Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული კაპიტალი საქართველოს ბაზარზე


გიორგი კაპანაძე, აფბა-ს ვიცეპრეზიდენტი
გიორგი კაპანაძე, აფბა-ს ვიცეპრეზიდენტი

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (აფბა) გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოს ბაზარზე რუსულ ინტერესებზე.

აფბა-ს ვიცეპრეზიდენტი, გიორგი კაპანაძე „დილის საუბრებში“ ყვება რუსეთის კერძო და სახელმწიფო კომპანიების მონაწილეობაზე საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში.

„ჩვენ გვსურდა გვეჩვენებინა ის ძირითადი სურათი, რომელიც დღედღეობით საქართველოშია ამ მიმართულებით. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მუდმივად ისმის საუბარი ამ თემაზე, რომ რუსული კომპანიები, მათ შორის - რუსული სახელმწიფო კომპანიები წარმოდგენილნი არიან საქართველოში როგორც ენერგეტიკის სექტორში, ასევე სხვადასხვა ბიზნესში და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეგვეკრიბა ის ძირითადი კომპანიები, სადაც იყო რუსული ინტერესები, განსაკუთრებით სადაც იყო 50% და მეტი წილი წარმოდგენილი რუსეთის მოქალაქეების ან რუსული კომპანიებით“.

გიორგი კაპანაძე გამოყოფს რუსეთის სახელმწიფო კომპანია „ინტერ რაო“-ს, რომელსაც ეკუთვნის „თელასის“ 75%. „ინტერ რაო“-ს ეკუთვნის ასევე თბოსადგური შპს „მტკვარი ენერგეტიკა“, რომლის ძირითადი საქმიანობაც ელექტროენერგიის გამომუშავება და რეალიზაციაა. იმავე კომპანიის მფლობელობაშია: „ხრამჰესი 1“, „ხრამჰესი 2“.

ჰესების ბიზნესში აღსანშნავია რუსეთის მოქალაქე მევლუდ ბლიაძის ინტერესებიც. ის ფლობს შპს „ენერგიას“, რომელსაც ეკუთვნის „დარიალი ჰესი“, „ლარსი ჰესი“, „სკურდიდი ჰესი“.

აფბას ვიცეპრეზიდენტი ლაპარაკობს რუსული კაპიტალის მონაწილეობაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელების სეგმენტშიც, სადაც ქართული და რუსული მხარე ერთობლივად ფლობენ „საქრუსენერგოს“.

მეორე მნიშვნელოვანი სეგმენტია ნავთობროდუქტების ბაზარი, სადაც გიორგი კაპანაძე ლაპარაკობს „ლუკოილის“, „პეტროკას ენერჯი ლიმიტედის“, „როსნეფტის“ შესახებ. ასევე ხაზგასასმელია, რომ „როსნეფტი“, საქართველოს კანონის დარღვევით, ოპერირებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეც.

აფბა-ს წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს მადნეულის, ტელეკომუნიკაციის, საბანკო სექტორის, ტრანსპორტის, ალკოჰოლური სასმელების, კვების პროდუქტებისა და სამშენებლო ბიზნესებში რუსული კაპიტალის, რუსეთის კომპანიების, რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობაზე.

გიორგი კაპანაძე ლაპარაკობს რისკებზე, რასაც, მისი შეფასებით, ქმნის ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი სახელმწიფო კომპანიების მასშტაბური მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკაში.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG