Accessibility links

„გაუპატიურების“ მუხლი: სქესობრივი კავშირი თანხმობის გარეშე დაისჯება


საქართველოს პარლამენტში განიხილება საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსის „გაუპატიურების მუხლში“.

ამ ცვლილებით კი პარტნიორის თანხმობის გარეშე სქესობრივი კავშირის დამყარება დაისჯება.ეს შეეხება ქორწინებით დაკავშირებულ პარტნიორებსაც.

ცვლილებას საქართველოს კანონმდებლობას ავალდებულებს სტამბოლის კონვენცია, რომელსაც ქვეყანა 2017 წელს მიუერთდა და მაშინ, სისხლის სამართლის კოდექსში სქესობრივი დანაშაულების მუხლებში ცვლილებები შევიდა.

თუმცა როგორც იურისტი, ორგანიზაცია "Equality Now"-ს წარმომადგენელი თამარ დეკანოსიძე განმარტავს, მაშინ ეს ცვლილება ყველაზე ნაკლებად სწორედ სექსუალურ ძალადობას შეეხო.

მისი აზრით, სექსუალური ძალადობა დღეს ქალთა მიმართ ძალადობის ყველაზე დაფარული ფორმად რჩება, რომლის ჩამდენებიც დაუსჯელები დადიან. ხოლო საქართველოს კანონმდებლობა დღემდე პრინციპულად იზიარებს საბჭოთა კავშირის დროინდელ მიდგომებს.

„ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის საკანონმდებლო ცვლილება, რაც დღეს პარლამენტში განიხილება. ეს ცვლილება შესაძლებლობას მოგვცემს, რომ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირები დაისაჯონ“, - განაცხადა თამარ დეკანოსიძემ.

რა წერია „გაუპატიურების მუხლში“?

გაუპატიურების მუხლი (სს კოდექის # 137) ამბობს, დანაშაულად ითვლება ისეთი ქმედება, რომელიც ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით, ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

თამარ დეკასონიძე კი მიიჩნევს, რომ „გაუპატიურების მუხლი“ ეწინააღმდეგება სტანდარტს, რომლის თანახმად, აუპატიურებად უნდა მიიჩნეოდეს სექსუალური ხასიათის ქმედება, მსხვერპლის სხეულში შეღწევა, რომელიც მისი თანხმობის გარეშეა ჩადენილი.

„ანუ ძირეული ელემენტი გაუპატიურებისა არის თანხმობის არარსებობა და არა ძალადობა ან ძალადობის მუქარა“.

ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ „საფარის“ დირექტორი ბაია პატარაია კი ამბობს, რომ შესაძლოა, სექსუალურ ძალადობას თან ახლდეს ნების დამთრგუნველოი გარემოები. როცა ადამიანს არ სცემენ, არ ადებენ იარაღს, მაგრამ არ ითვალისწინებენ მის ნებას - უნდა თუ არა მას ამ აქტში მონაწილეობის მიღება? და მასთან მაინც ამყარებენ სქესობრივ კონტაქტს მიუხედავად მისი სურვილისა.

კანონს მიღმა ხარვეზები

ქალთა უფლებების დამცველები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გარდა, არსებობს სხვა მრავალი შემაფერხებელი ფაქტორი, რაც გაუპატიურების მსხვერპლ ქალებს ხელს უშლის ამაზე ხმამაღლა ილაპარაკონ და პოლიციას მიმართონ.

ბაია პატარაიას განცხადებით, პრობლემაა ის, რომ ხშირად, სამართალდამცველებმა არც კი იციან, როგორ გამოიძიონ ეს საქმე, რადგან ამ დანაშაულს არც მოწმე ჰყავს, არც ჩანაწერი არსებობს და ზოგადად, პირდაპირი მტკიცებულებებიც შეზღუდულია.

"ამას ემატება სტიგმა, ქალის დადანაშაულება, და შედეგად იმას ვიღებთ, რომ ქალს, არცთუ იშვიათად, თავისი ოჯახის უფრო ეშინია ხოლმე, ვიდრე მოძალადის“, - ამბობს ბაია პატარაია.

მაგრამ თუ კანონში მკაფიოდ ჩაიწერება, ფიქრობენ ქალთა უფლებების დამცველები, რომ სექსი თანხმობის გარეშე - გაუპატიურებაა, ხოლო ძალადობა მისი დამამძიმებელი ნაწილი, ქალებს მიეცემათ შესაძლებლობა, უკეთ დაიცვან საკუთარი უფლებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG