Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გულუბრყვილოები ვიყავით“. გერმანიამ „ვერ განჭვრიტა“ პუტინი, მაგრამ ახლა ასწორებს თავის შეცდომას


ფოტო არქივიდან: ანგელა მარკელი - გერმანიის კანცლერი 2005-2021 წლებში ხშირად საუბრობდა პუტინთან. ამ ომის თავიდან აცილება ამ საუბრებით ვერ მოხერხდა.
ფოტო არქივიდან: ანგელა მარკელი - გერმანიის კანცლერი 2005-2021 წლებში ხშირად საუბრობდა პუტინთან. ამ ომის თავიდან აცილება ამ საუბრებით ვერ მოხერხდა.

"სამყარო უკვე აღარ იქნება ისეთივე, როგორიც იყო. არსებითად, საუბარი იმაზეა, გაიმარჯვებს თუ არა ძალა სამართლიანობაზე, შეძლებს თუ არა პუტინი დროის უკან დაბრუნებას, XIX საუკუნის "იმპერიული" პოლიტიკის ეპოქაში, ან ჩვენ თუ შევძლებთ ვიპოვოთ ჩვენს თავში ძალა და თავისი ადგილი მივუჩინოთ ომის ისეთ გამჩაღებლებს, როგორიც პუტინია".

ეს სიტყვები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა წარმოთქვა ბუნდესტაგის დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას 27 თებერვალს, მეოთხე დღეს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

მისი გამოსვლა ისტორიაში შევიდა, როგორც სიტყვა "ეპოქების ცვლილების შესახებ", ხოლო თავად ამ გამოთქმას - "Zeitenwende", რომელიც ასეთ ცვლილებას აღნიშნავს, შეუძლია 2022 წლის მთავარი გერმანული სიტყვის წოდებაზე იქონიოს პრეტენზია.

გერმანიის პოლიტიკა სწრაფად იცვლება. უკრაინისთვის დახმარება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში გერმანული დიპლომატიის პრიორიტეტად არის გამოცხადებული აღმოსავლეთის მიმართულებით, ხოლო გერმანული არმიის, ბუნდესვერის რეფორმა და გადაიარაღება, რომელიც, მრავალი პოლიტიკოსისა და სამხედრო ექსპერტის აზრით, არ იმყოფება საუკეთესო მდგომარეობაში, ერთ-ერთი მთავარი შიდაპოლიტიკური ამოცანა გახდა.

სიტყვაში „ეპოქათა ცვლილების შესახებ“, კანცლერმა შოლცმა თავდაცვის საჭიროებისთვის უზარმაზარი დამატებითი თანხის, 100 მილიარდი ევროს, გამოყოფის შესახებ განაცხადა. „ახლა საუბარი უკვე აღარ არის იმაზე, გვჭირდება თუ არა ჩვენ უფრო მნიშვნელოვანი სამხედრო ხარჯები, - თქვა ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ცენტრის, მარშალის გერმანული ფონდის ვიცე-პრეზიდენტმა, თომას კლაინე-ბროკჰოფმა, ბოლო დროს რიგაში გამართულ კონფერენციაზე დისკუსიისას. მისი თქმით, საუბარი მხოლოდ იმაზეა, თუ როგორ შეიძლება გამოყოფილი, არამცირედი, თანხების საუკეთესოდ გამოყენება.

უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური დახმარება კვლავ რჩება გერმანიაში პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად.

თომას კლაინე-ბროკჰოფი
თომას კლაინე-ბროკჰოფი

საზოგადოებრივი მაუწყებლის - „მეორე არხის“- ZDF-ის დაკვეთით ჩატარებული ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, გერმანელების 70% უკრაინის დახმარების გაგრძელების მომხრეა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ენერგიის ფასების ზრდას გამოიწვევს, რაც, როგორც ჩანს, გარდაუვალია.

უკრაინის მხარდაჭერა მაღალია ყველა საპარლამენტო პარტიის ამომრჩეველთა შორის - მწვანეთა 97%-დან მემარცხენეთა პარტიის 60%-მდე, - გარდა მემარჯვენე პოპულისტური პარტიისა „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელსაც კრემლის მომხრის რეპუტაცია აქვს: იქ უკრაინის მხარდაჭერა ერთ მესამედზე ნაკლებია.

უკრაინისთვის ოქტომბრის შუა რიცხვებში შეპირებული ოთხიდან პირველი (დანარჩენებს მომავალი წლის დასაწყისში მიიღებს) თანამედროვე სარაკეტო დანადგარის -IRIS-T-ის მიწოდება - ბერლინის მიერ კიევის სამხედრო დახმარების გაფართოების სიმბოლო გახდა.

როგორც გერმანული პრესა აღნიშნავს, თავად ბუნდესვერსაც არ აქვს ის ჯერ შეიარაღებაში.

გერმანიის მისამართით ხმამაღალი კრიტიკა, რომელიც ომის პირველ თვეებში ისმოდა რიგი უკრაინელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების მხრიდან, შესამჩნევად მიჩუმდა - შესაძლოა, ეს ერთ-ერთი ყველაზე ექსპრესიული კრიტიკოსის, გერმანიაში უკრაინის ყოფილი ელჩის, ანდრეი მელნიკის, თანამდებობიდან წასვლამაც განაპირობა.

გერმანიის მიერ უკრაინისთვის ზაფხულსა და შემოდგომაზე მიწოდებული შეიარაღებისა და აღჭურვილობის სია მართლაც შესამჩნევად გაფართოვდა.

„ჩვენ ვიპოვით ჩვენს თავში ძალას, თავისი ადგილი მივუჩინოთ ომის ისეთ გამჩაღებლებს, როგორიც პუტინია“

თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. როგორც ამერიკელი ჟურნალისტი და ისტორიკოსი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ექსპერტი, ენ ეპლბაუმი აღნიშნავს, გერმანულ ელიტაში ნაწილობრივ შენარჩუნებულია ის ილუზიები, რომლებმაც გერმანიის პოლიტიკა ჩიხში შეიყვანა და გერმანელებს არ მისცა კრემლის აგრესიულ ზრახვებზე დროული რეაგირების საშუალება.

Wandel durch Handel-ის - „ცვლილებები ვაჭრობის საშუალებით“ - პრინციპზე დამყარებული იმედები ძველებურად ცოცხლობს გერმანიის საქმიანი წრეების ნაწილში, თუმცა, მოსალოდნელი იყო, რომ 24 თებერვალი მათ გადახაზავდა.

„დაელაპარაკეთ გერმანელ მეწარმეს ან ეკონომისტს და თქვენ ხშირად გაიგებთ შეშინებულ ნათქვამს, როდის დამთავრდება ეს ომი? როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას?

სამხედრო ჩაურევლობის გარდა, კიდევ ერთი გაკვეთილი, რომელიც გერმანიამ თავისი ისტორიიდან ისწავლა, არის რუსეთთან ბიზნესისთვის მწვანე შუქის ანთება, მინიმალური ყურადღების მიქცევა რუსული აგრესიის გამოვლინებებისადმი და იმის მოლოდინი, რომ მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა ადრე თუ გვიან რუსებს ნამდვილ მეგობრებად აქცევს“, - აღნიშნავს ეპლბაუმი.

ანალიტიკოსი თომას კლაინე-ბროკჰოფი ასევე მიიჩნევს, რომ „შეცდომებზე მუშაობა“ გერმანიაში ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან, თუმცა ის ძვრა, რამაც Zeitenwende-ს აუცილებლობა გამოიწვია, საკმაოდ სერიოზული გამოდგა.

ჩვენ განვიცადეთ პირველი დიდი საგარეო პოლიტიკური ჩავარდნა თანამედროვე გერმანიის ისტორიაში.

მანამდე, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, ერთი შეხედვით მაინც, შეიძლებოდა საუბარი წარმატების შესახებ: ქვეყნის გაერთიანება, ეკონომიკური და მნიშვნელოვანწილად პოლიტიკური ლიდერობაც ევროპის კავშირში ... და აი, დადგა 2022 წელი, როცა კანცლერი შოლცი იძულებული გახდა, ფაქტობრივად, ჩაეტარებინა სამაშველო ოპერაცია, როცა ჩვენი საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტების შეცვლის შესახებ გამოაცხადა.

აქამდე გერმანიის სტრატეგია იმაში მდგომარეობდა, რომ უსაფრთხოების სფეროში ვეყრდნობოდით აშშ-ს, იაფ ენერგიას რაც შეეხება, - რუსეთს, ხოლო მსხვილ საგარეო ბაზრებზე წვდომაში - პირველ რიგში, ჩინეთს. ახლა უკვე პირველის და მესამის სერიოზული შესწორებაა საჭირო, ხოლო მეორემ საერთოდ შეწყვიტა არსებობა. გერმანიამ ხელახლა უნდა გამოიგონოს თავი, გადახედოს საკუთარ როლს მკვეთრად შეცვლილ სამყაროში.

ამ ეტაპზე ჩვენ გვაკლია მინიშნებებიც კი იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავალში ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან. დიდი ალბათობით, ჩვენ ახლა მრავალი წლის განმავლობაში - შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაშიც კი - ვიცხოვრებთ არა მხოლოდ რუსეთის გვერდით, არამედ, პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთის წინააღმდეგაც. კონკრეტულად როგორ და რა უნდა მოვუხერხოთ ამას - ამ კითხვებზე პასუხები ჯერჯერობით არ გვაქვს, მიახლოებითაც კი.

ამასთან, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა სათანადოდ მუშაობს შეცდომებზე. მაგალითად, ექსკანცლერი მერკელის საქციელი, ამ მხრივ მაოცებს.

გადადგომის შემდეგ ის პრაქტიკულად აღარ გამოდის საჯაროდ, თუმცა იმის განცხადება კი მოასწრო, რომ არ მიიჩნევს, რომ რაიმე დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა.

დიახ, რუსეთთან ურთიერთობაში ის ამტკიცებდა, რომ აქცენტი დიპლომატიურ მეთოდებზე უნდა გაკეთდეს.

მაგრამ დიპლომატია, თუ ის ძალით არ არის გამაგრებული, დიქტატორებთან არ ჭრის!

ან კიდევ ერთი მაგალითი: ანგელა მერკელმა არაერთხელ დადო პირობა, რომ გერმანია შეასრულებს ნატოს ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს - გამოყოს მშპ-ს 2% თავდაცვის საჭიროებისთვის.

ეს დაპირებები გაკეთდა, მაგრამ არ შესრულებულა. მხოლოდ ახლა, Zeitenwende-ს გამოცხადების შემდეგ, ყველაფერი მთლიანად შეიცვალა, - მიიჩნევს თომას კლაინე-ბროკჰოფი.

კიდევ ერთი გერმანელი ანალიტიკოსი და დიპლომატი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელი, კრისტოფ ჰოისგენი, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში უფრო თავშეკავებულია თავის შეფასებებში, თუმცა ხაზს უსვამს ისტორიული ფაქტორის როლს, როგორც გერმანელი პოლიტიკოსების ილუზიების მნიშვნელოვან მიზეზს მოსკოვთან დაკავშირებით.

ის მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის გაკვეთილი უნდა იყოს მისი შორეული და ახლო წარსული - უამისოდ ევროპასთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია.

კრისტოფ ჰოისგენი და ანგელა მერკელი ნატოს სამიტზე ჩიკაგოში, 2012 წელი
კრისტოფ ჰოისგენი და ანგელა მერკელი ნატოს სამიტზე ჩიკაგოში, 2012 წელი

- კანცლერი მერკელის დროს ჩვენ, გერმანიამ, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ უკრაინასთან ვითარება მშვიდობიანი გზით გადაგვეჭრა

- თავიდანვე, ჯერ კიდევ 2014-15 წლებში. თუმცა, პუტინმა აგრესიის გზა, სამხედრო დანაშაულების გზა არჩია.

მან ისეთი ქმედებები არჩია, რომელთა შემთხვევაშიც ჩვენ არ შეგვიძლია მასთან და მის მთავრობასთან ნორმალური ურთიერთობების შენარჩუნება.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა იმას ნიშნავს, რომ მისი ეს არჩევანი საბოლოოა, თუმცა შეიძლება გავიხსენოთ უფრო ადრინდელი მოვლენებიც, პირველ ყოვლისა, კრემლის ჩარევა სირიის ომში ასადის რეჟიმის მხარეს.

ამ პირობებში ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა გარდა იმისა, რომ მოგვეხდინა ის, რასაც გერმანულად Zeitenwende-ს ვუწოდებთ, ანუ ისტორიული შემობრუნება საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში რუსეთის მიმართ.

რადგან პუტინის პოლიტიკის ფესვები მუდმივი იმპერიული მისწრაფებების არეალშია გადგმული, მიმაჩნია, რომ დასავლეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის რუსეთმა ჯერ საკუთარ წარსულთან ურთიერთობის ნორმალიზება უნდა მოახდინოს.

გააკეთოს საყოველთაო ეროვნულ დონეზე ის, რასაც რუსეთში მრავალი წლის განმავლობაში აკეთებენ ცალკეული საზოგადოებრივი აქტივისტები და ორგანიზაციები, მაგალითად, საზოგადოება „მემორიალი“.

გერმანიაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჩატარდა ნიურნბერგის პროცესი, მიმდინარეობდა მიზანმიმართული მუშაობა მოსახლეობასთან, რათა მას სცოდნოდა და გაეგო, რა დანაშაულები ჩაიდინა ნაცისტურმა რეჟიმმა.

მე, რა თქმა უნდა, არ მსურს პირდაპირი ანალოგიების გავლება, მაგრამ ის, რაც მოხდა ბუჩასა და სხვა უკრაინულ ქალაქებში, სრულიად იმსახურებს არა მხოლოდ მათ გაცნობიერებას, არამედ დაგმობას რუსების მხრიდან.

იმიტომ, რომ ნორმალურ საზოგადოებას, ნორმალურ ქვეყანას არ შეუძლია იმასთან შეგუება, რომ მისი სახელით მსგავს დანაშაულებს სჩადიან.

სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ მოსკოვში სტალინიზმისა და პუტინიზმის მსხვერპლთა მემორიალი შეიძლება გახდეს სიმბოლო იმისა, რომ რუსეთმა ისწავლა გაკვეთილი თავისი ისტორიიდან. როდისმე მომავალში, შესაძლოა, არცთუ ახლო მომავალში. ჩვენთან, ბერლინის ცენტრში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალის ანალოგიით.

„ნორმალურ ქვეყანას არ შეუძლია იმასთან შეგუება, რომ მისი სახელით მსგავს დანაშაულებს სჩადიან“

- ეს პრაქტიკულად როგორ წარმოგიდგენიათ? ომის შემდგომი პერიოდის გერმანია ხომ გარკვეული დროის განმავლობაში გამარჯვებული სახელმწიფოების მიერ იყო ოკუპირებული. ასეთი რამ ძნელი წარმოსადგენია დღევანდელი რუსეთის, ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს შემთხვევაში.

- ჰოლოკოსტის მსხვერპლის მემორიალს და სხვა მსგავს ძეგლებს უცხოური გავლენის კვალი არ ატყვია. ისინი გერმანელების საზოგადოებრივი ცნობიერების ევოლუციის პროდუქტია. ჩვენ ვიცით, რა მოხდა ჩვენს წარსულში, გვრცხვენია ამის გამო და არ ვაპირებთ ამის დავიწყებას. გერმანიის ქუჩებში ხშირად ნახავთ ეგრეთ წოდებულ Stolpersteine-ებს, ქვაფენილში ჩამაგრებულ ლითონის ნიშნებს, რომლებზეც დატანილია გერმანელი ებრაელების გვარები და სახელები, მათი, ვინც იმ ქუჩაზე ცხოვრობდა და შემდეგ საკონცენტრაციო ბანაკებში წაიყვანეს. ეს მეხსიერება ღრმად არის საზოგადოებრივ ცნობიერებაში. რუსეთისთვის სხვა რეცეპტის გამოგონება გაჭირდება. მაგრამ ახლო თუ შორეული წარსულში გარკვევის სურვილი, შიგნიდან უნდა წამოვიდეს, თვითონ საზოგადოებიდან.

- თუ გერმანიის გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ეს პროცესი შეიძლება ათწლეულები გაგრძელდეს.

- დიახ, მას შეიძლება დასჭირდეს ათწლეულები.

- ფიქრობთ, რომ გერმანიას აკისრია პასუხისმგებლობის ნაწილი იმისთვის, რომ ევროპის ქვეყნები ძალიან დიდხანს ეფლირტავებოდნენ რუსეთს, კერძოდ, მასზე ენერგეტიკული დამოკიდებულებისთვის, რის დაძლევაც ახლა ასე ჭირს?

- ისტორიული ფაქტორები აქაც არ უნდა დავივიწყოთ. გერმანიამ იცის, რომ მისმა არმიამ ოდესღაც 20 მილიონამდე საბჭოთა მოქალაქე მოკლა, რომ მისი სახელით საშინელ დანაშაულს სჩადიოდნენ ჰიტლერის აგრესიულ ომში. ამიტომ, ჩვენი Ostpolitik -აღმოსავლეთის პოლიტიკა 1970 წლიდან მიმართულია იმ ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებისკენ, რომლებიც გასული საუკუნის შუა წლებში ნაცისტური აგრესიის მსხვერპლი გახდნენ. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: რუსეთი 1980-90-იანი წლების საზღვარზე დათანხმდა გერმანიის გაერთიანებას და აქედანაა მადლიერების გრძნობა, რომელიც ჩვენს ხალხს გაუჩნდა ამის გამო.

ჰოლოკოსტის მსხვერპლის მემორიალი ბერლინში
ჰოლოკოსტის მსხვერპლის მემორიალი ბერლინში

შეცდომა, რომელიც დავუშვით, ის იყო, რომ რუსეთის მიმართ მადლიერების ეს გრძნობა პუტინსა და მის რეჟიმზე გადავიტანეთ.

მიამიტები ვიყავით და გვეგონა, რომ შეიძლებოდა პუტინის რეჟიმის ცივილიზებული პოლიტიკის ჩარჩოებში მოთავსება, რომ შეიძლებოდა მასთან თანამშრომლობა, შეიძლებოდა ორმხრივი მომგებიანი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება და ასეთი ურთიერთობა შეცვლიდა რეჟიმს და მთელ რუსეთს. ამ მიამიტობის გამო ახლა მცირე საფასურს არ ვიხდით.

- ზოგიერთი გერმანელი ისტორიკოსი და მიმომხილველი, რომლებთანაც მომიწია საუბარმა, თვლის, რომ თქვენ მიერ ნახსენები Ostpolitik-ის ჩარჩოებში გერმანია ზედმეტ ყურადღებას უთმობდა რუსეთს და სათანადოდ არ აფასებდა როგორც ისტორიულ, ასევე პოლიტიკურ კონტექსტში, ორ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანას, უკრაინასა და ბელარუსს. ეთანხმებით ამ აზრს?

„მიამიტები ვიყავით და გვეგონა, რომ შეიძლებოდა პუტინის რეჟიმის ცივილიზებული პოლიტიკის ჩარჩოებში მოთავსება“

- დიახ, ვეთანხმები. ეს ტენდენცია გამოჩნდა ჰელმუტ კოლის კანცლერობის და ასევე ანგელა მერკელის მმართველობის პერიოდში, და ორივე ებრძოდა ამას. ჩვენთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საშუალო და მცირე ქვენებთან ურთიერთობის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვმუშაობდი გერმანიის მთავრობაში მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, კლაუს კინკელის დროს. ის თვლიდა, რომ ამ ქვეყნებთან თანამშრომლობა პირველი რიგის ამოცანა იყო და ბევრი გააკეთა ბალტიის ქვეყნების ევროკავშირში მისაღებად.

ჩვენთვის ესეც იგივე მისიაა, რაზეც უკვე ვილაპარაკე: მუშაობა ნეგატიური ისტორიული მემკვიდრეობის გადალახვის ჩარჩოებში. ამიტომ, როცა გერმანიაში ვუსმენ დავას იმის შესახებ, მივაწოდოთ თუ არა უკრაინას იარაღი, მე მათ შევახსენებ, რომ უკრაინა როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ასევე ახლაც აგრესიის სამიზნეა და ახლა ეს აგრესია არა დასავლეთიდან, არამედ აღმოსავლეთიდან მოდის.

ერთ დროს რამდენიმე დღეში ნაცისტებმა კიევთან დახოცეს ათეულათასობით ებრაელი და უკრაინელი. ახლა უკრაინა ათასობით თავის მოქალაქეს კარგავს პუტინის აგრესიის შედეგად.

ცხადია, ჩვენი მოვალეობაა დავეხმაროთ უკრაინას. რაც შეეხება გარკვეულ ნოსტალგიურ რუსოფილიას, რომელიც გერმანიის ინტელექტუალურ წრეებში ცოცხლობს, ის უკავშირდება ძველ დროს, მე-18-მე-19 საუკუნეებს. მაშინ რუსეთის იმპერიას და გერმანულ სახელმწიფოებს მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდათ, მმართველ დინასტიებს შორის იყო ნათესაური კავშირები... მაგრამ ეს იყო ადრე, დღევანდელი პოლიტიკისთვის უფრო აქტუალური ის პრინციპებია, რომლებიც გაეროს დაედო საფუძვლად.

- გერმანიაზე ევროკავშირის ჩარჩოებში ხშირად ლაპარაკობენ, როგორც „ეკონომიკურ გოლიათსა და სამხედრო ქონდრისკაცზე“. ეს ვითარება უკრაინაში ომის ფონზე იცვლება ახლა?

- გერმანიაში წლების განმავლობაში საზოგადოებას ჰქონდა უარყოფითი დამოკიდებულება შეიარაღების და არმიის გაძლიერების მიმართ. მიზეზები იგივეა: მილიტარისტული მემკვიდრეობის და ნაციზმის ომის დანაშაულის სიძულვილი. ამას შემდეგ დაემატა თავისებური სიზარმაცე, საგარეო საფრთხის არასათანადოდ შეფასება, როგორც დღეს უწოდებენ ხოლმე, კომფორტის ზონის დატოვების სურვილის არქონა.

ასეთ შემთხვევებში არგუმენტაციას „შემოვაბრუნებ“: სწორედ გერმანიამ, დიქტატურის საკუთარი გამოცდილებით, უნდა განამტკიცოს თავისი თავდაცვისუნარიანობა, რათა წინ აღუდგეს ახალ დიქტატურებს და დაეხმაროს მათ მსხვერპლს. ახლა ეს უკრაინაა, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე არნახული მასშტაბის აგრესია დაატყდა თავს.

„გერმანიამ, დიქტატურის საკუთარი გამოცდილებით, უნდა განამტკიცოს თავისი თავდაცვისუნარიანობა, რათა წინ აღუდგეს ახალ დიქტატურებს“

- როგორც უნდა იყოს, გერმანიის დამოკიდებულება აღმოსავლელ მეზობლებთან ყოველთვის იდილიურად არ გამოიყურება. ახლახან ხმაური მოჰყვა პოლონეთის მთავრობის განცხადებას, რომ აპირებს გერმანიას მოსთხოვოს იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც პოლონეთს მიადგა მეორე მსოფლიო ომის დროს.

- ასეთი დეკლარაციები უნდა უგულებელვყოთ, რადგან ისინი მხოლოდ პოლონეთის შიგნით პოლიტიკურ ბრძოლასთან არის დაკავშირებული. ვწუხვარ, რომ ამ ბრძოლაში პოლონეთის მმართველი პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ ანტიგერმანულ გრძნობებს აღვივებს და შესაბამის რიტორიკას იყენებს. ცხადია, რომ გამოთქმული პრეტენზიები საერთაშორისო სამართლის არავითარ ჩარჩოში არ ჯდება. მაგრამ მე ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, რომ ეს დროებითი მოვლენაა. პოლონეთთან წლებია უკვე კარგი ურთიერთობა გვაქვს, უბრალო მოქალაქეების დონეზე არის მეგობრული ურთიერთობების უამრავი მაგალითი, შერეული ოჯახები და სხვა. ჩემს 9 წლის ვაჟს ძალიან უყვარს ფეხბურთი. ერთხელ ვკითხე, ვინ არის შენი საყვარელი ფეხბურთელი-მეთქი და მიპასუხა, ლევანდოვსკი - პოლონეთიდან! ეს ფეხბურთელი მართლაც უყვართ ჩვენთან, ის დიდხანს თამაშობდა მიუნხენის „ბაიერნში“. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია.

2022 წლის 15 თებერვალი. გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, ყვავილების გვირგვინით ამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს კრემლის კედელთან. ეს იყო შოლცის ბოლო მცდელობა, დაერწმუნებინა პუტინი, უარი ეთქვა ომის გეგმებზე. 9 დღის შემდეგ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
2022 წლის 15 თებერვალი. გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, ყვავილების გვირგვინით ამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს კრემლის კედელთან. ეს იყო შოლცის ბოლო მცდელობა, დაერწმუნებინა პუტინი, უარი ეთქვა ომის გეგმებზე. 9 დღის შემდეგ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

- სხვა მეზობელ ქვეყნებში ანტიგერმანული განწყობა არ შეიმჩნევა?

- ისეთი არაფერი, რომ სერიოზულად შეიძლებოდეს შეშფოთება. ვფიქრობ, ამაში დიდი როლი ითამაშა კომპრომისების პოლიტიკამ, რომელსაც გერმანია მიმართავდა ანგელა მერკელის დროს. ჩვენი მთავრობა ცდილობდა მოლაპარაკებას და არ უარყოფდა ხოლმე ჩვენი მეზობლების წინააღმდეგობას ან შეშფოთებას.

ისტორიისგან დამოუკიდებლად, დემოკრატიულ პოლიტიკაში დიდი და ძლიერი ქვეყნების მოვალეობაა გაითვალისწინონ უფრო მცირე ქვეყნების ინტერესები. სხვაგვარად მშვიდობის შენარჩუნება გაძნელდება. მახსენდება, ჰელმუტ კოლი ევროპის საკითხებში ხშირად უგებდა ხოლმე ყურს ლუქსემბურგის მაშინდელ პრემიერ- მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. მნიშვნელოვანი გაკვეთილია მომავლისთვის, სხვადასხვა ეკონომიკური და პოლიტიკური „წონის“ მქონე ქვეყნებს შორის ბალანსის შენარჩუნება“, - ამბობს კრისტოფ ჰოისგენი.

როგორც 25 ოქტომბრის დილით გახდა ცნობილი, უკრაინას მოულოდნელად ესტუმრა გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი. მისი უკრაინაში ვიზიტი ორჯერ გადაიდო. 12 აპრილისთვის დაგეგმილი ვიზიტი უკრაინის ინიციატივით გადაიდო. გერმანიის მედიის თანახმად, ზელენსკის არ სურდა ემასპინძლა შტაინმაიერისთვის მისი რუსეთთან მჭიდრო კავშირების გამო.

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შტაინმაიერმა თქვა, რომ ცდებოდა თავის პოლიტიკურ გათვლებში, კერძოდ, მან შეცდომა უწოდა იმას, რომ მიემხრო „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობას. მეორედ ვიზიტი დაიგეგმა 20 ოქტომბრისთვის, მაგრამ ის გაუქმდა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების, მათ შორის კიევის მასირებული დაბომბვის გამო. მესამე მცდელობა წარმატებული გამოდგა და მას დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, მათ შორის ბერლინის საგარეო პოლიტიკის ძველი შეცდომების გამოსწორების კონტექსტში.

XS
SM
MD
LG