Accessibility links

site logo site logo

გამკაცრებული სანქციები და უფლებაშელახული ცხინვალელები


საოკუპაციო ხაზი ხურვალეთში

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო კანონი „საზღვრის დამრღვევთა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების“ შესახებ.

გადმოწერა

ახალი კანონის მიხედვით, საჯარიმო სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდა და ფიზიკური პირებისთვის 5 ათასი რუბლიდან 20 ათას რუბლამდე გაიზარდა. (დაახლოებით 700 ლარი). საზღვრის დამრღვევი თანამდებობის პირებისთვის ფულადი ჯარიმა 30 ათასიდან 50 ათას რუბლამდე განისაზღვრა (დაახლოებით 1 500 ლარი), ხოლო იურიდიული პირებისთვის 400 ათასიდან 800 ათასამდე (20 ათას ლარზე ზევით).

კანონი „საზღვრის დამრღვევთა" შესახებ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო კანონი „საზღვრის დამრღვევთა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების“ შესახებ. ახალი კანონის მიხედვით:

  • საჯარიმო სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდა და ფიზიკური პირებისთვის 5 ათასი რუბლიდან 20 ათას რუბლამდე გაიზარდა (დაახლოებით 700 ლარი).
  • საზღვრის დამრღვევი თანამდებობის პირებისთვის ფულადი ჯარიმა 30 ათასიდან 50 ათას რუბლამდე განისაზღვრა (დაახლოებით 1 500 ლარი).
  • იურიდიული პირებისთვის 400 ათასიდან 800 ათასამდე (20 ათას ლარზე ზევით).

დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის მონაცემებით, 1 იანვრიდან დღემდე სამხრეთ ოსეთის „საზღვარი“ 460-მა ადამიანმა დაარღვია და ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10 პროცენტით მეტია. უშიშროების კომიტეტის ცნობით, დამრღვევთა 90 პროცენტი სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მოქალაქეები არიან. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ცხინვალში სამოქალაქო აქტივისტებიც გამოეხმაურნენ. თემურ ცხურბათი ცხინვალელი რედაქტორი და აქტივისტია. ის მიიჩნევს, რომ ფინანსური ტვირთი, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა საზღვრის დამრღვევებისთვის გაზარდა, უფრო მეტად ცხინვალის მოქალაქეებს დააწვებათ. ცხურბათის დაკვირვებით, მავთულხლართების ორივე მხარეს ისეთი ადამიანები გადადიან, რომლებიც „დივერსიულ“ ასაკში დიდი ხანია აღარ იმყოფებიან, მისი თქმით ძირითადად მოხუცები ცდილობენ ნათესავებთან გადასვლას, გასვენებებში ახლობლების უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად და რელიგიური დღესასწაულების დროს. ცხურბათი იმ პრობლემურ სქემაზეც საუბრობს, როგორ უნდა მოხვდნენ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ლეგალური გზით. მაგალითად, ზნაურის რაიონის რომელიმე სოფლის მცხოვრებმა, რომელსაც ასიოდ მეტრში გამყოფი ხაზის მიღმა ნათესავები ჰყავს და მათთან გადასვლა უნდა, ჯერ რუსეთის მოქალაქეობა უნდა მიიღოს, შემდეგ ცხინვალიდან ვლადიკავკაზში ჩავიდეს და იქიდან ლარსის გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში მოხვდეს. ქართველ მოხუცებს კი ეს შესაძლებლობაც თითქმის წართმეული აქვთ, რადგან არავინ იცის გასცემენ თუ არა მათ სახელზე ვიზებს. ცხურბათის აზრით, ქართველი და ოსი ნათესავები სასაზღვრო რეჟიმს იმაზე პრიორიტეტულად არ მიიჩნევენ, ვიდრე ეს ნათესაობა და ტრადიციებია, ამიტომ მისი აზრით, როგორც ცხინვალში, ისე მოსკოვში ეს უნდა ესმოდეთ. მისი აზრით, 460 დაკავებულზე ათასზე მეტი წარმატებული საზღვრის გადალახვა მოდის, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეები ამ რისკზე არ წავიდოდნენ. ცხურბათის განცხადებით, აუცილებელია საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის გამარტივება, ისე როგორც ეს ახალგორის მიმართულებით არის. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ დე ფაქტო ხელისუფლება მოქალაქეთა ნაწილს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ამყოფებს.

რატომ ცდილობენ ოსები ქართული სოფლების გავლით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩასვლას რისკის ფასად? 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იზოლაციაში მოქცეული დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეები მხოლოდ რუსულ ფინანსურ დახმარებაზე იყვნენ დამოკიდებული, თუმცა ბოლო წლებში ეს დახმარებებიც შემცირდა. ამას დაემატა ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა კორუფცია. მიუხედავად რუსული დახმარებისა ცხინვალის რეგიონი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაშია. ომიდან ათი წლის შემდეგ კი ადამიანებმა საკუთარი მდგომარეობის გამოსწორება თვითონ გადაწყვიტეს. თბილისში შეუძლიათ მათ მიიღონ უფასო ჯანდაცვის სერვისი, დაიწყონ სავაჭრო ურთიერთობები. გარდა ამისა, მოსაზღვრე ოსურ სოფლებში მცხოვრებლებმა შეინარჩუნეს საქართველოს მოქალაქეობა და ისინი პენსიის ასაღებად საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან. არასამთავრობო ორგანიზაცია „ერგნეთის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლია ჩლაჩიძე კარგად იცნობს ცხინვალში მცხოვრებთა პრობლემებს, მას ზოგიერთ ცხინვალელთან კონტაქტი შენარჩუნებული აქვს და იცის, რა იზიდავთ ოსებს თბილისისკენ. მისი აზრით, ეკონომიკური სარგებელის გარდა, მათ ძველი ნათესაური კავშირების აღდგენის სურვილიც გაუჩნდათ.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აღნიშნავს, რომ ცხინვალში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრება ეს არის ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ზომა, რაც უფრო მეტად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა უფლებებს არღვევს.

ოსი მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე საუბრობს თემურ ცხურბათიც. მისი თქმით, ცხინვალელებს თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლა სურთ და მათ ამის უფლება და მოთხოვნილება აქვთ. ხელისუფლება კი ვალდებულია, მათი უფლებები დაიცვას და მათ სურვილებს დათანხმდეს.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გამოქვეყნებული სტატისტიკით აღიარა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობენ, უფრო ხშირად აკავებენ, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებული ტერიტორიიდან გადასულ მოქალაქეებს. მათი ინფორმაციით, წელს 460 მოქალაქე დააკავეს. აქედან საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ 82 იყო საქართველოს მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG