Accessibility links

გიორგი გახარია: რა თქვა და რა არ უთქვამს?


  • ვინ და რა ეტაპზე გასცა ბრძანებები რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისის აქციის დაშლის პროცესში?
  • იცოდა თუ არა შს სამინისტრომ, რომ „რაკეტისებრ“ რეზინის ტყვიებს ადამიანის სიკვდილის გამოწვევაც შეუძლია?
  • უნდა აიღოს თუ არა შს მინისტრმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქციის სპეცსაშუალებებით დაშლის შედეგების გამო?
  • აპირებს თუ არა და როდის აპირებს გიორგი გახარია გადადგომას?

21 ივნისის შემდეგ, როცა მან აქციის დაშლის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა, ბევრი მოელოდა, რომ მინისტრი გახარია აქციის დარბევის დროს გამოვლენილ ძალადობას დაგმობდა და დადებდა პირობას, რომ ყველა მოძალადე სამართალდამცველი დაისჯებოდა. ზოგი იმასაც მოელოდა, რომ ის გადადგებოდა.

თუმცა გახარიას ეს არ გაუკეთებია და ბევრმა ჩათვალა, რომ - დიპლომატიური მიდგომებით ცნობილმა მინისტრმა ამით მნიშვნელოვანი შანსი გაუშვა ხელიდან.

6-დღიანი პაუზის შემდეგ, შს მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტების წინაშე ჯერ 27 ივნისს გამოჩნდა, ხოლო შემდეგ - 28 ივნისს, მთავრობის სხდომის შემდეგ.

გიორგი გახარიას პასუხები მედიას
please wait

No media source currently available

0:00 0:01:22 0:00

მინისტრმა პასუხი გასცა ბევრ შეკითხვას, მაგრამ - ჯერ ისევ ბევრი შეკითხვა დარჩა პასუხგაუცემელი, აქციის დაშლის მძიმე შედეგების გათვალისწინებით.

„იმ ღამეს, ტრაგიკული მოვლენების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების დაზარალების მიუხედავად, ჩვენ ავარიდეთ ქვეყანა უდიდეს საფრთხეს. ჩვენ შევძელით და შევინარჩუნეთ სამოქალაქო წესრიგი. ეს არის პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ფუნქცია“, - თქვა გიორგი გახარიამ 28 ივნისსაც.

კიდევ რა თქვა და რა არ უთქვამს შს მინისტრს საზოგადოებისთვის ბოლო ორ დღეში? - რადიო თავისუფლებამ ძირითად აქცენტებს მოუყარა თავი.

ვინ გასცა ბრძანებები იმ ღამით?

გიორგი გახარია ამბობს, რომ თავად არის პასუხისმგებელი ყველა იმ ბრძანებაზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისის ღამით გაიცა. მისი თქმით, შს სამინისტროს გარდა, აქციის დაშლასთან დაკავშირებულ ბრძანებებს სხვა ვერავინ გასცემდა.

თქვა:

  • „ყველა ბრძანებაზე, რომელიც იმ ღამეს იყო გაცემული, პასუხისმგებელი ვარ მე და არა აქვს მნიშვნელობა, ვის მიერ იყო გაცემული“;
  • „ყველა ბრძანება, რომელიც იმ ღამეს იყო გაცემული, არის ჩემი პასუხისმგებლობის ზონა... დასადგენი შესაბამისი გამოძიების მიერ - ეს ბრძანება იყო კანონის ფარგლებში, უკანონო თუ ასე შემდეგ“;
  • „მსგავსი ღონისძიებების ჩატარებისთვის არსებობს კონკრეტული კანონი, ბრძანებები და ამ ბრძანებებზე მე მაქვს ხელი მოწერილი“;
  • „ეს არის პროცედურული საკითხი... არსებობს შაბლონური გეგმაც და არსებობს გეგმა, რომელიც კონკრეტული ქმედებებიდან გამომდინარე, კონკრეტულ ეპიზოდში და კონკრეტულ გარემოებებში იცვლება“;
  • „ამ ღონისძიების დროს ვისაც და რა დონეზეც, რა სახის ბრძანებაც არ უნდა გაეცა ან ქმედება არ უნდა განეხორციელებინა, თუ ის შეესაბამებოდა ღონისძიების გეგმას და კონკრეტულ ინსტრუქციებს, რა თქმა უნდა, ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვიღებ მე“;
  • „ვერავინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიღმა ამ ღონისძიებასთან დაკავშირებულ ვერანაირ ვერც ბრძანებას და ვერც ქმედებას ვერ განახორციელებდა. წერტილი“;
  • „როდესაც მოქალაქისა და პოლიციელის სიცოცხლე რისკის ქვეშ დგებოდა, უნდა ემოქმედა პოლიციელს, რომლის პასუხისმგებლობაა მართლწესრიგის, მოქალაქისა და ინსტიტუციის დაცვა“.

არ თქვა:

  • რა როლი ენიჭებოდათ პროცესში, მაგალითად, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს (რომლებიც იმყოფებოდნენ პარლამენტში)?
  • რა როლი ენიჭებოდათ პროცესში „ქართული ოცნების“ დეპუტატებს (ოპოზიცია ლაპარაკობს ასევე სამოქმედო გეგმის განხილვის პროცესში მათი ჩართულობის შესახებაც)?
  • აქციის დაშლის პროცესში გადაწყვეტილებები მიიღებოდა ადგილზე, თუ ყოველი შემდეგი მოქმედება თანხმდებოდა მინისტრთან ან სხვა პირებთან?
  • ვისი ბრძანებით ესროდნენ დამიზნებით აქციის მონაწილეებს და მათ შორის - ჟურნალისტებს?
  • რატომ დასდევდნენ სპეცსაშუალებებით უკვე გაქცეულ და გაფანტულ მომიტინგეებს?

საშიში რეზინის ტყვიები - ნარინჯისფერი, „რაკეტისებრი“

მინისტრის თქმით, აქციის დაშლის პროცესში არ გამოუყენებიათ ისეთი რეზინის ტყვიები, რომლებიც იწვევს სიკვდილს, ხოლო გამოძიებამ უნდა დაადგინოს - რამდენად სწორად გამოიყენეს ეს სპეცსაშუალება კონკრეტულმა სამართალდამცველებმა.

თქვა:

  • „არცერთი ტყვია, რომელიც აკრძალულია კანონით ან არ არის გათვალისწინებული მსგავს ღონისძიებებში გამოსაყენებლად, გამოყენებული არ ყოფილა“;
  • „ყველა სახის სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებას აქვს თავისი პროტოკოლი, რომლის დარღვევა იწვევს შესაბამის შედეგებს - ეს არის და უნდა გახდეს გამოძიების საგანი“;
  • „სპეციალური აღჭურვილობიდან რატომ იყო გამოყენებული რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი ან რა თანმიმდევრობით იყო გამოყენებული... ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გამოძიების საგანი“’;
  • „არსებობს სტანდარტული ინსტრუქციები, რომელიც უნდა გამოიყენოს ადამიანმა, რომელიც ხმარობს რეზინის ტყვიებს - ძირითადად, ეს არის - მანძილი, ასხლეტით მიწიდან სროლა და კიდევ ბევრი რამ“;
  • „შეიძლებოდა ყოფილიყო გარკვეული გადაცდომები გამოყენების ტექნიკაში კონკრეტულ შემთხვევებში და ეს არის გამოძიების საგანი";
  • „ზოგი ამ ტყვიებს რაკეტისებრს ეძახის, ზოგი კი - დათვის ტყვიებს... ეს უბრალოდ ცინიკური ტყუილია, რომელიც ხვალ და ზეგ გამჟღავნდება - გამოძიება ხომ ყველაფერს იტყვის “;
  • „ეს ტყვიები ნაყიდია 2012 წლის აგვისტოში და მას შემდეგ არსებობდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღებაში“.

არ თქვა:

  • იცოდა თუ არა მინისტრმა, რომ რაკეტისებრ, ნარინჯისფერ ტყვიებს შეუძლია გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი?
  • იყვნენ თუ არა სათანადოდ მომზადებული ამისათვის ის სამართალდამცველები, რომლებმაც ნარინჯისფერი ტყვიები გამოიყენეს?
  • რატომ გახდა აუცილებელი სიკვდილის საფრთხის შემცველი ტყვიების გამოყენება მათ შორის - ჟურნალისტების წინააღმდეგ?
  • რატომ არ გააფრთხილეს აქციის მონაწილეები იმის შესახებ, რომ აპირებდნენ სპეცსაშუალებებისა და განსაკუთრებით - რეზინის ტყვიების გამოყენებას?

პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება-არაღება

გიორგი გახარია თვლის, რომ მისი 20-21 ივნისს, აქციის დაშლის „ტრაგიკულ“ შედეგებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ იმ პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც ღამის 10 საათამდე მშვიდობიანად მიმდინარე აქცია პარლამეტში შეჭრის მიზნებს მოარგეს. რაც შეეხება საკუთარ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ამის აუცილებლობას გახარიას გამოძიების შედეგები დაანახებს.

თქვა:

  • „ამ ღონისძიებაზე პირველ რიგში მე ვაგებ პასუხს“, თუმცა „პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილიც არის გასათვალისწინებელი“;
  • „არის ორი განზომილება - პოლიტიკური და სამართლებრივი“;
  • „პოლიტიკური პასუხისმგებლობა შტურმზე, პოლიციაზე ორგანიზებულ ფიზიკურ თავდასხმაზე და პარლამენტზე, ეკისრებათ იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ შტურმს გაუწიეს ორგანიზება“;
  • „როდესაც ვიღაც ცდილობს მოახდინოს პოლიციის დელეგიტიმაცია, რაც ნიშნავს სამართლებრივი სახელმწიფოსა და ინსტიტუტების რღვევას, რა თქმა უნდა, ამას მე არ დავუშვებ“;
  • „სამართლებრივ ნაწილში... თუ აღმოჩნდა, რომ იქ სისტემური დარღვევები იყო, რა თქმა უნდა, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა“;
  • „გამოძიების შედეგად, აგერ ვარ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც ავიღებ“;
  • „არავითარ შემთხვევაში არ გადავუნაწილებ ამ პასუხისმგებლობას, ზოგიერთს რომ ჰგონია, ჩემს ქვეშევრდომებს“.

არ თქვა:

  • რატომ არ გრძნობს მინისტრი ამ ეტაპზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აქციის დაშლის მძიმე შედეგებზე, რასაც თავად „ტრაგიკულს“ უწოდებს;
  • შესაძლებელი იყო თუ არა საპროტესტო აქციის დაშლა მხოლოდ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით, რეზინის ტყვიების გარეშე - მძიმე დაზიანებების თავიდან აცილების მიზნით;
  • შეამჩნია თუ არა მინისტრმა ძალის გადამეტების ფაქტები აქციის დაშლის პროცესში და რატომ არ მოხერხდა ასეთი სამართალდამცველების შეჩერება?
  • გამოვლინდა თუ არა აქციის დაშლის პროცესის მართვის პრობლემები?

პოსტიდან გადადგომა-არგადადგომა

გიორგი გახარიას თქმით, ის პოსტს არ დატოვებს მანამდე, ვიდრე თითოეულ პოლიციელს არ აარიდებს „განკითხვის რისკს“ და ბოლომდე არ მიიყვანს დაწყებულ საგამოძიებო პროცესებს. შემდეგ კი გადაწყვეტილებას გამოძიების შედეგების მიხედვით მიიღებს.

თქვა:

  • „ჩემი გადადგომა საერთოდ არ არის პრობლემა - მე შემიძლია გადავდგე ხვალაც, ზეგაც და მაზეგაც, არ წარმოადგენს ეს პრობლემას“;
  • „(ჩემი) გადადგომა ან განმუხტავს ან გააღრმავებს (კრიზისს), არ ვიცი, ამ შეფასებებში მე ამ შევდივარ“;
  • „ამ სავარძელში გადადგომა-არგადადგომის გამო კი არ ვზივარ“;
  • „აქ ვარ და ვიქნები მანამ, ვიდრე კონკრეტულ ამოცანებს არ შევასრულებ“;
  • „სანამ არ დასრულდება გამოძიება როგორც უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში, ასევე 225-ე მუხლით სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმის ნაწილში, მე ვრჩები აქ და ვიქნები აქ“;
  • „პოლიცია მისახედია დღეს, ამ ღონისძიების შემდეგ“ - „ყველაზე მეტი პასუხისმგებლობაა იმ პოლიციელების მიმართ, რომლებიც დღეს არიან სამოქალაქო გასამართლებისა და სახალხო გასამართლების საგანი“;
  • „ყველა იმ ადამიანს, რომლის უსამართლო დევნა ხდება დღეს (მათ შორის - სხვადასხვა მედიასაშუალებით), პოლიციელის - ადამიანის, რომელიც ამ სახელმწიფოს ემსახურებოდა, რა თქმა უნდა, მათი უფლებების დაცვაც ჩემი პირდაპირი მოვალეობაა“;
  • „ჩემთვის ამ სავარძელში ჯდომა არის სწორედ ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელზეც თქვენ საუბრობთ“.

არ თქვა:

  • როგორ აფასებს მინისტრი ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის უცვლელ მოთხოვნას - მის მიერ პოსტის დატოვების შესახებ?
  • რას ფიქრობს მინისტრი ადამიანებზე, რომლებიც მისი გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ რუსთაველის გამზირზე?
  • რამდენად სამართლიანი იქნება საგამოძიებო პროცესები პოსტზე მისი დარჩენის შემთხვევაში?

28 ივნისს შს მინისტრმა მოუწოდა მომხრეებს, რომ არ გაემართათ კონტრაქცია - მისი არგადადგომის მოთხოვნით. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გახარიას მომხრეები აქციას რესპუბლიკის მოედანზე გეგმავდნენ. ოფიციალური ღონისძიება არ გამოქვეყნებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG