Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“გაყალბებული ოქმები” - რა შეცდომები იყო, რა გასწორდა, რა ვერა


ცესკოს საიტზე პირველივე ოქმების გამოქვეყნებიდან მოყოლებული, საუბნო კომისიებში შედგენილი დოკუმენტები საყოველთაო განხილვის საგნად იქცა. „გაყალბებული ოქმები” - სოციალურ ქსელში ამ სახელწოდების გვერდიც კი შეიქმნა, სადაც ათეულობით ოქმია გამოქვეყნებული და ამომრჩევლები მათ ხარვეზებზე მსჯელობენ.

რადიო თავისუფლებამ პრობლემური ოქმები შეაგროვა, შეისწავლა და არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციებთან გადაამოწმა, რა პერსპექტივა აქვს საეჭვო ოქმების გასაჩივრებას და მოახდენს თუ არა გავლენას საჩივრები არჩევნების საბოლოო შედეგზე.

პრობლემური ოქმები

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ოქმი ბათუმის ოლქის მე-19 უბანზეა შედგენილი. ამ ოქმის მიხედვით, უბანზე სულ 795 ამომრჩეველი მივიდა, თუმცა, თუ ოქმის მონაცემებს მივყვებით, საარჩევნო ყუთში 3050 ბიულეტენი უნდა მოხვედრილიყო, რადგან 1108 ხმა „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიამ“ მიიღო, 1021 კი – „ქართულმა ოცნებამ“, დარჩენილი ხმები, ოქმის მიხედვით, სხვა სუბიექტებზე გადანაწილდა.

ეს ოქმი ამ დრომდე ამ სახით დევს ცესკოს ვებგვერდზე და მისი გაუქმება-შესწორება არ მომხდარა. 3 ნოემბერს გამოქვეყნდა ცესკოს გვერდზე ამ ოქმთან დაკავშირებით საუბნო კომისიის ხელმძღვანელის ახსნა-განმარტება, რომ გადაღლილობის გამო ტექნიკური შეცდომები დაუშვეს და ამის გამოსწორება შესწორების ოქმებითაა შესაძლებელი.

კიდევ ერთი საინტერესო ოქმი თბილისში, ნაძალადევის ოლქში შეადგინეს. ამ ოქმის მიხედვით, არჩევნებზე 297 ამომრჩეველი მივიდა, ყუთში კი 600-მდე ხმა აღმოჩნდა, საიდანაც ყველაზე მეტი, 257 ხმა, „ქართულმა ოცნებამ” მიიღო. მოგვიანებით, მეორე დღეს, 1 ნოემბერს, ეს ოქმი შესწორდა, შესწორების ოქმში აღნიშნულია, რომ უბანზე 597 ამომრჩეველი მივიდა და პირველ ოქმში 297 შეცდომით ეწერა.

კიდევ ერთი საინტერესო ოქმი შედგა მე-19 ოლქში იმერეთში. ოქმში წერია, რომ არჩევნებში მონაწილეობა 5-მა ამომრჩეველმა მიიღო (სპეცუბანი იყო, მცირე ამომრჩევლით), „ქართულმა ოცნებამ“ კი 23 ხმა მიიღო, მოგვიანებით ეს ოქმიც ჩასწორდა, თუმცა ისევ დარღვევით. ძირითადი ოქმი 31 ოქტომბრის 22 საათსა და 10 წუთზეა შედგენილი, მისი შესწორების ოქმი კი, 2 წუთით ადრე - 22 საათსა და 08 წუთზე.

ამ ტიპის დარღვევებს საარჩევნო ოქმებში ბალანსის პრობლემა ჰქვია. დარღვევა ორგვარი არსებობს.

  • პირველი - როცა საარჩევნო ყუთში აღნუსხული ხმები ნაკლებია უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე.
  • მეორე - როცა ყუთში უფრო მეტი ხმა, ანუ ბიულეტენია, ვიდრე უბანზე მისული ამომრჩეველი.

ორივე შემთხვევაში სერიოზული პრობლემაა.

პირველ შემთხვევაში ნაკლებობა შეიძლება აიხსნას იმით, რომ ამომრჩეველმა უბნიდან შემოუხაზავი ბიულეტენი გაიტანა, სანაცვლოდ გარედან შეტანილი, უკვე შემოხაზული ჩააგდო, ცარიელი კი გადასცა „დამკვეთს”, ანუ საარჩევნო სუბიექტს, რომელიც ამ გზით ე.წ. კარუსელს ატრიალებს.

მეორე ვარიანტის შემთხვევაშიც არ არსებობს კანონიერი გზა, რომლითაც ყუთში უფრო მეტი ბიულეტენი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე უბანზე მისული ამომრჩეველია.

ოქმებში, სადაც ხმების ბალანსი არ დგებოდა, შეცდომა ზოგჯერ მმართველი პარტიის სასარგებლოდ იყო, ზოგჯერ ოპოზიციის. მაგალითად, თბილისში მთაწმინდა-კრწანისის 79-ე უბნის ოქმში „ქართულ ოცნებას“ 48 ხმა მიაკუთვნეს, არადა, არჩევნებში მონაწილეობა სულ 36-მა ადამიანმა მიიღო. ეს ოქმი სწრაფადვე ჩასწორდა და გაირკვა, რომ „ოცნებას“ 18 ხმა ეკუთვნოდა. დიდუბე-ჩუღურეთის მე-16 უბნის შემაჯამებელ ოქმში „ნაციონალურ მოძრაობა-ოპოზიციურ ბლოკს“ 0 ხმა მიაკუთვნეს, შესწორების შემდეგ კი - 185 ხმა.

დარღვევებით შედგენილ კიდევ ერთ ოქმში მარნეულის ერთ-ერთ უბანზე „ქართულმა ოცნებამ“ მისული ამომრჩევლის ხმების 90 %-მდე მიიღო. ოქმი მრავალი ხარვეზით იყო შევსებული. ერთ-ერთმა წევრმა მას ხელი არ მოაწერა, რაც უბანზე ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენით ახსნა.

მასშტაბი

2020-ის არჩევნებზე ბალანსის დარღვევით შედგენილი ოქმები დიდი რაოდენობით იყო, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე. „უბნების დაახლოებით 8 %-ზე ყუთში არსებული ბიულეტენების რაოდენობა აღემატება მისულ ამომრჩეველს. ასეთი მასშტაბი გასულ არჩევნებზე არ დაფიქსირებულა. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს შედეგებზე, ეს გავლენა თეორიულად შეიძლება იყოს მაქსიმუმ 4.1 %”.

ასეთი ოქმების სიმრავლე დაუდასტურეს რადიო თავისუფლებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და საია-შიც. ათეულობით ოქმია, სადაც მეტობა ფიქსირდება. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ვიღაცამ ზედმეტი ბიულეტენები ჩააგდო ყუთში.

„როდესაც ბარიერი დაბალია, ყველა ხმას აქვს მნიშვნელობა. შესაძლოა, ასეთი ოქმების გასაჩივრებამ შეცვალოს შედეგები. შეიძლება იმავე უბანზე არ შეცვალოს, მაგრამ საერთო შედეგზე მოახდინოს გავლენა“, - ამბობს საია-ს წარმომადგენელი ნონა ქურდოვანიძე.
„ასეულობით ოქმია, სადაც ბალანსი არ დგება. ახლაც ოქმების დამუშავებასა და შესწავლაში ვართ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა გიგი ჩიხლაძემ.

როგორ ასწორებენ ოქმებს

ოქმების ნაწილი, სადაც მონაცემები არასწორადაა შეყვანილი, ბალანსი არ დგება, მეტი ბიულეტენია თუ ნაკლები, მეტწილად გასწორდა. ცესკოს ვებგვერდზე ძველ არასწორ ოქმს უკვე თან ახლავს შესწორებული ოქმი. უმეტესად საუბნო კომისიაში შედგენილი არასწორი ოქმები ზემდგომ, საოლქო კომისიებში არჩევნების მეორე დღეს, 1 ნოემბერს, გასწორდა. პროცედურა ასეთა: საოლქო კომისიაში მიდიან საუბნო კომისიის წევრები და შესწორების ოქმს აწერენ ხელს. ხშირად შესწორების საფუძვლად ითვლება საუბნო კომისიის რომელიმე წევრის ახსნა-განმარტება, სადაც ის წერს, რომ შეცდომა დაუშვა და ოქმი უნდა შესწორდეს. არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციები შესწორების ასეთ სტანდარტში ხედავენ პრობლემას.

„შესწორების საფუძველი ხშირად ხდება რომელიმე წევრის განცხადება, რომ დაღლილობის გამო შეეშალა, გამორჩა, ბიულეტენი გადაჰყვა და ა.შ. და ეს ხდება საკმარისი ოქმის შესასწორებლად. ამ გზით სვამენ ბალანსს და თითქოს პრობლემა მოგვარდა, ყველაფერი გასწორდა. ამ პროცესს ჩვენ ნაკლებად ვენდობით და ეჭვით ვუყურებთ. პოლიტიკური პარტიები ამას გაყალბებად თვლიან”, - ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი.
„კანონმდებლობა ითვალისწინებს შესწორებას, მაგრამ შესაბამისი დასაბუთებით. ჩვენთან დაბალი სტანდარტია დამკვიდრებული. ზოგჯერ უცნობია, რას დაეყრდნენ შესწორებისას, ამიტომ არ ვენდობით”, - გვითხრა საია-ს წარმომადგენელმა.

საოლქო კომისიებში ოქმების შესწორების მთავარ პრობლემად საჯაროობის ნაკლებობა სახელდება. „ერთია, როცა ოქმი დგება უბანზე, სადაც არიან დამკვირვებლები, ჟურნალისტები, მეტი ღიაობაა, და მეორეა, როდესაც შემდეგ, როცა ამ ოქმის შესწორება ხდება საოლქო კომისიაში დახურულ კარს მიღმა, სადაც დასწრების პრობლემა შეექმნა ჩვენს დამკვირვებლებს. [ეს შესწორებები] ნაკლებ ნდობას იწვევს და ყველა შემთხვევაში შესწავლას საჭიროებს, რა პროცედურით ხდება შესწორება, რამდენად სწორად”, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიგი ჩიხლაძემ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა.

როგორ უნდა ასწორებდნენ ოქმებს

ამ კითხვაზე, არჩევნებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ერთხმად აცხადებენ, რომ ხელახლა უნდა გადაითვალოს იმ უბნების ხმები, სადაც შემაჯამებელ ოქმში არასწორი ბალანსია, სადაც ყუთში უფრო მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, ვიდრე უბანზე მისული ამომრჩევლის რაოდენობაა. ხმების ხელახლა დაუთვლელად ოქმის შესწორება მექანიკურ მანიპულაციურ ქმედებად მიაჩნია არჩევნებზე მომუშავე ყველა სპეციალისტს, ვისაც რადიო თავისუფლება ესაუბრა.

„ჩაკეტილ კარს მიღმა ბალანსის დასმა არ არის სწორი და მანიპულაციის საშუალებას იძლევა, ამიტომ უნდა მოხდეს გამჭვირვალედ გადათვლა ასეთი პრობლემური უბნების. ვითხოვთ უბნების გახსნას, გადათვლას ღიად, დამკვირვებლების თანდასწრებით”, - ამბობს „სამოქალაქო პლატფორმა 2020“-ის წარმომადგენელი ალიკა კუპრავა.

კანონით, საოლქო კომისიებს უფლება აქვთ, პრობლემური უბნების ხმები ხელახლა გადათვალონ, თუმცა ეს მათი დისკრეციაა და კანონი არ ავალდებულებს. „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ვერ იხსენებს შემთხვევას, ბოლო წლებში რომელიმე კომისიას ხმები ხელახლა დაეთვალოს. „გადათვლას ითვალისწინებს კანონმდებლობა, თუმცა საოლქოს უნდა, გადათვლის, უნდა - არა. წლების განმავლობაში ვითხოვდით და ვითხოვთ, საარჩევნო კოდექსში ყოფილიყო ჩანაწერი, რომ როცა არის ხმების, ბიულეტენების ზედმეტობა ყუთში, რაც სერიოზული დარღვევაა, უნდა მოხდეს იმ უბნის გადათვლა, თუმცა ამ საკანონმდებლო ცვლილებას ვერ მივაღწიეთ. ამან 2020-ის არჩევნების შედეგზე შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს”, - ამბობს ელენე ნიჟარაძე.

რა ბედი ელის “დაუბალანსებელ” ოქმებს

კანონით, საუბნო კომისიის ოქმები საოლქო კომისიებში საჩივრდება, შემდეგ კი - ორი ინსტანციის სასამართლოში. დღის ბოლომდე სხვადასხვა ორგანიზაცია ასეულობით საჩივარს შეიტანს საოლქო კომისიებში. მათ ნაწილში არასამთავრობო ორგანიზაციები სწორედ ხარვეზიანი ოქმების გაუქმებას და ხმების ხელახლა დათვლას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ზემოხსენებულმა 4-მა ორგანიზაციამ, ჯამში, დაახლოებით 500 საჩივარი შეიტანა. საჩივრების განხილვისთვის სულ 5 დღეა. ამ დროში გამოჩნდება, საოლქო კომისიები და სასამართლოები დაუშვებენ თუ არა უბნების გადათვლის პრეცედენტს.

თუმცა, ხარვეზიანი ოქმები „ადამიანურ შეცდომად” შეაფასა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ. ხარვეზიან ოქმებზე დაწყებულ საყოველთაო აღშფოთებას გამოეხმაურა ცესკოც და ამ ფაქტებს „მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა“ უწოდა.

ოპოზიცია ამბობს, რომ შესწორებული ოქმების რაოდენობა უპრეცედენტოა და 17 %-ს შეადგენს. რადიო თავისუფლებამ ცესკოს ჰკითხა, გასულ არჩევნებზე რა პროცენტს შეადგენდა შესწორებული ოქმების რაოდენობა. გვითხრეს, რომ ასეთი მონაცემები დათვლილი არ აქვთ, თუმცა ცესკოს თავმჯდომარემ დიპლომატებთან შეხვედრისას წარმოადგინა შესწორებების შესახებ მონაცემები, საიდანაც ჩანს, რომ 2020-ის არჩევნებზე ოქმების შესწორება მკვეთრად გაზრდილია, თითქმის გაორმაგებულია, ვიდრე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო.

შესწორებების სტატისტიკა არ აქვთ არჩევნებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს. ისინი თავიანთი საჩივრების განხილვას ელოდებიან, რის შემდეგაც გაირკვევა, შეცვლის თუ არა განხილვის შედეგები არჩევნების შედეგებს და როგორ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG