Accessibility links

"ასეთი პრეცედენტებით ვკარგავთ ნდობას მთავრობის მიმართ, ბიზნესგარემოს მიმართ"


გიგლა მიქაუტაძე, "გადასახადის გადამხდელთა კავშირის" აღმასრულებელი დირექტორი

საქართველოს ბიზნესგაერთიანებები შეკითხვებით მიმართავენ ფინანსთა მინისტრს და მიმდინარე წლის 31 მაისის გადაწყვეტილების განმარტებას სთხოვენ. მიმართვის გადასაცემად დღეს ისინი ფინანსთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ. ტექსტში ვკითხულობთ:

„მოგმართავთ თხოვნით, განგვიმარტოთ:

1. ამ გადაწყვეტილებების მიღების მიზეზები და არგუმენტაცია;

2. რა ფისკალურ ეფექტს ელოდებით მათი ძალაში შესვლის შემდეგ?

3. რითი იყო გამოწვეული ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე აღნიშნული გადაწყვეტილებების მყისიერად მიღება?“

ამასთან, მიმართვის ტექსტის ავტორები წერენ, რომ ფინანსთა მინისტრის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა „ბოლო წლებში მიმდინარე პოზიტიური ცვლილებების ფონზე, რომლებიც მიმართული იყო ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისკენ“. მიმართვის ერთ-ერთი ხელმომწერია „გადასახადის გადამხდელთა კავშირი“, რომლის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიგლა მიქაუტაძემ რადიო თავისუფლების ეთერში ილაპარაკა ბიზნესგაერთიანებების პოზიციაზე:

„ის გადაწყვეტილება, რომელიც ფინანსთა მინისტრმა მიიღო, არ ეხება მხოლოდ „ოქროს სიის“ კომპანიებს. ამას მინდა ხაზი გავუსვა. იქ რამდენიმე კომპონენტი იყო. ერთ-ერთი იყო, მაგალითად, წინასწარი დეკლარირების შემთხვევაში 15 დღიანი ვადა მიცემოდათ კომპანიებს ამ გადასახდელების გადახდისთვის. ეს ეხებოდა ყველა ტიპის კომპანიას განურჩევლად ზომისა. არ გავიგოთ ისე, რომ ეს მხოლოდ მსხვილი კომპანიებისთვის არის პრობლემა“.

გიგლა მიქაუტაძის თქმით, ბიზნესგაერთიანებებისთვის ამ ეტაპზე მთავარი საკითხი გადაწყვეტილების საფუძვლებში გარკვევაა:

„რატომ გვინდა ეს ოფიციალური პასუხი? იმიტომ, რომ ყოველდღე სხვადასხვა არგუმენტაცია გვესმის ამ თემაზე: ხან დახურულ კარს მიღმა, ხან რაღაც ტიპის კომენტარებში. ჩვენ გვჭირდება ოფიციალური პასუხი, ოფიციალური განმარტება, რის შემდეგაც გადავწყვეტთ - არის თუ არა ეს ცვლილება მართლა აზრიანი. თუ დავინახავთ პრობლემას, უკვე გავაგრძელებთ სხვა ფორმატებში კონსულტაციას როგორც მთავრობასთან, ასევე პარლამენტთნ. აქამდე ჩვენ საფუძვლიანი განმარტებები არ მოგვისმენია“.

„გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ ზოგადად ხელისუფლებასთან კომუნიკაცია ბიზნესგაერთიანებებთან არ ჭირს, თუმცა, ფინანსთა მინისტრის 31 მაისის გადაწყვეტილება „ცოტა გამაოგნებელი იყო“. გიგლა მიქაუტაძე ასახელებს ორ უარყოფით ეფექტს:

„პირველი ეს არის ფინანსური ეფექტი. ბუნებრივია, ვისაც მოეხსნა ეს შეღავათები, მას გარკვეული ფინანსური დამატებითი წნეხი შეექმნება, რადგან მოუწევს უფრო სწრაფად ამ თანხების მოძიება და ეს არ იქნება მარტივი დროის ასეთ მოკლე პერიოდში. მეორე - ამას აქვს ემოციური დატვირთვაც - ჩვენ ასეთი პრეცედენტებით ვკარგავთ ნდობას მთავრობის მიმართ, ბიზნესგარემოს მიმართ. გამოდის, რომ ხვალ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა, რა შეიცვლება, ამის პროგნოზი არ შეგვიძლია, თურმე, გავაკეთოთ და ეს ბიზნესგარემოს სტაბილურობას ნამდვილად არ უწყობს ხელს“.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG