Accessibility links

გაურკვევლობა, როგორც სტრატეგია


გამიმართლა და მიუნხენის აეროპორტიდან სასტუმრო Bayerischer Hof-ამდე ტაქსიმ დაუბრკოლებლად მიმიყვანა. პრესცენტრში სწრაფად მომცეს კუთვნილი სააკრედიტაციო ბარათი და ხუთ წუთში უკვე ვიყავი ერთ-ერთ პრეზენტაციაზე, რომელიც მთავარი ღონისძიების, მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე საერთაშორისო კონფერენციის, პარალელურად ჩატარდა.

„მსოფლიოს შეიარაღებულ ძალთა ბალანსში“, რომელსაც სტრატეგიულ კვლევათა საერთაშორისო ინსტიტუტი ყოველწლიურად ადგენს, რიცხვებშია წარმოდგენილი მსოფლიოს არმიების, მათ ხელთ არსებული საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების თანაფარდობა, გაწეული საბიუჯეტო ხარჯები, რამაც 2018 წელს 1 ტრილიონ 670 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ცნობისათვის, ეს არის 80 მილიარდი დოლარით მეტი, ვიდრე 2017 წელს იყო.

თანაც, როგორც ანგარიშის ავტორები გამოცემის წინასიტყვაობაში მიუთითებენ, დანახარჯების ზრდისკენ მსოფლიოს უბიძგა დასავლეთმა და მისმა ლიდერმა, აშშ-მა, რომელმაც თავდაცვაზე შარშან 5%-ით მეტი დახარჯა.

მთავარი საფრთხის წყარო

თავდაცვითი ხარჯების შედარებითი ანალიზის თანახმად, აშშ ურყევად ინარჩუნებს აბსოლუტური ლიდერის პოზიციას. გასულ წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, პენტაგონმა მიიღო 643,3 მილიარდი დოლარი. შედარებისათვის: 4-ჯერ მეტი, ვიდრე ჩინეთის სახალხო არმიამ (168,2 მილიარდი დოლარი) და ათჯერ მეტი, ვიდრე რუსეთისამ (63,1 მილიარდი).

ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფუძემდებლურ დოკუმენტებშიც და გამოსვლებშიც, მთავარი საფრთხე სწორედ ჩინეთი და რუსეთი სახელდება.

მას შემდეგ, რაც გასაჯაროებული 500-გვერდიანი „ბალანსი“ საჩუქრად მივიღე და ეს ციფრები, როგორც ჩვენში იტყვიან, „ჩაშლილად“ ვნახე, აშკარა გახდა, რომ რუსეთი და ჩინეთი ყველა აქტიური საბრძოლო კომპონენტით საგრძნობლად ჩამორჩებიან აშშ-ს, ნატოს და დასავლეთის სხვა მოკავშირეებს.

და, მიუხედავად ასეთი თანაფარდობისა, რუსეთისა და ჩინეთის მიერ გამოცხადებული სამხედრო მოდერნიზების ამბიციური გეგმები საკმაოდ დიდ თავსატეხს უჩენს და ერთმანეთის მიმართ საჩხუბრად განაწყობს ნატოს წევრ ქვეყნებს.

15 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პირველ დღეს, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაიხსენა ივლისის სამიტის დროს მომხდარი ამბავი, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპელ პარტნიორებს თავდაცვითი ხარჯების სწრაფი გაზრდა მოსთხოვა.

თავდაცვის ბიუჯეტების მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაზრდის შემთხვევაში, რაზეც, სტოლტენბერგის თქმით, ბევრი ქვეყანა თანხმდება, ალიანსის ევროპელ წევრებს მომდევნო ოთხ წელიწადში მოუწევთ დამატებით 102 მილიარდი დოლარის მობილიზება კოლექტიური თავდაცვის ამოცანებისთვის, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მილიტარიზმის გლობალურ ტენდენციებს.

გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში დაკარგულები

მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე საერთაშორისო კონფერენციის ერთგვარი კამერტონია კიდევ ერთი საყურადღებო დოკუმენტი - „მიუნხენის უსაფრთხოების ანგარიში 2019“, რომელიც მსოფლიოში არსებული კრიზისების შეფასებას აკეთებს.

მასში ერთი თავი ეძღვნება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ანგარიშის ავტორების მიერ შერჩეული ქვესათაური (Eastern Europe: state(s) of Uncertainty) ერთი მხრივ ხაზს უსვამს ამ გეოგრაფიულ არეალში მოქცეული ქვეყნების (ბელარუსის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის) საგარეო კურსის გაურკვევლობას, მეორე მხრივ კი აღმოსავლეთ ევროპის ორი ქვეყნის, საქართველოსა და უკრაინის, სრულიად გარკვეული ევროატლანტიკური არჩევნის მიმართ ნატოსა და ევროკავშირში არსებულ გაურკვევლობას.

„ამ ორს (საქართველოს და უკრაინას), რომლებიც ესწრაფვიან დაახლოებას დასავლეთთან, რეგულარულად შეახსენებს მოსკოვი, რომ არ დაუშვებს მათ წასვლას თავისი გეოპოლიტიკური ორბიტიდან. მაგრამ არც ევროკავშირის და არც ნატოს ღია კარის პოლიტიკა არ მიანიშნებს მოცემულ მომენტში ამ ქვეყნების გაწევრიანების პერსპექტივაზე“.

არ არის სასიამოვნო მოსასმენი, თუმცა კარგი „ჩაწოდებაა“ თემატური მსჯელობის წინ, რომელიც მიუნხენში 16 თებერვალს გაიმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში შაბათს მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში, რომელიც ეძღვნება აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების საკითხებს.

ერთი კონფერენციის ფარგლებში მთელი ამ „გაურკვევლობის სტრატეგიაში“ სიცხადის შეტანა იოლი არ იქნება იმ ფონზე, როდესაც, დასავლეთის ლიბერალურ სამყაროს თავის შიგნით გასარკვევი აქვს ფუნდამენტური ღირებულებითი და ეგზისტენციალური საკითხი. ლიდერობის იმ ვაკუუმის ამოვსება, რომელიც, ელჩ ვოლფგანგ იშინგერის თქმით, "ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის მხრივ" მთელ მსოფლიოში წარმოიქმნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG