Accessibility links

გატაცებულ ლამბალოელ გოგოს ისევ ვერ პოულობენ


2015 წელს დაწყებული არასრულწლოვანთა ქორწინების საწინააღმდეგო კამპანიის პოსტერი

ამ დრომდე უცნობია ადგილსამყოფელი 17 წლის გოგონასი, რომელიც სოფელ ლამბალოდან 4 დღის წინ საკუთარი სახლიდან ძალის გამოყენებით გაათრიეს და გაიტაცეს. ამ ამბავს მისი უმცროსი დაც შეესწრო, ხოლო სხვა თვითმხილველებმა იმ ავტომობილის მძღოლიც იცნეს, რომლითაც გოგონა გაიტაცეს. „ქალთა მოძრაობაში“ იმასაც ამბობენ, რომ გამტაცებლის ვინაობა პოლიციისთვისაც ცნობილია, თუმცა უკვე მეოთხე დღეა, გატაცებულ გოგოს კვალს მაინც ვერ მიაგნეს.

ეს მავნე პრაქტიკა არის სახელმწიფოს უმოქმედობით წახალისებული და ხელშეწყობილი ეთნიკური და გენდერული დისკრიმინაცია აზერბაიჯანელი გოგოების მიმართ...
„ქალთა მოძრაობის“ განცხადება

„ქალთა მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საგამოძიებო უწყება ხშირად თვალს ხუჭავს ცოლის მოყვანის მიზნით გოგონების გატაცებაზე და როგორც წესი, ვერასდროს პოულობს მეზობელ სოფელში, ნათესავებთან დამალული გამტაცებელს. ხოლო მისი დასჯის ნაცვლად, პოლიცია ოჯახების მორიგებას ელოდება. შემდეგ კი გამოძიება ან ჩერდება, ან საქმე 5000-ლარიანი საპროცესო შეთანხმებით გვარდება.

„აზერბაიჯანელი გოგოები ისეთი დაუცველები არიან საქართველოში, რომ მათ სკოლებს არ ამთავრებინებენ, ხშირად მშობლებს თვითონ დაჰყავთ 15-17 წლის გოგოები სკოლაში, რადგან მათთვის მარტო გადაადგილება სახიფათოა. ეს მავნე პრაქტიკა არის სახელმწიფოს უმოქმედობით წახალისებული და ხელშეწყობილი ეთნიკური და გენდერული დისკრიმინაცია აზერბაიჯანელი გოგოების მიმართ“, - ვკითხულობთ „ქალთა მოძრაობის“ განცხადებაში, რომლითაც მოძრაობა მოითხოვს:

  • შეწყდეს აზერბაიჯანელი გოგოების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ;
  • გატაცებული გოგოს ძებნაში ჩაერთოს ყველა სახელმწიფო ორგანო, რომელსაც შეუძლია სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
  • გამოქვეყნდეს და გავრცელდეს გატაცებულის და გამტაცებლის ფოტოები, რათა საზოგადოება ჩაერთოს გოგოს ძებნაში;
  • დაისაჯოს არა მხოლოდ გამტაცებელი, არამედ ყველა, ვინც ამ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა და ვინც არ შეატყობინა დანაშაულის შესახებ სახელმწიფოს;
  • ხელისუფლებამ შეიმუშაოს ადრეული ქორწინებისა და გატაცების წინააღმდეგ ეფექტური სტრატეგია და ბოლო მოუღოს დისკრიმინაციულ დანაშაულს და პრაქტიკას საქართველოში.

გატაცებული 17 წლის გოგოს მხარდასაჭერად „ქალთა მოძრაობამ“ მთავრობის ადმინისტრაციასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციაც დაგეგმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მართალია, ამ დრომდე გატაცებული გოგო არ უპოვიათ, თუმცა გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG