Accessibility links

გიორგი რურუას საქმე და საერთაშორისო პარტნიორების ძახილი


მოხდა ისე, რომ 8 მარტის შეთანხმებისა და მომავალი არჩევნების ბედი ახლა დიდწილად „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას საქმეს უკავშირდება. პოლიტპატიმარს უწოდებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ უკვე ამერიკიდან თუ ევროპიდან. ჩიხში შესული პროცესის ბოლო ვადა სადღაც თვენახევარში ამოიწურება. პარლამენტში რა მოხდება - ზუსტად არავინ იცის.

როგორ მივიდა საქმე აქამდე? როგორ იქცა გიორგი რურუა მთავარ სადავო ფიგურად? რა გზები არსებობს მის გასათავისუფლებლად? რას ფიქრობს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების ძახილზე?

მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა - გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დატოვეს, მთელი ყურადღება გიორგი რურუასკენ არის მიმართული და - არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ორი პოლიტიკოსის გათავისუფლებით კმაყოფილმა საერთაშორისო პარტნიორებმა, ამერიკიდან თუ ევროპიდან, მკაფიოდ თქვეს, რომ ახლა გიორგი რურუას ჯერია.

„ველით ასევე მედიასაშუალების მფლობელის, გიორგი რურუას გათავისუფლებას, რომელიც დეკემბერში ცრუ ბრალდებებით დააკავეს“, - წერია სენატორების - რესპუბლიკელ ჯეიმს რიშისა და დემოკრატ ჯინ შაჰინის მიერ 16 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჯეიმს რიში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა. 12 მაისს გამოქვეყნებულ მიმართვაში ის საქართველოს ხელისუფლებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებას სთხოვდა.

გიორგი რურუას სახელი და გვარი 19 მაისს ევროპარლამენტის ტრიბუნიდანაც გაისმა.

  • საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის განხილვისას, კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა პირდაპირ თქვა - „პოლიტპატიმარი გიორგი რურუა ჯერ ისევ ელოდება გათავისუფლებას“ და რომ ამ საქმესთან დაკავშირებით უნდა იაქტიუროს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში.
  • გიორგი რურუა ახსენა პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ - „პოსტსაბჭოთა სივრცესა და საბჭოთა ეპოქაში ოპოზიციაში ყოფნის მთელ ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვხედავ, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები ყალბად გამოიყურება და ისინი უნდა გაუქმდეს“.

ბოლო პერიოდში, პოლიტპატიმრებად წოდებული პირების გათავისუფლებას საერთაშორისო პარტნიორები 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულების ჭრილში ითხოვდნენ. თუკი მანამდე მხოლოდ ოპოზიციონერი ლიდერები ამტკიცებდნენ - 8 მარტს ხელისუფლება ახალი საარჩევნო სისტემის გარდა, დაკავებულების გათავისუფლებაზეც შეგვითანხმდაო - ბოლო პერიოდში ეს ანალიტიკოსებმა საერთაშორისო პარტნიორების ღია მესიჯებშიც აშკარად დაინახეს.

პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ „რაც უფრო აჭიანურებს პროცესს და იქექება ხელისუფლება, მით უფრო საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს“ და ეს გიორგი რურუას გათავისუფლების გაჭიანურებასაც შეეხება. როგორც გამზარდია ვარაუდობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ხელისუფლება ვაჭრობას ცდილობს.

„დაახლოებით იმგვარად, როგორც ხელისუფლებამ მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნების კოეფიციენტებზე ხანგრძლივად ივაჭრა და ბოლოს, ვაჭრობის შედეგად 120/30-ს დათანხმდა, ასეა ახლაც - საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ პოლიტპატიმრებად დასახელებული სამი პირიდან ერთი არ გაათავისუფლა... გამოდის, რომ ევაჭრება ოპოზიციასაც და საერთაშორისო პარტნიორებსაც... ვაჭრობაა შანტაჟიც - რომ შეიძლება ჩავარდეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები“, - ეუბნება გამზარდია რადიო თავისუფლებას.

პროცესი ჩიხშია, რადგან გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე, ოპოზიციური ერთობის საპარლამენტო პარტიები („ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“) არ აპირებენ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას.

გაათავისუფლებენ თუ არ გაათავისუფლებენ

ოპოზიცია იმედოვნებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით პროცესი ბოლომდე მივა და გიორგი რურუაც გათავისუფლდება. სხვა შემთხვევაში, ოპოზიციას პოლიტიკური ნორმალიზაცია არ წარმოუდგენია.

  • „გვარებში არ არის საქმე, პრინციპშია საქმე... გინდ რურუა დაეტოვებინათ (იმედი მაქვს) დროებით და ან ნებისმიერი სხვა - ოქრუაშვილი ან უგულავა, არაფერს არ შეცვლიდა ეს. გადაიდგა სწორი ნაბიჯი, რომელიც გამოაცხადა პრეზიდენტმა (15 მაისს) ორი პოლიტპატიმრის გათავისუფლებაზე. ახლა გიორგი რურუაც უნდა გათავისუფლდეს აუცილებლად - ეს სჭირდება ქვეყანას, ნორმალიზაციას... შემდეგ უნდა განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები. მერე, იმედი მაქვს, იქნება არსებითად უფრო ნორმალური საარჩევნო კამპანია და ამის მერე ყველა უნდა შეეგუოს ამომრჩევლების ვერდიქტს“ - გიგა ბოკერია, „ევროპული საქართველო“;
  • „(საერთაშორისო პარტნიორებმა) ყურში წამოარტყეს „ქართულ ოცნებას“, (ბიძინა) ივანიშვილს და უთხრეს - თუ არ გამოუშვებთ პოლიტიკურ პატიმრებს, შენი გზა იქით იქნება - საითაც დიქტატორებს მიერეკება ხოლმე ცივილიზებული სამყარო. შეშინებულმა ივანიშვილმა დაავალა სალომე ზურაბიშვილს - შეეწყალებინა უგულავა და ოქრუაშვილი... გიორგი რურუას გათავისუფლებაც მოუწევთ“, - რომან გოცირიძე, „ნაციონალური მოძრაობა“.

თუკი რურუას არ გაათავისუფლებენ და ბოიკოტი გაგრძელდება, თეორიულად, პარლამენტში მაინც უნდა შეგროვდეს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 113 ხმა. თუმცა ასეთ შემთხვევაში "ქართული ოცნება" პასუხისმგებლობას იხსნის.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ამბობს, რომ სასამართლოს საქმეებში ვერ ჩაერევა და შესაბამისად - რურუასაც ვერ გაათავისუფლებს.

„საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ საერთოდ არ უნდა არჩევნები ოპოზიციას. პერსპექტივა ძალიან რთული აქვს... რაც შეეხება გიორგი რურუას თემას, სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ვერც სასამართლოს და შემდეგ ვერც პრეზიდენტს ვერ უკარნახებს მთავრობა, პარლამენტი, „ქართული ოცნება“, თუ როგორ უნდა მიუდგეს ამ საკითხს... ჩვენ მზად ვართ არჩევნებისთვის, პაკეტი არის მზად და ველოდებით, რომ სხდომა ჩატარდება სრული შემადგენლობით“ - აცხადებს პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი.

ოპოზიციასთან არაფერი გვაქვს სახვეწარი, რადგან ახალი საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემთხვევაში მოგებული დარჩება „ქართული ოცნება“ - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

ის ამბობს, რომ ოპოზიცია უპასუხისმგებლოა, ხოლო, მაგალითად, დევიდ მაკალისტერი და სხვა საერთაშორისო პარტნიორები - რეალობას არიან აცდენილი:

  • როდესაც გიორგი რურუას პოლიტპატიმრად მოიხსენიებს, მაგალითად - მაკალისტერი, აქ ყველაფერი არის დღესავით ნათელი - თუ რამდენად არის აცდენილი ასეთი განცხადებები იმ რეალობას, რომელიც საქართველოში არსებობს“;
  • „ოპოზიცია არ უნდა არღვევდეს 8 მარტის შეთანხმებას... ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, მისცემენ თუ არა ხმას ამ საარჩევნო ცვლილებებს“;
  • თუკი ოპოზიციის ბოიკოტის გამო ჩავარდება ახალი (120/30-ზე) და დარჩება ძველი საარჩევნო სისტემა (77/73-ზე), „ბუნებრივია, ეს უპირატესობას მისცემს „ქართულ ოცნებას... ამ სისტემით ჩვენ უფრო დიდი ძალით მოვუგებთ ოპოზიციას არჩევნებს... ჩვენ არაფერს ვკარგავთ, კარგავენ ისინი“.

„ქართული ოცნების“ ყოფილ წევრს, დამოუკიდებელი დეპუტატს თამარ ჩუგოშვილს ეეჭვება, რომ რურუას არგათავისუფლებით ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას ცდილობს. „მთავარი არხის“ ეთერში მან განაცხადა, რომ ხელისუფლება რურუას შემთხვევაშიც ისევე არაადეკვატურად იქცევა, როგორც სხვა შემთხვევებში და თავსაც იზიანებს.

"ეს ახსნადი არ არის... როგორც ის, რაც ხელისუფლებამ იმ ერთ კვირაში რაც გააკეთა - აძახებინა ყველას პოლიტპატიმრები, მორიგი წერილები გამოიწვია დასავლეთიდან, მიაყენა ფასილიტატორები კუთხეში, დაიზიანა თავი და მერე მაინც შეასრულა (გამოუშვა უგულავა და ოქრუაშვილი) ოღონდ ისე, რომ უკვე საკუთარი მომხრეებიც გაანაწყენა და სასოწარკვეთილებაში ჩააგდო... როგორც ეს არ არის ახსნადი, ასევე არ არის ახსნადი ის - თუ რატომ არ არის შედეგი დარჩენილ ერთ (რურუას) საქმეზე“.

8 მარტის შეთანხმების ხელმომწერმა, თამარ ჩუგოშვილმა არაერთხელ დაადასტურა, რომ იმ დღეს ხელისუფლებამ კონკრეტული დაკავებულების გათავისუფლების დაპირებაც გასცა.

ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება და გიორგი რურუას გამოშვება მოუწევს.

პარლამენტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვამდე დაახლოებით თვენახევარი რჩება. საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ, საყოველთაო სახალხო განხილვა უნდა შედგეს.

რა ხდება რურუას საქმეში?

2019 წლის 18 ნოემბერს, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას საქმეში ძალიან ბევრ შეუსაბამობასა და დარღვევას ხედავენ იურისტები, უფლებადამცველები თუ მესამე სექტორის წარმომადგენლები. ხოლო როდესაც პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ლაპარაკობენ, მუდმივად იხსენებენ რურუას აქტიურ მონაწილეობას 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო პროცესებში.

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი გვეუბნება, რომ გიორგი რურუას ბრალდება შეთითხნილია და ამაზე მრავალი დარღვევა მიუთითებს, მაგალითად:

  • „მისი თანმხლები ორი ადამიანი კატეგორიულად გამორიცხავს მის ჩხრეკას";
  • "შემთხვევის ადგილზე 10-ზე მეტი პოლიციელი იყო და უმეტესობა ამბობს, რომ არ დაუნახავს ჩხრეკის პროცესი";
  • "დარღვევებით შედგა საპროცესო დოკუმენტები - ჩხრეკის ოქმში იარაღი არ არის აღწერილი მაშინ, როდესაც ფულის კუპიურის ნომერიც კი წერია";
  • "პოლიციელებს გამორთული ჰქონდათ სამხრე კამერები და ქუჩაშიც მაინცდამაინც ის კამერა არ მუშაობდა, რომელიც დაკავების ადგილის მიმართულებით იყურებოდა";
  • "ექსპერტიზის დასკვნით - იარაღზე არ არის გიორგი რურუას ანაბეჭდები";
  • "ერთადერთი რასაც ეყრდნობიან, ეს არის „დეენემის“ ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა - ჩვენ თავიდანვე ვამბობდით - რომ დაკავებულისგან უკანონოდ აიღეს „დეენემი“ - დღეს პროცესზე ექსპერტმაც დაგვიდასტურა - ძალიან იოლია „დეენემის“ გადატანა ნებისმიერ ნივთზე.

როდესაც გიორგი რურუას შესაძლო სწრაფი გათავისუფლების ალბათობაზე ლაპარაკობენ, საზოგადოების გარკვეული ჯგუფები რამდენიმე სცენარს განიხილავენ. თუმცა ზოგი მათგანი სისწრაფის თვალსაზრისით არარეალისტურია:

  • გიორგი რურუაც პრეზიდენტმა შეიწყალოს - თუმცა პრეზიდენტს შეუძლია მხოლოდ მსჯავრდებულთა შეწყალება და თეორიულად ეს მხოლოდ განაჩენის გამოტანის შემდეგ იქნება შესაძლებელი. განაჩენამდე კი - პროცესის ხანგრძლივობა, ადვოკატის თქმით, „ბევრ რამეზეა დამოკიდებული“;
  • გაათავისუფლონ ისევე, როგორც ბესიკ თამლიანი გაათავისუფლეს - თუმცა რურუას შემთხვევაში წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა 2020 წლის 18 აგვისტოს იწურება.

კანონის მიხედვით, ყველაზე სწრაფად გათავისუფლება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდება ბრალდების ან დაცვის მხარის შუამდგომლობა - საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

არაერთი უშედეგო მცდელობის შემდეგ, გიორგი რურუას ადვოკატს, დიმიტრი საძაგლიშვილს, 20 მაისის სხდომაზე აღარ დაუყენებია საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი - „ბოლოს 18 მაისს დავაყენეთ ეს საკითხი, სასამართლომ უარი თქვა და რადგან მას შემდეგ ახალი გარემოება არ გამოჩენილა, დღეს ამას აზრი აღარ ჰქონდა“.

ადვოკატი საძაგლიშვილი გვეუბნება, რომ კიდევ ერთი შუამდგომლობის დაყენების საფუძველი შესაძლოა ორშაბათის სხდომაზე (25 მაისს) გაჩნდეს - მოწმის დაკითხვის კვალდაკვალ და ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება:

„ახალ გარემოებად რა გამოჩნდება, ჯერ არ ვიცით. მაგალითად, ორშაბათს უნდა დავკითხოთ ერთი პოლიციელი, რომელმაც ჩხრეკის ოქმს მოაწერა ხელი. თუკი მისი ჩვენება წინააღმდეგობრივი იქნება, ბუნებრივია - ჩვენ ორშაბათსვე, პროცესის შემდეგ დავაყენებთ შუამდგომლობას... აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის დაყენება ნებისმიერ დროს შეუძლია ბრალდების მხარეს და მაშინვე დაეთანხმებოდა სასამართლო".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG