რუსეთში იზრდება იმ მშობლების რაოდენობა, რომლებიც აცხადებენ, რომ ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ მათი შვილები მეათეში აღარ მიიღეს. სკოლაში სწავლის გაგრძელების ნაცვლად მოსწავლეებს სთავაზობენ, გადავიდნენ პროფესიულ სასწავლებლებში ან კოლეჯებში, სადაც საშუალო პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
რუსეთის ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია, მიზანმიმართულად მოუწოდებს ახალგაზრდებს კოლეჯებში ჩაბარებისკენ და საუბრობს ე.წ. მუშური პროფესიების დეფიციტზე. თუმცა, როგორც განათლების სფეროს ექსპერტები ამბობენ, მოსწავლის მიერ კოლეჯის არჩევა ხელისუფლებისთვის იმის გამოც არის მნიშვნელოვანი, რომ ასეთ ახალგაზრდებს ჯარში იოლად გაიწვევენ სწავლის დასრულებისთანავე, რადგან მათ ახალი კანონმდებლობა აღარ აძლევს უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას (გაწვევის გადავადებას), ხოლო სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემდეგ ასევე იოლია კონტრაქტით მათი ფრონტზე გაგზავნაც.
რუსი მოსწავლეები ამ პრობლემებზე Reddit-სა და TikTok-ზე ჩივიან და ხუმრობენ, მათი მშობლები კი აღშფოთებულ ვიდეოებს Instagram-ზე აქვეყნებენ. მოსწავლეები წერენ, რომ ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ მეათე კლასში აღარ იღებენ.
„არ მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ ატესტატის საშუალო ქულა 4,45 აქვს, ატესტატში არცერთი „სამიანი“ არ უწერია და მეცხრე კლასის საბოლოო გამოცდებიც „სამიანების“ გარეშე ჩააბარა“, - ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი [რუსეთში უმაღლესი შეფასება 5 ქულაა].
კრასნოდარში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მშობელმა გამოცემა Осторожно, новости-ს უამბო, რომ მის ქალიშვილს N72-ე გიმნაზიაში ცხრა კლასის დასრულების შემდეგ უარი უთხრეს მეათე კლასში ჩარიცხვაზე. ადმინისტრაციამ აუხსნა, რომ პროფილურ კლასში გადასასვლელად ქულები არ ეყო, ხოლო უნივერსალურ კლასში თავისუფალი ადგილები აღარ იყო.
“ნოვოსიბირსკის N211-ე სკოლაში თორმეტი ცხრა კლასი იყო, თუმცა მეათე კლასი მხოლოდ ოთხი გახსნეს”, - ამბობს ქალაქის მცხოვრები ქსენია, რომლის ქალიშვილი მეათე კლასში ვერ მოხვდა. მიუხედავად კარგი შეფასებებისა, პროფილურ საგნებში და ატესტატში მხოლოდ სამი „სამიანისა“, გოგონა ე.წ. ჰუმანიტარულ კლასში არ მიიღეს. მისი ატესტატის საშუალო ქულა 4,23-ია, ხოლო მეცხრე კლასის გამოცდების საშუალო შედეგი - 4,5. ქსენიას თქმით, მათ სკოლაში დაახლოებით 200 ბავშვი ვერ ჩაირიცხა მე-10 კლასში.
კრასნოდარისა და ნოვოსიბირსკის გარდა, ჩარიცხვის პრობლემებზე კემეროვოს, ეკატერინბურგის, იჟევსკისა და სხვა ქალაქების მცხოვრებლებიც საუბრობენ.
რა ხდება და როდის დაიწყო ეს?
რუსეთის სკოლებში მეცხრე კლასიდან მეათე კლასში გადასვლის სისტემა შეიცვალა 2023 წელს მიღებული ახალი ფედერალური სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის (ФГОС) ამოქმედების შემდეგ. ამ სტანდარტის შესაბამისად სკოლებს ევალებათ პროფილური მეათე კლასების შექმნა, სულ მცირე, ორი (არჩევითი) მიმართულებით (მაგალითად, ფიზიკა-მათემატიკა და ჰუმანიტარული მეცნიერებები). ასევე შესაძლებელია ზოგადსაგანმანათლებლო კლასების არსებობაც (ამ პროფილს „უნივერსალური“ ეწოდება), თუმცა მათი გახსნა სკოლისთვის სავალდებულო აღარ არის. პროფილურ კლასებში მიღება კონკურსის საფუძველზე ხდება, თუმცა ერთიანი კრიტერიუმები არ არსებობს - თითოეული სკოლა თავად განსაზღვრავს, რას გაითვალისწინებს: კონკრეტულ საგნებში მიღებულ ქულებს, მეცხრე კლასის სახელმწიფო გამოცდების (ერთიანი ეროვნული გამოცდების) შედეგებს, ატესტატის საშუალო ქულას თუ გასაუბრების შედეგებს. მეათე კლასში გადასასვლელად მოსწავლემ უნდა ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები ოთხ საგანში: ორ სავალდებულოში (რუსული ენა და მათემატიკა) და ორ არჩევით საგანში.
რუსეთში სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები მე-10 კლასში გადასვლის სირთულეებზე პირველად 2024 წლის ზაფხულში ალაპარაკდნენ. 2025 და 2026 წლებში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა. ეს ყველაფერი ხდება რუსეთის ხელისუფლების - განათლების სამინისტროსა და პირადად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებების ფონზე, რომ ქვეყანას „მუშა ხელები“ უფრო სჭირდება, ვიდრე უმაღლესი განათლება, რომლის მიღებასაც ბევრი მოსწავლე 11 კლასის დასრულების შემდეგ გეგმავს. მთელი ეს პერიოდი რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი სამუშაო სპეციალობების პრესტიჟის ამაღლების მოწოდებით გამოდიოდა და აცხადებდა, რომ რუსეთში სპეციალური პროფესიული განათლების მქონე კადრებზე მოთხოვნამ 2030 წლისთვის 70%-ს უნდა მიაღწიოს.
2026 წლის ივნისში რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრმა ვალერი ფალკოვმა თქვა, რომ რუსეთში უმაღლესი განათლების მქონე ადამიანთა სიჭარბეა. არადა, მისივე თქმით, „ამგვარი საყოველთაო უმაღლესი განათლების საჭიროება არ არსებობს“.
ვლადიმირ პუტინმა 2023 წელს რუსეთის მთავრობას დაავალა, რომ 2028 წლისთვის 1 მილიონი მუშა-სპეციალისტი მოემზადებინა, 2025 წელს კი ხელი მოაწერა კანონს, რომელმაც რუსეთის რამდენიმე რეგიონში პროფესიულ კოლეჯში ჩაბარება მეათე კლასში გადასვლაზე უფრო გაამარტივა. ახლა სანქტ-პეტერბურგში, მოსკოვსა და ლიპეცკის ოლქში პროფესიულ სასწავლებელში ან კოლეჯში ჩასაბარებლად საკმარისია ერთიანი ეროვნული გამოცდის მხოლოდ ორ საგანში ჩაბარება, მაშინ როდესაც სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად (ანუ მეათე კლასში გადასასვლელად) ოთხი გამოცდაა საჭირო.
2025-2026 სასწავლო წლის მონაცემებით, ეკატერინბურგში მეათე კლასებში მხოლოდ 9 308 ადგილი გაიხსნა, მაშინ როცა მეცხრე კლასი 19 ათასზე მეტმა მოსწავლემ დაამთავრა. ბაშკირეთის რესპუბლიკის ხელისუფლების ცნობით, ცხრა კლასის შემდეგ სკოლას მოსწავლეთა 50–60% ტოვებს. სამარაში კი, 2026 წლის ივნისის მონაცემებით, მეცხრე კლასის დასრულების შემდეგ სკოლაში სწავლის გაგრძელებას მხოლოდ ბავშვების 44% გეგმავდა.
რა ელის მას, ვინც ვერ გადავა X კლასში
როგორც რადიო თავისუფლების პროექტის, The CurrentTime-ის მიერ ადრე გამოკითხული ექსპერტები აღნიშნავდნენ, რუსეთის ხელისუფლებამ საშუალო სკოლის მოსწავლის მეცხრიდან მეათე კლასში გადასვლა ნამდვილ განსაცდელად აქცია. საქმე ისაა, რომ რუსეთის მთავრობა მოსწავლეებს სამუშაო პროფესიების არჩევისკენ უბიძგებს, უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრას კი შეგნებულად ართულებს. რუსეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ ასეთ მიდგომას საფუძვლად უდევს შრომის ბაზრის მოთხოვნილება, თუმცა, ექსპერტთა ვარაუდით, რეალური მიზეზი ჯარში გაწვევის მექანიზმის გამარტივება და გასაწვევი კონტინგენტის გაფართოებაა.
რუსეთში ცხრა კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლეები აბარებენ ერთიან სახელმწიფო გამოცდას (ОГЭ) - ჩვეულებრივ ოთხ საგანში (რუსული ენა, მათემატიკა და ორი არჩევითი საგანი). გამოცდის შედეგები აისახება ატესტატის ქულებზე, ხოლო ატესტატის შეფასებები მნიშვნელოვანია როგორც პროფესიულ კოლეჯში, ისე სკოლის მე-10 კლასში ჩასარიცხად. სწორედ ეს ეტაპი გართულდა: ზოგჯერ მეათე კლასში გადასასვლელ კონკურსს ვერც სტაბილურად კარგი მოსწავლეები ვერ გადიან.
მოსკოვის უმაღლესი ეკონომიკის სკოლის (ВШЭ) მონაცემებით, ჯერ კიდევ რვა წლის წინ, 2018 წელს, საბაზო სკოლის (ცხრა კლასის) კურსდამთავრებულთა 52,7% სწავლას მე-10 კლასში აგრძელებდა, ხოლო 42,7% კოლეჯებში გადადიოდა. 2020 წელს ეს მაჩვენებლები გათანაბრდა. გარდამტეხი აღმოჩნდა 2022 წელი, როცა საშუალო პროფესიული განათლება 9-კლასდამთავრებული მოსწავლეების 50,4%-მა აირჩია, ხოლო მე-10 კლასში მხოლოდ 45,5% გადავიდა. ამ დროიდან მოყოლებული ეს სხვაობა კოლეჯების სასარგებლოდ იზრდება.
რუსეთის ხელისუფლება აქტიურად აქებს საშუალო პროფესიულ განათლებას და ხაზს უსვამს მის მზარდ პოპულარობას. სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვში ვაკანსიების 75% მუშათა პროფესიებზე მოდის. მოსკოვის მთავრობამ ექსპერიმენტის ფარგლებში კოლეჯებსა და ტექნიკუმებში ჩარიცხვა გაამარტივა: ამ სასწავლებლებში მოსახვედრად ოთხის ნაცვლად მხოლოდ ორი ეროვნული გამოცდის - რუსული ენისა და მათემატიკის - ჩაბარებაა საჭირო. შედეგად, იმ მეცხრეკლასელებს, რომლებიც კოლეჯს ირჩევენ და არა მე-10 კლასს, ჩარიცხვა მნიშვნელოვნად უმარტივდებათ ანუ კოლეჯში გადასვლა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე - მეათე კლასში.
რუსეთის შრომის სამინისტრო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შორის ასახელებს შემდუღებლების, მკერავებისა და მექანიკოსების სპეციალობებს. სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, რამდენიმე წლის წინ „მნიშვნელოვანი დისბალანსი არსებობდა იმ სპეციალობების სასარგებლოდ, რომლებიც მუშათა პროფესიებს არ უკავშირდებოდა“, რის გამოც შრომის ბაზარზე ბევრი არამოთხოვნადი სპეციალისტი იყო. ახლა კი, მისი შეფასებით, ახალგაზრდები სულ უფრო ხშირად ირჩევენ საშუალო პროფესიულ განათლებას.
რუსი მოსწავლეები ტექნიკუმებსა და კოლეჯებში კარგ ცხოვრების გამო არ მიდიან. რუსეთის მთავრობამ შეგნებულად გაართულა უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება: მთავრობის გადაწყვეტილებით, ფასიანი ადგილების რაოდენობა მიზანმიმართულად მცირდება, სწავლის საფასური კი იზრდება. ამასთან, სპეციალური კვოტით საბიუჯეტო ადგილების 10% ეთმობათ მხოლოდ უკრაინის ომის ვეტერანებსა და მათ შვილებს.
თუმცა იმავე მოსკოვის უმაღლესი ეკონომიკის სკოლის (ВШЭ) კვლევის, „განათლების ინდიკატორების“ თანახმად, კოლეჯებში გადასული ყოფილი სკოლის მოსწავლეები უმეტესად არა მუშურ პროფესიებს, არამედ საშუალო რგოლის სპეციალისტების მიმართულებებს ირჩევენ. სწავლობენ IT-სპეციალობებს, დიზაინს, საშუალო სამედიცინო პერსონალის ხელობას, ტრანსპორტისა და მშენებლობის სფეროს სპეციალობებს და არა შემდუღებლის, ზეინკლის, ელექტრიკოსისა და ა.შ. ხელობებს. პროფესიულ სასწავლებლებსა და კოლეჯებში მუშის სპეციალობებს სტუდენტების მხოლოდ 10% ირჩევს.
რუსეთში საშუალო პროფესიულ განათლებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს, განსაკუთრებით ყმაწვილებისთვის. კანონით სამხედრო სამსახურის გადავადების უფლება მხოლოდ ერთხელ მოქმედებს: თუ ახალგაზრდა კოლეჯის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტში ჩააბარებს, მას გაწვევისგან აღარაფერი დაიცავს. მექანიზმი ასეთია:
პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს (მამაკაცებს) სწავლის პერიოდში ეძლევათ სამხედრო სამსახურისგან გადავადება, რომელიც მოქმედებს 18 წლის შესრულებიდან კოლეჯის დამთავრებამდე. მაგრამ თუ სტუდენტი კოლეჯის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას გადაწყვეტს, ახალ გადავადებას ვეღარ მიიღებს და მას სამხედრო სამსახურში გაიწვევენ. გამონაკლისს მხოლოდ ისინი წარმოადგენენ, ვინც კოლეჯს 18 წლის შესრულებამდე ამთავრებენ (ამ შემთხვევაში უნივერსიტეტისთვის გადავადებას მიიღებენ), თუმცა ეს პრაქტიკულად შეუძლებელია - უმეტესობა მე-9 კლასს 15 წლის ასაკში ამთავრებს, ხოლო კოლეჯში სწავლა სამიდან ოთხ წლამდე გრძელდება.
„კოლეჯებისთვის სამხედრო სამსახურის გადავადებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული წესები მოქმედებს. ფაქტობრივად, თუ ადამიანმა ერთხელ უკვე ისარგებლა კოლეჯისთვის გათვალისწინებული გადავადებით, შემდეგ მისი ეფექტიანად გამოყენება ფაქტობრივად შეუძლებელია, - განმარტავს ორგანიზაცია „შეგნებულ უარისმთქმელთა მოძრაობის“ იურისტი არტიომ კლიგა, - ყველას არ შეუძლია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლება ან ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის “დათრევა”. შედეგად ისინი ნამდვილად დგანან ჯარში დაღუპვის ძალიან, ძალიან მაღალი რისკის წინაშე.“
„ეს ერთგვარი წმენდაა. რადგან თუ ადამიანი მე-10 კლასში ვერ გადავა, სრულიად ნათელია, რომ ჯარამდე მისი გზა ძალიან მოკლე იქნება. ანუ ორ წელიწადში უკვე შეუძლიათ გაიწვიონ“, - უთხრა The CurrentTime-ს ცნობილმა რუსმა პედაგოგმა დიმა ზიცერმა.
2026 წლის გაზაფხულზე რუსულ მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ აქტიურად ხდებოდა კოლეჯებისა და ტექნიკუმების სტუდენტების სამხედრო სამსახურში გადაბირება.
„გაცილებით ადვილია კოლეჯის სტუდენტებზე ზეწოლა, - ამბობს არტიომ კლიგა, - კოლეჯი არ აღიქმება ისეთ განათლებად, რომლისთვისაც ორი-სამი წელი ემზადებოდი, გამოცდებს აბარებდი ან მშობლები დიდ თანხას იხდიდნენ. ამიტომ ბევრად ადვილია ასეთი სტუდენტისთვის სწრაფი და თითქოს მარტივი ფულის შეთავაზება, თან იმ დაპირებით, რომ ერთ წელიწადში დიპლომსაც მიიღებენ.“
პედაგოგი დიმა ზიცერიც იზიარებს მოსაზრებას, რომ ტექნიკუმებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები რეკრუტერებისთვის ადვილი სამიზნეები არიან, მათ შორის იმიტომაც, რომ ისინი უნივერსიტეტის სტუდენტებზე გაცილებით ახალგაზრდები არიან.
„ჩვენ ვხედავთ, რა ხდება პროფესიულ სასწავლებლებსა და ტექნიკუმებში - ზეწოლისა და მანიპულაციის როგორი მასშტაბია იქ. ეს უნივერსიტეტებშიც ხდება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები, სულ მცირე, სამი წლით უფროსები არიან და რომ უნივერსიტეტებში რაღაც აკადემიური გარემო მაინც არსებობს. აქ კი 16 წლის ბავშვებზე ვსაუბრობთ. მათი უნარი, თქვან „არა“, გაცილებით დაბალია, ვიდრე 19 წლის ახალგაზრდებისა. სწორედ ამიტომ მათზე მანიპულირება ბევრად უფრო იოლია.“
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რეკრუტერები სტუდენტებს არწმუნებენ, რომ ჯარში მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იმსახურებენ, ისიც უპილოტო სისტემების ქვედანაყოფებში, ფრონტის ხაზიდან მოშორებით. თუმცა პრაქტიკაში ასე არ ხდება: კონტრაქტის გაფორმების შემდეგ სამხედრო მოსამსახურე შეიძლება ნებისმიერ დანაყოფში გააგზავნონ, მათ შორის მოიერიშე ქვედანაყოფებში, ხოლო პუტინის განკარგულების თანახმად, უწყებას უფლება აქვს, არ გაწყვიტოს კონტრაქტი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ (ასე უწოდებენ რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომს) დასრულებამდე.
ომის პროპაგანდა რუსეთის სკოლებში
2026 წლის 21 ივლისს რუსეთის განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა ე.წ. პატრიოტული ლიტერატურის სია, რომლითაც სასკოლო ბიბლიოთეკები უნდა შეივსოს. ამის შესახებ სამინისტროს ოფიციალური ვებსაიტი იტყობინება. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სიაში შეტანილია როგორც ფედერალური საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული წიგნები, ისე კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, მათ შორის თანამედროვე ნაწარმოებები, რომელთა შორისაა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ (СВО) შესახებ დაწერილი წიგნები, ანუ უკრაინის წინააღმდეგ ომის თემაზე შექმნილი ნაწარმოებები. სამინისტროს განცხადებით, სიები რუსეთის ყველა რეგიონის ბიბლიოთეკებს გაეგზავნა.
სიაში სპეციალური განყოფილება - „Za наших“ („ჩვენებისთვის Z-ით“) - ეთმობა უკრაინაში ომის თემაზე შექმნილ ნაწარმოებებს. როგორც საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი წერს, ამ განყოფილებაში შედის ნ. ივანოვის „სუვოროველი ვოევოდა“, ო. იზმაილოვის „დონბასი — რუსეთის გული“, ა. მოჟაევის „ზღვარს მიღმა“, ვ. პოვოლიაევის „მომთაბარის გზა“, ა. შოროხოვის „საომარი დიდება“, ასევე ტ. როდიონოვას რედაქტორობით გამოცემული პოეზიის კრებული „რუსული ზამთრის პოეზია“.
Z - ეს არის ტაქტიკური ნიშანი, რომლითაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში რუსული სამხედრო ტექნიკა იყო მონიშნული. მოგვიანებით ის უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. ომის მხარდამჭერი ჩინოვნიკები და პროპაგანდისტი ბლოგერები თავიანთი არხებისა და პროექტების სახელებში ხშირად ამატებენ ასო Z-ს, რომლითაც რუსულ З-ს ცვლიან.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი" (Интерфакс) წერს, განათლების სამინისტროს სიაში თანამედროვე ავტორების დაახლოებით 80 „პატრიოტული მიმართულების“ ნაწარმოებია შესული. თუმცა ყველა მათგანი უკრაინის ომს არ ეხება - ჩამონათვალშია როგორც ისტორიული ნაწარმოებები, ისე წიგნები მეორე მსოფლიო ომის საბჭოთა ვერსიაზე.
რა უნდა ქნან?
რუსი იურისტების თქმით, თუ ბავშვს მე-10 კლასში მიღებაზე უარი უთხრეს, მაგრამ არც თავად და არც მისი მშობლები ამას არ ეთანხმებიან, მაშინ მათ, პირველ რიგში, უნდა მოითხოვონ უარის მიზეზი (წერილობითი ფორმით) და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიტანონ სკოლიდან დოკუმენტები. საქმე ისაა, რომ სკოლას უარის თქმა მხოლოდ ორი საფუძვლით შეუძლია: მოსწავლემ ვერ გაიარა კონკურსი პროფილურ კლასში ან სკოლაში თავისუფალი ადგილები აღარ არის. როცა ასეთ წერილობით უარს მიიღებენ, მშობლებს შეუძლიათ მიმართონ განათლების დეპარტამენტს, რომელიც ვალდებულია მიუთითოს მათ (გასცეს რეკომენდაცია), ქალაქის რომელ სკოლაშია თავისუფალი ადგილი.
რუსეთის კანონი „განათლების შესახებ“ ასევე ითვალისწინებს კიდევ ერთ შესაძლებლობას, რომლის შესახებაც ბევრმა მშობელმა არ იცის: მე-10 და მე-11 კლასებში სწავლა ოჯახური (საოჯახო) განათლების ფორმით. ამ შემთხვევაში მოსწავლე პროგრამას დამოუკიდებლად, რეპეტიტორების ან ონლაინგაკვეთილების დახმარებით გადის, ხოლო სკოლაში მხოლოდ საკონტროლო სამუშაოებსა და გამოცდებს აბარებს. ამისთვისაც საჭიროა რომელიმე სკოლასთან ოფიციალურად იყოს მიბმული. ექსპერტების თქმით, ასეთ ფორმატში შესაბამისი სკოლის მოძიება ხშირად უფრო ადვილია, ვიდრე ჩვეულებრივი, დასწრებით სწავლებისა. ასეთი (დაუსწრებელი) სწავლების დასრულების შემდეგ მოსწავლე ერთიან სახელმწიფო გამოცდებს სხვა აბიტურიენტების მსგავსად აბარებს და, შესაბამისად, შესაძლოა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტიც გახდეს.
რუსეთის განათლების სისტემა - ტექნიკური დეტალები
რუსეთის ფედერალური კანონის („განათლების შესახებ“) მიხედვით, განათლების სისტემა ორი ძირითადი (ზოგადი და პროფესიული) ბლოკისგან შედგება:
1. ზოგადი განათლება - 4 საფეხური
- სკოლამდელი განათლება - ბაღი / საბავშვო ბაგა (3-დან 7 წლამდე);
- დაწყებითი ზოგადი განათლება - 1-4 კლასები (7-დან 11 წლამდე);
- ძირითადი ზოგადი განათლება - 5-9 კლასები (სავალდებულო საბაზო საფეხური, სრულდება ერთიანი ეროვნული გამოცდებით);
- საშუალო ზოგადი განათლება - 10-11 კლასები (სრული საშუალო განათლება, სრულდება ერთიანი ეროვნული გამოცდებით).
2. პროფესიული განათლება
- საშუალო პროფესიული განათლება - კოლეჯები და ტექნიკუმები;
- უმაღლესი განათლება.
რუსეთში მე-9 კლასიდან მე-10 კლასში გადასვლა ავტომატურად არ ხდება და ყველა მოსწავლე მე-10 კლასში ვერ (ან არ) გადადის. მე-9 კლასის დასრულება არის გარდამავალი ეტაპი, რომელზეც წყდება, მოსწავლე სკოლაში გააგრძელებს სწავლას თუ კოლეჯში/ტექნიკუმში გადავა.
როგორია ბოლო ერთი ან ორი წლის სტატისტიკა - რამდენმა მოსწავლემ შეძლო მე-9 კლასიდან მე-10-ში გადასვლა?
რუსეთში 9-კლასდამთავრებულთა განაწილება მე-10 კლასსა და კოლეჯებს შორის მკვეთრად შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში. თუ ადრე მოსწავლეთა უმრავლესობა სკოლაში რჩებოდა, ბოლო 1-2 წლის განმავლობაში მე-10 კლასში გადამსვლელთა წილი 40%-მდე შემცირდა, ხოლო 60%-ზე მეტი კოლეჯებში მიდის. ბოლო 1–2 წლის სტატისტიკა (2024–2025/2026 წლები) რუსეთის განათლების სამინისტროსა და „როსსტატის“ ბოლო მონაცემებით ასეთია:
- მე-10 კლასში გადადის 9-კლასდამთავრებულთა 38-40%.
- კოლეჯებში/ტექნიკუმებში მიდის - 60-62%.
- დარჩენილი მცირე ნაწილი (1-2%) ვერ აბარებს ერთიან გამოცდებს და რჩება მეორე წელს ან გადადის სპეციალურ სწავლებაზე.
რუსეთში ყოველწლიურად მე-9 კლასს ამთავრებს დაახლოებით 1,4-1,5 მლნ მოსწავლე, რომელთაგან მხოლოდ 550-600 ათასი აგრძელებს სწავლას მე-10 კლასში, ხოლო 900 ათასზე მეტი კოლეჯებში გადადის.
ფორუმი