Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაფიცული მეტალურგები გაყინული ხელფასებით


გაფიცული მეტალურგები
გაფიცული მეტალურგები

რუსთავის „ქართული ფოლადის“ მთავარ სამმართველოსთან, მეორე დღეა, დგანან გაფიცული თანამშრომლები - ზეინკლები, აირშემდუღებლები, მეფოლადეები, საინჟინრო პერსონალი თუ სატრანსპორტო მომსახურების მძღოლები.

საწარმოში, სადაც 1200-მდე ადამიანი მუშაობს, ნაწილობრივ გაჩერებულია ფოლადსადნობი, წვრილსორტული, საგლინავი საამქროები. არ მუშაობს პროდუქციის გადატვირთვის უბანი. ქარხნის ხელმძღვანელობა უკვე დათანხმდა შეასრულოს წვრილსორტული საამქროს თანამშრომლების მოთხოვნა და სამის ნაცვლად მუშაობის ოთხცვლიან გრაფიკზე გადაიყვანოს, მაგრამ უარი თქვა გაფიცულებისთვის ხელფასის მომატებაზე. არადა, როგორც წვრილსორტული საამქროს თანამშრომლები ამბობენ, „ქართულ ფოლადში“ მუშაობის დაწყების დღიდან ხელფასი არ მომატებიათ:

„2008 წელში მოსულ ხალხს რომ იგივე ხელფასი გვაქვს, რაც 2019 წელში, რად უნდა ამას საუბარი და განხილვა?...ხალხი მუშაობს და ისიც არ უნდათ, რომ მინიმალური გადაუხადონ. მაღაზიაში ყველაფერი ძვირდება. ამას ყურადღებას არ აქცევენ. როცა მოვედით [ქარხანაში], 400 დოლარი ხელფასი გვქონდა, ახლა 200 დოლარიც არ გამოდის“.

"ქართული ფოლადის" მთავარი სამმართველო
"ქართული ფოლადის" მთავარი სამმართველო


წვრილსორტული საამქროს თანამშრომლები, რომლებიც 20 სამუშაო დღის ნაცვლად ყოველთვიურად 15 დღეს იმუშავებენ, შეთანხმების მიუხედავად, სამუშაოზე მაინც არ გავლენ ორშაბათამდე, როცა ქარხნის ხელმძღვანელობა სხვა საამქროებიდან გაფიცვაზე გასულ მეტალურგებს შეხვდება პირობების შესათანხმებლად. მერაბ ველიჯანაშვილი, ფოლადსადნობი საამქროს ზეინკალი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ 17 მაისს, დილით, უკვე შეხვდნენ ქარხნის ხელმძღვანელობას და თავიანთი მოთხოვნები გააცნეს:

„10 წელია ჩვენთვის ხელფასი არ გაუზრდიათ. მოვითხოვთ ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას, ამას ემატება ზეგანაკვეთური შრომა, მე-13 ხელფასი, საღამოს და ღამის საათების დანამატი განისაზღვროს, საშხაპეების მოწყობა და სხვაც ბევრი“.

„ქართული ფოლადის“ დირექტორის მოადგილე არჩილ მელიქაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მეტალურგებისთვის ამ ეტაპზე ხელფასების მომატება ფრიად სათუოა, რადგან ქარხანა წაგებაზე მუშაობს:

„წაგებაზე ვართ, რადგან ის, რაც იყო [ირანული არმატურა] შემოტანილი, ჯერ გაყიდული არ არის. [ირანული არმატურის იმპორტზე] შეზღუდვა უნდა ამოქმედებულიყო 2018 წლის 15 ნოემბერს, შევიდა კიდეც ძალაში, მაგრამ რატომღაც ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს შეზღუდვა ორი თვით გადაეწიათ. ამ ორ თვეში იმაზე მეტი [არმატურა] შემოვიდა საქართველოში, ვიდრე წინა ექვს თვეში. ისარგებლეს ამ გადავადებით, დიდი რაოდენობით შემოიტანეს, რომელსაც დღესაც ყიდიან“.

არჩილ მელიქაძე
არჩილ მელიქაძე

არჩილ მელიქაძის ამ მტკიცების არ სჯერა დავით ჭიპაშვილს, რომელიც წვრილსორტულ საამქროში წარმოებული არმატურის დაჭრაზე მუშაობს:

„ადრე 3 ათას ტონა [არმატურას] ვგლინავდით, ისიც ხან იყო და ხან არა. ახლა ავდივართ 12 ათასზე. პროდუქციის დატვირთვას ვერ ასწრებენ და იძახიან, რომ არმატურა არ გვეყიდებაო. ჩვენი საამქროდან ყიდიან, ჩვენ ვუყურებთ, ვხედავთ, რა იყიდება და როგორ იყიდება“.

მცირე ხელფასის გარდა გაფიცულები სამუშაო პირობების სიმძიმეზეც ჩივიან:

„ძირითადი მომუშავე ვინც ვართ... შეხედეთ ხელებზე, ფეხებზე, ყველა დამწვარია, ყველას მტვერი აყრია. ფილტვების მდგომარეობა... რა ვიცი, რამდენ რამეზე ვილაპარაკო?“

გაფიცულ მეტალურგებს იურიდიულ დახმარებას გაერთიანებული პროფკავშირები დაჰპირდა, რომელმაც მედიატორის ფუნქციაც იკისრა.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG