Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაფიცვის პასუხად - სამსახურიდან გათავისუფლება


კახა ჩუბინიძე 8 იანვრამდე „საქართველოს ფოსტის“ გორის სერვისცენტრის თანამშრომელი იყო. ის კურიერად მუშაობდა და პანდემიის პერიოდშიც დაკისრებულ  სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

8 იანვრის საღამოს კახა ჩუბინიძემ „საქართველოს ფოსტის“ ხელმძღვანელის წერილი მიიღო, რომლითაც ატყობინებდა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლა. კახამ სხვა 10 კურიერთან ერთად გაფიცვა რამდენიმე დღის წინ დაიწყო - დაზღვევა, სამსახურებრივი პირობების გაუმჯობესება და ხელფასის მომატება მოითხოვა, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ხელმძღვანელობამ არც მოუსმინა და გამოვიდა, რომ გაფიცვის გამო სამსახურიდან გაშვებით დასაჯა. საფოსტო კურიერების ხელფასი 450-დან 540 ლარამდეა. ისინი ამ თანხის 800 ლარამდე გაზრდას ითხოვდნენ.

„ჩვენი მოთხოვნები არც განიხილეს. გაფიცვას უკანონო უწოდეს და შეგვიჩერეს ხელშეკრულებები. განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვდით. დაზღვევა და ხელფასების მომატებაა ჩვენი მოთხოვნა. უმძიმეს პერიოდში მოგვიწია მუშაობა და ხელმძღვანელობამ არც მოგვისმინა. რადგან დავიწყეთ ეს მოძრაობა, გაჩერებას არ ვაპირებთ. ბოლომდე მივიყვანთ საქმეს და სამართლებრივადაც ვიბრძოლებთ“, - განაცხადა კახა ჩუბინიძემ.

„საქართველოს ფოსტის“ ხელმძღვანელისგან კურიერებისათვის გაგზავნილ 8 იანვრით დათარიღებულ წერილში წერია, რომ ფოსტის თანამშრომლებმა 2021 წლის 5 იანვრიდან „უკანონო გაფიცვა" მოაწყვეს.

იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წლის 5 იანვრიდან უარს აცხადებთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებაზე, გაცნობებთ, რომფოსტასა“ და თქვენ შორის შრომითი ურთიერთობა შეჩერებულია", - აღნიშნავს გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

2020 წლის 20 დეკემბერს გორის ფილიალის 11-მა თანამშრომელმა ხელმძღვანელობას ოფიციალური წერილით მიმართა. თანამშრომელთა მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასების მომატება იყო.

გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ თანამშრომლებს უპასუხა, რომ მათი მოთხოვნა სახელფასო დანამატების გაზრდის თაობაზე უსაფუძვლოა.

რაც შეეხება 2020 წლის 30 დეკემბრით დათარიღებულ თქვენს წერილს, რომელიც ფოსტას ჩაბარდა 2021 წლის 4 იანვარს და რომლითაც ითხოვთ დანამატების გაცემას, გაცნობებთ, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, რომლითაც შეთანხმებულია პირობები, მათ შორის შრომის ანაზღაურების ოდენობა. ასევე გაცნობებთ, რომ თქვენი მხრიდან შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე უარი შეიცავს უკანონო გაფიცვის ნიშნებს, რასთან დაკავშირებითაცსაქართველოს ფოსტა" აპირებს დაიწყოს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები", - აცხადებს ჩიკვაიძე.

„საქართველოს ფოსტის“ გორის სერვისცენტრთან ამჟამად რიგებია. საკურიერო მომსახურების შეჩერების გამო, მოქალაქეები გზავნილებისა და წერილების მისაღებად თავად აკითხავენ ოფისს. „საქართველოს ფოსტის“ გორის სერვისცენტრის ხელმძღვანელი ელენე ხაჩიძე ადასტურებს, რომ საკურიერო მომსახურება შეფერხებით მიმდინარეობს და რიგებიც ამით არის გამოწვეული. სხვა ინფორმაციას სერვისცენტრის მენეჯერი არ გასცემს.

გასულ წელს „საქართველოს ფოსტის“ კურიერებმა შრომითი პირობების გაუმჯობესება ხაშურის სერვისცენტრშიც მოითხოვეს, თუმცა მაშინაც „ფოსტამ“ ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა. როგორც გორის სერვისცენტრის კურიერები ამბობენ, ამის შემდეგ ხაშურის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში წერილებისა და ამანათების დარიგება მათ უწევდათ, რის გამოც სამუშაო გაუორმაგდათ, ანაზღაურება კი იგივე დარჩათ.

„საქართველოს ფოსტის" გორის ფილიალის თანამშრომლები მხარდაჭერას და დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვენ. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ალექსი მერებაშვილი გათავისუფლებული თანამშრომლების პრობლემებით უკვე დაინტერესდა. მისი თქმით, „საქართველოს ფოსტამ“ ამ შემთხვევაში დაარღვია თანამშრომელთა უფლებები, რადგან გაფიცვის მომენტში არ შეიძლება რაიმე სასჯელი დაუწესონ იმ კურიერებს, რომლებიც პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

„ამ შემთხვევაში კანონი დაარღვია „საქართველოს ფოსტის“ მენეჯმენტმა. მათ წაართვეს გაფიცვის უფლება დასაქმებულ ადამიანებს. ამ შემთხვევაში ის წერილებიც, რომლებიც კურიერებს დაეგზავნა, უკანონოა, რადგან შრომის კოდექსით აკრძალულია დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება გაფიცვაში მონაწილე დასაქმებულისთვის. გარდა ამისა, ის შეიცავს დანაშაულის ნიშნებს - სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალულია გაფიცვის უფლების ხელყოფა. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ „საქართველოს ფოსტას“ და მის მენეჯმენტს, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან კურიერებთან, არ იქნეს არც ერთი მათგანი უკანონოდ გათავისუფლებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ისინი მიიღებენ სასამართლო დავას, სადაც ადამიანის უფლებათა ცენტრი დაიცავს უკანონოდ გათავისუფლებული კურიერების ინტერესებს“, - ამბობს ალექსანდრე მერებაშვილი.

რადიო თავისუფლება 8 იანვარს „საქართველოს ფოსტის" პრესსამსახურს დაუკავშირდა. მათ გვითხრეს, რომ „საქართველოს ფოსტის“ პოზიცია კურიერებს წერილობით ეცნობათ და ჯერჯერობით დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებენ. 9 იანვარს კი „საქართველოს ფოსტის“ საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურმა რადიო თავისუფლებას წერილობითი კომენტარი გამოუგზავნა, რომელშიც ნათქვამია:

„’საქართველოს ფოსტის’ გორის სერვისცენტრში მომუშავე კურიერებმა 5 იანვრიდან დამატებითი ჯილდოს მოთხოვნით უარი განაცხადეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებაზე და გაიფიცნენ, რამაც გამოიწვია სამუშაო პროცესის შეფერხება. მაშინ როცა, მსოფლიო პანდემიის ფონზე,საქართველოს ფოსტამ“ ყველა ღონისძიებას მიმართა იმისათვის, რომ შეენარჩუნებინა თითოეული სამუშაო ადგილი და, მეტიც, თანამშრომლებს შეუფერხებლად მიეღოთ კუთვნილი ანაზღურება, გორის სერვისცენტრის კურიერების მხრიდან დამატებითი ჯილდოს მოთხოვნამ განაპირობასაქართველოს ფოსტის“ გადაწყვეტილება შეეჩერებინა შრომითი ხელშეკრულება აღნიშნულ პირებთან და მიემართა სასამართლოსთვის გაფიცვის უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით“.

„საქართველოს ფოსტის“ მენეჯმენტისა და გათავისუფლებული კურიერების დავა, სავარაუდოდ, სასამართლოში გაგრძელდება. სამსახურიდან გაშვებული თანამშრომლების ინტერესების დამცველი უკვე იწყებს შესაბამის სარჩელზე მუშაობას.

XS
SM
MD
LG