Accessibility links

„გახსენით გზა!“- ახალგორელების მოთხოვნა


„გახსენით გზა!“- ეს არის ახალგორელების მთავარი მოთხოვნა, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლებას უყენებენ. 

დაბა ახალგორში არაღიარებული სამხრეთ ოსეთის „საზოგადოებრივი პალატის“ წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომლებმაც ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს. ახალგორელებმა ცხინვალიდან ჩასულ სტუმრებს აუხსნეს, რომ მათთვის მთავარი პრობლემა ჩაკეტილი გზაა, რის გამოც, წელიწადზე მეტია, ადგილობრივები ვერც სამკურნალოდ და ვერც ნათესავების მოსანახულებლად წასვლას თბილისის მიმართულებით ვერ ახერხებენ. ახალგორელებმა იცოდნენ, რომ „საზოგადოებრივი პალატის“ წარმომადგენლები მათ პრობლემებს ვერ გადაჭრიდნენ და მხოლოდ ინფორმაციას მიაწვდიდნენ დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს. ამიტომ დაბის მცხოვრებლები თავიდანვე მიხვდნენ, რომ ეს კრება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იყო.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის დაკვირვებით, ადრე ადგილობრივი მოსახლეობა მსგავს კრებებს დიდი ენთუზიაზმით ესწრებოდა და სააქტო დარბაზს ავსებდა ხოლმე, ამჟამად კი ნაკლები ინტერესი იყო და დარბაზში ორმოციოდე მოქალაქე შეიკრიბა. მაგალითად, გასული წლის ბოლოს ბიბილოვთან შეხვედრისას დარბაზში ხალხი ფეხზეც კი იდგა, იმ შეხვედრაზე ახალგორელები დე ფაქტო პრეზიდენტს ხმამაღლა და პრინციპულად ელაპარაკნენ და გზის გახსნა კატეგორიულად მოსთხოვეს, თუმცა ბიბილოვი მაშინაც და ახლაც აქცენტს წნელისი-ჩორჩანის კრიზისის მოგვარებაზე აკეთებს. მეარაყიშვილის თქმით, ბიბილოვის ხელისუფლებამ ისედაც კარგად იცის, რა არის ახალგორელების მთავარი პრობლემა:

„თითქოს დიდ რუსეთში, სახალინზე ვცხოვრობდეთ და ჩვენთან კომისია მოსკოვიდან მოდიოდეს. ცხინვალიდან დაბამდე საათის გზაა. არასერიოზულია იმის დემონსტრირება, რომ პრეზიდენტი საქმის კურსში არ არის იმ პრობლემების შესახებ, რაც თავად შეგვიქმნა. ამიტომ რაიონის მოსახლეობა თვლის, რომ არ ღირს ასეთ შეხვედრაზე ნერვების მოშლა და დროის კარგვა, მაგრამ ზოგიერთი მაინც მივიდა“.

მეარაყიშვილის თქმით, ახალგორში ცხინვალიდან საზოგადოებრივი პალატის რვა წარმომადგენელი ჩავიდა, თუმცა მათგან მხოლოდ ორი აქტიურობდა. ახალგორელებთან დისკუსიაში შესული ალექსეი ხაბალოვი ადგილობრივებს საყვედურობდა, თითქოს ისინი თავს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებად არ მიიჩნევენ.

თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი

„ხაბალოვი ამბობდა და გვსაყვედურობდა, რატომ ამბობთ, რომ პრეზიდენტმა თქვენ მძევლად აგიყვანათო? ის ამბობდა, რომ თბილისისკენ მიმავალი გზა პანდემიის გამოა ჩაკეტილი. ამაზე ჩვენ მას ვუპასუხეთ, რომ კარანტინი მარტში დაიწყო, „რაზდახანის“ გამშვები პუნქტი კი სექტემბერში ჩაკეტეს. ვლადიკავკაზისკენ გზა 15 სექტემბერს გახსნეს, ჩვენ კი ისევ ტყვეობაში ვყავართ. მძიმე ავადმყოფებსაც კი სამკურნალოდ არ უშვებენ. ვინ ვართ, თუ არა მძევლები?“- ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ახალგორში 14 ადამიანი იმის გამო დაიღუპა, რომ მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება ვერ მიიღეს და არც მათ ოჯახებს მისცეს პაციენტების თბილისის კლინიკებში გადაყვანის უფლება. თუმცა, ჩვენი ახალგორელი წყაროს ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვი ორ ათეულს აჭარბებს.

ამ ერთი წლის განმავლობაში დე ფაქტო ხელისუფლებამ მხოლოდ ერთხელ 10 დღით გაუხსნა გზა ადგილობრივ პენსიონერებს იმისთვის, რომ წეროვანში მყოფი ნათესავები მოენახულებინათ, ექიმთან მისულიყვნენ, პენსია მიეღოთ და ისევ დაბაში დაბრუნებულიყვნენ. მას შემდეგ 6 თვეზე მეტი გავიდა, ახალგორი ჰუმანიტარულ კრიზისში ცხოვრობს.

დაბა ახალგორში პროდუქტების დეფიციტია, რამაც ცხინვალიდან მცირე რაოდენობით ჩატანილ პროდუქციაზე ფასები კატასტროფულად გაზარდა. ახლა დაბაში პირველადი მოხმარების პროდუქტი 2-3- ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე თბილისში.

დე ფაქტო ხელისუფლებას გზის გახსნას სთხოვენ როგორც ეთნიკური ქართველები, ისე ოსები. მოსახლეობის დიდ ნაწილს ექიმთან მისვლა უნდა, რადგან ადგილზე, უხარისხო სამედიცინო სერვისის გამო, ნორმალური ანალიზების გაკეთებაც კი შეუძლებელია.

არაერთმა საერთაშორისო ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ არაღიარებული რესპუბლიკის ლიდერი დაბა ახალგორში სისტემატურად არღვევს ადამიანის უფლებებს და ქმნის ჰუმანიტარულ კრიზისს, მაგრამ ბიბილოვი ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებს არ ითვალისწინებს და ჩორჩანა-წნელისის პრობლემის მოგვარებამდე დაბას ისევ ჩაკეტილს ტოვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG