Accessibility links

გაჟონა თუ არა მიმოწერამ საქართველოს სამინისტროდან რუსეთის მედიაში?


ლუგარის ლაბორატორია

თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორია კიდევ ერთხელ გახდა რუსული დეზინფორმაციის სამიზნე და ამჯერად შესაძლოა საქმე ეხებოდეს ჯანდაცვის სამინისტროდან გაჟონილ ელექტრონულ მიმოწერას.

ბულგარელმა ბლოგერმა დილიანა გაიტანჯიევამ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ამერიკელი დიპლომატები უკანონოდ ვაჭრობენ ადამიანის სისხლითა და პათოგენებით, საიდუმლო სამხედრო პროგრამის ფარგლებში”. მასალას ეგრეთ წოდებული მტკიცებულებების სახით დართული აქვს შემდეგი დოკუმენტები, რომელთაც „მითების დეტექტორი“ აქვეყნებს:

  1. აშშ-ის საელჩოს წერილი ჯანდაცვის სამინისტროს პათოგენების საბაჟო ზედამხედველობისგან გათავისუფლების აუცილებლობაზე და სამინისტროს პასუხი. - აშშ-დან ლაბორატორიული მასალა ლუგარის ლაბორატორიისთვის გაიგზავნა. ვინაიდან ამგვარი მასალები საჭიროებს შესაბამის შენახვას და მისი დიდი ხნით საბაჟოზე გაჩერებაც არ შეიძლება, ამერიკული მხარე ითხოვს მის, როგორც დიპლომატიური გზავნილის, საბაჟო ფორმალობების გარეშე გატარებას.
  2. The US Army Medical Research Directorate-Georgia-სა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის ელექტრონული მიმოწერა ღონისძიებაზე დამსწრეების შესახებ.
  3. ელექტრონული ფოსტა აშშ-ის სახმელეთო ძალების სამედიცინო კვლევებისა და რესურსების სარდლობის მმართველ გენერალ ბარბარა ჰალკომსა და მინისტრ დავით სერგეენკოს შესაძლო შეხვედრის შესახებ
  4. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძესა და დავით სერგეენკოს შორის ელექტრონული მიმოწერა, რომელიც სამუშაო შინაარსს ატარებს (ბარბარა ჰოლკომის მოკლე ბიოგრაფიასა და ვოლტერ რიდის ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის მასალებს უგზავნის მინისტრს).
  5. მინისტრ დავით სერგეენკოს წერილი. ის თავისი პრესსამსახურის მაშინდელ წარმომადგენელს, მაია თაბაგარს, უგზავნის თავად სტატიის ავტორ დილიანა გაიტანჯიევასგან მიღებულ კითხვარს და სთხოვს გაარკვიოს, ვინ არის ეს ჟურნალისტი.

არ არის ცნობილი, ეს დოკუმენტები აუთენტიკურია თუ არა. იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილია, ჩნდება კითხვა, როგორ ჩაუვარდა ისინი ხელში დილიანა გაიტანჯიევას. ჯანდაცვის უწყება ამაზე კომენტარს არ აკეთებს.

რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიას, მის ხელმძღვანელს პაატა იმნაძეს უჭირს იმის ცალსახად თქმა, არის თუ არა ეს დოკუმენტები უკანონოდ მოპოვებული, რადგან მიწერ-მოწერა აშშ-ის საელჩოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის არ შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რისი მოპოვებაც მარტივი მოკვლევით არ იქნებოდა შესაძლებელი.

მაშინაც კი, როცა არ არსებობს ცალსახა პასუხი იმაზე, არის თუ არა ეს დოკუმენტები ნამდვილი, გზა ამ პუბლიკაციიდან კრემლის პროპაგანდამდე მარტივად მიდის. ამ გზას მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი სოფო გელავა ნაბიჯ-ნაბიჯ ხშირად გადის დეზინფორმაციის აღმოჩენიდან მის გადამოწმებამდე.

„ამ პორტალებს რომ ჩავუყვეთ და გავიგოთ, მფლობელები ვინ არიან, ისინი არიან ან ღიად პრორუსულები, ან მხარს უჭერენ ავტორიტარულ რეჟიმს. მაგალითად, გაიტანჯიევას რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებული ჰქონდა სტატია პორტალ South Front-ზე, რომელიც იმართება რუსეთიდან და მისი პოლიტიკაა ხალხს გააგებინოს „სიმართლე“ დონბასში არსებული მოვლენების გამო“.

სოფო გელავა ლუგარის ლაბორატორიის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:02:35 0:00
Direct link

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსული დეზინფორმაცია ცდილობს კონსპირაციას მიაკვლიოს ლუგარის ლაბორატორიაში. ჩვენ სიუჟეტშიც არის ეს დეზინფორმაციები.

ბიოლოგიური იარაღის დამზადება, საშიში ვირუსების გავრცელება, სახიფათო მწერების დივერსიული მიზნებით გამოყენება და ხალხის მოწამვლა - კრემლის მიერ გავრცელებული ხშირი მესიჯებია ლუგარის ლაბორატორიის შესახებ. ლაბორატორიის კედლებს მიღმა 2018 წლის მაისში რადიო თავისუფლებამ შეიხედა.

კრემლისტური მედიების მიერ რაიმე თემის წამოწევა და მისი სხვადასხვა ენებზე - მათ შორის ქართულად - გავრცელება რომ მკაფიო გეგმის ნაწილია, ამ კონკრეტული თემის გააქტიურების მაგალითზეც ჩანს. ეს არის ის მოვლენები, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ბულგარელი ჟურნალისტის სტატიას უძღოდა წინ.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს რუსეთის მიერ შექმნილ საინფორმაციო ქაოსში ლაბორატორიის შესახებ გავრცელებული ბოლო მასალა არ იქნება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG