თიბისი ბანკმა“ სანქციები დაუწესა.

რადიო თავისუფლებას „თიბისიმ“ მაშინ უთხრა, რომ იგი განუხრელად იცავს საერთაშორისო სანქციებს და, შესაბამისად, „ინიციირება გაუკეთა იმ იურიდიული პირის/ორგანიზაციის ანგარიშის დახურვას, რომლის დამფუძნებელიც სანქცირებული იურიდიული პირია“.

„პრიმაკოვის ცენტრი“ 2013 წელს ჩამოყალიბდა ალექსანდრე გორჩაკოვის ფონდის მხარდაჭერით. გორჩაკოვის ფონდი კი ევროკავშირის მიერ 2022 წლის 21 ივლისს დაწესებულმა სანქციებმა ამოიღო მიზანში.

დიმიტრი ლორთქიფანიძე
დიმიტრი ლორთქიფანიძე

და როდესაც თიბისიმ მას სანქცირებაზე შეტყობინება გაუგზავნა, მისწერა, რომ ანგარიშს 1 კვირაში ავტომატურად უხურავდა, მანამდე კი სთხოვა: „გთხოვთ, თქვენს ანგარიშებზე არსებული ნაშთები გაანულოთ 1 კვირის განმავლობაში“.

განსხვავება ის არის, რომ ლორთქიფანიძე პირადად არ ყოფილა ევროკავშირის მიერ სანქცირებული. და მაშინ არც ნათია თურნავას ბრძანება მოქმედებდა.

ანგარიშებს ხურავენ თუ ყინავენ?

რადიო თავისუფლების კითხვაზე, რას გულისხმობს საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში მოქმედებაში-ანგარიშის დახურვას თუ „გაყინვას“, „თიბისი ბანკმა“ გვიპასუხა:

„იმისათვის, რომ დასანქცირებული პირის მიმართ საერთაშორისო სანქციები ითვლებოდეს შესრულებულად, თქვენს კითხვაში მოცემული ორივე ფორმა - ანგარიშების დახურვა და ანგარიშების გაყინვა - მისაღებად ითვლება“.

ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია „საქართველოს ბანკისგან“, - მეორე ქართული ბანკისგან, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავაც ამბობს, რომ „საბანკო კონფიდენციალურობიდან გამომდინარე“, არ აქვს უფლება, ბანკების ცალკეულ კლიენტებზე, თუნდაც სანქცირებულზე, „რაიმე“ თქვას:

„მოდით, ამ ფორმით ვიტყვი: მე ვვარაუდობ, რომ კომერციული ბანკები ძალიან ფრთხილად მიუდგებოდნენ ამ შემთხვევას. ჩვენ ვალდებულები ვართ, ეს ყოველთვის ვამოწმოთ, ეს ჩვენი თვალთახედვის არეში მოხვედრილია. გამგები გაიგებს… ვვარაუდობ, რომ ამ კუთხით, ალბათ, არანაირი ტრანზაქცია არ მოხდებოდა“.
XS
SM
MD
LG