Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამომძიებლების პირისპირ დარჩენილი მოზარდები - რას ყვებიან ფსიქოლოგები?


„კითხვა დაუსვეს ძალადობის მსხვერპლ გოგონას: -„შენ თვითონ ჩაიხადე?“, - მინდოდა, ავმდგარიყავი და გავსულიყავი“, - ეს არის ნაწყვეტი ფსიქოლოგის ინტერვიუდან, რომელიც მან იმ გამოკვლევის ავტორებს მისცა, რომლის მიზანიც არის ფსიქოლოგთა როლის შესწავლა დაზარალებული და მოწმე ბავშვების გამოკითხვისას და დაკითხვისას. გამოკვლევა "ღია საზოგადოების ფონდის" მხარდაჭერით ჩაატარა ორგანიზაციამ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“.

გამოკვლევა, რომელშიც ფსიქოლოგებთან ერთად სამართალდამცავები, გამომძიებლები, პროკურორები და სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, არაერთ ხარვეზს ავლენს, როგორც ბავშვებთან გამომძიებლების მუშაობის, ისე საგამოძიებო ეტაპზე, ფსიქოლოგების ჩართვისა და მათი კვალიფიკაციის მიმართულებით.

მაგალითად, გამოკვლევის თანახმად ირკვევა რომ:

  • ბუნდოვანია ფსიქოლოგების ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი. “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში” არსებული ჩანაწერი გამოკითხვა-დაკითხვისას ფსიქოლოგის ჩართულობის შესახებ, კონკრეტულად არ ადგენს, თუ რა შეიძლება იყოს პროცესში ფსიქოლოგის ჩართულობის საფუძველი.
  • მიუხედავად საჭიროებისა, ფსიქოლოგის მომსახურება ყველგან ხელმისაწვდომი არ არის.
  • ხშირად, ფსიქოლოგთა კვალიფიკაცია არ პასუხობს არსებულ საჭიროებებს. მათ არ აქვთ ცოდნა როგორ იმუშაონ არასრულწლოვან დაზარალებულებთან და მოწმეებთან.
  • იშვიათი გამონაკლისის გარდა, გამოკითხვა/დაკითხვისას, გარემო არ არის მორგებული ბავშვის საჭიროებებს და ბავშვების კონფიდენციალობა დაკითხვის პროცესში სისტემატურად ირღვევა.

ფსიქოლოგები გამომძიებლებზე

ის ფსიქოლოგები, რომლებიც მოზარდთა დაკითხვა/გამოკითხვას ესწრებოდნენ, ამბობენ, რომ გამომძიებლებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა და უნარი იმისა, თუ როგორ დაამყარონ ურთიერთობა მოზარდებთან. მაგალითად, მათი თქმით, გამომძიებლები გამოკითხვისას გამოხატავენ არასაჭირო ემოციებს, სიბრალულს, იყენებენ იუმორს, აქვთ მკაცრი ტონი, იყენებენ მიმართულების მიმცემ შეკითხვებს.

12 წლის გოგო, რომელიც გამომძიებელმა მოწმის სტატუსით დაკითხა, გამოკვლევის ავტორებთან საუბრისას ამბობს: „კარგი იქნებოდა, დიდებს როგორც ელაპარაკებიან, ისე არ დაეწყოთ ლაპარაკი“.

ფსიქოლოგები კი ყვებიან:

„გამომძიებელმა ჰკითხა, მოგადო თუ არა ასოო, რის შემდეგაც ბავშვი არ ლაპარაკობდა“;

„ბევრ ტრენინგს გადიან ეს გამომძიებლები, მაგრამ რეალურად უჭირთ ამის ქცევაში გადატანა...ბავშვი უნდა გიყვარდეს“;

„იუმორი ძალიან კარგია, მაგრამ ზომიერი, აქ ბავშვი დათრგუნულია და შენ „ეღადავები“ ან „ღადაობ“ შენს მეგობართან და ბავშვს ესმის ეს და ვერ ხვდება, ამოვარდნილია კონტექსტიდან“.

ფსიქოლოგები იმასაც ამბობენ, რომ არის შემთხვევები, როდესაც ისინი ისე შედიან პროცესზე, რომ არ აქვთ ბავშვთან წინასწარ გასაუბრების შესაძლებლობა:

„არავინ ეკითხება (შეფასების დროს) ეპილეფსია აწუხებს თუ დახურული სივრცე, ნაჭამია თუ არა, რამდენი ხანი იყო სკოლაში, არის თუ არა ლოგიკური და გონივრული ახალი მისი დაკითხვა“...

რა სივრცეში ელაპარაკებიან გამომძიებლები მოზარდებს?

გამოკვლევამ აჩვენა ისიც, რომ ბავშვების გამოკითხვა ძირითადად მიმდინარეობს პოლიციის განყოფილებაში, საერთო სივრცეში, სადაც ერთდროულად მუშაობს რამდენიმე გამომძიებელი. იმავე სივრცეში ხდება ზრდასრული პირების დაკითხვაც.

ერთ-ერთი ფსიქოლოგი ყვება: „კატასტროფა, ქაოსი, ბავშვისთვის ოთახიც არ იყო. ჩვენ ვიჯექით ისეთ ოთახში, სადაც სამუშაო გარემოში სამი გამომძიებელი ერთ ოთახში ზის. გადი-გამოდი, იქ ვიღაც ყავას სვამს, ბათინკი გდია, ფორმა გდია, შემოდის ვიღაც დემონსტრირებულად, ფოიედან ისმის ხმა, შემოდიან დამნაშავეები, ვიღაც ყვირის, იგინება, იწყევლება, ვიღაცას მშობელი ელოდება, აბრახუნებს, სხვისი დაკითხვაც შესაძლოა ისმოდეს, ძალიან დამთრგუნველია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერევით, ვაჩერებთ, მაგრამ როდესაც გარემო არ არის, სად უნდა წაიყვანონ?“

რაც შეეხება თავად გამომძიებლებს, ერთ-ერთი გამომძიებელი, რომელიც იმერეთის რეგიონში მუშაობს, ამბობს: „სასურველია იყოს საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული ოთახები. ეს ოთახები უფრო 10 წლის ქვემოთ ბავშვებისთვის არის აუცილებელი, თორე 10-ს ზემოთ ბავშვებისთვის არ არის აუცილებელი, ახლა, როცა თვითონ აქვთ ხოლმე დანაშაული ჩადენილი, ეგეთ ოთახში თუ არ გამოიკითხება, არაუშავს“.

სპეციალური კვალიფიკაცია, რომელიც ფსიქოლოგთ ნაწილს არ აქვს

გამოკვლევის ავტორები წერენ, რომ არასრულწლოვნების გამოკითხვაში მონაწილე ფსიქოლოგებს არ აქვთ შესაბამისი სპეციალიზაცია. მათი თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ზოგიერთ ფსიქოლოგს გავლილი აქვს ტრენინგი, თუმცა, ახალი თანამშრომლების შემთხვევაში, ტრენინგების უზრუნველყოფა ვერ ხერხდება. რაც შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, შესაბამისი ტრენინგი გავლილი აქვთ მხოლოდ თბილისში მომუშავე ფსიქოლოგებს.

გამოკვლევაში მონაწილე ერთ-ერთი ფსიქოლოგი ამბობს: „ჩვენ მოვითხოვეთ ტრენინგი. მე კი მაქვს ნამუშევარი, 15 წელია ვმუშაობ ბავშვებთან, მაგრამ ამ მიმართულებით, დაკითხვის სპეციფიკაზე - არა. გვითხრეს, რაც გვევალებოდა, ჩვენს სამსახურს რა მოეთხოვება, თუმცა, როდესაც გვითხრეს, რა იყო ჩვენი ფუნქცია, აღარ გაგვივლია“.

კიდევ ერთი ფსიქოლოგი კი ასე ამბობს: „მე ვფიქრობ, რომ არ გვაქვს კვალიფიკაცია. ამას სჭირდება გადამზადება, სწავლა. ჩემთვის არავის არ უსწავლებია, როგორ მოვიქცე ამ დროს. არც უნივერსიტეტში და არც სამსახურში“.

ცვლილებები, რომლებიც აუცილებელია

2019 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვაში დადანაშაულებულმა მოზარდმა, პოლიციაში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და საავადმყოფოში გარდაიცვალა, კიდევ ერთხელ გახადა თვალნათელი სისტემაში არსებული ხარვეზები.

დღის წესრიგში დადგა უწყებათაშორისი (შსს, განათლების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, ექსპერტები) ჯგუფის შეკრების საკითხი, რომელმაც წესით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში გაჩენილი ღრმულები უნდა ამოავსოს.

პირველი ეტაპისათვის, გადაწყდა, რომ:

  • მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება;
  • ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმას სოციალური მუშაკების ნაკლებობის აღმოსაფხვრელად;
  • განათლების სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან ერთად, ფსიქოლოგთა ბაზას შექმნის;
  • იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საკანონმდებლო წინადადებას, მართლმსაჯულების სფეროში მოწმის სტატუსით მოხვედრილი არასრულწლოვნების საქმეში ადვოკატის სავალდებულო წესით მონაწილეობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG