Accessibility links

"კანონმდებლობა აძლევს საშუალებას დამსაქმებელს მოიქცეს ისე, როგორც იქცევა"


გიორგი გოგია, Human Rights Watch-ის ასოცირებული დირექტორი ევროპასა და შუა აზიაში

საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებით ინდუსტრიაში - მაღაროებსა და შახტებში დასაქმებული ადამიანების შრომითი უფლებებისა და პირობების გამოკვლევას Human Rights Watch-ი შეუდგა ბოლო წლების განმავლობაში შახტებში მომხდარი უბედური შემთხვევების ფონზე, იმისათვის, რომ დაედგინა - რა განაპირობებს ამხელა მსხვერპლს ბიზნესის ამ სფეროში:

„იმისათვის, რომ არ ვყოფილიყავით მსხვერპლიდან მსხვერპლამდე შეშფოთებულნი, რომ შეგვესწავლა რა იწვევს ამას, რა უნდა გაკეთდეს, რა უნდა შეიცვალოს“.

Human Rights Watch-ის ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი თემაა ის, რომ ტექნიკის გაუმართაობის გარდა, უბედური შემთხვევების გამაპირობებელია დასაქმებულთა უკიდურესად გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, რაც მათ გადაღლას იწვევს და ძალიან ზრდის საფრთხეებს:

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის გადაღლილი მუშა, გადაღლილი მაღაროელი, გადაღლილი მეშახტე. რა იწვევს ამ გადაღლას? 380-მდე მაღაროელი მუშაობს 84 საათი კვირაში! ამის საშუალებას იძლევა ის, რომ აქვთ 12 საათიანი ცვლები (დღის ან ღამის), 15 დღის განმავლობაში, დასვენების დღის გარეშე.

როცა არ მუშაობენ, ცხოვრობენ კომპანიის საერთო საცხოვრებელში, საიდანაც გადაადგილებაც ეზღუდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ 17 დღე ისვენებენ, ეს არ ნიშნავს, რომ მე-5, მე-10, მე-15 დღეს მაღაროელი (განსაკუთრებით ღამის ცვლაში მუშაობისას) არის სათანადოდ ფხიზლად და არ არის მოდუნებული“.

გადაღლის ხარისხის აღსაწერად, ერთ-ერთმა მაღაროელმა HRW-ის წარმომადგენლებს ისიც უთხრა, რომ შესაძლებელია ადამიანს სხვებთან ერთად 150 კილოგრამიანი ბურღით მუშაობისას ჩათვლიმოს კიდეცო.

სწორედ არასათანადო კონცენტრაციის შედეგად, მოხდა შემთხვევა, როცა ერთმა მუშამ არასწორად დააჭირა ხელი ღილაკს, რის შედეგადაც მეორემ უმძიმესი დაზიანება მიიღო და კიდური დაკარგა.

არის მუშაობის სხვაგვარი გრაფიკიც, როცა 7-9 საათი უწევთ მუშაობა, თუმცა, ამას ამძიმებს დიდი საწარმოო კვოტა, ანუ მოსაპოვებელი წიაღისეულის განსაზღვრული მოცულობა:

„ე.წ. „ვახტურ“ რეჟიმში ვინც არ არის, 7-9 საათი მუშაობს და აქვს დიდი საწარმოო კვოტები. თუ დაზიანდა ხელსაწყო, გეგმის შესრულება ძალიან ძნელია. მის შეკეთებას და დროის დაკარგვას ურჩევნიათ წავიდნენ რისკებზე, რადგან საწარომოო გეგმის შესრულების გარეშე მათ ხელფასიდან ექვითებათ თანხა“.

საწარმოო კვოტის განსაზღვრის სტანდარტი დადგენილი არ არის, თუმცა, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, მას ერთპიროვნულად არ უნდა ადგენდეს დამსაქმებელი, არამედ უნდა დგებოდეს დასაქმებულების, პროფკავშირისა და იმ საღი აზრის გათვალისწინებით, რომ დასახული გეგმა არ გულისხმობდეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, მათ შორის - დასაქმებულთა უკიდურეს გადაღლას:

„ხელოვნურია გაყოფა უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების.

რამდენი საათი ვმუშაობ, მაქვს თუ არა შესვენების უფლება, მაქვს თუ არა დასვენების დღე - ეს პირდაპირ კავშირშია ჩემს უსაფრთხოებასთან და არამარტო ის, თუ რამდენად გამართული ინსტრუმენტებით ვმუშაობ“.

გიორგი გოგია გამოწვევებს შორის ასახელებს კანონმდებლობასაც:

„კანონმდებლობა აძლევს საშუალებას დამსაქმებელს მოიქცეს ისე, როგორც იქცევა. არ არის დარეგულირებული ის, რომ, ვთქვათ, კვირაში ერთი დღე უნდა იყოს გამოსაშვები დღე. კანონმდებლობა აწესებს, რომ სამუშაო კვირა არის 40 საათი, გამონაკლის შემთხვევაში - 48 საათი, თუმცა, ის არ აწესებს ლიმიტს ზეგანაკვეთურ მუშაობაზე. გამოდის, რომ 84 საათი შეგიძლია ამუშაო პირი, რადგან არ არის ზეგანაკვეთზე შეზღუდვა.

ეს არის ხარვეზები კანონმდებლობაში, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს“.

HRW-ის წარმომადგენლის შეფასებით, კანონით უნდა განისაზღვროს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების საკითხი და უნდა დაზუსტდეს, რომ ის სულ ცოტა, 25%-ით უნდა აღემატებოდეს სტანდარტულ სამუშაო საათებში შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას.

ცალკე პრობლემად ხედავს გიორგი გოგია შრომის სტანდარტების განხორციელებასა და მათზე ზედამხედველობას, რის სრულფასოვნად შესრულებასაც შრომის ინსპექციის მანდატის კიდევ უფრო გაფართოება სჭირდება. კერძოდ ის, რომ მას შეეძლოს არა მხოლოდ უსაფრთხოების პირობების, არამედ შრომითი უფლებების დაცვის შემოწმებაც.

საკითხის შესწავლისას HRW-ს კომუნიკაცია ჰქონდა როგორც მოპოვებით სექტორში მომუშავე კომპანიებთან, აგრეთვე დასაქმებულებთან, პროფკავშირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ხელისუფლებასთან.

ორგანიზაცია მზად არის გააგრძელოს ურთიერთობა მხარეებთან იმისათვის, რომ აღმოიფხვრას ანგარიშში ჩამოთვლილი ხარვეზები და მათ შორის შრომის ინსპექცია ჩამოყალიბდეს ეფექტიან, დამოუკიდებელ მექანიზმად.

HRW-ის ევროპისა და შუა აზიის ასოცირებული დირექტორი ამბობს, რომ მცდარია ბიზნესის მიდგომა - თითქოს, შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების პირობების დაცვა/რეგულაცია მათ დააზარალებს, რადგან საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს პირიქით, მის განვითარებას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, გიორგი გოგია შეახსენებს ხელისუფლებას შრომითი უფლებების დაცვის სფეროში საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებულ ვალდებულებებს და იმასაც, რომ მათი შეუსრულებლობით ქვეყანამ შეიძლება დაკარგოს ის პრივილეგიები, რაც დასავლეთის ქვეყნების ბაზრებზე აქვს.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG