Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განცხადებები ყალბი Facebook-ანგარიშების გაუქმების შემდეგ - რა არ უნდა გამოგრჩეს 7 მაისს


=

ასობით ფეისბუკგვერდი აღარ იძებნება: ამით მორჩა?

საპარლამენტო არჩევნებამდე 6 თვით ადრე Facebook-მა წაშალა ქართული წარმოშობის ასობით ყალბი გვერდი, ანგარიში, ჯგუფი და ინსტაგრამპროფილი.

წაშლილი ყალბი ანგარიშები თავს ასაღებდნენ ოპოზიციის ლიდერებად, ჯანდაცვის სპეციალისტებად, არარეალურ ადამიანებად, ახალი ამბების დამოუკიდებელ ორგანიზაციებად. ყალბი ანგარიშების პოსტების რეკლამაში, საერთო ჯამში, 54 ათასამდე ამერიკული დოლარი დაიხარჯა.

წაშლილი ანგარიშების უმრავლესობა საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ყოფილი პიარტექნოლოგის, კოკა ყანდიაშვილის ორგანიზაცია „ეS პერსონას“ უკავშირდება. მცირე ნაწილი კი - ოპოზიციურ პარტიასთან, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ ადამიანებს. ორივე პარტია უარყოფს რაიმე კავშირს წაშლილ გვერდებთან.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა სოციალური მედიის გიგანტი ააშკარავებს და შლის - რასაც თავად უწოდებს - „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ (CIB) ქსელს.

ახლა ფეისბუკში კოკა ყანდიაშვილიც აღარ იძებნება. თუმცა ამ ამბის შემდეგ მან განცხადება გააკეთა.

„2014 წლიდან, აღარ ვარ საჯარო სამსახურში. მე არ ვყოფილვარ და არ ვარ «ქართული ოცნების» თანამშრომელი, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ საჯაროდ ვაქტიურობ ყველა საარჩევნო კამპანიის დროს, მე ვიყავი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი შექმნის დღიდან და ასე იქნება მომავალშიც. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამ გუნდში და პარტიასაც ხშირად ვსტუმრობ. ახლო მომავალში, ჩემს ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერ გუნდთან ერთად, უფრო საინტერესო მედია პროდუქტებს შევთავაზებთ ჩვენს საზოგადოებას. ასევე მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ ფეისბუქთან, გუგლთან და სხვა სოციალურ ქსელებთან, რათა ნამდვილად ეფექტური იყოს ფეიკ ნიუსებთან, რუსულ პროპაგანდასთან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობასთან ბრძოლა“, - აცხადებს ყანდიაშვილი.

გაუქმებულ ფეისბუკანგარიშებსა და კოკა ყანდიაშვილთან რაიმე კავშირს უარყოფენ მმართველ გუნდში. წაიკითხე მეტი თორნიკე მანდარიას სტატიაში.

კორონავირუსი და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

დადასტურებული შემთხვევა - 610

გარდაცვლილი - 9

გამოჯანმრთელებული - 269

კარანტინში - 5133

სტაციონარში - 523

დღეისთვის საქართველოში კორონავირუსის 610 რეგისტრირებული შემთხვევაა. აქედან 269 გამოჯანმრთელებულია. გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი საგრძნობლად აღემატება ინფიცირების ახალ შემთხვევებს. ერთ დღეში 29 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ ასევე ცნობილი გახდა, რომ ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმს, რომელსაც „ლუგარის ლაბორატორიაში“ 2 მაისს ჩატარებული PCR ტესტით კორონავირუსი დაუდგინდა, ამავე ლაბორატორიაში განმეორებით, ორჯერ გაკეთებული PCR ტესტით, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. შესაბამისად, ექიმი ქალი კოვიდინფიცირებული არ არის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის თქმით, ექიმს დამატებითი, ჩაღრმავებული კვლევა ჩაუტარდება, რათა გაირკვეს, რა ტიპის ვირუსი აქვს. რეგიონი კორონავირუსისგან თავისუფალი ე.წ. მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს.

წაიკითხე მეტი.

7 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 3.19 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

დღეს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი:

  • 1 აშშ დოლარი - 3.1999 ლარი (6 მაისი - 3.1998);
  • 1 ევრო - 3.4565 ლარი (6 მაისი - 3.4702);
  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 3.9637 ლარი (6 მაისი - 3.9857);
  • 100 რუსული რუბლი - 4.3031 ლარი (6 მაისი - 4.3176);
  • 1 თურქული ლირა - 0.4477 ლარი (6 მაისი - 0.4522)
  • 10 უკრაინული გრივნა - 1.1900​ ​ლარი (6 მაისი - 1.1862).

6 მაისს Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი ფიქსირდებოდა - 1 აშშ დოლარი - 3.2025 ლარი.

31 მარტიდან საქართველოში დროებით შეწყდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას განაგრძობენ კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან.

>

Freedom House-ის ანგარიში: დემოკრატიული ფასადების რღვევა

ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“/Freedom House აქვეყნებს თავის ყოველწლიურ ანგარიშს „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“/Nations in Transit, რომელშიც წერს, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სულ უფრო მეტ ლიდერს უკვე თავიც კი აღარ მოაქვს დემოკრატიის წესებით მოთამაშედ.

„ისინი ღიად ესხმიან თავს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და მუშაობენ ინდივიდუალური თავისუფლებების შესაზღუდად“.

საქართველო კვლავ რჩება „გარდამავალი მთავრობების/ჰიბრიდული რეჟიმების“ მქონე ქვეყნების კატეგორიაში. შკალაზე, რომელზეც 1.00-დან 2.00-მდე ქულა კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმს ნიშნავს, ხოლო 5:01-დან 7:00-მდე ქულა - კონსოლიდირებულ დემოკრატიას, საქართველოს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, ოდნავ გაუარესებულია და 3.29 ქულიდან 3.25 ქულას შეადგენს.

წაიკითხე მეტი.

1800 ტესტი, 6 ინფიცირებული და ყველაზე ბევრი გამოჯანმრთელებული - რას ნიშნავს?

კორონავირუსის მართვის ორთვიან პროცესში, 6 მაისს პირველად დაფიქსირდა, როდესაც საქართველოში გამოჯანმრთელებულების რაოდენობამ თითქმის ხუთჯერ გადაუსწრო ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას.

6 მაისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 29 პაციენტი. ამ მაჩვენებლებში საყურადღებოა ისიც, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ყველაზე მეტი PCR ტესტი - 1800 ტესტი ჩატარდა.

ანუ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, თუკი, მაგალითად, აპრილის შუა რიცხვებში იტესტებოდა 80-100 ადამიანი და მათ შორის კორონავირუსი უდასტურდებოდა 20-30 პაციენტს, მაისის პირველი რიცხვების მონაცემებით, ტესტირებების ყოველდღიური რაოდენობა მერყეობს 860-დან 1800-მდე, ხოლო ახალ დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 6-დან 14-მდე.

თამარ გაბუნია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სურათი, რომელიც დღეს საქართველომ მიიღო, პირველ რიგში, შედეგია იმ მკაცრი სოციალური დისტანცირების ზომებისა, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირაა ქვეყანაში მოქმედებს. მისი თქმით, სწორედ ამ გამკაცრებულმა ზომებმა მისცა ქვეყანას საშუალება შეეკავებინა ეპიდემიის გავრცელება.

წაიკითხე მეტი.

  • რუსული, დოკუმენტური ფილმი „გზა“ 2016 წელს გამოვიდა და პოპულარობა მოიპოვა როგორც ევროპაში, ასევე აშშ-შიც.
  • ფილმის არც ერთი კადრი რეჟისორის გადაღებული არ არის, მასში მხოლოდ გზაზე დაყენებული ვიდეოკამერების კადრებია გამოყენებული.
  • ტანკები, დათვები, გაქცეული პატარძალი, მეტეორის ჩამოვარდნა - კადრები ფილმიდან „გზა“.
  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG