Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოკითხულთა მხოლოდ მესამედს სჯერა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს - CRRC


კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა კვლევა ოქტომბერში ჩაატარა.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა კვლევა ოქტომბერში ჩაატარა.

დღეს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა - იმ დათქმით, რომ ქვეყანა რეფორმირებას განაგრძობს. მიიღებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, საბოლოოდ დეკემბერში გადაწყდება.

ოქტომბრის დასაწყისში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) კვლევა ჩაატარა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე მოლოდინსაც ეხებოდა. სრული კვლევა ჯერ საჯარო არ არის და მხოლოდ ევროკავშირის ნაწილი გამოქვეყნდა OC Media-ის ვებგვერდზე.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ მესამედი მოელის, რომ წლის ბოლოს ქვეყანა ამ სტატუსს მიიღებს. 45% - პესიმისტურადაა განწყობილი.


მოლოდინი განსხვავდება პარტიული მხარდაჭერის* მიხედვითაც. მმართველი პარტიის მხარდამჭერთა მოლოდინი, კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, ოპოზიციის ამომრჩეველთან შედარებით ბევრად მაღალია. “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა თითქმის ნახევარი (47%) მოელის, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს. მაშინ როცა ოპოზიციის ამომრჩეველთა 60%-ს ეს მოლოდინი არ აქვს.

CRRC-მ კვლევის მონაწილეებს ჰკითხა, უჭერენ თუ არა მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას. გამოკითხულთა უმრავლესობა, 60%-ზე მეტი ამბობს, რომ სრულად ან ნაწილობრივ მაინც უჭერენ მხარს ამ პროცესს. მოქალაქეების მხოლოდ 10%-მა თქვა, რომ არ ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას.

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერა პარტიული კუთვნილების მიხედვითაც განსხვავდება. “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა ნახევარზე ცოტა მეტი (54%) ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, დაახლოებით მესამედი (31%) ნაწილობრივ, ხოლო 12% ამ პროცესს მხარს არ უჭერს. შედარებისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი ოპოზიციის ამომრჩეველში ბევრად დიდია. გამოკითხულთა 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროგაერთიანებაში საქართველოს წევრობას.


მოქალაქეებს ასევე ჰკითხეს, როგორია მათი აღქმა ევროკავშირზე. გამოკითხულთა თითქმის ნახევრის დამოკიდებულება გაერთიანების მიმართ პოზიტიურია, ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს 37%-ს, ხოლო უარყოფითი - 12%-ს.

ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებაც მნიშვნელოვნად განსხვავდება პარტიების მხარდამჭერთა შორის. მმართველი პარტიის მხარდამჭერების მესამედზე ცოტა მეტი (38%) არის დადებითად განწყობილი ორგანიზაციის მიმართ, ხოლო ნეიტრალური დამოკიდებულება 43%-ს აქვს. ოპოზიციის მხარდამჭერთა შემთხვევაში მოწონების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია და 70%-ს აჭარბებს. თითქმის ნახევარი ადამიანებისა, რომლებიც არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერენ მხარს, ამბობენ, რომ ევროკავშირი მოსწონთ და მათ მხოლოდ 12%-ს აქვს გაერთიანების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება.

შენიშვნა: კვლევა 2023 წლის 4-8 ოქტომბრის პერიოდს მოიცავს. ჯამში 1278 ადამიანი გამოიკითხა, ცდომილება კი 2.7%-ს შეადგენს. კვლევა, რომლის მონაცემებსაც ეს სტატია ეფუძნება, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED) ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.

* მოქალქეები, რომლებიც აიგივებენ თავს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, რაც არ ნიშნავს, რომ არჩვენებში ამ პარტიას მისცემდნენ ხმას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG