Accessibility links

„გვეუბნებოდნენ, რუსეთში რომ იყოთ, ცოცხლად დაგწვავდნენო“ - თავდასხმა ტრანსგენდერ ქალებზე


ზარი ღამის ოთხ საათზე გაისმა.

ტრანსგენდერი ქალი, თაკო რეკავდა თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან, თავს დაგვესხნენო. მედიის დახმარებას ითხოვდა.

როგორც მისი მონათხრობიდან გავარკვიეთ, შუაღამით ამავე ტერიტორიაზე მყოფ სექსმუშაკებს რუსულად მოსაუბრე უცნობი პირები მიუახლოვდნენ და გინება დაუწყეს.

„გინებას მიჩვეულები ვართ, მაგრამ ძალიან აგრესიულები იყვნენ. ეს დაპირისპირება მერე ჩვენს შორის ჩხუბშიც გადაიზარდა და ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა თამარ მეფის ხიდიდან გადახტომა სცადა. ძლივს გადავარჩინეთ“, - ასე იხსენებს თაკო წუხელ მომხდარს.

გოგოები ამბობდნენ, რომ რასაც ისინი აკეთებდნენ, დისკრიმინაცია იყო გენდერული ნიშნით, მაგრამ მათ არავინ მოუსმინა. ამაზე კიდევ უფრო მეტად დასცინეს...

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც მივიდა, თუმცა როგორც მომხდარის კიდევ ერთი თვითმხილველი, ტრანსგენდერი ქალი ნატა გვიამბობს, პოლიციამ თავდამსხმელები საბოლოოდ გაუშვა.

„მე რომ ვკითხე, ხელბორკილებს რატომ არ ადებთ-მეთქი, გვიპასუხეს, ტურისტები არიანო. ჩვენც, რამდენიმე გოგოს გამო, მოვერიდეთ საჩივრის დაწერას, ისედაც პრობლემები აქვთ პოლიციასთან და ბოლომდე ვეღარ მივყევით“, - ამბობს ნატა.

ის იმასაც ამბობს, რომ სავარაუდოდ, რუსი ეროვნების ოთხივე პირი ნასვამი იყო. ისინი ტრანსგენდერ ქალებს „პიდარასტებს“ ეძახდნენ და ამბობდნენ, რომ ისინი რომ რუსეთში ყოფილიყვნენ, მათ ცოცხლად დაწვავდნენ.

„გოგოები ამბობდნენ, რომ რასაც ისინი აკეთებდნენ, დისკრიმინაცია იყო გენდერული ნიშნით, მაგრამ მათ არავინ მოუსმინა. ამაზე კიდევ უფრო მეტად დასცინეს და რამდენიმეს თავში ჩაარტყეს კიდეც“, - მოგვითხრობს ნატა.

წარმოიდგინეთ, როგორ იზრდება აგრესია როცა ხედავს, რომ ის ტრანსგენდერი ქალია და თან სექს-მუშაკი. მეტი მიზეზი ამ აგრესიის გამოსავლენად არც სჭირდებათ ხოლმე.
ციალა რატიანი

ასეთი თავდასხმები ლგბტქ თემის ყველაზე დაუცველ ჯგუფზე საკმაოდ ხშირია. ნატა ყვება, რომ ბოლო დროს ძალიან გააქტიურებულია არასრულწლოვნების ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა.

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ფონდის“ იურისტი, ციალა რატიანი პოლიციასთან თანამშრომლობის გაუმჯობესების ნიშნებს ხედავს, ამბობს, რომ მათი მხრიდან დახმარების შემთხვევებმაც იმატა. თუმცა ციალა იმასაც შენიშნავს, რომ ხშირად დაპირისპირებაში ორივე მხარეს ერთვება - თავდამსხმელიც და თავად ტრანსგენდერი ქალებიც. ასეთ დროს ამ უკანასკნელების ქმედებაშიც არის ხოლმე სამართალდარღვევის ნიშნები.

ტრანსგენდერ ქალებს თავს მუდმივად ესხმიან. სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელსაც ხშირად ფიზიკურიც ახლავს, მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ციალა რატიანი ამბობს, რომ თავდამსხმელებში გაღიზიანებას მათი საქმიანობაც იწვევს და აგრესიაც მარტივად იბადება:

„წარმოიდგინეთ, როგორ იზრდება აგრესია როცა ხედავს, რომ ის ტრანსგენდერი ქალია და თან სექს-მუშაკი. მეტი მიზეზი ამ აგრესიის გამოსავლენად არც სჭირდებათ ხოლმე“, - ამბობს ციალა რატიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG